USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
The Washington Post : „რეალური გაკვეთილი სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრიდან“
дата:  268

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) გამოაქვეყნა ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნაციუსის სტატია სათაურით „რეალური გაკვეთილი სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრიდან“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-ჩინეთის ლიდერთა მოსკოვური მოლაპარაკება და პროგნოზირებულია მსოფლიოს პერსპექტივა ორი ქვეყნის დაახლოების გათვალისწინებით.

პენტაგონელი სტრატეგოსები მსოფლიოს ყოველთვის ყოფდნენ აღმოსავლეთად და დასავლეთად, ხოლო პლანეტის რეგიონებში განლაგებული აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპულ ან ინდოეთ-წყნარი ოკეანის სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. მაგრამ სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის შემხედვარე, იბადება კითხვა - მოგვიწევს თუ არა ერთიანი „ევრაზიული სარდლობის“ შექმნა, ახალი გაერთიანებული მუქარის გასამკლავებლად?

„ძლიერი ჩინეთი მხარს უჭერს დასუსტებულ რუსეთს“. ალბათ, ასეთი სათაური უნდა ჰქონდეს სტატიას, რომელშიც განხილული იქნება ორი ლიდერის ეფექტური შეხვედრა მოსკოვში. ჩინელები რუსებს იარაღს არ აძლევენ (ჯერ-ჯერობით), მაგრამ სრულიად ღიად შესთავაზეს მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სი ძინპინის ვიზიტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „გამხნევების ვიზიტი“, ანუ ისეთი, როცა ნათესავი ავადმყოფი ახლობელის სანახავად მიდის.

უკრაინის კონფლიქტის პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი თავისმა სწრაფვამ დაასუსტა - სწრაფვამ, რომელიც მიმართული იყო ევროპაში დომინირებისათვის. ახლა კი დასუსტებული მოსკოვი სულ უფრო ხშირად მოექცევა პეკინის გავლენის ქვეშ - თუ ომის შემდეგ რაიმე ნაკლებად სავარაუდო პოლიტიკური გადახრა არ მოხდება და თუ ვლადიმერ პუტინს პროდასავლური ლიდერის არ შეცვლის. შესაძლოა, სწორედ ამაში ჩანს სი ძინპინის ძმური ვიზიტის ყველაზე მთავარი მიზეზი: პეკინი თავის ფლანგს ამტკიცებს ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

უახლოეს წლებში ჩინეთის დომინირება შედარებით უფრო სუსტ რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელდება. მოსკოვმა, უკრაინაში თავისი უგუნური სამხედრო შეჭრით, ევროპაში ენერგობაზარი დაკარგა, ამიტომ კრემლი გაზისა და ნავთობის გაყიდვის სფეროში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული პეკინზე და სხვა აზიურ მომხმარებელზე. ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ყოველწლიურად მატულობს როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში (ზღვისპირეთის, ბაიკალისა და ხაბაროვსკის მხარეები, იაკუტია, კამჩატკა, ჩუკოტკა, სახალინი, კურილია და ა.შ.). პეკინმა წარმატებებს მიაღწია კოსმოსში, კიბერსივრცეში, რობოტოტექნიკაში, ხელოვნურ ინტელექტში და რაც დრო გავა, მით უფრო „დაეწევა და გაუსწრებს რუსეთს“.

სი ძინპინის სტრატეგია რუსეთის გადარჩენის თაობაზე, როგორც ჩანს, იმ მშვიდობიან გეგმაზე კონცენტრირდება, რომელმაც უკრაინაში სისხლიღვრა უნდა შეაჩეროს. რამდენადაც  ცნობილია, ჩინეთი მხარეებს სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც „გაყინავს“ რუსეთის მიღწევებს უკანონოდ დაწყებულ ომში (ანუ კრემლი არ დაიწყებს მოქმედებას დამატებითი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად), მაგრამ ამ ვარიანტს არ ეთანხმება არც უკრაინა და არც მისი მთავარი დონორი ამერიკა. ალბათ, რამდენიმე დღეში გავიგებთ, დაელაპარაკება თუ არა, ბოლოსდაბოლოს, სი ძინპინი ვლადიმერ ზელენსკის და დაიწყება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის რეალური პროცესი (სხვათა შორის, The Wall Street Journal-ის ვარაუდით, ჩინეთი ლიდერის საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან ვიდეოჩართვით მოსკოვიდან უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ განხორციელებულა). სკეპტიკოსთა აზრით, მიმდინარე ეტაპზე კიევისა და პეკინის კონტაქტი უმაღლეს დონეზე უკვე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დიპლომატიაში ბევრი რამ შეუძლებელი შესაძლებელი ხდება ხოლმე, მაგალითად, იგივე ირანისა და საუდის არაბეთის შერიგება პეკინის შუამავლობით.

მშვიდობისმყოფლის როლის შესრულებით, სი ძინპინს შეუძლია თავისი თავი მომგებიან პოზიციაში წარმოაჩინოს იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინა უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე. პეკინს შეუძლია უფრო მკაცრი ნაბიჯი გადადგას „ჯიუტი უკრაინის ჭკუაზე მოსაყვანად“ და  მოსკოვს იარაღი მიაწოდოს, შემდეგ კი განაცხადოს, რომ რადგან უკრაინა მის წინადადებას არ ეთანხმება, იარაღის მიწოდებით პეკინი მხოლოდ მხარეთა ბრძოლისუნარიანობას აბალანსებს. სი ძინპინს შეუძლია „გლობალური სამხრეთის“ დიდი ქვეყნების - ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ბრაზილიის - მობილიზება იმისთვის, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე აიძულოს. სი ძინპინს სურს, რომ მშვიდობისმყოფლის თავისი მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი შეინარჩუნოს, გაეროს წესდების დამოწმებით, თუმცა იგი მხარს უჭერს რუსეთის ლიდერს, რომელიც იმავე წესდების დამრღვევია. ასეთი მიდგომა ცინიკურია, მაგრამ ეფექტური დიპლომატიური თვალსაზრისით.

ევრაზიულ ბლოკში სი ძინპინის ლიდერობის მზარდი როლი ამერიკელ სტრატეგოსებს  რთული საკითხების წინაშე აყენებს. მათი კოლეგების მთელი წინა თაობა ძირითადად იმას ცდილობდა, რომ რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთთან კავშირის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ - ეს იყო აშშ-ის ევრაზიული საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი ათეული წლების განმავლობაში. მოსკოვსა და პეკინს შორის განხეტქილების ჩამოგდება - აი, სწორედ ეს იყო რიჩარდ ნიქსონისა და მისი მრჩევლის - ჰენრი კისინჯერის ვიზიტის მიზეზი პეკინში 1972 წელს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ ამ სტრატეგიას პირიქით გამოიყენებდა, ანუ დაათბობდა ურთიერთობას რუსეთთან (გავიხსენოთ 2021 წლის ივნისის ჟენევის სამიტი!)  და შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას ჩინეთის მუქარების განეიტრალებას დაუთმობდა. რბილად რომ ვთქვათ, აშშ-ის იმედები არ გამართლდა, გეგმამ ისე არ იმუშავა, როგორსაც თეთრი სახლი ელოდა.

ახლა ამ სამკუთხედის - აშშ, რუსეთი, ჩინეთი - ცენტრში სი ძინპინი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებით სარგებლობს და ვლადიმერ პუტინს ეხმარება, თუმცა გარკვეული დისტანციის დაცვით. სხვათა შორის, სი ძინპინმა თითქმის ანალოგიური სახით გამოიყენა თავისი მჭიდრო ურთიერთობები თეირანთან, რათა მასზე გარკვეული გავლენა მოეხდინა ერ-რიადთან შერიგების მიზნით. ასეთი ნაბიჯი თვით ვაშინგტონისათვისაც კი  საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდა.

მართალია, სი ძინპინთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი სულ იღიმებოდა, მაგრამ ჩინეთის ლიდერის ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოსაგან. შევადაროთ: აშშ-ის პრეზიდენტი უცხოელ მაღალ სტუმარს თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასპინძლობს, ჩვენ კი როდის ვნახეთ ბოლოს გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსის ვიზიტი კრემლში (ალექსანდრე ლუკაშენკო არ ითვლება)? სი ძინპინის „გამამხნევებელი ვიზიტი“ მის „ძვირფას მეგობარს“ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს და ქვეყნის შიგნით პოპულარობის შენარჩუნებაში დაეხმარება, მაგრამ საზღვარგარეთ ვლადიმერ პუტინი გარიყულად ჩანს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუტსაიდერი სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს.

ვისაც სურს ჩინეთ-რუსეთის კავშირების სავარაუდო პერსპექტივა უკეთესად დაინახოს, სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის ამსახველ ფოტოსურათებს ყურადღებით უნდა შეხედოს, რომლებიც კრემლის ოქროს ინტერიერისა და წითელი ხალიჩების ფონზეა გადაღებული და რომლებზეც თითქოსდა უჩინარი წარწერა მოჩანს - „ევრაზიის პრეზიდენტი“.  დღეს მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე პრაქტიკულად ჩინეთი დომინირებს - ისეთი ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდის. და თუ მოსკოვ-პეკინის კავშირი წარმატებით განვითარდება, ჩვენ პირქუშ მსოფლიოში ცხოვრება მოგვიწევს.

დასკვნა: გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდება წაუყენა და მისი დაპატიმრებისათვის ორდერი გამოწერა. სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უძლიერესი მეგობარია. მათგან თითოეულთან ურთიერთობა ისედაც ცუდია და თუ ისინი ნამდვილად გახდებიან ერთმანეთის პარტნიორები ევრაზიაში და ძალაუფლებას ჩინური დროშის ქვეშ გაიყოფენ, მსოფლიო უფრო უარეს დღეში ჩავარდება.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2023/03/21/xi-putin-summit-alliance-danger/

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати