USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთში მორიგი „სამოქალაქო ომი“ უკვე დაიწყო: სამხედრო ისტებლიშმენტის დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან“
дата:  203

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთში მორიგი „სამოქალაქო ომი“ უკვე დაიწყო: სამხედრო ისტებლიშმენტის დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან“ (ავტორი - რიჩარდ კემპი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს, მცირე შემოკლებით:

„ბახმუტში თანამედროვე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს - როგორც ინფორმაციებიდან ჩანს, იქ ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იღუპება. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრემლისათვის, ბახმუტი შეიძლება ერთგვარი ექსტრაორდინარული „სამოქალაქო ომის“ ადგილად იქცეს, რომელიც, გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლ სხვადასხვა რუსულ სამხედრო დაჯგუფებებს შორის დაიწყოს. სავარაუდო „ომს“ საფუძვლად უდევს კრემლის სამხედრო მანქანის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - „ვაგნერის ჯგუფისა“ და თავდაცვის სამინისტროს ერთმანეთთან დაპირისპირება.

კერძო „ვაგნერ-ჯგუფისა“ და სახელმწიფო სამხედრო უწყების მეტოქეობა თითქმის 8 თვის განმავლობაში გრძელდება. საყურადღებოა, რომ იმ დროს, როცა „ვაგნერ-ჯგუფის“ დაქირავებული მებრძოლები ბახმუტისათვის მიმდინარე ბრძოლების წინა ხაზზე დგანან, მათი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი თავის პოლიტიკური ბრძოლის გეგმებს ახორციელებს, კრემლში საკუთარი გავლენის გასაფართოებლად. იგი დარწმუნებულია, რომ შეუძლია ისარგებლოს თავისი აშკარა სამხედრო ძლიერებით - დაახლოებით 50 ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, რომ რუსეთის ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. ზოგიერთები თვლიან, რომ ევგენი პრიგოჟინის საბოლოო მიზანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უზურპირება წარმოადგენს - შესაძლოა მას მიზნად აქვს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მთლიანად თვითონ დაიქვემდებაროს.

გასული წლის მაისიდან ევგენი პრიგოჟინი ღიად ცდილობს დაამციროს რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და განადიდოს „ვაგნერ-ჯგუფის“ მიღწევები, აჩვენოს ის კონტრასტი, რომელიც მათ შორის არსებობს ბრძოლის ველზე. იგი ყველას დასანახად იკვეხნის თავისი წარმატებებით და იმავდროულად საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის ხელმძღვანელობას. ევგენი პრიგოჟინი ხშირად აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის მაღალჩინოსნები არაკომპეტენტურები არიან და მათ თითქმის ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. მაგალითად, თებერვალში „ვაგნერელთა“ ლიდერი ისე შორს წავიდა თავის კრიტიკაში, რომ თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სახელმწიფო ღალატი დააბრალა და განაცხადა - „სწორედ მისი ბრძანების შედეგია, რომ „ვაგნერ-ჯგუფის“ მებრძოლებს საბრძოლო მასალებით არ ამარაგებენო“.

მოსალოდნელი იყო, რომ პრიგოჟინის კრიტიკაზე თავდაცვის სამინისტრო მკაცრ რეაგირებას მოახდენდა: აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მოხსენების მიხედვით, რუს გენერლებს ჰქონდათ შესაძლებლობა „ვაგნერის ჯგუფისათვის“  -  როგორც ელიტარული მებრძოლებისათვის, ისე ყოფილი პატიმრებისათვის - ბახმუტში შეგნებულად მოემზადებინათ „სასიკვდილო ხაფანგი“, ევგენი პრიგოჟინის ამბიციების დასათრგუნავად და კრემლში მისი გავლენის შესასუსტებლად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელებს“ იარაღით არ მოამარაგებს, რუს დაქირავებულებს უკრაინელები მაქსიმალურ ზიანს მიაყენებენ. ეს იქნება გასაოცრად ეგოისტური ინტერესების მქონე სტრატეგია რუსული რეჟიმისთვის, ცხარე ეგზისტენციალური ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა, გენერლების ასეთი მოქმედება ბახმუტზე შეტევის შენელებას გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახლა პრიორიტეტს ანიჭებს შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების განვითარებას. ასეთი სტრატეგია, უეჭველია, ვლადიმერ პუტინის თანხმობისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე არ განხორციელდებოდა. და მართლაც, მოწმენი ვართ, რომ ევგენი პრიგოჟინის დასუსტება და „ვაგნერ-ჯგუფის“ სამხედრო წყობიდან გაყვანის გეგმა აქტიურად რეალიზდება.

მაგალითად, „ვაგნერი“ ბოლო დრომდე ხშირად იყენებდა რუს პატიმრებს, მოხალისე-დაქირავებული მებრძოლების სახით, სასჯელაღსრულების სისტემიდან - ციხეებიდან და შრომა-გასწორების კოლონიებიდან,  რომლებიც მისი პირადი შემადგენლობის 80%-ს შეადგენენ. მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლმა ევგენი პრიგოჟინს რეკრუტების წყარო გადაუკეტა და პატიმრების მებრძოლებად დაქირავების საკითხს, როგორც იტყობინებიან, უკვე თავდაცვის სამინისტრო განაგებს.

ასეთი ნაბიჯები ვლადიმერ პუტინის ქცევას სრულიად შეესაბამება - ცნობილია, რომ მსგავსი მეთოდებით იგი კარგად სარგებლობდა წარსულშიც. ახლაც მან მშვენივრად ისარგებლა თავცვის სფეროს ისტებლიშმენტის ორი დაჯგუფებას შორის შექმნილი უთანხმოებით და ამით საკუთარ ხელისუფლებას უსაფრთხოების გარანტია შესძინა. ეს თითქმის ისეთი ტაქტიკაა, რომლითაც ადოლფ ჰიტლერი სარგებლობდა - ვერმახტის (გერმანიის არმიის) და  „ეს-ეს“-ის ჯარების (მმართველი პარტიის გასამხედროებული დაჯგუფების) ერთმანეთთან მეტოქეობით.

ომის დაწყების შემდეგ, [როცა „ბლიცკრიგი“ ვერ განხორციელდა], ვლადიმერ პუტინი განრისხებული იყო მინისტრ სერგეი შოიგუზე და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვზე, ამიტომ ევგენი პრიგოჟინის მხარე დაიკავა. პრეზიდენტმა „ვაგნერის ჯგუფს“ თავდაცვის სამინისტროს რესურსები მისცა, რათა რეგულარული არმიის თავდაპირველი დანაკარგები შეემცირებინა. მაგრამ ახლა, როცა ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები მოისმინა, მან „ვაგნერელთა“ ხელმძღვანელში გარკვეული საფრთხე დაინახა და ორიენტაცია შეცვალა. როგორც ჩანს, სერგეი შოიგუ ისევ უპირატესობას აღწევს, ევგენი პრიგოჟინს კი „ფრთებს აჭრიან“ - ის სამხედრო წარმატებები, რომლებსაც „ვაგნერმა“ მიაღწია, ოფიციალურად მიაწერეს თავდაცვის სამინისტროს.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მსგავს ტრიუკებს ვლადიმერ პუტინისათვის სასურველი შედეგი მოჰქონდა,  ახლა ასეთი ნაბიჯი მისთვის დიდ ავანტიურას წარმოადგენს. რისკი იმით გამოიხატება, რომ პრეზიდენტმა შეიძლება „ვაგნერის“ მებრძოლებზე კონტროლი დაკარგოს: ამ ყველაფერს კი სერგეი შოიგუ და ჩეჩნური ქვედანაყოფების ფაქტიური ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უყურებენ. გარდა ამისა, შესაძლოა ძალიან დაგვიანდა ევგენი პრიგოჟინზე ზეწოლა, რომელიც საკმაო მხარდაჭერით სარგებლობს ბევრი მაღალჩინოსნისაგან და „პატრიოტულად განწყობილი“ რუსული მასმედიისაგან.

ევგენი პრიგოჟინის პოპულარობამ განსაკუთრებით იმატა გასული შემოდგომიდან, როცა მან საჯაროდ მოიწონა „ვაგნერი-ჯგუფის“ რიგებიდან გაქცეული დაქირავებული მებრძოლის დაკავება და მისი სიკვდილით დასჯა - უროს თავში ჩარტყმით. თუ ევგენი პრიგოჟინის ტაქტიკა ასე გაგრძელდება, მაშინ ვლადიმერ პუტინს უკეთესია იმის იმედი ჰქონდეს, რომ ბახმუტის ფრონტზე მიმდინარე „სამოქალაქო ომი“ მოსკოვამდე ვერ მიაღწევს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/03/14/russias-next-civil-war-has-already-begun/?fbclid=IwAR2iTE5Ujy5zkPJnvep-fouPX1OCrxOJ548dxI__pbb3kDzhg8gwX3N2nXI

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати