ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია ამერიკული კვლევითი ცენტრის „რენდ კორპორეიშენის” (Rand Corporation) მეცნიერ-თანამშრომლის მაიკლ ბონერტის სტატია სათაურით „უკრაინამ გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა იპოვა“, რომელშიც ავტორი რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაზე მსჯელობს და მტკიცე რწმენას გამოხატავს - უკრაინა გაიმარჯვებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ეჭვი არ შეგეპაროთ: უკრაინის არმიის ამასწინანდელ ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში პოტენციურად შეუძლია რუსეთის ჯარების რაოდენობის გაზრდა - უპირველესად კი დონბასიდან. დრეს თუ არა ხვალ, მოსკოვი იძულებული გახდება. შესაბამისად, კრემლი დონბასში შეტევით ოპერაციებს შეასუსტებს. უკრაინელთა „კურსკის ნახტომი“ რუსეთის არმიას წარმატების შესაძლებლობას უსპობს - მიმდინარე წლის ბოლომდე მაინც.
ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთმა ზაფხულის პირველ ორ თვეში მთელი თავისი რესურსები დონბასში კონტრშეტევას მოახმარა. კრემლმა მეტ-ნაკლებად იცოდა, თუ რა საფრთხე ელოდებოდა კურსკის ოლქს, მაგრამ წინასწარგანზრახულად მთავარ პრიორიტეტად პოკროვსკის მიმართულება ამოირჩია. მაგრამ რად გინდა - უკრაინელი ჯარისკაცები პირდაპირ „ფქვავდნენ“ რუსებს და რუსულ ტექნიკას. თუ შევადარებთ ჯარში გაწვეული მოქალაქეებისა და რუსული მრეწველობის მიერ გამოშვებულ სამხედრო ტექნიკის რაოდენობას ბრძოლის ველზე დაღუპულებისა და აფეთქებული ტექნიკის რაოდენობასთან, ციფრები თითქმის ერთიდაიგივეა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვს, რეზერვები, პრაქტიკულად აღარ დარჩა. კრემლს მოუწევს დამატებითი მობილიზაციის გამოცხადება, თუმცა თავს არიდებს.
მოსკოვი არჩევანის წინაშე დგას: ალბათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვე მაინც დაჭირდება ჯარის დანაკლისის სესავსებად, როგორც ჯარისკაცების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით. კრემლს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს - დონბასში და კურსკში. უკრაინის არმიის ქვედანაყოფების უპირატესობა კურსკის ოლქში იმით გამოიხატება, რომ ისინი იქ საკუთარ ტერიტორიას არ იცავენ და შეუძლიათ უფრო თავისუფლად იმოქმედონ თავდაცვის ზღუდეებისათვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. შესაბამისად, რუსების მოქმედება კურსკის ოლქის ტერიტორიის გასათავისუფლებლად ძვირადღირებული იქნება - პრინციპით „ვინც უტევს, ის მეტ დანაკარგს განიცდის“.
უკრაინის შეჭრამ ცვლილებები შეიტანა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ოპერაციებშიც: გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომების მეშვეობით დაუსჯელად ყრიდა უკრაინის ქალაქებზე და ფრონტის ხაზზე „მფრინავ ბომბებს“, ახლა კი კრემლს ამის შესაძლებლობა წაერთვა - რუსულ ავიაციას უფრო შორი მანძილიდან მოუწევთ ბომბების ჩამოყრა, რაც სიზუსტეს აქვეითებს. უკვე შეიმჩნევა ყოველდღიური დაბომბვების სიხშირის შემცირება.
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალები ისე არიან „გაჭიმული“ ფრონტის მთელ ხაზზე (კურსკის ოლქის ჩათვლით), როგორც არასოდეს არ ყოფილან მთელი ომის განმავლობაში. ახლოვდება შემოდგომა - წვიმების პერიოდი, რაც რუსების შემტევ ოპერაციებს დააყოვნებს. და თუ დასავლეთი კიდევ უფრო გაამკაცრებს სანქციებს და უკრაინას მეტ შორი მოქმედების იარაღს მიაწვდის ზურგში მდებარე საწყობების, ბაზებისა და ქარხნების გასანადგურებლად, მაშინ ასეთი ზომები უკრაინას შესაძლებლობას მისცემს 2025 წლის გაზაფხულამდე თავისი არმია არადგინოს და უკეთ მოამზადოს.
დასავლეთის დახმარება უნდა იყოს რეგულარული, დროული და საკმარისი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კიევს ფიქრი თავისი ტერიტორიების რეალურ დაბრუნებაზე 2025 წლის დასასრულისათვის.
უკრაინა გამარჯვებისაკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. კიევის მოკავშირეებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწარაფად დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ძალის პოზიციიდან.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.