ნიკოლო მაკიაველის ფილოსოფიაზე, მის პრინციპებზე, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, უამრავი რამ დაწერილა და თქმულა, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები ყოფილა იმხელა განსჯის საგანი, როგორც ლორენცო დი პიერო დე მედიჩისთვის მიძღვნილი წიგნი „მთავარი“. ფლორენციის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით გადასახლებული ნიკოლო მაკიაველი გადაწყვეტს ფლორენციელი მმართველის „გულის მოგებას“ არა მდიდრული საჩუქრებით, არამედ წიგნით, რომელიც ბევრად მეტ ღირებულებას შესძენდა მედიჩს. სინამდვილეში კი ეს წიგნი ერთგვარი საშუალებაა ფილოსოფოსისთვის, რომ დაუბრუნდეს იმ სიმაღლეებს, რაც მას ფლორენციის დატოვებამდე ჰქონდა. მედიჩისადმი ერთგულების დასამტკიცებლად მან ამ წიგნის საშუალებით გაამყარა მმართველის სწრაფვა ტოტალური ძალაუფლებისაკენ. ეს წიგნიც სწორედ ამიტომ არის დიდი განსჯის საგანი, ერთი მხრივ გამართლებულია ტირანია და მისი სისასტიკე, როგორც ქალაქში წესრიგის დამყარების გზა, თუმცა, მეორე მხრივ, იკვეთება მისი პოზიტიური დამოკიდებულება დემოკრატიული წყობისადმი.
მაკიაველის პოლიტიკური აზროვნება ჩამოყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბრძოლებსა თუ კონფლიქტებზე დაკვირვების შედეგად. სწორედ ამ პერიოდში იწყებს მაკიაველი სახელმწიფოს საქმიანობის შესწავლას, გაანალიზებას და მიზნად ისახავს არსებული პოლიტიკური წყობის რეფორმირებას. რით არის ზემოთ ხსენებული წიგნი გამორჩეული სხვა მისი წინამორბედი ავტორების წიგნებისგან? მისი წიგნის ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალნაირი იყოს, ხოლო ცხოვრებაში მისი იდეების გათავისება ადამიანის მორალზეა დამოკიდებული. მისი მთავარი გზავნილი პოლიტიკური მორალისადმი არის ის, რომ სასურველი არავითარ შემთხვევაში უნდა გავაიგივოთ რეალობასთან. მაგალითად, თუ შენ აღწერ ადამიანებს ისე, როგორებადაც გსურს რომ იყვნენ და არა ისე, როგორებიც არიან სინამდვილეში, მაშინ შენ ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ შეცდომას უშვებდა კარლ მარქსი, რომელიც უგულვებელყოფდა ადამიანის სიზარმაცესა და მის ბევრ სხვა ნაკლოვანებას, რის შედეგადაც მიიღო სამართლიანი იდეების, წარმოსადგენად ძალიან კარგი და მომხიბვლელი, თუმცა უტოპიური ნაშრომი.
ფლორენციის მმართველი ლორენცო დი პიერო დე მედიჩი (1516-1519)
ტექსტში მაკიაველი აღწერს უბრალო მოქალაქის მიერ ძალაუფლების მოპოვებას სიქველის (virtu) და შემთხვევითობების (fortuna) საშუალებით. მისი აზრით, ეს მხოლოდ იარაღისა და ძალის მეშვეობით ხდება, ამის მაგალითად კი მოჰყავს რომულუსი, თეზევსი, კიროსი, მოსე. იგი წერს, „ისინი რომ უიარაღო ყოფილიყვნენ, ვერავის აიძულებდნენ გაეზიარებინათ მათი მრწამსი და აღესრულებინა მათი ნება.“
ძალაუფლება შეიძლება საკუთარი ღირსების წყალობითაც მოიხვეჭო. ამას აუცილებლად უნდა დაერთოს გარკვეული გარემოებების დამთხვევა და სიქველეც. ღირსეული კერძო პირის მმართველად აღზევების, მაგალითად მაკიაველის ჰიერონ სირაკუზელის მოჰყავს.
შემთხვევითობებმა განაპირობეს ყველა იმ კაცის ბედნიერება, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მმართველის პოზიციის დასაკავებლად (ამის თვალსაჩინო მაგალითია ამ წიგნის წერის პერიოდში ჯერ არ დაბადებული ნაპოლეონ ბონაპარტი), ხოლო უჩვეულო სიქველით მათ მიეცათ საშუალება სათანადოდ შეეფასებინათ ასეთი შემთხვევითობები, რითაც „განადიდეს თავიანთი სამშობლო და ბედნიერებას აზიარეს იგი“. სიქველე საშუალებაა გახდე მთავარი, დააგვირგვინო ფორტუნის მიერ მოცემული შანსი, არ გაუშვა ხელიდან ბედის ნაჩუქარი შესაძლებლობა და მიაღწიო წარმატებას.
არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანია მოპოვებული ძალაუფლების შენარჩუნება. მაკიაველის წარმოდგენით, დაპყრობილი ქვეყნის შენარჩუნების იდეალური გზა ამ ადგილას დასახლებაა. ასეთი ქმედებით მოსახლეობისგან უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს დამპყრობელი, თუმცა ბევრი ქვეყნის დაპყრობის შემთხვევაში ამ გამოსავლის ეფექტურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი ადამიანი ყველგან ვერ დასახლდება. ამავე დროს შესაძლოა შენივე ქვეყნის დეცენტრალიზაციამ სატახტო ქალაქის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვიოს. მმართველობის შენარჩუნების განსამტკიცებლად კი მაკიაველი არ ერიდება ტოტალიტარულ მოდელსაც, აბსულუტური მმართველობის დამყარებას და ამის საილუსტრაციოდ თურქეთი მოჰყავს. იგი საფრანგეთისა და თურქეთის მმართველობის ფორმებს ადარებს ერთმანეთს. თურქეთში ერთი მმართველია, ხოლო „დანარჩენნი კი მისი ყურმოჭრილი ყმები არიან“. საფრანგეთში მეფეს ურიცხვი პატარა „მბრძანებლები“ ახვევია გარს და ასეთი გარემოებები „მეფეს სასიკეთოს არას უქადის“.
როგორ უნდა შეინარჩუნოს ხალხის თვალში სანდოობა მთავარმა? ნიკოლოს პასუხია ეშმაკობით, ცბიერებით. მას დუკას მაგალითი მოჰყავს, რომელმაც ქალაქში თავის სასტიკ თანაშემწე მესსერ რემირო დ’ოკოს შეუზღუდავი უფლებების მინიჭებით წესრიგი დაამყარებინა. როდესაც აღარ იყო საჭირო ასეთი სისასტიკე და რემიროს შეუზღუდავი ძალაუფლებაც ზედმეტი გახდა, ხალხის გულის მოსაფხანად და მათ დასაზაფრად, დასაშინებლად, სასტიკი და გაქნილი კაცის მოკვლა ბრძანა. გაჩეხილი გვამი ჩეზენას მოედანზე გამოატანინა და ამით დუკამ, თითქოს, მესსერ რემიროს ჩადენილი სისასტიკეების პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან. ხალხს აფიქრებინა, რომ რემიროს ჩადენილ სისასტიკეებთან მას არ ჰქონია კავშირი.
ბედისწერას ადამიანის ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა აქვს, ხოლო მის წინააღმდეგ ამხედრება შესაძლებელია შეუპოვარი ბრძოლით. მთავრები თავიან წარუმატებლობას ბედისწერას კი არა თავიანთ უნიათობას უნდა აბრალებდნენ -„ბედისწერა – ქალია და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს“.
„ის, ვისაც აუცილებლად მიაჩნია თავის ახალ სამფლობელოში მტრებისაგან დაიზღვიოს თავი, შეიძინოს მეგობრები, ძალითა თუ ცბიერებით სძლიოს მტერს, სიყვარული და შიში ჩაუნერგოს ხალხს, ხოლო ლაშქარს – მორჩილება და მოწიწება, მუსრი გაავლოს ყველას, ვისაც შეუძლია ან ვალად აძევს რაიმე ავნოს მას, ახლებურად გარდაქმნას ძველი წესრიგი, იყოს მკაცრი და მოწყალე, დიდსულოვანი და გულუხვი, დაშალოს არასაიმედო მხედრობა და მის ნაცვლად შექმნას ახალი, მეგობრული ურთიერთობა იქონიოს მეფეებსა და მთავრებთან, რათა ისინი სიხარულით სწყალობდნენ და შიშით შეურაცხყოფდნენ მას, – ვერსად იპოვის მისაბაძ დუკას მოქმედებებზე უფრო დიდებულ ნიმუშს“.
მმართველობას შეიძლება მიაღწიო ქედუდრეკელი, სასტიკი, შეუპოვარი, მუხანათური და უღმერთო საქციელით, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებ თუ ვერ მოიხვეჭ დიდებას“.
მთავრისთვის ზოგჯერ აუცილებელია, რომ იყოს ორპირიც - „მთავარს არასოდეს გამოელევა იმის მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა
ნიკოლო მაკიაველი - „მთავარს არასოდეს გამოელევა იმის მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი ორპირობა“
მაგალითად, რამდენი შეთანხმება, რამდენი საზავო ხელშეკრულება დარჩენილა ფუჭ ოქმად მთავართა სიმუხთლის შედეგად, და ის, ვინც ახერხებდა უფრო უკეთ გაეთამაშებინა მელას როლი, უფრო ადვილად აღწევდა მიზანს. მაგრამ აუცილებელია საგულდაგულოდ შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი თვალთმაქცობა და გაქნილობა გმართებს.“
მაკიაველის აზრით მთავარი ბოროტების გზასაც შეიძლება დაადგეს , ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს აუცილებელია, „ბრბო“ კი მთავართა ქმედებებს მხოლოდ საქმის გერეგნული ნიშნების, მხარეებისა და საბოლოო შედეგების მიხედვით აფასებს.
ავტორები: სმარტარეა, ლაშა ჟვანია
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.