USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე?“
Date:  348

აშშ-ის გავლენიან გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე?“ (ავტორი - მაქს ბუთი, ისტორიკოს-პოლიტოლოგი, ჯინ კირკპატრიკის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელები, აღნიშნავენ რა საშინელი ომის მესამე წლისთავს,  იძულებულნი არიან იფიქრონ გაუგონარ და წარმოუდგენელ პერსპექტივაზე, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული მოკავშირე მიატოვებს. უკრაინელებს ასევე უწევთ იმაზე ფიქრიც, თუ რამდენ ხანს შეძლებენ რუსეთთან ბრძოლას ამერიკის დახმარების გარეშე და შეძლებენ თუ არა საერთოდ.

ბოლო დღეებში, როცა ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკება მიდიოდა, კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობა შტოპორში შევიდა. დონალდ ტრამპმა საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენია ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიქტატორობაზე“ რომ არაფერი ვთქვათ, მას ომის დაწყება დააბრალა.

ამ საკითხს ისე არ მივუდგები, როგორც ეს გასულ ხუთშაბათს ცნობილმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ გააკეთა: „ამერიკა ეს-ესაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მხარეზე გადავიდა“. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს უკრაინისაკენ გული მოუბრუნდება, გამსაკუთრებით იმ დროს, როცა ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის გადანაწილების თაობაზე, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ თვით ტრამპის ზოგიერთი მომხრეც კი შეშფოთებულია პრეზიდენტის ანტიზელენსკური პოზიციით: რუპერტ მერდოკის გაზეთმა „ნიუ-იორკ პოსტმა“, რომელიც ტრამპისტულად ითვლება, პირველ გვერდზე ვლადიმერ პუტინის დიდი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა - „პრეზიდენტო ტრამპ, დიქტატორი ეს არის“.

კითხვა შემდეგშია: რას გააკეთებს უკრაინა, თუ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რომელიც საბედისწეროდ დაარღვევს მის სუვერენიტეტს? არის იმის საფუძველი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დათანხმდეს ასეთ ცალმხრივ გარიგებაზე - იმიტომ, რომ მას მსგავსი ნაბიჯი ადრეც გადაუდგამს. 2020 წელს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ავღანელ თალიბებთან, რომლის თანახმად, აშშ-მა ივალდებულა თავისი ჯარების მთლიანად გაყვანა ავღანეთიდან და იქაური საპყრობილეებიდან 5000 თალიბის გათავისუფლება. და რა ივალდებულეს, თავის მხრივ,  თალიბებმა? პრაქტიკულად, მათ აბსტრაქტული პირობა დადეს: „თავს შევიკავებთ და ავღანეთს ტერორიზმის ბუდედ არ გადავაქცევთო“. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის იმდროინდელი მთავრობა პროამერიკული იყო, ისიც კი აღშფოთდა, რომ ვაშინგტონმა მოლაპარაკების პროცესიდან გამორიცხა და შეთანხმება მათ ზურგს უკან გააფორმა. რაც მოხდა შემდეგ, მსოფლიოს კარგად ახსოვს: ერთი წლის შემდეგ ქაბული თალიბებმა დაიკავეს [თუმცა ეს უკვე ჯო ბაიდენის ადმინიტრაციის დროს მოხდა).

 უკრაინისათვის ამერიკული დახმარების დაკარგვის შედეგები შედარებით უფრო კატასტროფული, მაგრამ მაინც სერიოზული იქნება. უკრაინის პოტენციალი ობიექტურად უნდა შევაფასოთ: კიევი სულაც არ ეყრდნობა აშშ-ის ჯარებს (ავღანეთის იმდროინდელი მთავრობისაგან განსხვავებით) ხოლო ქვეყნის მთავრობა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე აშრაფ განის მთავრობა იყო ავღანეთში. უფრო მეტიც, უკრაინას, ავღანეთისაგან განსხვავებით, ვაშინგტონის გარდა ბევრად მეტი მოკავშირე ჰყავს: ევროპული ქვეყნები კიევს უფრო მეტად ეხმარებიან - ჰუმანიტარულადაც და ფინანსურადაც - ვიდრე აშშ. უკრაინამ, ავღანეთისაგან განსხვავებით, შექმნა და განამტკიცა თავისი სამხედრო მრეწველობა, რომელმაც 2024 წელს 1,5 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) ააწყო. და ეს დრონები დღეს მთავარ თავდაცვით იარაღს წარმოადგენენ რუსეთის შეტევებისაგან.

„გაურთულდება თუ არა სიტუაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს? დიახ, გაურთულდება“, - დაწერა „იქს-ქსელში“ უკრაინის არმიის ერთ-ერთმა ოფიცერმა, - მიიყვანს თუ არა კრახამდე აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინის არმიას 6 თვის განმავლობაში? არა, არ მიიყვანს. უბრალოს, მეტი უკრაინელი ჯარისკაცი  და სამოქალაქო მოსახლეობა დაიღუპება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საბრძოლო მასალები გამოილევა... მაგრამ ხაზს ვუსვამ: ფრონტზე ანაზდეული კრახი არ მოხდება“.

უკრაინელი ოფიცრის თვალსაზრისს ეთანხმება სელესტა უოლანდერი, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა. მან ჩემს კითხვაზე ასეთი პასუხი გამომიგზავნა ელექტრონული ფოსტით: „იქიდან გამომდინარე, რომ რაც უკვე მიწოდებულია აშშ-სგან, რაც მიწოდების პროცესშია და რასაც დამატებით მიაწვდის ევროპა, უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს მთელი 2025 წლის განმავლობაში გაუძლოს - თუ, რა თქმა უნდა, გონივრულად იომებს“.

მაგრამ აშშ-ის დახმარების შეწყვეტის გრძელვადიანი შედეგები უფრო სერიოზული იქნება: „ჩემი დასკვნა ასეთია: არა, უკრაინას არ შეუძლია აშშ-ის დახმარების გარეშე რუსეთს გაუმკლავდეს“, - მომწერა ერთ-ერთმა ყოფილმა პენტაგონელმა ჩინოვნიკმა, რომელმაც კიევის ორი მნიშვნელოვანი მოწყვლადი ფაქტორი დაასახელა:

პირველი: „აშშ-ის სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გარეშე რუსეთის სამხედრო მრეწველობის ტემპები სწრაფად გაიზრდება, რომელიც უიმისოდაც კარგ შედეგებს აჩვენებს, დასავლეთის სამხედრო მრეწველობასთან შედარებით. განსაკუთრებით ეს ეხება მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალებისა და რაკეტების წარმოებას“.

მეორე - ევროპელებმა ბევრი რამ გააკეთეს რუსეთის ტექნოლოგიური იზოლაციის თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს ზოგიერთი ძალზე აუცილებელი ამერიკული ტექნოლოგია, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. ევროპელებს არ შეუძლიათ მათი ჩანაცვლება ან წარმოება, წარმოქმნილი სიცარიელის შევსება. მაგალითისათვის დავასახელებ Patriot-ისა და NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, HIMARS-ის ტიპის რაკეტებს და GMLRS-ის ტიპის რეაქტიულ ჭურვებს.  ევროპელებს, რა ტქმა უნდა აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ჩვენი მათზე ბევრად უკეთესია. ჩვენ უკრაინელებს უკვე მივაწოდეთ ისინი საკმაო რაოდენობით და ახლა მათთვის მთავარია საბრძოლო მასალების დამატება, მომსახურება და რემონტი. ევროპის მრეწველობას ჩვენნაირი იარაღის წარმოება არ შეუძლია, მით უმეტეს, სწრაფი ტემპით, თვალის ერთ დახამხამებაში“.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა კიდევ ორი შემაშფოთებელი მოწყვლადობა დაასახელა: უკრაინა დღეს თითქმის მთლიანად ამერიკული დაზვერვის მიერ მიწოდებული [კოსმოსური] მონაცემებით სარგებლობს სამიზნე ადგილების შესარჩევად - რომელ რუსულ ობიექტებს დაარტყას და რა მომენტში. ასევე უკრაინის არმიისათვის შეუცვლელი გახდა ილონ მასკის Starlink-ის კავშირგამბულობის ქსელი, რომელიც კოსმოსური თანამგზავრების სისტემებს იყენებს. „და თუ ასეთი დახმარება შეწყდება, წარმოიდგინეთ რა მოხდება... არმია, ფაქტიურად, „დაბრმავდება და დაყრუვდება“. განა ასეთ პირობებში ჯარი ბრძოლას შეძლებს?“.

როგორც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მოადგილე ანდრეა ქენდალ-თეილორი ამბობს, თუ ამერიკა უკრაინას მიატოვებს, უკრაინელებისა და ევროპელების მორალური მდგომარეობა უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება. იგი შიშობს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამერიკას მიბაძავს და უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ დაინახავენ, რომ უკრაინა აშშ-ის დახმარების გარეშე ომს აგებს. უკრაინის ჯარიდან სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გაიქცევა დეზერტირის სახით, სულ უფრო მეტი მოქალაქე აარიდებს თავს არმიაში სამსახურს, გამეფდება უიმედობა და აპათია.

რა თქმა უნდა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარების შეწყვეტამ ევროპელებში და უკრაინელებში ენერგიის მოზღვავება გამოიწვიოს და ისინი უფრო მეტს გააკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ - იმის გაცნობიერებით, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ბოლო წლებში ევროპელები ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ზრდიან სამხედრო ხარჯებს - 2024 წელი ამ მხრივ რეკორდული იყო. ამჟამად განიხილება კიდევ ერთი მორიგი მსხვილი ზრდა. გარდა ამისა, ერსებობს ერთი კოზირი, რომელიც შეიძლება ევროპულმა ქვეყნებმა გაითამაშონ: მათ შეუძლიათ რუსული 300-მილიარდიანი აქტივების დიდი ნაწილი უკრაინას მისცენ, რაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროპისა და აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება. თეორიულად ამ თანხით უკრაინას ამერიკული იარაღის ყიდვა შეუძლია... მაგრამ განა დონალდ ტრამპი უკრინას იარაღს მიჰყიდის, თუ კიევი მის ნებას შეეწინააღმდეგება?

„ჩემი აზრით, დასკვნა შეიძლება ასეთი გაკეთდეს“, - ამბობს ანდრეა ქენდალ-თეილორი, - „არსებობს დიდი საფრთხე, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს... არავინ არ იცის და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი ქნება უკრაინის თავდაცვა ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის გარეშე“.

ზედმეტია იმის დეტალური კვლევა, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდება უკრაინა - „შეიარაღებლი თვალითაც“ კი ჩანს, რომ კიევისათვის აშშ-ის დახმარების შეწყვეტა დამღუპველ ზეგავლენას იქონიებს: კატასტროფულად მოიმატებს დაჭრილ-დასახიჩრებულთა რაოდენობა, ნგრევა და ზარალი, რაც საბოლოოდ ქვეყანას რუსეთის წინაშე კაპიტულაციამდე მიიყვანს.

უკრაინისათვის ეს იქნება სახალხო ტრაგედია, ამერიკელებისა და ევროპელებისათვის  - გეოპოლიტიკური ტრაგედია, კონკრეტულდ დონალდ ტრამპისათვის კი  - დიდი პოლიტიკური პრობლემა. მან მოახერხა და თავიდან აიცილა ბრალდება ავღანეთის [პროამერიკული] მთავრობის დაცემასთან დაკავშირებით - იმიტომ, რომ თალიბებმა წარმატებას ჯო ბაიდენის მმართველობის დროს მიაღწიეს (თუმცა აშშ-ის კრახს საფუძველი დონალდ ტრამპის შეთანხმებამ ჩაუყარა). მაგრამ იგი პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის აიძულებს ხელი მოაწეროს ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც უკრაინა ხელში რუსეთს ჩაუვარდება.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way