USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
გიორგი ყაუხჩიშვილი-იტალიაში, ამერიკასა და გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი
Date:  577

იტალიაში დღესაც მოწიწებით იხსენიებენ გიორგი ყაუხჩიშვილის სახელს, როგორც ნევროჯერიატრიის სკოლის ერთ–ერთ დამაარსებელს, ბრწყინვალე მეცნიერსა და პედაგოგს, რამდენიმე ენის უბადლო მცოდნესა და ქარიზმატულ პიროვნებას.

გიორგი ყაუხჩიშვილი დაიბადა ბერლინში 1923 წლის 19 ოქტომბერს. ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმში განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა მილანის უნივერსიტეტში, სადაც 1947 წელს ზოგადი მედიცინისა და ქირურგის დიპლომის მიღებისთანავე მილანის ზოგადი მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა და 1949 წელს პათოლოგიური მედიცინის ინსტიტუტში დაოსტატდა. 1956 წელს მილანის სამედიცინო დეპარტამენტთან არსებული მოხუცთა სახლის დირექტორად დაინიშნა, სწორედ ამ პერიოდიდან შეუდგა იგი ასაკოვანთა ნევროფსიქიატრიისა და ჯერიატრიის საკითხების კვლევას.

1959–1965 წლებში გიორგი ყაუხჩიშვილი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარია. მან ჩაუყარა საფუძველი ქალაქ პავიის საავადმყოფოში შაკიკის კვლევის მიმართულებებს და იქ ანალოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბატონი გიორგი ფიზიკურად ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა, ნამდვილი ქართული გარეგნობით. იტალიელები მას „ჯორჯო ბელოს“ – „ლამაზ გიორგის“ ეძახდნენ და მისი კეთილი საქმეები დღემდე ახსოვთ.
მოგვიანებით გიორგი ყაუხჩიშვილი მოღვაწეობდა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრში (Gerontology Center of UCLA) და შემდეგ კი კიოლნის მაქს პლანკის ინსტიტუტში. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 93–ზე მეტი ნაშრომი.

1975 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად შეწყდა გიორგი ყაუხჩიშვილის სიცოცხლე.

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლიერმა კოლეგებმა და სტუდენტებმა 1992 წელს შექმნეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის ადაპტაციის დარღვევებისა და თავის ტკივილის საუნივერსიტეტო ცენტრი (University Centre for Adaptive Disorders and Headache), რომელიც იტალიისა და ევროპის 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. მათვე „იტალიის მონდინის სახელობის ნევროლოგიის კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით დააარსეს გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. ეს პრემია უკვე 9–ჯერ გაიცა და სხვადასხვა დროს ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე იტალიელ, ქართველ, რუს, ბულგარელ და დანიელ მეცნიერებს მიენიჭათ.  

ყაუხჩიშვილები წარმოშობით ახალციხიდან არიან. მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სოლომონ II–მ მათი ოჯახი სხვა კათოლიკე მესხებთან ერთად ქუთაისში ჩაასახლა. 

გიორგი ყაუხჩიშვილის მამა, მიხეილი, პროფესიით ინჟინერი, ელექტრო–მაქანიკოსი იყო, განათლება სანკტ–პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს გააგზავნა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლად შვედეთში. 1919 წ. გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა "სიმენსს" დაუკავშირა. 1931-1939 წლებში იყო ფირმის დირექტორი გერმანიაში, ხოლო 1939-47 წლებში იმავე ფირმის იტალიური განყოფილების დირექტორი. მისი მეუღლე ებრაული წარმოშობის პეტერბურგელი ქალბატონი იყო. სწორედ ეს გახდა ყაუხჩიშვილების გერმანიიდან იტალიაში გადასახლების მიზეზი.

მიხეილ ყაუხჩიშვილის ძმა გახლდათ ცნობილი ბიზანტინოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი.

გიორგი ყაუხჩიშვილი დაქორწინებული იყო იტალიელ მანდილოსანზე – ფრანჩესკა მელცი დ’ერილზე. მათი შვილებია – მიხეილ და ელენე ყაუხჩიშვილები.

ფასდაუდებელია გიორგი ყაუხჩიშვილის დის, ნინო ყაუხჩიშვილის დამსახურება იტალიისა და საქართველოს წინაშე. წლების განმავლობაში იგი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი, პრორექტორი. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში. 2005 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილი შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას. 2008 წელს დააფუძნა ქართულ–იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი", რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე. 

1958 წლიდან ყაუხჩიშვილების ოჯახს თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ და მას შემდეგ ეს კავშირი აღარ დარღვეულა.

2013 წლის 25 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს გადაეცა მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა ემიგრანტის შვილიშვილმა ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა. არქივის მეორე ნაწილი დაცულია საქართველოს პერლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way