USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): „უკრაინელი ჯარისკაცები ჩრდილოკორეელებთან შეტაკებას ელოდებიან“
თარიღი:  569

 „ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ქვედანაყოფების რუსეთის კურსკის ოლქში გამოჩენის ფონზე, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის სხვადასხვა ხმები ვრცელდება, რაც მათ ფსიქიკაზე ზეწოლას ახდენს. როდის მოხდება  პირველი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება, ჯერ არავინ იცის“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინელი ჯარისკაცები ჩრდილოკორეელებთან შეტაკებას ელოდებიან“ (ავტორი - სიბონ ო’გრეიდი და სერგეი კოროლჩუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, რომლებსაც რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ჩრდილოეთ კორეის არმიის ნაწილებთან საომრად ემზადებიან. უკვე გაჟონა ცნობებმა, რომ მათ შორის პირველი საბრძოლო შეტაკებები უკვე მოხდა, რაც ომის ახალ, სახიფათო ფაზის დაწყებას მოასწავებს. მით უმეტეს, რომ სავარაუდოდ, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯერ (ალბათ, ინაუგურაციამდე - 20 იანვრამდე) რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს უკრაინის მომავალთან მიმართებით.

ჩრდილოკორეელები კურსკში: დასავლეთის გამოწვევა

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ უკრაინელებმა უკვე დაკარგეს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიის თითქმის ნახევარი, რომლის ოკუპირება მათ აგვისტოში განახორციელეს. ახლა როცა [აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით], კურსკის ოლქში უკვე სულ ცოტა 10 ათასი კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, სავარაუდოდ, უკრაინელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ვლადიმერ პუტინი თითქოსდა გულგრილად უყურებდა კურსკის ოლქის ოკუპაციას, მაგრამ სინამდვილეში, რასაკვირველია, ეს იყო მოჩვენებითი გულგრილობა და მისთვის უკრაინელთა იქ ყოფნა გამაღიზიანებელი იყო.

იური ფედორენკო, უკრაინის არმიის 92-ე ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის“ მეთაური, რომელიც ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორშია დისლოცირებული, ამბობს, რომ ჩრდილოკორეელი სამხედრო ნაწილები არა მხოლოდ კურსკის, არამედ მეზობელ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზეც არიან თავმოყრილნი.

რუსეთი თითქმის სამი წლის განმავლობაში ახდენდა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს და დაბომბვებს ბელგოროდის ოლქიდან, განსაკუთრებით გაზაფხულზე მომხდარი უეცარი შეტევის სახით, რომელსაც ხარკოვის ალყაში მოქცევის მიზანი ჰქონდა.  აგვისტოში უკრაინის ქვედანაყოფები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქიდან ბელგოროდის ოლქში შეჭრას, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.

იური ფედორენკოს თქმით, ბელგოროდის ოლქში მყოფი ჩრდილოკორეელები, ალბათ, გამოყენებულები იქნებიან თავდაცვის მეორე ხაზის გაძლიერებისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსებს შეტევისათვის კარგად მოემზადნონ - „ეს ჩვენთვის მასირებულ საფრთხეს წარმოადგენს“.

„ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ფროტზე ყოფნა დანარჩენი მსოფლიოსთვის აშკარა პოლიტიკური გამოწვევაა. და თუ მსოფლიო ამას შეეგუება, მაშინ ჩვენ ბერკეტი აღარ გვექნება იმისთვის, რომ ომი უკრაინის პირობებით დასრულდეს... ანუ ისეთ სიტუაციაში შეიძლება ჩავვარდეთ, რომ ომი შეიძლება კრემლის სასარგებლოდ დამთავრდეს, რაც უკრაინის სახელმწიფოს დაშლას მოასწავებს“, - ასკვნის უკრაინელი ოფიცერი.

„კორეული საფრთხე“ იმ ფონზეა წარმოქმნილი, როცა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ის დახმარება სათუო ხდება. ახალ „ძველ“ პრეზიდენტს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინისათვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის მიმართ („ფული ამერიკას თვითონაც ძალიან ჭირდება“) და შეიძლება მისი მცდელობით ცეცხლი კრემლის პირობების გათვალისწინებით შეწყდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში ოთხშაბათს გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების დისლოცირების ფაქტს „ევროპელთა გამოცდა“ უწოდა, დასავლეთის რეაქციის დასანახავად. „არ ვიცი, ჩვენს მეზობლად კიდევ რამდენი ჩრდილოკორეელი თუ ირანელი ჯარისკაცი დაბანაკდება... თუ კორეელთა რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს, რას გააკეთებენ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ? რას იზამს ევროპა? რას იზამს აშშ? ბევრი რიტორიკაა, მაგრამ რეალურ ზომებს არავინ იღებს“.

კორეული გავლენა უკრაინელი მეომრის ფსიქიკაზე

დასამალი არაა, რომ კურსკის ოლქში კორეელი ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეებზე ფსიქიკურ გავლენას ახდენს, რაც მოსკოვ-ფხენიანის ახლებური პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანია.  უკრაინელ ჯარისკაცებთან საუბრის დროს ირკვევა, რომ ისინი კურსკის ოლქში შექმნილი მდგომარეობით საკმაოდ არასახარბიელო განწყობაზე იმყოფებიან. რამდენიმე ჯარისკაცის თქმით, მათ დრონით ახლო მანძილიდან პირადად დაინახეს ჩრდილოკორეელები, მაგრამ სხვებმა აღნიშნეს, რომ რადგანაც კორეელები გარეგნულად ძალიან ჰგავნან ციმბირის ეთნიკურ მოსახლეობას, მაგალითად, ბურიატებს, შესაძლოა მნახველთა აღქმაში შეცდომა იქნა დაშვებული.

სხვათა შორის, როგორც ირკვევა, რუსები ჩრდილოკორეელთა ქვედანაყოფების რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში გამოყენებას თავდაპირველად მართლაც ბურიატების ნიღბის ქვეშ გეგმავდნენ, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. რუსების რადიოსაუბრების თანახმად, რომელთა გაშიფვრა უკრაინელებმა მოახერხეს, რუსები კორეელებს „ყვითლებს“ და „ჩვენს მოკავშირეებს“ უწოდებენ.

იური ფედორენკოს თქმით, ნებისმიერი ახალი მოტივირებული სამხედრო ძალა, მათი ეროვნულობის მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფოსათვის საფრთხეს წარმოადგენს. „თუ ჩვენ ვხედავთ ჯარისკაცს, რომელიც კარგად გამოიყურება, რომელსაც ხელში ავტომატი ან შასხანა უჭირავს უკრაინელი ჯარისკაცების მოსაკლავად, ჩვენ ამ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ მისი კანის ფერს და არ ეროვნულ კუთვნილებას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რუსია, კორეელი თუ ირანელი. ისინი ჩვენ გვებრძვიან და საკადრისს მიიღებენ“.

უკრაინის არმიის პერსპექტივა კურსკის ოლქში

გასულ თვეში უკრაინის ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგეს. 36 წლის ვალენტინ ლევადა და 41 წლის ანდრეი ვავილოვი, რომლებიც უკრაინის არმიის 82-ე ბრიგადის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ქვედანაყოფში ოპერატორებად მუშაობენ,  კურსკის ოლქში, რომლის საზღვარი პრაქტიკულად გაუმაგრებელი იყო, აგვისტოში შევიდნენ და მათ მოულოდნელი ოპერაციის შედეგად ბევრი რუსი ახალბედა ჯარისკაცი ტყვეებად აიყვანეს. მაგრამ როცა ისინი როტაციის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, სინანულით ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ მცირდებოდა სეტემბერში იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც მათ აგვისტოში დაიკავეს.

ვალენტინ ლევადასა და ანდრეი ვავილოვის თქმით, უკრაინისათვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩრდილოკორეელები კურსკის ფრონტზე რუს ჯარისკაცებს გამოათავისუფლებენ დონბასის ფრონტზე გასაგზავნად. „ვფიქრობ, რომ კორეელების ტყვედ ან მძევლებად აყვანა რთული იქნება“.

ამასთან, როგოც კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ალექსანდრე ამბობს, რუსული სამხედრო ნაწილების მდგომარეობა კურსკის ფრონტზე არასახარბიელოა. ისინი თავიანთ მიწაზე სურსათისა და სამხედრო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიან. მაგალითად, ლიუბიმოვკასთან უკრაინულმა დრონებმა ათობით რუსული სატვირთო ავტომანქანა გაანადგურეს, რომლებიც ცდილობდნენ იარაღი და საკვები მიეტანათ. „მათთვის ლიუბიმოვკის გზა სიკვდილის გზად იქცა“, - ამბობს ალექსანდრე.

რასაკვირველია, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსებს ზიანს აყენებენ, მაგრამ დასამალი არაა, რომ თვით უკრაინელებიც ზარალდებიან, მაღალია დანაკარგების რაოდენობა. უკრაინის ქალაქ სუმის საავადმყოფო სავსეა ბოლო დღეებში ევაკუირებული დაჭრილ-დასახიჩრებული ჯარისკაცებით, რომლებსაც კიდურები შეხვეული აქვთ. მათი თქმით კუსკის ოლქში ჯოჯოხეთური ბრძოლები მიმდინარეობს.

39 წლის პაველი ჰყვება, რომ მის ქვედანაყოფში ორი მეთაური დაიღუპა. „რუსების არტილერია და დრონები შეუჩერებლად გვბომბავდნენ. რაც ჩვენს თავზე ხდებოდა, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ასეთ სიტუაციას შენს მტერსაც კი ვერ უსურვებ. ზედიზედ ორი მეთაური დაგვეღუპა“.

მშენებლობა - ყველაზე კარგი პერიოდი ცხოვრებაში

სუმის საავადმყოფოში ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი იმავდროულად კონტუზირებული იყო. საკვირველია, თუ როგორ გადარჩნენ ისინი ჯოჯოხეთურ ვითარებაში. ერთი შედარებით მსუბუქად დაჭრილი 27 წლის მეომარი, სახელად ტარასი, უფალს მადლობას უხდიდა, რომ ცოცხალი გადარჩა - მან საევაკუაციო ავტომანქანაში დროულად ჩაჯდომა მოახერხა.

კითხვაზე, თუ რით იყვნენ ჯარისკაცები მობილიზაციამდე დაკავებულები, მამაკაცებმა თქვეს, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ, საცხოვრებელ სახლებს აშენებდნენ.

ტარასმა კითხვას სულ ბოლოს უპასუხა: „მე ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მშენებლობაზე ელექტროშემდუღებელი ვიყავი“, - თქვა მან და მზერა საავადმყოფოს პალატის სარკმელს მიაპყრო, სადაც მაღალი შენობები მოჩანდა, - „ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების მშვენიერი პერიოდი იყო“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/08/ukraine-north-korea-kursk-soldiers/

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის