სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მეან-გინეკოლოგად ვმუშაობდი. ეს იყო უმძიმესი 90-იანი წლები საქართველოში, როდესაც სამედიცინო სფერო უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე აღმოჩნდა. მაშინ კვალიფიკაციის ამაღლების და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელების ალტერნატივად რჩებოდა სწავლის გაგრძელება რუსეთში, ან დასავლეთში. მე გეზი ამერიკისკენ ავიღე. კოლუმბიის უნივერსიტეტში ენის პროგრამის გავლის შემდეგ, სწავლა განვაგრძე ნიუ-იორკის “Institute of Allied Medical Professions”, სადაც რადიოლოგის კვალიფიკაცია მომენიჭა. გზა წარმატებისკენ იყო წინააღმდეგობრივი და რთული, თუმცა დასახული მიზნის მისაღწევად ბრძოლა ჩემი ცხოვრების კრედოდ ბავშვობიდან გავიხადე. არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანმა ვერ დაძლიოს, მთავარია ნება და ბრძოლის სურვილი.
ექიმობა ამერიკაში უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარსულში მიღებული წოდება თუ რეგალია აქ დასაფასებელია, თუმცა მაინც ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების ჩაბარება. ყველა საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, 2009 წელს ჩავირიცხე ნიუ-იორკის “Beth Israel Mount Sinai Medical Center” მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტურაში, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა ნიუ-იორკის შტატში სამედიცინო და ქირურგიული საქმიანობის ლიცენზია, 2016 წელს წარმატებით ჩავაბარე გამოცდები“American College of Obstetricians and Gynecologists (ACOG)”-ში და გავხდი ბორდის დიპლომატი. ზოგადად, ბორდის მიერ სერტიფიცირება არის მაღალი კვალიფიკაცია აშშ-ში მოღვაწე ყველა ექიმისთვის, რომელიც ასევე სავალდებულოა თითქმის ყველა ჰოსპიტალში საქმიანობისთვის.
2019 წელს წარმატებით დავამთავრე ნიუ-იორკის ჰოსპიტლების ლიდერშიფის განვითარების პროგრამა, სადაც ჰოსპიტლის რეკომენდაციის საფუძველზე ვიყავი წარდგენილი. ამჟამად სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ნიუ-იორკის “Coney Island Hospital”-ში , ვიკავებ უფროსი მეან-გინეკოლოგის და ამბულატორიული სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. უდიდეს ემოციურ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ვმუშაობ და ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ყველაზე დიდი ქართული ემიგრაციაა წარმოდგენილი და მე აქ მაქვს ჩემი მცირე როლი მათზე ზრუნვაში. უმრავლესობა ჩემი პაციენტებისა ქართველები არიან. გაწეული დახმარებისათვის თუ ახალი სიცოცხლისათვის, მათ მიერ გამოთქმული მადლიერების თითოეული სიტყვა ჩემთვის ყველაზე ღირებული და ძვირფასია. უაღრესად საამაყოა, რომ ქართულმა დიასპორამ და “New York State Assembly”-იმ 2016 წელს მომანიჭა ჯილდო მედიცინაში მიღწეული წარმატებებისა და ქართულ-ამერიკული საზოგადოებისათვის გაწეული დახმარების გამო. მიხარია, რომ ჩემი პატარა საქართველო აქ არის. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ კერძო პრაქტიკის დაფუძნებას, სადაც ყველა ქართველისათვის კარი ღია იქნება. ამერიკაში მედიცინა ძალიან დინამიურია. აქ არ არსებობს დროში ჩარჩენილი დოგმა. დღეს წაკითხული კვლევა ხვალ შეგიძლია პრაქტიკაში გამოიყენო და ამისთვის არ გჭირდება ზემდგომის ნებართვა. თუ კი მყარ მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევა არის მოცემული, შეგიძლია წლების განმავლობაში გამოყენებული მკურნალობის მეთოდი ერთ დღეში შეცვალო. აქ სამედიცინო განათლების ზღვარი არ არსებობს, ის ძალიან მალე იცვლება მეცნიერების განვითარებასთან ერთად. ჩემს სფეროში განვითარების ძირითადი ტენდენციები მიმართულია მასიურ პრევენციაზე, მინიმალურ ინვაზიაზე, მკურნალობის კონსერვატიულ (არაინვაზიურ) მეთოდებზე და მიზანი არის, რომ ადამიანი არ მივიდეს იმ კონდიციამდე, როდესაც დაავადება უკვე მძიმე ფორმაში გადადის და მკურნალობა და პროგნოზი მძიმდება. ქალბატონებს მინდა გირჩიოთ, წელიწადში მინიმუმ ერთი დღე დაუთმეთ საკუთარ თავს და მიმართეთ მეან-გინეკოლოგს ზოგადი პრევენციული ვიზიტისთვის. ეს აუცილებელია! ექიმს არ უნდა მიმართოთ მხოლოდ მაშინ, როცა უკვე რაღაც გაწუხებთ და პროცესი დაწყებულია. ძნელია დაუბრუნო სხეული ჯანმრთელ საწყისს, როცა დაავადება პროგრესირებულია. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი მანდილოსნების ცნობიერება ბოლო წლებში გაცილებით გაიზარდა.
სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორ ვითარდება მედიცინის ეს სფერო საქართველოში, თუმცა უამრავი პაციენტი ჩამოდის საქართველოდან და კონსულტაციებიც ტარდება დისტანციურად. დროს ფეხი სწრაფად და ეფექტურად უნდა ავუწყოთ. საჭიროა ცვლილებები და მასიური გადამზადება. თუმცა ინდივიდუალიზმი მედიცინის ყოველდღიური ატრიბუტია, ამ სფეროში პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საყოველთაო სტანდარტიზაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში პრაქტიკულ უპირატესობას ფლობს. ჯანდაცვის მასობრივი ცნობიერების ამაღლებაც აუცილებელი პრიორიტეტია.
ახალგაზრდა ქართველ ექიმებს, რომლებსაც სურთ განათლება მიიღონ აშშ-ში, მინდა ვუთხრა, რომ ეს ადვილი არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. რეზიდენტურამდე სწავლა დღეში 12-14 საათიან მეცადინეობას მოითხოვს, რეზიდენტურის პრაქტიკა - უამრავ უძილო ღამეს და ულიმიტო სამუშაო დღეს, მაგრამ დასახული მიზნის მიღწევის დიდ სურვილს და ურყევ ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას, იყოთ მაღალკვალიფიციური ექიმი და იზრუნოთ ადამიანებზე, ვისაც თქვენ ყველაზე მეტად სჭირდებით. მოგიწოდებთ, სადაც არ უნდა იყოთ, იფიქრეთ და იზრუნეთ თქვენს სამშობლოზე, საქართველოზე; ეცადეთ, დაეხმაროთ მშობლიურ ხალხს და ქვეყანას. არ დაივიწყოთ, ეს თქვენი ვალია!როდესაც ხდები ექიმი, არ ირჩევ მხოლოდ პროფესიას, ირჩევ ცხოვრების სტილს, რომელიც ითხოვს თავგანწირვას, სადაც ზღვარი წაშლილია პირადულსა და საზოგადოებრივს შორის. ავადმყოფის თუ მელოგინისთვის გაწეული ზრუნვის თითოეული წამი ზუსტად ის მადლია, რისთვისაც გაჩნდით ამ ქვეყანაზე. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა მკურნალ ექიმს, განსაკუთრებით, ამ მძიმე პანდემიის დროს.