ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანში არ არსებობს „ზომიერი პრეზიდენტის“ ცნება: „რეფორმისტი“ მასუდ პეზეშკიანის არჩევა არაფერს არ შეცვლის“ (ავტორი - კონ კოფლინი), რომელშიც გაანალიზებულია ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური პერსპექტივა - იქნება თუ არა იგი ნამდვილი რეფორმისტი თუ სინამდვილეში ყველაფერი მოჩვენებითია?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თუ გავითვალისწინებთ ირანის ე.წ. „ზომიერი“ ლიდერების „დამსახურებებს“, ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა გვევარაუდა, რომ ყოფილი ნეიროქირურგის მასუდ პეზეშკიანის ირანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თეირანი უკან დაიხევს და ნაკლებად კონფრონტაციულ პოზიციას დაიკავებს დასავლეთის მიმართ.
პირიქით, იმ პირობებში, როცა ირანი ახლოსაა შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი, ხოლო მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული მოძრაობები „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზებას აგრძელებენ, მასუდ პეზეშკიანის გამარჯვება უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც მილიონობით უბრალო ირანელი მოსახლეობის სიმბოლური ჟესტი, რომლებსაც მკაცრი რეპრესიების დასრულება სურთ.
მასუდ პეზეშკიანმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სწორად გათვალა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის უკომპრომოსო მოწინააღმდეგეს - საიდ ჯალილს აჯობა. 69 წლის პეზეშკიანი ერთადერთი ე.წ. „ზომიერი“ პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელსაც უფლება მისცეს არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ავიაკატასტროფაში დაღუპული ებრაჰიმ რაისის ადგილის დასაკავებლად. მან 16,3 მილიონი ხმა მოაგროვა, საიდ ჯალილმა კი, რომელიც მკაცრი ხაზის გამტარებელ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება - მხოლოდ 13,5 მილიონი.
მასუდ პეზეშკიანის გამარჯვებამ ირანელებში იმის იმედი გააღვიძა, რომ ახალი ლიდერი, სხვა თუ არაფერი, რეპრესიებს მაინც შეასუსტებს, განსაკუთრებით, ირანელი ქალების მიმართ. შემთხვევითი არაა, რომ ირანში მკვეთრად იმატა გამოტანილი განაჩენების სისრულეში მოყვანამ - 833 გასულ წელს - იმ დროიდან, როცა ქვეყანაში ქალების პროტესტები დაიწყო, ისლამური თავსაბურველი გამოყენების წინააღმდეგ. პეზეშკიანი გამარჯვებამ ხალხს იმედი გაუღვიძა - უამრავი გახარებული ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, დროშების ფრიალითა და ცვლილებების ლოზუნგებით.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მასუდ პეზეშკიანი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და უნივერსიტეტის პროფესორი, პირველად არჩეული ირანის პარლამენტის დეპუტატად 2008 წელს, მოსახლეობას დაპირდა ისლამური „დრეს-კოდის“ შერბილებას ქალებისათვის, მან განაცხადა ზნეობის პოლიციის უფლებამოსილების სამომავლო შეზღუდვა და ინტერნეტით სარგებლობის გაფართოება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზნად ითვლება მისი დაპირება დასავლეთთან მოლაპარაკების განახლების თაობაზე - ეკონომიკური სანქციების გაუქმებისათვის, რომლებიც ირანის ეკონომიკისათვის დიდი ზარალი მოქვთ, ხოლო ინფლაცია სტაბილურად მაღალია.
მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პეზეშკიანის გამარჯვება რაიმე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ირანის სიძულვილზე დასავლეთის მიმართ, ამის ალბათობა პრაქტიკულად ნულოვანია. ის, რომ იგი თითქოსდა „ზომიერი“ და „რეფორმების მომხრე“ პოლიტიკოსია, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მკაცრი ხაზის გამტარებლები თავიანთ ხისტ პოლიტიკას შეცვლიან. არადა, სწორედ ისინი აკონტროლებენ ირანის ბედს.
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ირანის პოლიტიკური სისტემა უზენაესი მმართველის - რაქბარ აიათოლა ალი ჰამენეის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ კანდიდატებს ბალოტირების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევათ, როცა ისინი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების“ კორპუსში სპეციალურ შემოწმებას გაივლიან ქვეყნის ისლამური პრინციპებისადმი ერთგულების საკითხებში. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, რომ ირანი პრეზიდენტად „ზომიერი“ და „რეფორმების მომხრე“ პოლიტიკოსები ყოფილან არჩეულები (მაგალითად, ალი აკბარ რაფსანჯანი), მაგრამ რეჟიმი მაინც აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებდა საგარეო პოლიტიკაში დასავლეთის მიმართ.
უფრო მეტიც: ირანში მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების მშენებლობა და ამით დასავლეთის შანტაჟი მმართველმა რეჟიმმა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანას ე.წ. „ზომიერი“ ლიდერები მართავდნენ.
ამრიგად, მასუდ პეზეშკიანის მოქმედებაში დასავლეთი არ უნდა ელოდოს რაიმე კომპრომისებს და ლოიალურ დამოკიდებულებას. ასეთი რამ არ მოხდება. ამიტომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინონ ირანის პრეზიდენტთან სამომავლო ურთიერთობებში.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/07/06/theres-no-such-thing-as-a-moderate-iranian-president/