USD 2.7118
EUR 3.1568
RUB 3.4534
Тбилиси
„გზა ძალაუფლებისკენ“ – ნიკოლო მაკიაველის „მთავარი“
дата:  4726

იკოლო მაკიაველის ფილოსოფიაზე, მის პრინციპებზე, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, უამრავი რამ დაწერილა და თქმულა, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები ყოფილა იმხელა განსჯის საგანი, როგორც ლორენცო დი პიერო დე მედიჩისთვის მიძღვნილი წიგნი „მთავარი“. ფლორენციის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით გადასახლებული ნიკოლო მაკიაველი გადაწყვეტს ფლორენციელი მმართველის „გულის მოგებას“ არა მდიდრული საჩუქრებით, არამედ წიგნით, რომელიც ბევრად მეტ ღირებულებას შესძენდა მედიჩს. სინამდვილეში კი ეს წიგნი ერთგვარი საშუალებაა ფილოსოფოსისთვის, რომ დაუბრუნდეს იმ სიმაღლეებს, რაც მას ფლორენციის დატოვებამდე ჰქონდა. მედიჩისადმი ერთგულების დასამტკიცებლად მან ამ წიგნის საშუალებით გაამყარა მმართველის სწრაფვა ტოტალური ძალაუფლებისაკენ. ეს წიგნიც სწორედ ამიტომ არის დიდი განსჯის საგანი, ერთი მხრივ გამართლებულია ტირანია და მისი სისასტიკე, როგორც ქალაქში წესრიგის დამყარების გზა, თუმცა, მეორე მხრივ, იკვეთება მისი პოზიტიური დამოკიდებულება დემოკრატიული წყობისადმი.

მაკიაველის პოლიტიკური აზროვნება ჩამოყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბრძოლებსა თუ კონფლიქტებზე დაკვირვების შედეგად. სწორედ ამ პერიოდში იწყებს მაკიაველი სახელმწიფოს საქმიანობის შესწავლას, გაანალიზებას და მიზნად ისახავს არსებული პოლიტიკური წყობის რეფორმირებას. რით არის ზემოთ ხსენებული წიგნი გამორჩეული სხვა მისი წინამორბედი ავტორების წიგნებისგან? მისი წიგნის ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალნაირი იყოს, ხოლო ცხოვრებაში მისი იდეების გათავისება ადამიანის მორალზეა დამოკიდებული. მისი მთავარი გზავნილი პოლიტიკური მორალისადმი  არის ის, რომ სასურველი არავითარ შემთხვევაში უნდა გავაიგივოთ რეალობასთან. მაგალითად, თუ შენ აღწერ ადამიანებს ისე, როგორებადაც  გსურს რომ იყვნენ  და არა ისე, როგორებიც არიან სინამდვილეში, მაშინ შენ ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ შეცდომას უშვებდა კარლ მარქსი, რომელიც უგულვებელყოფდა ადამიანის სიზარმაცესა და მის ბევრ სხვა ნაკლოვანებას, რის შედეგადაც მიიღო  სამართლიანი იდეების, წარმოსადგენად ძალიან კარგი და მომხიბვლელი,  თუმცა უტოპიური ნაშრომი.

ფლორენციის მმართველი ლორენცო დი პიერო დე მედიჩი (1516-1519)

ტექსტში  მაკიაველი აღწერს  უბრალო მოქალაქის მიერ ძალაუფლების მოპოვებას სიქველის (virtu) და შემთხვევითობების (fortuna) საშუალებით. მისი აზრით, ეს მხოლოდ იარაღისა და ძალის მეშვეობით ხდება, ამის მაგალითად კი მოჰყავს რომულუსი, თეზევსი, კიროსი, მოსე. იგი წერს, „ისინი რომ უიარაღო ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ გაეზიარებინათ მათი მრწამსი და აღესრულებინა მათი ნება.“

ძალაუფლება შეიძლება საკუთარი ღირსების წყალობითაც მოიხვეჭო. ამას აუცილებლად უნდა დაერთოს გარკვეული გარემოებების დამთხვევა  და სიქველეც. ღირსეული კერძო პირის მმართველად აღზევების, მაგალითად მაკიაველის  ჰიერონ სირაკუზელის მოჰყავს.

შემთხვევითობებმა განაპირობეს ყველა იმ კაცის ბედნიერება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მმართველის პოზიციის დასაკავებლად (ამის თვალსაჩინო მაგალითია ამ წიგნის წერის პერიოდში ჯერ არ დაბადებული ნაპოლეონ ბონაპარტი), ხოლო უჩვეულო სიქველით მათ მიეცათ საშუალება სათანადოდ შეეფასებინათ ასეთი შემთხვევითობები, რითაც „განადიდეს თავიანთი სამშობლო და ბედნიერებას აზიარეს იგი“. სიქველე  საშუალებაა გახდე მთავარი, დააგვირგვინო ფორტუნის მიერ მოცემული შანსი, არ გაუშვა ხელიდან ბედის ნაჩუქარი  შესაძლებლობა და მიაღწიო  წარმატებას.

არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანია მოპოვებული ძალაუფლების შენარჩუნება. მაკიაველის წარმოდგენით, დაპყრობილი ქვეყნის შენარჩუნების იდეალური გზა ამ ადგილას  დასახლებაა. ასეთი ქმედებით მოსახლეობისგან უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს დამპყრობელი, თუმცა ბევრი ქვეყნის დაპყრობის შემთხვევაში ამ გამოსავლის ეფექტურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი ადამიანი ყველგან ვერ დასახლდება. ამავე დროს შესაძლოა შენივე ქვეყნის დეცენტრალიზაციამ სატახტო ქალაქის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვიოს. მმართველობის შენარჩუნების განსამტკიცებლად კი მაკიაველი არ ერიდება ტოტალიტარულ მოდელსაც, აბსულუტური მმართველობის დამყარებას და ამის საილუსტრაციოდ თურქეთი მოჰყავს. იგი საფრანგეთისა და თურქეთის მმართველობის ფორმებს ადარებს ერთმანეთს. თურქეთში ერთი მმართველია, ხოლო „დანარჩენნი კი მისი ყურმოჭრილი ყმები არიან“. საფრანგეთში მეფეს ურიცხვი პატარა „მბრძანებლები“ ახვევია გარს და ასეთი გარემოებები „მეფეს სასიკეთოს არას უქადის“.

როგორ უნდა შეინარჩუნოს ხალხის თვალში სანდოობა მთავარმა? ნიკოლოს პასუხია ეშმაკობით, ცბიერებით. მას  დუკას მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ქალაქში თავის სასტიკ თანაშემწე მესსერ რემირო დ’ოკოს შეუზღუდავი უფლებების მინიჭებით წესრიგი დაამყარებინა. როდესაც  აღარ იყო საჭირო ასეთი  სისასტიკე და რემიროს შეუზღუდავი ძალაუფლებაც ზედმეტი გახდა, ხალხის გულის მოსაფხანად და მათ დასაზაფრად, დასაშინებლად, სასტიკი და გაქნილი კაცის მოკვლა ბრძანა. გაჩეხილი გვამი ჩეზენას მოედანზე გამოატანინა და ამით დუკამ, თითქოს, მესსერ რემიროს ჩადენილი სისასტიკეების პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან. ხალხს აფიქრებინა, რომ რემიროს ჩადენილ სისასტიკეებთან მას არ ჰქონია კავშირი.

ბედისწერას ადამიანის ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა აქვს, ხოლო მის წინააღმდეგ ამხედრება შესაძლებელია შეუპოვარი ბრძოლით. მთავრები თავიან წარუმატებლობას ბედისწერას კი არა თავიანთ უნიათობას უნდა აბრალებდნენ -„ბედისწერა – ქალია და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს“.

„ის, ვისაც აუცილებლად მიაჩნია თავის ახალ სამფლობელოში მტრებისაგან დაიზღვიოს თავი, შეიძინოს მეგობრები, ძალითა თუ ცბიერებით სძლიოს მტერს, სიყვარული და შიში ჩაუნერგოს ხალხს, ხოლო ლაშქარს – მორჩილება და მოწიწება, მუსრი გაავლოს ყველას, ვისაც შეუძლია ან ვალად აძევს რაიმე ავნოს მას, ახლებურად გარდაქმნას ძველი წესრიგი, იყოს მკაცრი და მოწყალე, დიდსულოვანი და გულუხვი, დაშალოს არასაიმედო მხედრობა და მის ნაცვლად შექმნას ახალი, მეგობრული ურთიერთობა იქონიოს მეფეებსა და მთავრებთან, რათა ისინი სიხარულით სწყალობდნენ და შიშით შეურაცხყოფდნენ მას, – ვერსად იპოვის მისაბაძ დუკას მოქმედებებზე უფრო დიდებულ ნიმუშს“.

მმართველობას შეიძლება მიაღწიო ქედუდრეკელი, სასტიკი, შეუპოვარი, მუხანათური და უღმერთო საქციელით, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებ თუ ვერ მოიხვეჭ დიდებას“.

მთავრისთვის ზოგჯერ აუცილებელია, რომ იყოს ორპირიც - „მთავარს არასოდეს გამოელევა იმის მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა

ნიკოლო მაკიაველი - „მთავარს არასოდეს გამოელევა იმის მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა“

მაგალითად, რამდენი შეთანხმება, რამდენი საზავო ხელშეკრულება დარჩენილა ფუჭ ოქმად მთავართა სიმუხთლის შედეგად, და ის, ვინც ახერხებდა უფრო უკეთ გაეთამაშებინა მელას როლი, უფრო ადვილად აღწევდა მიზანს. მაგრამ აუცილებელია საგულდაგულოდ შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი თვალთმაქცობა და გაქნილობა გმართებს.“

მაკიაველის აზრით მთავარი ბოროტების გზასაც შეიძლება დაადგეს , ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს აუცილებელია, „ბრბო“ კი მთავართა ქმედებებს მხოლოდ საქმის გერეგნული ნიშნების, მხარეებისა და საბოლოო შედეგების მიხედვით აფასებს.

ავტორები: სმარტარეა, ლაშა ჟვანია

http://smartarea.ge/

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати