ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურიოთ „რატომ დუმს და არაფერს არ ამბობს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის სარაკეტო დარტყმაზე? რაზე ილაპარაკეს წამსვლელმა და მომსვლელმა პრეზიდენტებმა ბუხრის წინ?“ (ავტორი - ჯო ბარნსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როცა გასულ კვირას ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბუხართან საუბრობდნენ, წამსვლელმა [„კოჭლმა იხვმა“] პრეზიდენტმა მომსვლელს ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია.
„თუ ამერიკა ნებას მისცემს ვლადიმერ პუტინს ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, მაშინ საბოლოო ჯამში ვაშინგტონი რისკის წინაშე დგება, რომ მასშტაბურ ევროპულ სახმელეთო ომში ჩაბმული აღმოჩნდეს“, - უთქვამს ჯო ბაიდენს თავის ყოფილი მეტოქისათვის.
არადა, სწორედ ამ არგუმენტს უარყოფდა ჯო ბაიდენი მთელი თავისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
მაგრამ რამდენადაც იგი თეთრ სახლში დასაბრუნებლად ემზადება იმ პირობით, რომ ომს პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდა, ალბათ, არის მიზეზები, რომელსაც იგი ამჟამად ყურადღებას აქცევს.
დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაპირდა, რომ გარიგებას გააფორმებდა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სისხლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად. ისე, კაცმა რომ თქვას, მან რაღაცეები მართლაც იცის ძალის პოზიციით მოლაპარაკების თაობაზე.
ბუხართან საუბრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ჯო ბაიდენი კი უკრაინის შეაიარაღებას აგრძელებს. უფრო მეტიც - მან ნება დართო უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიისადმი დარტყმის მისაყენებლად ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით ATACMS-ებით ისარგებლოს.
დონალდ ტრამპის ბევრმა მოკავშირემ, მისი შვილის ჩათვლით, აღშფოთება გამოხატეს ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო და ვარაუდი გამოთქვეს - ისევ მოახლოვდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეო. მაგრამ თვითონ დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის ყველა მნიშვნელოვანი პირი, რომლებისც ე.წ. „ქორებს“ წარმოადგენენ - ახალი სახელმწიფო მდივანი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და თავდაცვის მინისტრი - ორიოდე სიტყვის გარდა, მთლიანობაში დამთრგუნავ სიჩუმეს ინარჩუნებენ.
მაიკ უოლცი, რომელიც დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლად დანიშნა ეროვბული უსაფრთხოების საკთხებში, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „ესკალაცია“ უწოდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ეს ნაბიჯი გაეკრიტიკებინა, თითქმის გაამართლა და თეთრი სახლის „ტაქტიკურ“ არჩევანად ჩათვალა. გარდა ამისა, Fox niews-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ისეთ „გრანდიოზულ სტრატეგიას“ ამზადებს ომის შესაწყვეტად, რომლიც ყველაფერს პოზიტიურად გადაფარავსო.
ერთ-ერთი გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპის გარემოცვამ შეადგინა, გულისხმობს იმას, რომ ამერიკამ უკრაინა კარგად უნდა შეაიარაღოს და გააძლიეროს, რათა ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და რასაც ამერიკა და უკრაინა ეტყვიან, ყველაფერზე დათანხმდეს.
დობალდ ტრამპს პირდაპირი კავშირის ხაზი აქვს ვლადიმერ პუტინთან. მან უკვე ისაუბრა თავის უკრაინელ კოლეგასთან ტელეფონით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ (როგორც ამბობენ, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინსაც დაურეკაო, მაგრამ რადგანაც მხარეებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ სატელეფონო საუბარი, საკითხი ღიად რჩება).
ზოგიერთები თვლიან, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. თავის დროზე მას ამ პრემიის მიღება ბარაკ ობამამ დაასწრო, რომელიც ჯილდოზე 2012 წელს წარადგინეს.
უკრაინის კაპიტულაცია ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმოს თავის აჟამინდელ ყველაზე მთავარ საგარეოპოლიტიკურ მიზანს - ჩინეთისადმი კონტროლს, მაგრამ პეკინი, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არც შეურიგდება არც მათ წინაშე არ დაიჩოქებს.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება ATACMS-ების რაკეტებთან დაკავშირებით ცალმხრივად მიიღო იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას მიატოვებდა.
უკრაინის პოზიციები სუსტდება. მისი შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალის უკმარისობას განიცდიან იმ დროს, როცა რუსეთი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად იპყრობს ახალ ტერიტორიებს ფრონტის ხაზის თითქმის მთლიან მონაკვეთზე.
ჯო ბაიდენმა ბრაზილიაში G20-ის („დიდი ოცეულის“) ლიდერებს უკრაინის დახმარებისა და გაძლიერებისაკენ მოუწოდა, სანამ დონალდ ტრამპი 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას იურიდიულად მიიღებს.
თეთრი სახლი ასევე მოტივირებულია უკრაინის აქტიური დახმარებისთვის იმ მიზეზითაც, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფები არიან თავმოყრილნი, რომ იქიდან უკრაინელები განდევნოს. კომუნისტური კორეის ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კიმ ჩენ ინმა რუსეთს დასახმარებლად გაუგზავნა, ჯერ-ჯერობით 10-11 ათასია, თუმცა, კულუარული ხმებით, შესაძლოა მათი რიცხვი 100 ათასამდეც გაიზარდოს.
როგორც აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი ჯორჯ ბაროსი ამბობს, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება სწორედ ჩრდილოკორეელების მონაწილეობამ და არჩევნების შედეგმა (დონალდ ტრამპის გამარჯვებამ) განაპირობა: „ვფიქრობ, რომ ამ ორმა ფაქტორმა კატალიზატორის როლი შეასრულა“.
მაგრამ რა როლი შეასრულა - თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა - დონალდ ტრამპმა ბუხრის წინ გამართულ საუბარში, გაანდო თუ არა მას ჯო ბაიდენმა სამომავლო გადაწყვეტილება და დაეთანხმა თუ არა მას დონალდ ტრამპი, ჯერ-ჯერობით ეს საიდუმლოდ რჩება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.