USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
გიული ჩოხელი: თბილისი არის ჩემი დედა, ჩემი ღვიძლი, გული, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული
თარიღი:  7795

ქართული ჯაზის ლეგენდას,  საქართველოს დამსახურებულ არტისტს  გიული ჩოხელს რამდენიმე თვის წინ  88 წელი შეუსრულდა. ქალმა, რომლის სახელსაც ქართული ჯაზის  არსებობა  უკავშირდება,  ბრწყინვალე პროფესიული კარიერა და საინტერესო ცხოვრება განვლო, თუმცა  მისი   პირადი  ცხოვრება, კარიერისგან განსხვავებული აღმოჩნდა  -  არ იყო  ისეთი იღბლიანი და ბედნიერი, როგორიც   სცენაზე -   დიდი ტრაგედიის და ტკივილის მიუხედავად,  მაინც შეინარჩუნა  მხნეობა და სიცოცხლის სიყვარული, რამაც მას ცხოვრების რთული პერიოდები დააძლევინა.

გიული ჩოხელი თბილისის საპატიო მოქალაქედ 2018 წელს აირჩიეს. მუსიკოსი, რომელმაც მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის და ქალაქის  მსმენელის გული მოიგო და  წლების განმავლობაში ჯაზის საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა,  მშობლიურ ქალაქს 1989  წლის 9 აპრილის შემდეგ „დაუბრუნდა“. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო, მოსკოვში ვეღარ ვიმღერებდიო -  ამბობს ლეგენდარული მუსიკოსი.   

როგორ ცხოვრობს  88 წლის ასაკში და  ვისი სჯერა მას - ქალბატონი გიული ცხოვრების  რთულ პერიოდებზე,  ადამიანებზე, ვინც მისი ცხოვრების მთავარი გეზი  განსაზღვრა, და ქალაქზე, რომელიც მის  ყველაზე დიდ  სიყვარულად დარჩა..   

გიული ჩოხელი: თბილისი არის ჩემი დედა, ჩემი ღვიძლი, გული, ჩემი  ყველაზე  დიდი სიყვარული. თბილისზე უამრავი ლექსი მაქვს დაწერილი. წლების განმავლობაში დროის დიდ პერიოდს უცხოეთში ვატარებდი, გამოვდიოდი  ფესტივალებზე,  ვმართავდი  სოლო კონცერტებს, მაგრამ თბილისში მყავდა შვილი და დედა და  როგორც კი თავისუფალ დროს ვიპოვიდი, აქეთ მოვდიოდი. მოვეფერებოდი ხოლმე  ჩემს ოჯახს და ისევ უკან მივდიოდი.  იმის გამო, რომ მე  ყოველთვის აკრძალული ვიყავი, როგორც ჯაზის მომღერალი, რის გამოც   რთულ სიტუაციებში მიწევდა ცხოვრება, მეგონა, რომ  მოვწყდი თბილისს და დავიწყებული ვყავდი ჩემს ქალაქს,  მაგრამ  ასე არ ყოფილა. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

როცა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს, ლამის გავგიჟდი სიხარულისგან, რომ თბილისმა გამიხსენა. ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე ჩემი ხალხისგან. ამ სიყვარულის გამო ჩემს წლოვანებაში ისევ ახალგაზრდა გავხდი, გული ისე  მაქვს, თითქოს 25 წლის გოგო ვარ. კმაყოფილი ვარ ჩემი  განვლილი პროფესიული  გზით. როგორც ხელოვანი  ჩემს თავზე აღარ ვფიქრობ, ის რაც იყო, ჩემი აღარ  არის, ის უკვე ქვეყნის და ხალხის კუთვნილებაა. ბოლო წლებია, ექვს თვეს თბილისში ვატარებ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე კი შეკვეთილში  ვცხოვრობ. მიხარია, რომ აქ, ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში  ვცხოვრობ და  არა ამერიკაში ან ავსტრალიაში, ან სადმე სხვაგან.

 

- თუმცა  ალბათ, ბევრჯერ გქონდათ შესაძლებლობა დარჩენილიყავით იმ ქვეყნებში, სადაც დიდხანს გიწევდათ ცხოვრება. 

წლები გავატარე სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი აქ.  90 -ინ წლებში, როდესაც  სამოქალაქო ომი გამოვიარეთ და  ჩვენთან დიდი გაჭირვება იყო, არ მუშაობდა არც ჩემი შვილი, არც ჩემი სიძე და მეგობრების დახმარებით გავდიოდით იოლას,  ჩემს სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ამერიკიდან მირეკავდნენ.  რა აღარ ვიფიქრე, ვერ მივხვდი ვის გავახსენდი ამერიკაში. ეს იყო  ემიგრაციაში წასული ებრაელი ბიჭი ოლეგი, რომელიც სტუდენტობის დროს მოსულა  ჩემთან ინტერვიუს ასაღებად, რის შემდეგაც ამ თემაზე სადიპლომო ნამუშევარი გაეკეთებინა.  მადლიერი იყო ჩემი, თქვენ რომ არა, დიპლომს ვერ  დავიცავდიო.  წლების შემდეგ,  ის წავიდა  ემიგრაციაში ამერიკაში.  დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში, გააკეთა ძალიან პოპულარული გადაცემა, ამ გადაცემის ჩასწერად  შარშან საქართველოშიც, ჩემთან შეკვეთილში იყო ჩამოსული.

ამ ახალგაზრდამ მიმიწვია ამერიკაში: ყველაფერს მე ვიღებ ჩემს თავზე, თქვენ მარტო ჩაჯექით თვითმფრინავში და გამოფრინდითო. მე ვუთხარი ვერ წამოვალ, პატარა ცუგა  მყავს, ვიტნი ჰიუსტონი, ვერ დავტოვებ მეთქი. ძაღლიც წამოიყვანეთო -  დამაძალა. წავედი ჩემს ცუგასთან ერთად ამერიკაში,  ოლეგმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. დამხვდა ამერიკაში დიდი ოვაციებით, თქვენ უნდა გენახათ, ძაღლს როგორ დახვდნენ აეროპორტში, რომ გაიგეს ვიტნი ჰიუსტონი ერქვა. თვეები დავრჩი ამერიკაში, ძალიან საინტერესო დღეები გავატარე. ყველა იქ დამხვდა, ვინც ახალგაზრდობაში ჩემთან ერთად ჯაზს მღეროდა, „ჩანგის“  ძველი წევრები, ყველა ემიგრაციაში იყო წასული.

დაიწყო  ჩვენი თავგადასავალი, ყველგან დამატარებდნენ,  გამოუშვეს  ჩემი ფირფიტა. ერთ დღეს ოლეგმა გაზეთი მომიტანა, ვხედავ შევარდნაძეა გამოსახული მაისურით, სისხლის კვალი აქვს ტანზე, თურმე  ტერაქტი მოუწყვიათ. გავგიჟდი. ძალიან მალე, ღამით დედა დამესიზმრა. სახლის კარი გაიღო. წინ დედა იდგა, უკან ჩემი ბიძა, ვანო ჩოხელი. მიყურებენ, მიყურებენ და დედამ თითი დამიქნია. როგორც კი გამოვფხიზლდი, ჩემს მეგობარს დავურეკე, ჩქარა ბილეთი ამიღე, არაფერი უთხრა არც ოლეგს, არც ბიჭებს, საქართველოში მივდივარ მეთქი. გაგიჟდიო,ახლა იქ როგორ უნდა წახვიდე, ხომ ხედავ რა ხდებაო -  მითხრა მეგობარმა. არა, აქ ვერ დავრჩები, სულ ცოცხალი ხომ არ ვიქნები,  ჩემს სამშობლოში უნდა დავბრუნდე მეთქი. ავიღე ჩემი ნივთები, ჩემი ნახატები და ჩამოვედი სამშობლოში.  ამის მერე ერთი-ორჯერ კიდევ ჩავედი ამერიკაში, ოლეგმა კარნეგი ჰოლში მომიწყო  საოცარი შეხვედრა, როგორც პირველ ქართველ ჯაზის მომღერალს, მაგრამ  ვერც მაშინ დამითანხმა იქ დარჩენაზე. 

- ამერიკელებმა ვულკანი გიწოდეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში,  ბობოქარი   ხასიათი გქონდათ?

 სულიერად მტკიცე ადამიანი ვიყავი. მეხმარებოდა ის აღზრდა, რაც  მივიღე, სულ მახსოვდა ქრისტეს სიტყვები: თმენა! თმენა! როგორც ქრისტიანს ცხოვრებაში  ბევრი რამის თმენა  მომიწია. დედაჩემის ბიძა წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი იყო. ჩვენ მთელი ოჯახი ეკლესიური ხალხი ვიყავით და ასე ვარ აქამდე. სცენაზე ვიყავი  ბობოქარი, ცხოვრებაში  - არა.  მხოლოდ მაშინ ვხდები ბობოქარი, როდესაც ვხედავ და ვაწყდები უსამართლობას და ადამიანების ჩაგვრას. ამას ვერავის ვპატიობ. ამ ასაკშიც კი შემიძლია გამოვესარჩლო ქუჩაში ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც  ჩაგრავენ. ეს თვისება  ბავშვობიდან მომყვება.  

თბილისში სად და როგორ გაიარა თქვენმა ბავშვობამ?

სვანეთის უბანში დავიბადე და გავიზარდე. ზემოთ პატარა გორაკზე ჰქონდა სახლი მამაჩემს და მის ოჯახს.  მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ცოტა რომ წამოვიზარდე ერთი პატარა ოთახი გვიყიდა პაპამ,  მარჯანიშვილზე გადავედით საცხოვრებლად, დედა უკვე  დიდი მსახიობი იყო,  მუსკომედიაში უწევდა წასვლა-წამოსვლა და  ჩვენთვის იქ ცხოვრება უფრო მოსახერხებელი იყო.  ღამე სვანეთის უბანში მისვლა გაგვიჭირდებოდა, არ ვიცი იმ უბნის ტრადიცია იყო თუ რა იყო, მაგრამ სვანეთის უბანი იმ დროს ქურდული უბანი იყო.  სამეზობლოში ერთი მხატვარი გვყავდა , ორი  ქირურგი, დანარჩენები „ქურდები“ იყვნენ.  ჩვენ მათ არ ვერჩოდით, არც მათ ჰქონდათ ჩვენთან რამე გასაყოფი, პირიქით, ისე ვუყვარდით მეც და დედაც, როდესაც  სახლიდან გამოვდიიდოთ, ლამის ხელზე გვკოცნიდნენ ხოლმე. იმ დროს ადამიანებს ერთმანეთის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება, მეგობრობა, სიკეთე ჰქონდათ. ჩემი ბავშვობა ძალიან თბილად მახსოვს. დედა 27 წლის იყო, როდესაც  მარტო დარჩა. სამამულო ომი იყო,  გაჭირვება, ძალიან  რთული იყო  ცხოვრება. დედა ბევრს მუშაობდა,  ძალიან პოპულარული  მსახიობი იყო, ნამდვილი  ვარსკვლავი.  მეც  მინდოდა ვარსკვლავი გავმხდარიყავი, ისე  მომწონდა  დედას  გვარი, რომელიც გუდამაყრიდანაა, ვთხოვე,  რომ  მეც მისი გვარი მქონოდა და დამთანხმდა.დედა  იყო ჩემი ცხოვრების დროშა, მან  მომასმენინა პირველად ჯაზი, მაზიარა დიდ კულტურას. ის იყო ადამიანი,ვინც განსაზღვრა ჩემი ცხოვრება.

- როგორც ცნობილია, მისი გარდაცვალების შემდეგ სცენაზე აღარ ასულხართ.

- ეს მოხდა  9 აპრილის შემდეგ, ეს დღე ჩემთვის და დედაჩემთვის, ისე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ტრაგედიის დღე გახდა. ძალიან მალე დედა ავად გახდა და დაიღუპა.  ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვერ გადავარჩინე.  

მე  ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიაში გავიზარდე, იმ გაჭირვებაში ის სითბო, რაც იყო თეატრში მსახიობებს შორის, ჩვენი არაჩვეულებრივი კომპოზიტორების მუსიკა, იყო ჩემთვის გადამწყვეტი. მე ამ გარემოში ჩამოვყალიბდი, ხმის კულტურა, პლასტიკა, ყველაფერი იქ ვისწავლე. ეს იყო არაჩვეულებრივი თეატრი, რამაც მომცა დიდი გამოცდილება და უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე.     

- ჯაზს პატარა ასაკში დაუკავშირეთ ცხოვრება, ალბათ, არასტანდარტული საბჭოთა ბავშვი იყავით, რადგან განსხვავებული არჩევანი გააკეთეთ.

მე  მაშინ  ამას ვერ ვგრძნობდი. დედა თანამედროვე ადამიანი იყო. მან კონსერვატორია დაამთავრა,  კარგი მუსიკალური მონაცემებიც ჰქონდა. მე თითქმის მარტო გავიზარდე. დედა მუდმივად რეპეტიცებზე იყო.  მე სკოლიდან ვიპარებოდი და შატალოზე  მივდიოდი ჩემს კლასელებთან ერთად, ჩვენი ბრიგადა გვქონდა. ეკლესიაში ვმღეროდი, იქ მიმეჩქარებოდა ხოლმე, დავდიდი სახელოსნოებში,  მიყვარდა მხატვრებთან ყოფნა. მხატვრობა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ხაზად იქცა. დედაჩემის ძმისშვილი იყო გამოჩენილი მოქანდაკე ლამარა ქველიძე, მისი ძმა ოთარ ქველიძე იყო ჯაზმენი, უკრავდ ჯაზს. ბიძები და დეიდები მყავდა ექიმები, მარტო დედა და მე ვიყავით არტისტები. ბიძაჩემი ივანე ჩოხელი  გამოჩენილი აკადემიკოსი, ვენეროლოგი იყო, მაგრამ ისე მღეროდა, მისი მოსმენა ერთი დიდი  სიამოვნება იყო. ჩვენ, მთელი ოჯახი   ვცხოვრობდით  ხელოვნებით.   მათგან ბევრი რამ მერგო. მე  უმაღლეს სასწავლებეში არ მისწავლია, ჩემით სახლში ვისწავლე, სადაც მამა -პაპას არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა - წიგნები, ნოტები. სახლში გვქონდა ინტრუმენტი, რაც მეხმარებოდა, რომ  გავმხდარიყავი დედას გზის გამგრძელებელი. 

- როდესაც ჯაზს დაუკავშირეთ ცხოვრება, პრობლემებს არ გიქმნიდათ საბჭოთა სისტემა?

კულტურის სამინისტროში რომ მივიდოდით, ჯაზმენები მოდიანო, მეორე კარიდან გადიოდა  და იმალებოდა მინისტრი, არ უნდოდა შეხვედრა.  ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გვქონდა, რუსებს არ უნდოდათ, ჯაზისთვის ხელი შეეწყოთ, მათ მტრად მიაჩნდათ ამერიკა, შესაბამისად, ჯაზსაც, როგორც მტერს ისე  უყურებდნენ. ჩვენ არ გვიშვებდნენ  დიდ კლუბებში, რომ გაგვემართა კონცერტები.  მაგადანში, სახალინში და იმის იქით, გადაკარგულში გვიგეგმავდნენ  კონცერტებს, მაგრამ მერე, ისეთი  პოპულარულები გავხდით, ჩვენზე  უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდა   მოსკოვში,  კიევში,ლენინგრადში, რასაც ვეღარ ეწინააღმდეგებოდნენ და გვეპატიჟებოდნენ ფესტივალებზე, სადაც ჩვენ საოცარი გამოსვლები გვქონდა. 

ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად,  ჩემთვის არსებობდა მხოლოდ ჩემი მუსიკა, არაფერს სხვას ყურადღებას არ ვაქცევდი.    ყველგან ვიყავი, სადაც გავიგებდი,  რომ  ჩუმად მუსიკოსები იკრიბებოდნენ და უკრავდნენ.   დავძვრებოდი ხოლმე იმათ რეპეტიციებზე, მეც ვმღეროდი,  ჩემით რაც მქონდა ნასწავლი. ასე გავარდა ჩემი სახელი თბილისში.  17 წლის  ასაკში უკვე  ვმღეროდი. იმ პერიოდში ჩამოვიდა პოლონეთიდან ბიგ ბენდი, მათთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი და ევროპა მოვიარე. შემდეგ ჩამოყალიბდა მოსკოვში  არაჩვეულებრივი  ჯაზ ორკესტრი, მათთანაც ვიმღერე.  უკვე პოპულარული ვიყავი,  21 წლის ასაკში გავიცანი ჩემი მეუღლე.  ის  იყო  უნიჭიერესი ჯაზ პიანისტი, მამა ჰყავდა რუსი, დედა - ფრანგი.   ყველა იცნობდა რუსეთში, ევროპაში. მე და ჩემი ქმარი ერთად ვმღეროდით, მერე მე  ის   თბილისში   წამოვიყანე მოსკოვიდან.  ის  აქ გახდა საქართველოს  ფილარმონიის სოლისტი და  ჩამოაყალიბა ჯაზ ორკესტრი „ჩანგი“.  დავიწყეთ  მოგზაურობა  მთელ ევროპაში, გავხდით ძალიან პოპულარულები, ფესტივალების  ლაურეატები, ბევრი ჯილდო დავიმსახურეთ.  ჩვენ შევძელით და უმაღლესი დონის მუსიკა მივიტანეთ მსმენელამდე. ჩვენმა „ჩანგმა“  ძალიან დიდი როლი შესარულა თბილისში  ჯაზის პოპულარიზაციაში.  საქართველოში  ჯაზი მე შემოვიტანე, ჩემი სიმღერები  ამ ბოლოს გამოჩნდა, არა და ყველა კომპოზიტორის სიმღერა მაქვს ნამღერი ჩემი სტილით, ძალიან ფრთხილად მაქვს მათში  შეტანილი ჯაზი, ეკლექტიკა რომ არ ყოფილიყო.  ბევრი დრო  დაგვჭირდა იმისთვის, რომ  ეღიარებინათ ჩვენი თავი, თუმცა საბოლოოდ   მიგვიღეს და  შეგვიყვარეს.  9 აპრილის შემდეგ ჩემს ქმარს ვუთხარი, მე ვეღარ ვიმღერებ მოსკოვში,  წავიდეთ  საქართველოში მეთქი, მე იქ უნდა ვიყო სადაც დავიბადეო - მითხრა. ის დარჩა მოსკოვში, მე - წამოვედი საქართველოში.  მერე ჩემი ცხოვრება უკვე აქ წარიმართა.   აქტიურად ვმუშაობდი. ვარ სამი ფილმის და სამი წიგნის ავტორი. გავაკეთე ფილმი ხოსე მუნიოს კორტესზე, ესპანური წარმოშობის  ხატმწერზე,  რომელიც მეწამეობრივად მოკლეს.  ეს ფილმი დაიბლოკა, არავის  უნდოდა, რომ  ის ფართო აუდიტორამედე მისულიყო. ამიტომ  გავაკეთე წიგნი მისი ისტორიის შესახებ. მე ვწერ ლექსებს, 400 ლექსის ავტორი ვარ, ყველა ლექსი ჩემი გულიდან არის ამოსული. ბევრი მაქვს დაწერილი ჩემს ქალაქზე, ჩემს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან მედარდება. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად წინ წავა ჩვენი ცხოვრება და მჯერა, ჩვენი  ახალგაზრდების, რომლებიც  შეცვლიან ტრადიციულ რაღაცეებს,  რაც ხელს გვიშლის განვითარებაში და წინსვლაში.  

 ამ ახალგაზრდების დახმარებით  მოვა დრო,  მოვიცილებთ იმ ქართველ კაპიტალისტებს, რომლებიც იპარავენ ფულს. ამაზე ძალიან ვწუხვარ. მეზიზღებიან მილიონერები, იცით რატომ?  რეგიონში უმარავი გაჭირვებული ადამიანი მყავს ნანახი, ვიცნობ ქალბატონს, რომელსაც 10 შვილი ჰყავს და თავზე აწვიმს, არც საჭმელი აქვს, არც  არანაირი დახმარება.  ასეთი რამე არ მქონდა ნანახი. მაშინ როდესაც სცენაზე ვიდექი, არ ვიცოდი როგორ ცხოვრობდა ხალხი. იმ გაჭირვებამ,  რაც ბოლო პერიოდში ვნახე, ძალიან  იმოქმედა ჩემზე. ზოგს ტანისამოსიც კი არ აქვს. ბევჯერ გავაღე  კარადა და სულ ყველაფერი წავიღე ეკლესიაში. როცა ირგვლივ ამდენი მილიონერი და კაპიტალისტია, ხალხს ასე  უნდა უჭირდეს?!  

- როგორი მიდის  თქვენი ცხოვრება შეკვეთილში?

2015 წელს, როცა  შვილი დამეღუპა, ათი თვის შემდეგ შეკვეთილში გადმოვედი საცხოვრებლად.  ჩემი შვილის  სტუდია, სადაც ჩვენ ვმუშაობდით,  გავყიდე და იმ თანხით ეს სახლი ვიყიდე. მე ძალიან მიყვარს ბუნება. შეკვეთილში ბაღი გავაშენე,  მყავს  ცუგა. დავდივარ ჩემი მანქანით ქობულეთში, საყიდლებზე. ყველაფერს მე ვაკეთებ, საჭმელს, საქმეს,  სახლს  ჩემი ხელით ვუვლი. აქაც ბევრს ვმუშაობ.  88 წლის ასაკში  თავს მაინც  მხნედ ვგრძნობ.  რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ათი წუთი მჭირდება, დასასვენებლად, უცებ მოდის ენერგია, რაც მაქვს.  ზაფხულობით  ჩემთან ჩამოდის  ხოლმე  ჩემი შვილიშვილი გიორგი მელაძე, ორი შვილი ჰყავს. გიორგი არ ცხოვრობს საქართველოში, როდესაც  ჩამოდის ოჯახით, ძალიან მაბედნიერებს მათი ნახვა. 

ხანდახან მკითხავენ ხოლმე, ამ ასაკშიც ასეთი ენერგია, როგორ გაქვსო. უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და  არ უნდა უღალატო. ეს არის ჩემი ფორმულა -  მე  მიყვარს ადამიანები, უბრალო ადამიანები, ყოველთვის მზად ვარ მათ დასახმარებლად, ამიტომაც სულ უნდა ვიყო ფორმაში,  ვინმეს რომ ჩემი დახმარება დასჭირდეს,  გვერდით დავუდგე. ვგიჟდები ჩემს ქართველებზე. მიყვარს  ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი ახალგაზრდები,  ძალიან თანამედროვეები და შეუპოვრები, მათთან ხშირად ვსაუბრობ - მათაც ის არ  მოწონთ, რაც მე არ მომწონს  - ასე რომ  ჩვენ ერთ ხაზზე ვართ. 

ხანდახან შემომიტევს ხოლმე სევდა, ისეთ ხასიათზე ვარ, არ მინდა არაფერი,   მაგრამ არ ვნებდები -   შემოვუძახებ ხოლმე თავს, ახლა მორჩი სასწრაფოდ. სანამ ცოცხალი ხარ უნდა იცხოვრო. სულ ერთი წუთი მინდა ხოლმე  გონზე მოსასვლელად.  

შვილი აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების  წერტილი.დინარა საოცარი  გოგო იყო. მან  კონსერვატორია დაამთავრა, არაჩვეულებრივად მღეროდა,  უნიჭიერესი  პიანისტი იყო.  ჩემი და ჩემი ქმარის ნიჭი გამოჰყვა.  დღემდე ყოველთვის ველაპარაკები, სიზმარშიც, ცხადშიც.  ვეუბნები, დინარა, ეს რა გააკეთე, როგორ გაცივდი შვილო,  არ ვფიქრობ, რომ ის აღარ არის,   ის ჩემთვის ცოცხალია - ვერ დავუშვებ, რომ ის გარდაცვლილია, ან ამერიკაშია, ან მოსკოვში, ან  სადღაც სხვაგან. ამ განცდით ვცხოვრობ  ბოლო წლები.

თამარ ნიჟარაძე

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.