USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The Daily Telegraph» : „იურიდიული თავდასხმები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს: ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვევა“
თარიღი:  878

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ექვსი ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იურიდიული თავდასხმები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს: ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვევა“ (ავტორი - ნიუტ გინგრიჩი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელტა პალატის წევრი და მისი 50-ე ექს-სპიკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ დონალდ ტრამპი ამჟამინდელ სასამართლოებს გადაიტანს და 2025 წლიდან ისევ პრეზიდენტობას გააგრძელებს, მან კანონის უზენაესობის აღდგენას და ამ პრინციპის კონსტიტუციურ განმტკიცებას მთავარი ყურადღება უნდა დაუთმოს.

რასაკვირველია, ალბათ, დონალდ ტრამპის უპირველესი სურვილი შურისძიება იქნება - თუ გავითვალისწინებთ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უსინდისო დამოკიდებულებას, აგრეთვე პროკურორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას იუსიტიციის სამინისტროსა და ჯორჯიისა და ნიუ-იორკის შტატების პროკურორების მხრიდან.

მაგრამ თუ რესპუბლიკელები დემოკრატი მოსამართლეებისა და პროკურორების დასჯას დაიწყებენ, ამით მხოლოდ დამანგრეველი ციკლი გაგრძელდება. ამერიკა საფრთხის წინაშე დადგება.

ამერიკის მამები თავის დროზე მწვავედ აცნობიერებდნენ ამ საფრთხეს. იმდროინდელი ბრიტანელი მოსამართლეები ბრიტანეთის მეფის აგენტებს წარმოადგენდნენ - იმის ნაცვლად, რომ მათ კანონი და სამართალი დაეცვათ, ისინი მეფე გეორგ მესამის ბრძანებებს ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს რეფორმის განხორციელება, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამერიკელი რევოლუციონერების მეორე მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ მასში მთავრობის მოქმედებისაგან მოქალაქეთა დაცვის გარანტიები საკმარისი არ იყო. ისინი ითხოვდნენ სპეციალური „უფლებების ბილის“ მიღებას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა მოქალაქეთა ყველა უფლებები და მთავრობის მოქმედების შეზღუდვები. იფიქრეთ ამ შეზღუდვებზე და ყურადღება მიაქციეთ ჯო ბაიდენის მთავრობის მოქმედებას, თუ როგორ ცდილობენ დემოკრატი ჩინოვნიკები და აშშ-ის სამართლებრივი სისტემის წარმომადგენლები დონალდ ტრამპის განადგურებას.

ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზეც, „უფლებების ბილის“ ათი შესწორებიდან ხუთი კონკრეტულად მოსამართლეთა უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება. მათგან ბევრი რამ არის დარღვეული დონალდ ტრამპის მიმართ.

მეოთხე შესწორება  მოქალაქეებს უსაფუძვლო ჩხრეკებისა და ნივთების ამოღებისაგან იცავს და ითხოვს, რომ ორდერი მტკიცე საფუძველზე იქნას გაცემული. გავიხსენოთ, რომ არჩევნებში თითქოსდა რუსების ჩარევის შესახებ მთელი საგამოძიებო მოქმედება გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაცემული ორდერებით იყო უკანონოდ ინსპირირებული.

მეექვსე შესწორების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება აქვთ სწრაფად იქნეს განხილული საქმე მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა მიერ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამას წინანდელი ფიქტიური ბრალდების შემთხვევაში საოლქო პროკურორმა ელვინ ბრეგმა ისეთი ბრალდება წაუყენა ექს-პრეზიდენტს, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული. ნუთუ ეს არის სწრაფი განხილვა? გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულები სასამართლოს სხდომის დროს მიუკერძოებლები არ იყვნენ. მათი სუბიექტური დამოკიდებულება აშკარად ჩანდა. იმავე მეექვსე შესწორების ძალით, მოქალაქეებს უფლება აქვთ მოწმის ჩვენება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. მოსამართლე კი დონალდ ტრამპის ადოკატებს რეგულარულად უკრძალავდა იმ მოწმეეების გამოძახებას, რომლებიც ჩვენებას მის სასარგებლოდ  მისცემდნენ.

მერვე შესწორება მოსამართლეებს უკრძალავს, რომ მოქალაქეებს „გადაჭარბებული“ მოცულობის ჯარიმების გადახდა დააკისრონ. გავიხსენოთ დონალდ ტრამპის მიერ გირაოდ წინასწარ შეტანილი 454 მილიონი დოლარი, რომელიც არასწორად არის გამოთვლილი და არ ასახავდა მის ჭეშმარიტ ქონებრივ მდგომარეობას. მართალია, მოგვიანებით, ადვოკატების მრავალგზისი მოთხოვნით, თანხა შემცირდა, მაგრამ თვითონ ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ რა გულგრილად ექცევიან მმართველი წრეები ადამიანთა უფლებების დაცვას.

დონალდ ტრამპმა, როცა იგი პრეზიდენტი გახდება, უნდა დაადასტუროს რომ „უფლებების ბილი“ ყველა ამერიკელს იცავს, მისი ქონებრივი მდგომარეობის განურჩევლად. პრეზიდენტმა უნდა გამოიძიოს კანონის უზენაესობის ყველა დარღვევა ყოველი მოქალაქის მიმართ და სამართლიანობა უნდა აღადგინოს. პრეზიდენტმა უნდა გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი და ცნობა, რომელიც ეხება ე.წ. „შეთქმულებებს“, დაწყებული 2015 წლიდან, რომლებიც გამოყენებული იყო დონალდ ტრამპის - როგორც ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატისა და შემდეგ როგორც პრეზიდენტის  - წინააღმდეგ, მისი განადგურების მიზნით.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა შესთავაზოს თანამშრომლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებაში, რომ სამომავლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აღარ იქნეს დაშვებული.

დონალდ ტრამპმა უნდა გადახედოს მთელ ამერიკულ სამართლებრივ სისტემას, [გააუქმოს, რაც გასაუქმებელია], არ არის გამორიცხული გამოძიების ფედერალური ბიუროს დემონტაჟის განხორციელებაც. უნდა დადგინდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ახალი სტანდარტები მთლიანად იუსიტიციის სამინისტროსათვის.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას მისი მიზანი უნდა იყოს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის ურყევობის პრინციპის ჭეშმარიტი განმტკიცება და არა კანონებით სარგებლობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ [როგორც ამას ჯო ბაიდენი აკეთებს].

ამ პირობებზე იქნება დამოკიდებული, გადარჩება თუ არა ამერიკა. ეს უნდა გახდეს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოქმედების საკვანძო პრინციპი.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/comment/2024/06/05/donald-trump-trial-conviction-us-election-judicial-system/

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის