„ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ქვედანაყოფების რუსეთის კურსკის ოლქში გამოჩენის ფონზე, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის სხვადასხვა ხმები ვრცელდება, რაც მათ ფსიქიკაზე ზეწოლას ახდენს. როდის მოხდება პირველი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება, ჯერ არავინ იცის“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინელი ჯარისკაცები ჩრდილოკორეელებთან შეტაკებას ელოდებიან“ (ავტორი - სიბონ ო’გრეიდი და სერგეი კოროლჩუკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, რომლებსაც რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ჩრდილოეთ კორეის არმიის ნაწილებთან საომრად ემზადებიან. უკვე გაჟონა ცნობებმა, რომ მათ შორის პირველი საბრძოლო შეტაკებები უკვე მოხდა, რაც ომის ახალ, სახიფათო ფაზის დაწყებას მოასწავებს. მით უმეტეს, რომ სავარაუდოდ, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯერ (ალბათ, ინაუგურაციამდე - 20 იანვრამდე) რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს უკრაინის მომავალთან მიმართებით.
ჩრდილოკორეელები კურსკში: დასავლეთის გამოწვევა
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ უკრაინელებმა უკვე დაკარგეს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიის თითქმის ნახევარი, რომლის ოკუპირება მათ აგვისტოში განახორციელეს. ახლა როცა [აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით], კურსკის ოლქში უკვე სულ ცოტა 10 ათასი კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, სავარაუდოდ, უკრაინელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ვლადიმერ პუტინი თითქოსდა გულგრილად უყურებდა კურსკის ოლქის ოკუპაციას, მაგრამ სინამდვილეში, რასაკვირველია, ეს იყო მოჩვენებითი გულგრილობა და მისთვის უკრაინელთა იქ ყოფნა გამაღიზიანებელი იყო.
იური ფედორენკო, უკრაინის არმიის 92-ე ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის“ მეთაური, რომელიც ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორშია დისლოცირებული, ამბობს, რომ ჩრდილოკორეელი სამხედრო ნაწილები არა მხოლოდ კურსკის, არამედ მეზობელ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზეც არიან თავმოყრილნი.
რუსეთი თითქმის სამი წლის განმავლობაში ახდენდა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს და დაბომბვებს ბელგოროდის ოლქიდან, განსაკუთრებით გაზაფხულზე მომხდარი უეცარი შეტევის სახით, რომელსაც ხარკოვის ალყაში მოქცევის მიზანი ჰქონდა. აგვისტოში უკრაინის ქვედანაყოფები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქიდან ბელგოროდის ოლქში შეჭრას, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.
იური ფედორენკოს თქმით, ბელგოროდის ოლქში მყოფი ჩრდილოკორეელები, ალბათ, გამოყენებულები იქნებიან თავდაცვის მეორე ხაზის გაძლიერებისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსებს შეტევისათვის კარგად მოემზადნონ - „ეს ჩვენთვის მასირებულ საფრთხეს წარმოადგენს“.
„ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ფროტზე ყოფნა დანარჩენი მსოფლიოსთვის აშკარა პოლიტიკური გამოწვევაა. და თუ მსოფლიო ამას შეეგუება, მაშინ ჩვენ ბერკეტი აღარ გვექნება იმისთვის, რომ ომი უკრაინის პირობებით დასრულდეს... ანუ ისეთ სიტუაციაში შეიძლება ჩავვარდეთ, რომ ომი შეიძლება კრემლის სასარგებლოდ დამთავრდეს, რაც უკრაინის სახელმწიფოს დაშლას მოასწავებს“, - ასკვნის უკრაინელი ოფიცერი.
„კორეული საფრთხე“ იმ ფონზეა წარმოქმნილი, როცა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ის დახმარება სათუო ხდება. ახალ „ძველ“ პრეზიდენტს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინისათვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის მიმართ („ფული ამერიკას თვითონაც ძალიან ჭირდება“) და შეიძლება მისი მცდელობით ცეცხლი კრემლის პირობების გათვალისწინებით შეწყდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში ოთხშაბათს გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების დისლოცირების ფაქტს „ევროპელთა გამოცდა“ უწოდა, დასავლეთის რეაქციის დასანახავად. „არ ვიცი, ჩვენს მეზობლად კიდევ რამდენი ჩრდილოკორეელი თუ ირანელი ჯარისკაცი დაბანაკდება... თუ კორეელთა რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს, რას გააკეთებენ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ? რას იზამს ევროპა? რას იზამს აშშ? ბევრი რიტორიკაა, მაგრამ რეალურ ზომებს არავინ იღებს“.
კორეული გავლენა უკრაინელი მეომრის ფსიქიკაზე
დასამალი არაა, რომ კურსკის ოლქში კორეელი ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეებზე ფსიქიკურ გავლენას ახდენს, რაც მოსკოვ-ფხენიანის ახლებური პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანია. უკრაინელ ჯარისკაცებთან საუბრის დროს ირკვევა, რომ ისინი კურსკის ოლქში შექმნილი მდგომარეობით საკმაოდ არასახარბიელო განწყობაზე იმყოფებიან. რამდენიმე ჯარისკაცის თქმით, მათ დრონით ახლო მანძილიდან პირადად დაინახეს ჩრდილოკორეელები, მაგრამ სხვებმა აღნიშნეს, რომ რადგანაც კორეელები გარეგნულად ძალიან ჰგავნან ციმბირის ეთნიკურ მოსახლეობას, მაგალითად, ბურიატებს, შესაძლოა მნახველთა აღქმაში შეცდომა იქნა დაშვებული.
სხვათა შორის, როგორც ირკვევა, რუსები ჩრდილოკორეელთა ქვედანაყოფების რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში გამოყენებას თავდაპირველად მართლაც ბურიატების ნიღბის ქვეშ გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. რუსების რადიოსაუბრების თანახმად, რომელთა გაშიფვრა უკრაინელებმა მოახერხეს, რუსები კორეელებს „ყვითლებს“ და „ჩვენს მოკავშირეებს“ უწოდებენ.
იური ფედორენკოს თქმით, ნებისმიერი ახალი მოტივირებული სამხედრო ძალა, მათი ეროვნულობის მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფოსათვის საფრთხეს წარმოადგენს. „თუ ჩვენ ვხედავთ ჯარისკაცს, რომელიც კარგად გამოიყურება, რომელსაც ხელში ავტომატი ან შასხანა უჭირავს უკრაინელი ჯარისკაცების მოსაკლავად, ჩვენ ამ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ მისი კანის ფერს და არ ეროვნულ კუთვნილებას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რუსია, კორეელი თუ ირანელი. ისინი ჩვენ გვებრძვიან და საკადრისს მიიღებენ“.
უკრაინის არმიის პერსპექტივა კურსკის ოლქში
გასულ თვეში უკრაინის ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგეს. 36 წლის ვალენტინ ლევადა და 41 წლის ანდრეი ვავილოვი, რომლებიც უკრაინის არმიის 82-ე ბრიგადის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ქვედანაყოფში ოპერატორებად მუშაობენ, კურსკის ოლქში, რომლის საზღვარი პრაქტიკულად გაუმაგრებელი იყო, აგვისტოში შევიდნენ და მათ მოულოდნელი ოპერაციის შედეგად ბევრი რუსი ახალბედა ჯარისკაცი ტყვეებად აიყვანეს. მაგრამ როცა ისინი როტაციის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, სინანულით ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ მცირდებოდა სეტემბერში იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც მათ აგვისტოში დაიკავეს.
ვალენტინ ლევადასა და ანდრეი ვავილოვის თქმით, უკრაინისათვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩრდილოკორეელები კურსკის ფრონტზე რუს ჯარისკაცებს გამოათავისუფლებენ დონბასის ფრონტზე გასაგზავნად. „ვფიქრობ, რომ კორეელების ტყვედ ან მძევლებად აყვანა რთული იქნება“.
ამასთან, როგოც კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ალექსანდრე ამბობს, რუსული სამხედრო ნაწილების მდგომარეობა კურსკის ფრონტზე არასახარბიელოა. ისინი თავიანთ მიწაზე სურსათისა და სამხედრო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიან. მაგალითად, ლიუბიმოვკასთან უკრაინულმა დრონებმა ათობით რუსული სატვირთო ავტომანქანა გაანადგურეს, რომლებიც ცდილობდნენ იარაღი და საკვები მიეტანათ. „მათთვის ლიუბიმოვკის გზა სიკვდილის გზად იქცა“, - ამბობს ალექსანდრე.
რასაკვირველია, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსებს ზიანს აყენებენ, მაგრამ დასამალი არაა, რომ თვით უკრაინელებიც ზარალდებიან, მაღალია დანაკარგების რაოდენობა. უკრაინის ქალაქ სუმის საავადმყოფო სავსეა ბოლო დღეებში ევაკუირებული დაჭრილ-დასახიჩრებული ჯარისკაცებით, რომლებსაც კიდურები შეხვეული აქვთ. მათი თქმით კუსკის ოლქში ჯოჯოხეთური ბრძოლები მიმდინარეობს.
39 წლის პაველი ჰყვება, რომ მის ქვედანაყოფში ორი მეთაური დაიღუპა. „რუსების არტილერია და დრონები შეუჩერებლად გვბომბავდნენ. რაც ჩვენს თავზე ხდებოდა, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ასეთ სიტუაციას შენს მტერსაც კი ვერ უსურვებ. ზედიზედ ორი მეთაური დაგვეღუპა“.
მშენებლობა - ყველაზე კარგი პერიოდი ცხოვრებაში
სუმის საავადმყოფოში ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი იმავდროულად კონტუზირებული იყო. საკვირველია, თუ როგორ გადარჩნენ ისინი ჯოჯოხეთურ ვითარებაში. ერთი შედარებით მსუბუქად დაჭრილი 27 წლის მეომარი, სახელად ტარასი, უფალს მადლობას უხდიდა, რომ ცოცხალი გადარჩა - მან საევაკუაციო ავტომანქანაში დროულად ჩაჯდომა მოახერხა.
კითხვაზე, თუ რით იყვნენ ჯარისკაცები მობილიზაციამდე დაკავებულები, მამაკაცებმა თქვეს, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ, საცხოვრებელ სახლებს აშენებდნენ.
ტარასმა კითხვას სულ ბოლოს უპასუხა: „მე ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მშენებლობაზე ელექტროშემდუღებელი ვიყავი“, - თქვა მან და მზერა საავადმყოფოს პალატის სარკმელს მიაპყრო, სადაც მაღალი შენობები მოჩანდა, - „ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების მშვენიერი პერიოდი იყო“.
წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/08/ukraine-north-korea-kursk-soldiers/