ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ცნობილი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის ქორწილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ქორწილში მიწვევაზე და ვენეციაში არ გაემგზავრება“ (ავტორი - დევიდ მილუორდი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯეფ ბეზოსის ქორწილში მიპატიჟება-მონაწილეობაზე, რომელსაც ცნობილი ბიზნესმენი, კომპანია „ამაზონის“ დამაარსებელი და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი ვენეციაში იხდის.
როგორც იტყობინებიან, ჯეფ ბეზოსი ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და ილონ მასკის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული „უპირველესი მეგობრის“ ვაკანტური ადგილი დაიკავოს.
The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა ცნობა, რომ 61 წლის ჯეფ ბეზოსი, რომელიც თავის სამდღიან დიდებულ ქორწილს აწყობს ვენეციაში (იგი ცოლად ირთავს ცნობილ ჟურნალისტს ლორენ სანჩესს), ორჯერ ელაპარაკა მისტერ დონალდ ტრამპს ბოლო კვირაში.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ჯეფ ბეზოსისაგან ქორწილში მიწვევა მართლაც არის მიღებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ვენეციაში ვერ გაემგზავრება მოუცლელობისა და მჭიდრო სამუშაო გრაფიკის გამო.
ასევე მოსალოდნელია, რომ ქორწილს დაესწრება დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა (პირველი ცოლისგან), ქმართან - ჯერად კუშნერთან ერთად: ლორენ სანჩესი ივანკას ახლო მეგობარია. ქორწილში გაემგზავრება აგრეთვე დონალ ტრამპ-უმცროსი, პრეზიდენტის უფროსი ვაჟი.
ქორწილის გადახდა სურვილის მიხედვით ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა: როგორც გაზეთ „დეილი მეილს“ აცნობეს, სინამდვილეში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი საკმაო ხნის შეუღლებულები არიან, აშშ-ის კანონების შესაბამისად, თუმცა ეს ფარულად მოხდა და არ გამჟღავნებულა.
როგორ გადაიქცა ტრამპის მოწინააღმდეგე ტრამპისტად
2019 წელს დონალდ ტრამპი, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, მწარედ გაეხუმრა მისტერ ბეზოსს და მას “Jeff Bozo”უწოდა, მისი გაზეთის - „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ დაკავებული [ანტიტრამპისტული] პოზიციის გამო.
თუმცა მოგვიანებით, უკვე 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაზეთმა მხარი არ დაუჭირა კამალა ჰარისს და ამით ის ლიბერალური ტრადიცია დაარღვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული.
თებერვალში „ვაშინგტონ პოსტმა“ უარი განაცხადა იმ რეკლამის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაცია იყო გაკრიტიკებული: მასში კითხვა იყო დასმული - „ვინ მართავს ამერიკას - დონალდ ტრამპი თუ ილონ მასკი?“.
როგორც დღეისათვის ჩანს, მისტერ ჯეფ ბეზოსს სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მომხდარი განხეთქილება, რომელიც გასულ თვეში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი თავისი კომპანიის SpaceX-ისკოსმოსური პროგრამის შეწყვეტით დაიმუქრა, რომელიც NASA-სთან თანამშრმლობს, ჯეფ ბეზოს კი მსგავსი კომპანია აქვს - Blue Origin, რომელსაც SpaceX-ის ჩანაცვლება შეუძლია. როგორც ცნობილია, აშშ-ის აეროკოსმოსურმა უწყებამ რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენება შეწყვიტა და ილონ მასკის ხომალდებზეა დამოკიდებული, რომ დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ამერიკელი ასტრონავტები მიიყვანოს. ამიტომ NASA-სთვის SpaceX-ის ჩანაცვლება კარგი ალტერნატივა იქნებოდა.
ქორწილი და პროტესტები ვენეციაში
იტალიელები (ვენეციელები) მილიარდერის სამდღიანი დროსტარების წინააღმდეგნი არიან იმ დროს, როცა მსოფლიოში დიდი უბედურებები ხდება. ორგანიზაცია Extinction Rebellion-მა ქალაქის ცენტრში, სან მარკოს მოედანზე საპროტესტო აქცია მოაწყო. იტალიელებს არ მოსწონთ, რომ ჯეფ ბაზოსი დონალდ ტრამპთან თავისი კავშირებით სარგებლობს და თავისი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ვენეციის ექსპლოატაცია - როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გართობის ობიექტად გამოყენება - დაუშვებელია.
ხუთშაბათს მადონა დელ ორტოს ეკლესიასთან, სადაც საქორწინო ღონისძიებები უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს - კარაბინერების ქვედანაყოფი განლაგდა. გადაკეტილია ხიდიც, რომელიც ეკლესიასთან მდებარეობს, დადგმულია დამცავი ფარები, რომ დემონსტრანტებმა გავლა ვერ შეძლონ. აკრძალულია დრონების გამოყენებაც. აკრძალვა ვრცელდება ახლოს მდებარე ისტორიულ ებრაულ კვარტალზეც.
„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.
რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.
დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე, ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.
სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.
ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.
თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.
თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.
მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები სტატიების სათაურებშიც აღარ ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან.