USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Wall Street Journal» (აშშ): „უკრაინის არმიამ ავდეევკა დატოვა - პირველი ქალაქი, რომელიც რუსეთმა ბოლო თვეებში დაიკავა“
Date:  

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმია ავდეევკა დატოვა - პირველი ქალაქი, რომელიც რუსეთმა ბოლო თვეებში დაიკავა“ (ავტორები - იზაბელ კოულზი და ალისტერ მაკდონალდი).

რუსეთის ჯარებმა თავიანთი დროშა აღმართეს ავდეევკის თავზე მას შემდეგ, რაც უკრაინის სარდლობამ შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა უბრძანა. ეს ფაქტი რუსეთის პირველი მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს მარტის თვიდან, როცა კრემლის ჯარმა ბახმუტი აიღო. აშკარაა, რომ მოსკოვმა ომში ინიციატივა დაიბრუნა, მაგრამ ამ სიტუაციას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში ცოცხალი ძალისა და იარაღის ნაკლებობა, მეორე - წარუმატებელი კონტრშეტევა გასული წლის ივნის-ოქტომბერში.

ავდეევკის გაკონტროლება რუსეთს კრემლის სტრატეგიული მიზნის შესრულებასთან აახლოებს - დონბასის ანუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის სრულად დაკავებასთან.  რუსმა სამხედრო ბლოგერებმა  უკვე გამოაქვეყნეს ის ადგილი, სადაც ორიოდე თვის წინ, დეკემბერში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იდგა და სელფს იღებდა: ახლა იქ რუსული დროშა ფრიალებს.

რუსეთის არმიის წარმატებები იმის მომასწავებელიადემოსტრირებს იმას, თუ რა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება კიევი თავის აგრესიულ მეზობელთან ბრძოლაში, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. „კონგრესს, კერძოდ კი წარმომადგენელთა პალატას ჯერ კიდევ არ მიუღია კანონპროექტი უკრაინისადმი დახმარების თაობაზე, ამიტომაც ჩვენ ვერ შევძელით კიევისათვის საარტილერიო ჭურვები მიგვეწოდებინა, რაც უკრაინელებს ჰაერივით ჭირდებათ“, - ასეთ კომენტარს უკეთებს სიტუაციას ჯონ კირბი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.

უკრაინელი ჯარისკაცები და ოფიცრები ავდეევკის დაცვისათვის ბრძოლას „ბევრად უფრო ჯოჯოხეთურად“ თვლიან, ბახმუტთან შედარებით. კონფიდენციალურ საუბრებში ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავდეევკის ქუჩებში იბრძოდნენ, აღიარებენ, რომ ყველა საშინლად დაღლილია და საბრძოლო სული ძალიან დაქვეითებული აქვთ: „მათ არ იციან, რა მოხდება ავდეევკის დატოვების შემდეგ უახლოეს რამდენიმე საათში, რომ არაფერი ვთქვათ  ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე“.

უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ავდეევკაში ბრძოლის დროს ისინი საბრძოლო მასალების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ: რუსების მიერ გასროლილ ყოველ ათ ჭურვს უკრაინელები მხოლოდ ერთი ჭურვით პასუხობდნენ. კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ რუსების ინტენსიურად იყენებდნენ საავიაციო რაკეტის ტიპის მართვად ავიაბომბებს, რომლებისგანაც უკრაინის არმიას ჯერ-ჯერობით თავდაცვის საშუალებები არ გააჩნია.

როგორც ცნობილია, აშშ-ის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც კონგრესის ზემო პალატაში - სენატში - უმრავლესობა აქვს, შეძლო რესპუბლიკელი სენატორების დარწმუნება და მიღებული იქნა ორპარტიული კანონპროექტი უკრაინისათვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ, მაგრამ კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის, ანუ კანონად გადაქცევისათვის აუცილებელია თანხმობის მიღება კონგრესის ქვედა სტრუქტურისაგან - წარმომადგენელთა პალატის წევრებისაგან, რომელთა უმრავლესობას ჯიუტი რესპუბლიკელები შეადგენენ. პალატის სპეკირიც მაიკლ ჯონსონიც რესპუბლიკელია, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას და აცხადებს, რომ თუ ადმინისტრაცია თანხას არ გამოყოფს აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად მექსიკასთან, ისე სენატის მიერ მიღებული უკრაინის კანონპროექტი პალატის სამუსაო დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.

წყარო: https://www.wsj.com/world/europe/ukraine-withdraws-from-besieged-city-as-russia-advances-554644c0?mod=hp_lead_pos3

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way