USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
«The Daily Telegraph»: „როგორ დაკარგა უკრაინამ დასავლელი მოკავშირეების მიერ ნაჩუქარი პირველი F-16 ავიაგამანადგურებელი“
თარიღი:  646

 

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას „როგორ დაკარგა უკრაინამ დასავლელი მოკავშირეების მიერ ნაჩუქარი პირველი F-16 ავიაგამანადგურებელი“ (ავტორი - ჯო ბარნსი), რომელშიც განხილულია 26 აგვისტოს საჰაერო ბრძოლის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

უკრაინამ უკვე დაკარგა ერთი ავიაგამანადგურებელი F-16 დაკარგა მას შემდეგ, რაც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ კიევს ნაჩუქარი ამერიკული წარმოების თვითმფრინავების პირველი პარტია გადაეცა.

როგორც იტყობინებიან, F-16 26 აგვისტოს იმ დროს ჩამოვარდა, როცა უკრაინა რუსული რაკეტებისა და დრონების ყველაზე მასირებულ დარტყმას იგერიებდა. მაგრამ როგორც ამერიკული წყაროები ირწმუნებიან (მაგალითად, გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“), ავიაკატასტროფა, ალბათ, მფრინავის შეცდომამ გამოიწვია, ან ტექნიკურმა უწესივრობამ. ყოველ შემთხვევაში, F-16 რუსებს არ ჩამოუგდიათ.

ბოლო მომენტში ცნობილი გახდა კიდევ ერთი ვერსია - ამერიკული „შევარდენი“ ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად იქნა განადგურებული, ანუ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებმა, შეუთანხმებლობის შედეგად, თავისი თვითმფრინავი თვითონვე ჩამოაგდეს (ამბობენ, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „პეტრიოტის“ მეშვეობით, ვოლინის ოლქში, ლუცკთან).

F-16-ის პილოტი, პირველი კლასის მფრინავი - პოდპოლკოვნიკი ალექსი მესი დაიღუპა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინის ლობირებაში დასავლელი მოკავშირეების წინაშე, რათა კიევს ამერიკული ავიაგამანადგურებლები გადაცემოდა, მისი ინტერვიუები ქვეყნდებოდა ევროპულ მასმედიაში, რომლებშიც იგი უკრაინისათვის F-16-ების გადაცემის აუცილებლობას ასაბუთებდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და გენერალურმა შტაბმა პილოტის დაღუპვა დაადასტურეს: „26 აგვისტოს ალექსი მესი თავის უკანასკნელ საჰაერო ბრძოლაში გმირულად იგერიებდა სამშობლოს ცაში შემოჭრილ მტრის რაკეტებს. მან სიკვდილის წინ სამი ფრთოსანი რაკეტა და ერთი დამრტყმელი დრონი გაანადგურა“.

ის ამბავი, რომ უკრაინამ პირველი თავისი ძვირადღირებული თვითმფრინავი დაკარგა, კიევისათვის სერიოზულ დარტყმას ნიშნავს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა, დაადასტურა ამ კვირაში, რომ F-16-ები პირველად იქნენ გამოყენებულნი რუსული რაკეტებისა და დრონების შემოსევის წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ბრძოლაში. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ დასავლური ავიაცია ქვეყნის სახმელეთო ჯარებს უპირატესობას მისცემდა - F-16-ები გაანადგურებდნენ რუსულ დრონებს და დააფრთხობდნენ რუსეთის ავიაციას, რომელიც ფრონტის ხაზზე და ზურგის ობიექტებზე დიდი დამანგრეველი ძალის ბომბებს ყრიდა.

მაგრამ F-16-ების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტის სიკვდილი უფრო მძიმეა, ვიდრე თვითმფრინავის დაკარგვა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, პოდპოლკოვნიკი ალექსი მესი ერთ-ერთი იყო იმ შვიდი უკრაინელი მფრინავიდან, რომელმაც „F-16 - ფალკონის“ მართვა შეისწავლა.

ერთი ამერიკული ავიაგამანადგურებლის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 60 მილიონ დოლარს აღწევდეს. ფასი დამოკიდებულია თვითმფრინავის კონფიგურაციასა და მის შესაძლო მოდერნიზაციაზე. თუმცა „დეილი ტელეგრაფი“ ადრე წერდა, რომ ნიდერლანდების მიერ უკრაინისათვის გადაცემული F-16-ები (6 ერთეული) მაინცდამაინც ახალ ტექნოლოგიურ მოდელს არ წარმოადგენენ. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა, რომ უკვე ნაჩუქარი თვითმფრინავები ფრონტის ხაზზე იფრენენ - არსებობს რისკი იმისა, რომ მათ რუსული ავიაგამანადგურებლები ჩამოაგდებენ. არადა, როგორც ნიდერლანდების ჯარების სარდალი, გენერალი ოტო ეიჰელჰაიმი აცხადებს, ნაჩუქარი F-16-ები „თავიანთ ფუნქციებს კარგად ასრულებენ“ და უკრაინას შეუძლია ისინი რუსეთის სიღრმეში განლაგებული სამხედრო ობიექტების დასაბომბადაც გამოიყენოსო.

მაგრამ ფრონტის ხაზზე შექმნილი მძიმე სიტუაციისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ნეგატიური პოზიციის გათვალისწინებით, F-16-ების გამოყენება რუსეთის ზურგში მდებარე ობიექტების დასაბომბად ნაკლებადსავარაუდოა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები უკრაინას საბოლოო ჯამში 24 საბრძოლო „F-16 ფალკონს“ მიაწოდებს, ხოლო რუმინეთს - 18 სასწავლო თვითმფრინავს, უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად. „ჩვენ რუმინეთში კარგი სასწავლო ცენტრი გვაქვს შექმნილი უკრაინელი შედარებით ასაკოვანი მფრინავების გადასამზადებლად. მათ კარგად იციან რუსული საბჭოთა „მიგე“-ების მართვა, ახლა კი F-16-ებზე ფრენასაც შევასწავლით“, - ამბობს ოტო ეიჰელჰაიმი.

მფრინავების მომზადების სრული კურსი საკმაოდ ძვირადღირებულია, დიდ შრომასა და დროს მოითხოვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/08/29/ukraine-loses-first-f-16-fighter-donated-by-western-allies/

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის