USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსები ჰყვებიან, თუ როგორ პანიკურად გაიქცნენ უკრაინის არმიის შეტევის გამო: კრემლი სამარცხვინო მდგომარეობაშია, მის მორალურ სულს კიევმა დარტყმა მიაყენა“
თარიღი:  643

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით „რუსები ჰყვებიან, თუ როგორ პანიკურად გაიქცნენ უკრაინის არმიის შეტევის გამო: კრემლი სამარცხვინო მდგომარეობაშია, მის მორალურ სულს კიევმა დარტყმა მიაყენა“ (ავტორი - ჯეიმს კილნერი) ასახულია ის პანიკური მდგომარეობა, რომელშიც კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების შეჭრამ გამოიწვია.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რუსები, რომლებმაც საკუთარი სახლები მიატოვეს და თავს უშველეს უკრაინის ჯარების შემოტევის გამო, ჰყვებიან, თუ როგორ გახდნენ იძულებულნი გაქცეულიყვნენ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება დაემხო.

პანიკა და შიში სწრაფად გავრცელდა კურსკის ოლქის სამხრეთის რაიონებში, დაწყებული ექვსი აგვისტოდან, როცა კიევის რეგულარულმა ჯარებმა მეზობელი სახელმწიფოს საზღვარი გადალახეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რუსეთზე ამგვარი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ სახელმწიფოს არ გაუბედავს.

„ჩვენ არ გვესმის, რატომ არ ამბობს ჩვენი მთავრობა სიმართლეს“, - ამბობს ერთ-ერთი კურსკელი ქალი პროსამთავრობო გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში, - „ტელევიზორით სულ იმას ამბობენ, საგანგებო სიტუაცია გამოვაცხადეთო. რომელ საგანგებო სიტუაციაზეა ლაპარაკი, როცა უკრაინელებს ჩვენი ქალაქები ოკუპირებული აქვთ და ქუჩებში ამერიკული ტანკები დაგრიალებენ? ეს ხომ უკვე ნამდვილი ომია!“

უკრაინელმა სამხედროებმა, კვირას, 11 აპრილს, რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს, რომლებიც ასახულია, თუ როგორ ხსნიან ქალაქებში - რილსკში და სუჯაში - რუსეთის სახელმწიფოს დროშებს სამთავრობო შენობებიდან და მიწაზე ყრიან. ამით უკრაინელები კრემლს დასცინიან და ამცირებენ.

უკრაინელი ჯარისკაცები შეიჭრნენ კურსკის ოლქის მესამე რაიონულ ცენტრშიც - ქალაქ ბელოვშიც, რაც ადგილობრივმა ხელმძღვანელმა უკვე აღიარა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეტევაში, რომლის შედეგად რუსეთის ტერიტორიის 600 კვადრატული კილომტრი დაიკავეს, ათასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილობს. „მიზანი ისაა, რომ მოწინააღმდეგის პოზიციები გაიფანტოს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით და რუსეთში დესტაბილიზაცია გამოვიწვიოთ“, - თქვა მან ანონიმურობის პირობის დაცვით.

ჩამოთვლილი სასაზღვრო ქალაქებიდან კურსკისაკენ ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე გაიქცა ავტომობილებით, ველოსიპედებით, მოტოციკლებით, მათ თან მხოლოდ სწრაფად აღებული ბარგი მიჰქონდათ. ბევრმა პირადი დოკუმენტების აღებაც კი ვერ მოასწრო.

ვიდეორგოლში, რომელზეც სუჯადან გამოქცეული საშუალო ასაკის მქონე ქალების  ლაპარაკია ასახული, ბევრი ტირის გადატანილი საშინელების გამო და მკაცრად აკრიტიკებს ადგილობრივ ჩინოვნიკების მოქმედებას.

„ჩვენს მიწაზე ნატოს ტექნიკით შეიარაღებული უკრაინელები შემოიჭრნენ და რამდენიმე საათში მთელი ქალაქი ნანგრევებად აქციეს. ჩვენ დავკარგეთ კარ-მიდამო, დავკარგეთ სახლები. ცეცხლის ქვეშ გამოვიქეცით, ბევრმა დოკუმენტების აღებც კი ვერ მოასწრო“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

ამ დროს ლაპარაკში ჩაერია იქვე მდგომი მამაკაცი, რომელმაც რუსი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა: „ევაკუაცია ისეთი ქაოსური იყო, რომ ადამიანები ქვედა საცვლებით და მაისურებით გარბოდნენ, ბავშვები კი ჩვრებში გახვეულები მიჰყავდათ. ერთ-ერთ სოფლის მოსახლეობა, როცა უკრაინელები მათ სოფელში შეიჭრნენ, იძულებულები გახდნენ მდინარე გადაეცურათ

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა თავის პროპაგანდისტებს უბრძანა, შეემცირებინათ უკრაინის თავდასხმის მნიშვნელობა, ადამიანების შოკი და დაბნეულობა პროსამთავრობო მასმედიაშიც კი გაიჟონა. „ადგილობრივი მოსახლეობა ბედის ანაბარად იყო მიტოვებული. სატელეფონო ზარებს არავინ არ პასუხობდა. გზები დამსხვრეულ-აფეთქებული ავტომანქანებით იყო მოფენილი, დრონების თავდასხმის გამო. რა უნდა ექნათ მოხუცებსა და ინვალიდებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეეძლოთ? ქალაქებში აკლიათ სურსათი და სასმელი წყალი, არანაირი კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა არ მუშაობს“, - ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი.

„მე მრცხვენია რუსეთის არმიის გამო, რომელიც კორუმპირებულია და სამშობლოს დაცვაზე არ ფიქრობს. მე მეგონა, რომ უკრაინელებს დავამარცხებდით, მაგრამ გამოდის, რომ ისინი გვამარცხებენ... ვინ ადგენს ასეთ გეგმებს? იქნებ ჯობდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევისაკენ კი არ გაგვეგზავნა, არამედ აქ დარჩენილიყვნენ და მოსახლეობა საიმდოდ დაეცვათ“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

უკრაინის არმიის თავდასხმამ კურსკის ოლქზე შოკური ტალღა გამოიწვია მთელ რუსეთში და ღრმად შეაღწია რუსეთის მმართველ სისტემაში. კრემლტა დაახლოებული პირების თქმით, ამ ფაქტმა „დიდი დარტყმა მიაყენა ვლადიმერ პუტინის რეპუტაციას და რუსეთის არმიის სარდლობას“. ასეთი განწყობების გაჩენა კრემლი შეშფოთებულია, რომელიც ჩვეულებრივ, მკაცრ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა, რათა მოსახლეობის კარგი განწყობა და ომის მიმართ მხარდაჭერა შეინარჩუნოს

როგორც იუწყებოდნენ, კურსკის ოლქში შეჭრა ჯარისთვის თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის უბრძანებია, რაც სულ მალე თვითონაც დაადასტურა: „აგრესორზე ასეთი ზეწოლა აუცილებელია, მან უნდა იგრძნოს მთელი საშინელება“. ასეთმა პოზიციამ უკრაინელებს მნიშვნელოვნი მორალური ბიძგი მისცა.

უკრაინაში ადამიანები რუსეთის სამარცხვინო მდგომარეობაში ყოფნას ზეიმობენ და თავიანთ ჯარისკაცებს ქება-დიდებას უძღვნიან: „დაე, რუსებმა გაიგონ, როგორია საკუთარი წამლის გემო:.

„ამერიკული ავიაგამანადგურებლების F-16-ების მიღება და კურსკის ოლქში ძლევამოსილი შეჭრა მოსახლეობას სიხარულისა და პოზიტიური საუბრის საფუზველს აძლევს“, - უთხრა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს კიევში ერთ-ერთმა წყარომ, - ადამიანებს იმედი გაუჩნდათ“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/08/11/fleeing-russians-tell-of-panic-and-terror-ukraine-invasion/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.