USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
"The Wall Street Journel" (აშშ): „აშშ თურქეთისაგან ამერიკული წარმოების რუსეთის თვითმფრინავების ფრენების შეწყვეტას ითხოვს“
თარიღი:  912

ამერიკული გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ თურქეთისაგან ამერიკული წარმოების რუსეთის თვითმფრინავების ფრენების შეწყვეტას ითხოვს“ (ავტორი - ჯარედ მალსინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა ანკარამ აკრძალოს რუსული ავიაკომპანიების იმ თვითმფრინავების ფრენა და მომსახურება, რომლებიც ამერიკული წარმოებისაა. როგორც მოლაპარაკების პროცესის მცოდნე სანდო წყაროები იტყობინებიან, ამერიკა ამით ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნები, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პრაქტიკულად უნდა იყოს რეალიზებული.

გასულ თვეში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანკარა გააფრთხილეს, რომ თურქეთის [კომპანიებს] და მოქალაქეებს, თუ ისინი რუსეთისა და ბელარუსის კომპანიების ამერიკული წარმოების თვითმფრინავებს მომსახურებას გაუწევენ - საწვავით გამართავენ, ან სათადარიგო ნაწილებით აღჭურვავენ და ა.შ. - სანქციები ემუქრებათ: ჯარიმები, საექსპორტო პრივილეგიების დაკარგვა და სხვა უპირატესობების გაუქმება. როგორც სიტუაციის მცოდნე წყაროები იტყობინებიან, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის თანაშემწემ თეა როზმან ქენდლერმა თურქეთში ვიზიტის დროს ანკარას ვაშინგტონის მოთხოვნები გადასცა.

აშშ-ის მიერ თურქეთის გაფრთხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად წარმატებულად შეძლებენ ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთის გრძელვადიან იზოლაციას, ექნება თუ არა მოსკოვს ეკონომიკურ საქმიანობაში მესამე ქვეყნებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელსაც კრემლის სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი უკავია დასავლეთის მიღმა პარტნიორების ძიებისას.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი არ გასცა [გაზეთის] თხოვნას კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

„განსაზღვრულ მომენტში მათ [თურქებს] მაინც მოუწევთ გარკვეული სამართლებრივი იძულება განახორციელონ“, - ამბობს ემილი კილკრიზი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამჟამად აშშ-ის უსაფრთხოების კვლევის ცენტრში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს, - წინააღმდეგ შემთხვევაში, [თურქები] ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ გაირკვევა, რომ იცოდნენ სანქციების დარღვევების შესახებ და არავითარი ნაბიჯი არ გადადგეს სიტუაციის გამოსასწორებლად“.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსულ ავიაკომპანიებს ამერიკული წარმოების სამგზავრო [და სატვირთო] თვითმფრინავებით სარგებლობა აუკრძალა. გარდა ამისა, აშშ-მა ასევე აკრძალა ამერიკული წარმოების ყველა თვითმფრინავის ფრენა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე, თუ მათ სპეციალური ლიზენცია არ ექნებათ. მაგრამ ამის მიუხედავად, რუსული ავიაკომპანიები აშშ-ში წარმოებული „ბოინგების“ გამოყენებას აგრძელებენ. 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან დაწყებული, რუსულმა და ბელარუსულმა ავიაკომპანიებმა თურქეთში ამერიკული წარმოების  თვითმფრინავებით 2100 რეისი განახორციელეს.

ამჟამად ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ მკაცრად იქნეს ანტირუსული სანქციები დაცული იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კონტაქტები აქვთ. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

როგორც ცნობილია, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების დიდი ნაწილი Boeing-ებისა და Airbus-ებისაგან შედგება. გასული წლის მარტში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც უფლებას აძლევს რუსულ კომპანიებს უცხოური თვითმფრინავების ხელახალი რეგისტრაცია რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელონ, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლურ კომპანიებს თავიანთი თვითმფრინავების უკან დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ. ცნობილია, რომ რუსული ავიაკომპანიების ბევრ Boeing-ს და Airbus-ს, რომლებიც თურქეთში დაფრინავენ, სარეგისტრაციო ნომრები უკვე შეცვლილი აქვთ.

ამასობაში კი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოება აქვს განზრახული. ტრადიციულად, რუსი ტურისტები თურქეთის ხაზინისათვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. ამასთან, ანკარას სურს როგორც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზება, ასევე შუამავლის უნიკალური როლის განმტკიცებაც  რუსეთს, დასავლეთს და უკრაინას შორის. ამ ფონზე ვაშინგტონში მატულობს შეშფოთება იმის გამო, რომ თურქეთი ანტირუსული სანქციების რეჟიმის შერბილებას ცდილობს. ანკარა კი თავის მხრივ, აცხადებს, რომ სანქციები არაეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

წყარო: https://www.wsj.com/articles/u-s-leans-on-turkey-to-end-russian-flights-with-american-made-planes-11674731467

მოამზადა სიმონ კილაძემ

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის