ჟურნალისტი: მაია მეცხვარიშვილი, ნინო რამიშვილი
“შუაღამისას დაიძახეს – “წავიდეთ! წავიდეთ!” სიბნელე იყო. მანქანებით მივდიოდით გზაზე, რომელსაც ვერც ვარჩევდით. უცებ გავჩერდით. ვიღაცამ დაიყვირა – “გადმოდით და გაიქეცით! აი, იმას გაეკიდეთ,” – ასე იხსენებს 52 წლის დავითი [რედ.: სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით] იმ კედლამდე გზას, რომელიც მექსიკას ამერიკისგან ჰყოფს.
დავითმა ეს გზა ზუსტად 2 წლის წინ გაიარა. მას ჩვენ ვიდეოზარით ვესაუბრეთ, როცა ის საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა ფილადელფიაში.
“ყოველდღიურად დილის 8 საათიდან საღამოს 10-მდე ვარ მანქანაში, ვმუშაობ Dasher-ად, ანუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი საკვები მიმაქვს სხვადასხვა მისამართზე. ამერიკაში არის საკვების მიწოდების დიდი კომპანია Doordash, აი, როგორიც Wolt-ი და Glovo-ა საქართველოში და მაგ კომპანიასთან ვთანამშრომლობ”, – გვიხსნის დავითი.
ტელეფონით თითქმის 2 საათის განმავლობაში ვესაუბრეთ, რომ ყველა დეტალი გაეხსენებინა, თუ როგორ გაიარა გზა საქართველოდან მექსიკამდე და იქიდან უკვე აშშ-მდე.
“ჩემს ნაცნობს, რომელიც უკვე ჩასული იყო ამერიკაში, ვთხოვე, დავეკავშირებინე იმ ადამიანთან, რომელიც მას დაეხმარა და შეძლებდა ჩემს დაკვალიანებასაც. ასე აღმოვაჩინე ერთი ქალი, რომელსაც შევხვდი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ ოფისში და მან ამიხსნა, რომ ჯერ უნდა მიმეღო პოლონეთის D კატეგორიის ვიზა, რომ შევსულიყავი მექსიკაში და შემდეგ გამეგრძელებინა უკვე გზა ამერიკაში, – გვიყვება დავითი.
საქართველოს მოქალაქეს მექსიკაში შესვლისთვის ამ ქვეყნის ვიზა ესაჭიროება, რომელსაც თურქეთში არსებული მექსიკის საელჩო გასცემს. სტამბულში მექსიკის საკონსულოს ვებ-გვერდის მიხედვით, მექსიკის ვიზა არ ჭირდებათ მათ, ვისაც შენგენის ზონის მრავალჯერადი ე.წ. მულტივიზა აქვთ.
გრძელვადიან ე.წ. D კატეგორიის ვიზებს შენგენის წევრი სახელმწიფოები გასცემენ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 90 დღეზე მეტი ხნით და 1 წელზე ნაკლები დროით სურთ ამ სახელმწიფოში დარჩენა. ეს ვიზა შეიძლება იყოს ერთჯერადი, ანუ ვიზის მქონე პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ შევიდეს შენგენის ქვეყანაში და ვიზის შესაბამის გრაფაში აღინიშნება კოდი 01; ასევე ორჯერადი [02] და მრავალჯერადი [MULT] შესვლის უფლებით.
შენგენის წევრი სახელმწიფოა პოლონეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. პოლონეთში რეგისტრირებული დამსაქმებელი კომპანიის მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეს უპრობლემოდ შეუძლია პოლონეთის D კატეგორიის ვიზის მიღება.
“3 კვირაში დამირეკა იმ ქალმა და მითხრა, რომ ლოტოტრონში ამოვიდა ჩემი სახელი და გვარი და შემეძლო უკვე პოლონეთის საკონსულოში ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე მისვლა. მომცა მოწვევა, დამიწერა ტექსტი – თუ ვინ გამომიგზავნა მოწვევა, სად უნდა მემუშავა პოლონეთში, რომელ ქალაქში და ა.შ. ზუსტი ინსტრუქცია, რაც უნდა მეთქვა გასაუბრებაზე და გადამეხადა თანხა – 250 ევრო და კიდევ 300 ლარამდე იყო მგონი დაზღვევის ფული. ასე მივიღე პოლონეთის სამუშაო ვიზა”, – იხსენებს დავითი.
2022 წელს პოლონეთს გრძელვადიანი ვიზის მისაღებად განცხადებით, დავითის მსგავსად, 10,101-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა; 2021 წელს კი მხოლოდ 4,917 განაცხადი შევიდა.
სწორედ 2022 წლიდან გახდა განსაკუთრებით მოთხოვნადი და პოპულარული საქართველოს მოქალაქეებისთვის მექსიკის მიმართულება.
“2 წლის წინ, ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ პანდემიის გამო შემსუბუქდა პირობები, კერძოდ, ადამიანებს, რომლებიც შედიოდნენ ამერიკის ტერიტორიაზე ლეგალურად თუ არალეგალურად, საემიგრაციო ციხეში აღარ აჩერებდნენ და საშუალოდ 3 დღის ვადაში ათავისუფლებდნენ. ამის შემდეგ უკვე ეს ადამიანი იწყებდა ამერიკაში ცხოვრებას, იღებდა დროებითი ბინადრობისა და მუშაობის უფლებას და ემზადებოდა სასამართლოსთვის, რომელიც გრძელდება 1-2 წელი, სანამ სასამართლო დააკმაყოფილებს ან უარს ეტყვის პირს თავშესაფარზე. ამან გამოიწვია არა მარტო საქართველოდან, მთელი მსოფლიოდან უზარმაზარი ტალღა ადამიანებისა, რომლებიც ამერიკაში გაემართნენ მექსიკის გზით,” – გვეუბნება ენო ხუტაშვილი, “Flyinfo”-ს წარმომადგენელი.
კომპანიას ის და მისი ცოლი ესპანეთიდან მართავენ, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობენ და უცხოეთში სამუშაოს ან თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრების სერვისს სთავაზობენ. ბოლო დროს კი ძირითადად სწორედ აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს უწევენ მომსახურებას:
“თუ 3-4 წლის წინ უფრო მეტად საქართველოდან სამუშაოდ მიემგზავრებოდნენ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბოლო 2 წელია 90% მიდის უკვე ამერიკაში. ძალიან ხშირია, როდესაც ოჯახებით მიდიან, აი, ძალიან პატარა ბავშვებით. თვეში, ალბათ, 1000 ადამიანი ან მეტი მიდის ამერიკაში საქართველოდან”.
პოლონეთის D კატეგორიის ვიზის მიღების შემდეგ დავითმა ისევ იმ ქალს მიაკითხა, რომელმაც კიდევ 4 ადამიანი გააცნო. უთხრა, რომ ეს ჯგუფი ერთად გაივლიდა წინასწარ დაგეგმილ მარშრუტს იმ ინსტრუქციის მიხედვით, რასაც ეტაპობრივად WhatsApp-ში შექმნილ ჯგუფში მიიღებდნენ.
“გვითხრა, რომ თავდაპირველად უნდა ჩავფრენილიყავით პორტუგალიაში, სადაც შესაძლოა გავჩერებულიყავით 1-2 დღე სასტუმროში და იქიდან გადავფრინდებოდით შემდეგ მექსიკაში. თბილისი-სტამბული-ლისაბონის ბილეთები ვიყიდეთ ჯერ, შემდეგ ლისაბონი-კანკუნის და თითომ გადავიხადეთ დაახლოებით 2000 დოლარი ამ ბილეთებში,” – გვეუბნება დავითი.
მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში გაფრენამდე ჯგუფმა დამატებით ინსტრუქცია მიიღო WhatsApp-ის ჩატში, რომ 8,500 დოლარი უნდა გადაეხადა თითოეულს, პრობლემები რომ არ შექმნოდათ აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადალახვის დროს.
“რომ ჩავფრინდით, გამოსასვლელში იყო რამდენიმე რიგი და წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ აუცილებლად მესამე რიგში უნდა დავმდგარიყავით, რადგან სწორედ ამ რიგის მგზავრებს ემსახურებოდა ჩვენი გადამყვანის მიერ მოსყიდული მესაზღვრე. მართლაც რომ გადავეცით ჩვენი პასპორტები, მესაზღვრემ მის უკან მდგომ პირს აჩვენა ჩვენი საბუთები, რომელსაც თითქოს რაღაც სია ჰქონდა წინასწარ და როცა დაეთანხმა, ჩვენც უპრობლემოდ შეგვიშვეს”, – იხსენებს დავითი.
დავითს იმ ქალის საკონტაქტო მონაცემები გამოვართვით, ვინც მას და მასთან ერთად მყოფ კიდევ 4 ადამიანს, პოლონეთის ვიზის აღებასა და მექსიკაში ჩასვლაში დაეხმარა. ქალს, როგორც პოტენციურმა კლიენტებმა, ისე დავურეკეთ – თითქოს გვსურდა მისი მომსახურებით გვესარგებლა და აშშ-ში არალეგალურად გადასვლაში დაგვხმარებოდა მექსიკის გავლით.
“ნიკარაგუიდან თუ წახვალთ, რამდენიმე დღეში გაგიშვებთ უკვე და პოლონეთის ვიზით თუ გინდათ, დალოდება მოგიწევთ, სანამ ვიზას არ მიიღებთ და თან, შედარებით უფრო ძვირია”, – გვითხრა მან და იქვე მოაყოლა, რომ ორივე შემთხვევაში გარანტიას გვაძლევდა, რომ უპრობლემოდ შეგვაპარებდა მექსიკაში და იქიდან – ამერიკაში.
საუბარში გავარკვიეთ, თუკი დავითის მსგავსს გზას ავირჩევდით, 11,500 დოლარი უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ზუსტ დროს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი პოლონეთის ვიზის მიღება, ვერ გვეტყოდა, რის გამოც ამ გზით წასვლა დროში გაჭიანურდებოდა.
11,000 დოლარი დაგვიჯდებოდა მექსიკამდე ასეთი მარშრუტი: ჩაფრენა ლეგალურად თბილისიდან მადრიდში [ესპანეთი] და იქიდან მანაგუაში [ნიკარაგუა]. იქ კი დაგვხვდებოდა გიდი, რომელიც ავტობუსით – ჰონდურასის და გვატემალას გავლით, არალეგალურად ჩაგვიყვანდა მექსიკის ქალაქ ტაპაჩულაში, სადაც დაახლოებით 1 კვირა მოგვიწევდა სასტუმროში ყოფნა. შემდეგ წაგვიყვანდნენ სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში და გადავიპარებოდით აშშ-ში.
– არალეგალურად რომ უნდა გადავკვეთოთ ნიკარაგუიდან 3 ქვეყნის საზღვარი, ეს საშიში არაა? – ვკითხეთ მას.
– მერე არალეგალად რომ გადადიხარ, ფულს ვიხდით იქ, რომ გაგატარონ, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს არალეგალურად გაივლი, თუ ლეგალურად, მექსიკაში უნდა მოხვდე და ჩაგიყვანთ მაქამდე, – მივიღეთ პასუხად.
– გზა საშიში არ არის? – ჩავეკითხეთ.
– არანაირად, ბავშვებს ვუშვებთ მაგ გზით და საშიში რომ იყოს, გავუშვებდი?!
– მექსიკაში რომ ჩავალთ, იქიდან როგორ უნდა გადავიდეთ უკვე ამერიკაში? ფეხით მოგვიწევს სიარული? – ჩავეძიეთ კიდევ ერთხელ.
– ტიხუანაში გვაქვს ჩვენი რანჩო და იქიდან მიგიყვანთ კედლამდე. ფეხით უნდა იარო დაახლოებით 40 წუთი.
ეს რანჩო კარგად ახსოვს დავითს – როცა კანკუნიდან ტიხუანაში ჩაფრინდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, იქიდან სწორედ ამ რანჩოში გადაიყვანეს.
“დიდ ჭიშკარს მივადექით. შევედით. დიდი ეზო იყო პატარა ქვის სახლით. გვითხრეს, რომ ცოტა ხანს აქ უნდა მოგვეცადა ეზოში. რამდენიმე წუთში კიდევ 3 მანქანა შემოვიდა ჭიშკარში. უკვე 25 ადამიანი ვიყავით”, – იხსენებს დავითი.
როცა დაბნელდა, მანქანები დაიძრა და რამდენიმე წუთში უკვე ფეხით გააგრძელეს გზა.
“წინ ერთი ბიჭი გარბოდა, ადგილობრივი იყო და გზა კარგად იცოდა. მას მივსდევდით 25 ადამიანი. მდინარეს მივადექით. წინამძღოლმა დაიყვარა – წყალში უნდა გადავხტეთ! გადავხტით. გადავედით მეორე ნაპირზე. მალე მივადექით კედელსაც. როცა კედლის იქით გადავედით, ამერიკის მხარეს არალეგალი მიგრანტებით სავსე 2 ავტობუსი იდგა. იქვე იყვნენ ამერიკელი მესაზღვრეები, რომლებიც თითქოს გველოდნენ. ჩვენც ავტობუსში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს”, – იხსენებს დავითი.
ფეისბუკსა და ტელეგრამში არაერთი ჯგუფია შექმნილი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მექსიკამდე და იქიდან ამერიკაში არალეგალურად გადასვლის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ რამდენიმე ე.წ. გადამყვანს ვესაუბრეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მექსიკაში შენგენის ვიზებით შესვლა გართულებულია.
“პოლონეთის საელჩომ შეცვალა ვიზის კატეგორია და მულტი ვიზის ნაცვლად დაიწყეს D02 ვიზის გაცემა. ამან გამოიწვია ის, რომ უკვე გართულდა მექსიკაში შესვლა და დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება. მე შეიძლება ჩავიყვანო ადამიანი ნიკარაგუამდე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, უვიზო მიმოსვლა გვაქვს ნიკარაგუასთან და ნიკარაგუაში ჩადიხარ ჩვეულებრივად. შემდეგ უკვე გზის გაგრძელება არის შესაძლებელი მექსიკის მიმართულებით და იქიდან ამერიკის მიმართულებით. ნიკარაგუის იქით ჩემი მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ კონსულტაციით, რაშიც უკვე ფულს ვეღარ ვიღებთ და უკვე გადამყვანმა უნდა წაიყვანოს. ეს გადამყვანები არ არიან ქართველები. ისინი ადგილზე ნაღდი ფულის სახით იღებენ თავიანთ ანაზღაურებას,” – გვიხსნის ენო ხუტაშვილი, რომელიც ამჟამად მორიგ ჯგუფს აკომპლექტებს, რომელიც 1 ივლისს დაძვრება საქართველოდან ამერიკის მიმართულებით მექსიკის გავლით.
ლუკა თინიკაშვილი ერთ-ერთია, ვინც ეს გზა უკვე გაიარა და მთელი მოგზაურობა ვიდეოზე აღბეჭდა. ვიდეომასალა აღწერს, თუ როგორ ჩაფრინდა ის და მისი ჯგუფი თბილისიდან [საქართველო] მადრიდში [ესპანეთი], მადრიდიდან – ბოგოტაში [კოლუმბია], ბოგოტადან – სან სალვადორში [სალვადორი] და იქიდან – მანაგუაში [ნიკარაგუა]. მანაგუიდან გზა მანქანით გააგრძელეს ჰონდურასისკენ; საზღვრამდე მცირე მონაკვეთი ფეხით გაიარეს და გადასხდნენ ავტობუსში, რომლითაც არალეგალურად უპრობლემოდ გადაკვეთეს ჰონდურასის საზღვარი. ჰონდურასიდან გვატამელას საზღვრამდე 16 საათის განმავლობაში იმგზავრეს ავტობუსით, რის შემდეგაც ფეხით და შემდეგ მანქანით გადალახეს საზღვარი და არალეგალურად შევიდნენ უკვე გვატემალაში. გვატემალადან დაახლოებით 7-8 საათი იმგზავრეს მანქანით მექსიკის საზღვრამდე.
“გვატემალას ბოლოში გადაგვსვეს რიქშებში, ვიარეთ დაახლოებით 10 წუთი და მივადექით მდინარეს, რომელიც დაახლოებით 3 წუთში გადავიარეთ ტივებით”, – ჰყვება ლუკა.
მდინარის გადალახვის შემდეგ ჯგუფი სატვირთო მანქანით გადაიყვანეს ერთ-ერთ სოფლამდე, სადაც უკვე ფეხით გადაიარეს ხიდი მექსიკის ქალაქ ტაპაჩულამდე, რომლის ცენტრამდეც უკვე მანქანით მიიყვანეს და დააბინავეს სასტუმროში.
“ტაპაჩულაში ჩავედი, რადგან გავარკვიე, რომ ეს არის მიგრანტების კარიბჭე მექსიკაში, სადაც ადვილად შეიძლება ნახოთ მიგრანტები ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, აზიიდან და კავკასიიდან, კერძოდ, საქართველოდან. 4 დღე ვიყავი ტაპაჩულაში და შევხვდი 17 ადამიანს საქართველოდან, უმეტესად იყვნენ მამაკაცები, ასევე 1 ოჯახი პატარა ბავშვით”, – გვეუბნება შიმონ ოპრიშეკი, გამომძიებელი ჟურნალისტი პოლონეთიდან, ვისთან ერთადაც 6 თვის მანძილზე ვიმუშავეთ ქართველების არალეგალური მიგრაციის საკითხზე აშშ-ში მექსიკის გავლით. შიმონმა მიგრანტების მსგავსად გაიარა გზა ტაპაჩულადან ტიხუანამდე, სადაც არის კედელი, რომლის მიღმაც ამერიკაა.
“ქართველი და ჩეჩენი გადამყვანების ქსელი დაკავშირებულია სინალოის კარტელთან, რომელიც აკონტროლებს მექსიკის ტერიტორიაზე ტრეფიკინგს. ეს ქსელი ამარტივებს მიგრაციის პროცესს, რადგან მათ მიერ ხდება პოლიციის ოფიცრებისა და მესაზღვრეების მოსყიდვა. ეს ქსელი დაკავშირებულია “კოიოტებთან” – ესენი არიან მექსიკელი გადამყვანების, ასე ვთქვათ, კონტრაბანდისტების ყველაზე დაბალი დონე, ისინი ცხოვრობენ იქვე ამერიკის საზღვართან და აცილებენ ამერიკის საზღვრამდე, ბოლო კილომეტრებზე ხალხს”, – გვიხსნის შიმონი.
ქართველი გადამყვანები ამ მარშრუტს 9-დან 13 ათას დოლარამდე ყიდიან და მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა რეალურად ის არალეგალური მარშრუტია, რომელიც ბევრ რისკთანაა დაკავშირებული.
“მთელი ეს გზა შეიძლება იყო ძალიან სახიფათო, რადგან მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ეს არის არალეგალური გზა – ამაშია ჩართული კარტელები, კორუმპირებული პოლიცია, მთელი სქემები, მაგრამ შეუძლებელია სრული პროცესის გაკონტროლება. ეს იმას ნიშნავს, რომ გზად შეიძლება შეეჩეხო სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არიან აშშ-ის საზღვრის სიახლოვეს”, – გვეუბნება შიმონი.
“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 100%-იან პასუხისმგებლობას ვიღებ. ამ გზაზე მომყავს მე პატარა ბავშვები, ოჯახები, ასე რომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ”, – გვითხრა ერთ-ერთმა გადამყვანმა, რომელიც სოციალურ ქსელებში “გრიშ კა”-ს სახელით არის რეგისტრირებული. მას როგორც კლიენტებმა, ისე დავურეკეთ. გვითხრა, რომ სრული გზა 9,800 აშშ დოლარი დაგვიჯდებოდა და ტიხუანაში თავად დაგვხვდებოდა.
ჩვენ, ჯამში, 5 ადამიანს ვესაუბრეთ, რომლებსაც საქართველოდან აშშ-ში არალეგალურად გადაყავს მიგრანტები მექსიკის გავლით და ყველა მათგანი გვაძლევდა უსაფრთხოების გარანტიებს.
საქართველოს მოქალაქეების მექსიკაში გატაცების თაობაზე 16 მარტს გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”. ტელევიზიამ გამოაქვეყნა სქრინები, სადაც ასახული იყო 2 ადამიანის მიმოწერა და სადაც ერთ-ერთი ადამიანი წერდა, რომ მექსიკაში კარტელმა გაიტაცა 120 ადამიანი, მათ შორის 30 საქართველოს მოქალაქე და რომ გამოსასყიდის სახით ითხოვენ 90,000 დოლარს. მოქალაქე წერდა, რომ სარდაფში არიან გამოკეტილები. მედიამ ასევე გაავრცელა ერთ-ერთი მოქალაქის, მამუკა ტოროშელიძის ვიდეოკომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ მისი ერთ-ერთი ახლობელი იყო გატაცებულებს შორის. 18 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იყო გატაცებული მექსიკაში.
მამუკა ტოროშელიძემ “სტუდია მონიტორს” დაუდასტურა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტი იყო და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცრუა, თუმცა გვითხრა, რომ მისი ახლობელი, რომელიც გატაცებული იყო, უკვე თავისუფალია და დეტალებზე საუბარი არ სურს.
მექსიკაში საქართველოს საელჩოდან “სტუდია მონიტორს” წერილობით აცნობეს, რომ “საელჩოს, როგორც სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო საკითხია საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც ხორციელდება დაუყონებლივ, მოქალაქის მხრიდან მომართვისთანავე”.
გატაცებულების საქმეზე გარკვეული დეტალები გაგვანდო ენო ხუტაშვილმა:
“გზა, რომელიც გადიოდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, რომელსაც გადიოდნენ მიგრანტები, უეცრად ერთმა კარტელმა, რომელიც ამ გზას აკონტროლებდა და მანამდე ფულს იღებდა ამ ყველაფერში, გადაკეტა ეს გზა და თქვა, რომ აქ ვერავინ ვერ გაივლის, მორჩა, არავინ წამოხვიდეთ. ამან გამოიწვია ის, რომ დაახლოებით 200-მდე ქართველი მოგროვდა იმ ერთ ქალაქში, საიდანაც ვეღარ გადიოდნენ ფიზიკურად. ამ ადამიანებმა, დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება, რომ როგორმე გაეღწიათ. ვიღაცეებმა თავიანთი მოუთმენლობით იქონიეს გავლენა გადამყვანებზე და ეს გადამყვანებიც რაღაცა რისკებზე წავიდნენ, როგორც ჩანს, და ამ რისკმა არ გაამართლა და ეს ხალხი დაიჭირა კარტელმა, მოთხოვეს ფული, 90 ათას დოლარზე იყო ლაპარაკი. ფულის მიღების შემდეგ კიდევ რაღაცა პერიოდი გააჩერეს და მერე გაუშვეს. როცა ინფორმაცია გავრცელდა და მოითხოვეს სახელმწიფოს ჩართვა, მერე გააანალიზეს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა იქ არავის აწყობდა. რადგან თუ მექსიკური მხარე ამ ადამიანებს გამოითხოვდა, საქართველოში უნდა დაებრუნებინათ ეს ადამიანები და საქართველოში დაბრუნება არავის უნდოდა რეალურად”.
შიმონ ოპრიშეკი მექსიკაში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს, იურისტებს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა. მათგან გაარკვია, რომ საქართველოს მოქალაქეები იქ ე.წ. VIP მიგრანტების სტატუსით სარგებლობენ, რადგან გადაადგილდებიან კონდიცირებული მანქანებით, ღამეს ათევენ მაღალი დონის სასტუმროებში, აქვთ ნაღდი ფული რესტორანში კვებისთვის და ა.შ. მაშინ როცა ე.წ. ღარიბი მიგრანტები ძირითადად თავს აფარებენ პარკებსა და სკვერებში, საკვებს ყიდულობენ ქუჩაში, გადაადგილდებიან დიდი ავტობუსებით დიდ ჯგუფებად.
“ურთულესია VIP მიგრაციის კონტროლი, რადგან ჩამოდის ადამიანი ტურისტად, აქვს თანხა, აქვს სასტუმროს ჯავშანი, აქვს მომზადებული პასუხები აეროპორტში მესაზღვრისთვის, თუ რის დათვალიერებას აპირებს. ერთი შეხედვით რთულია გამოცნობა, თუ რას გეგმავენ. მაშინ გამოდის, ტურისტების ნაკადის მიღება უნდა შევწყვიტოთ. ცხადია, რომ კორუფცია არის, მაგრამ ძალიან ძლიერია მაფიის გავლენა, კერძოდ გადამყვანები, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფებებთან არიან შეკრული. მაგალითად, კანკუნში გადამყვანებად რუსი მაფიოზების ხალხი მუშაობს, მათ გარიგება აქვთ კარტელთან. ჩვენ როცა ერთ ქსელს ვპოულობთ, მეორე ჩნდება და ა.შ. რთული პროცესია. გავამკაცრეთ კონტროლი საზღვარზე, ტურისტების შემოსვლაც გამკაცრებულია, თუმცა ვერ ავკრძალავთ, ცხადია”, – ამბობს ენრიკე ლუსერო, მიგრაციის ოფისის წარმომადგენელი ტიხუანაში.
ხოსე გალდამეზ პერეგრინო ადვოკატად მუშაობს ტაპაჩულაში და ამბობს, რომ ბოლო 3 წელში მათ ოფისს 500 ქართველი მიგრანტის საქმე ჰქონდა.
“ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ისინი იდევნებიან თავიანთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან. გადამწყვეტ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა პოლონეთიდან ხარ თუ ნიკარაგუადან, თუ არგუმენტირებულად მოყვები, რომ შენ შენს ქვეყანაში ციხე გემუქრება, არ შეგეხება დეპორტი. არავინ დაიწყებს დეტალების გამოძიებას, მთავარია, რომ არგუმენტირებულად უამბო, რატომ და როგორ გდევნიან,” – ამბობს ხოსე გალდამეზ პერეგრინო.
დავითი აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ბოლო წლების მანძილზე სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
“ჩემი ცოლი საჯარო სამსახურში მუშაობდა და გაათავისუფლეს 2015 წელს, როცა ადგილობრივი მთავრობა შეიცვალა ჩვენს ქალაქში. მეც მცირე ბიზნესში ვიყავი და პრობლემები შეექმნა მფლობელებს და გავკოტრდით. ვერსად ვერ შევძელით სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობა ჩვენი პროფესიით იმის გამო, რომ არ ვიყავით “ქართული ოცნების” მხარდამჭერი”, – გვიყვება დავითი, რომელიც ახლა ამერიკული მართლმსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია.
საქართველოს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს: მაგალითად, თუკი 2019 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 105,107 ადამიანი შეადგინა, 2023 წელს მათი რაოდენობა 245,064-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია. ისინი ქვეყანას როგორც სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, ისე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ტოვებენ.
27 წლის მარიამი 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა. ჯერ იტალიაში მოუხდა სამუშაოდ წასვლა, მაგრამ ოჯახის სარჩენად იქ საკმარის თანხას ვერ აგროვებდა, ამიტომ ამერიკაში გადაწყვიტა წასვლა.
“გრძელი გზა გამოვიარე, ძალიან გრძელი, მაგრამ ჩამოვედი, ცოცხალმა ჩამოვაღწიე! ხშირად მახსენდება ჩემი ოჯახის წევრების თვალები, რომლებიც აეროპორტში დავტოვე, ამღრეული და ცრემლიანი მამის თვალები. უზომოდ მენატრება ჩემი შვილები.ზუსტად ვიცი ძნელია, მაგრამ მართლა არ იყო სხვა გზა! ახლა მთავარია ბევრი ვიმუშაო და დავლაგდე აქ”, – ამბობს მარიამი.
მექსიკიდან ამერიკაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული წლის დეკემბერში, როცა ამერიკის სასაზღვრო პატრულმა 249,785 არალეგალი დააპატიმრა მექსიკის საზღვარზე. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კლების ტენდენცია გამოიკვეთა: მარტში 137,000 უკანონო კვეთა დაფიქსირდა, აპრილში – 129,000, მაისში კი დაახლოებით 120,000.
აშშ-ში არალეგალურად შესვლის გამო დაკავებულები საიმიგრაციო ცენტრებში გადაჰყავთ, სადაც დაკავებულები იწყებენ თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურას. მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე პირს ჰქონდეს წინასწარ მომზადებული არგუმენტირებული ისტორია, ე.წ. ქეისი, რომელიც აუცილებელია თავშესაფრის მისაღებად აშშ-ში.
აშშ-ის უსაფრთხოების ოფისის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან ჩასულმა 107-მა პირმა მიიღო ამერიკაში თავშესაფარი.
ბოლო წლებშია მზარდია საქართველოდან აშშ-ში ჩასული იმ მიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღეს. ასეთი 2022 წელს 2,302 ადამიანი აღმოჩნდა.
“ამერიკული ოცნების” ახდენისთვის ყოველდღიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქე ცდილობს მექსიკის გავლით სარისკო არალეგალური გზით ამერიკაში გადასვლას. მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარი პლატფორმა საქართველოში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიაა. კომისიის სამდივნომ ჩვენი შეკითხვებით იმაზე, თუ რას აკეთებს კომისია არალეგალური მარშრუტების აღმოსაფხვრელად, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა, რომელიც კომისიის თანათავმჯდომარეა. შსს-ში ჩვენს შეკითხვას არ უპასუხეს.
კომისიას საკონსულტაციო მომსახურებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია “მიგრაციის ცენტრი”, ამიტომაც შეკითხვებით ამ ცენტრის წარმომადგენელს – ალექსანდრე სვანიძეს მივმართეთ. მისგან გავარკვიეთ, რომ კომისია, რომელმაც ბოლო სხდომა გასულ წელს გამართა, მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიგრაციის პროცესის მართვის საკითხებზე მსჯელობს, საქართველოდან გასული ემიგრანტების საკითხით კი არ ინტერესდება:
“მაგ საკითხს არავინ არ განიხილავს მიგრაციის სამთავრობო კომისიაზე, ჩვენ ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკას, ჩვენთან შემოსული უცხოელებსი მიმართ ქვეყნის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზეა საუბარი”.
მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონი დაამტკიცა, აშშ-ის მთავრობამ საპასუხოდ “მეგობარი აქტი” წარმოადგინა. ეს აქტი სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც მექსიკის გზით საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მარშრუტს ფაქტობრივად აღმოფხვრიდა. შეერთებული შტატების კონგრესში ინიცირებული აქტი – MEGOBARI – „აგენტების კანონის“ ავტორ “ქართულ ოცნებას” სანქციებით ემუქრება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქართველო დემოკრატიის გზაზე დაბრუნდება, აშშ ქვეყანას სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო პაკეტს ჰპირდება.
მასალა მომზადებულია “ინტერნიუსის” პროექტის – „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ – ფარგლებში.
წყარო: სტუდია მონიტორი