დაახლოებით 1,5 წლის წინ ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი კანფეტების ახალი ბრენდი, Handy Candy გამოჩნდა. ბრენდი წარმოადგენს იაპონური მეთოდით დამზადებულ ექსკლუზიურ ხელნაკეთ კანფეტს, რომელიც პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
ბრენდის მწარმოებელი და მფლობელია კომპანია „ელმორი “, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის განყოფილების ყოფილმა უფროსმა გიორგი თარხნიშვილმა დააფუძნა.
„თბილისი პოსტი“ დაინტერესდა ახალი ქართული სტარტაპით და ამ საკითხზე გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი დავიწყოთ სულ თავიდან - დაიბადე, გაიზარდე, ისწავლე.
დავიბადე ქ. თბილისში 1989 წელს,როგორც უმეტეს საბჭოთა კავშირში გაზრდილ მშობელს, უნდოდათ ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა 8 წელი სწავლა მიმზიდველად არ გამოიყურებოდა ჩემთვის. კონკრეტულ პროფესიაზე არასოდეს მიოცნებია.
უმაღლესი განათლება მივიღე გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ალმა-მატერი, პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება.
შენი ბეგრაუნდი სანამ ტკბილ ბიზნესში მოხვდებოდი?
Handy Candy -მდე ბევრ პოზიციაზე მომიწია მუშაობა. ვიყავი ტურისტული კომპანიის მენეჯერის ასისტენტი, სასტუმროს მენეჯერი, ბოლო წლებში თბილისის ბოტანიკურ ბაღში მარკეტინგის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი და ეხლა გავხდი „მეკანფეტე“ (იცინის)
როგორ და რატომ ტკბილი ბიზნესი?
2021 წელს მივლინებაში ვიყავი ესტონეთში საიდანაც ბავშვებისთვის სხვადასხვა ტკბილეულობა ჩამოვიტანე. მხოლოდ გახსნისას მივაქციე ყურადღება რომ ხელნაკეთი კანფეტი ჩამომიტანია. მას მერე კანფეტის გარდა თითქმის ვერაფერზე ვფიქრობდი, თითქმის მყისიერად გადავწყვიტე, რომ უნდა მესწავლა ამ კანფეტის კეთება და საქართველოში საწარმო გამეხსნა. მეუღლესთან ერთად გავემგზავრე ლატვიაში და იქ ვისწავლეთ მსგავსი ტკბილეულის კეთება.
გიორგი უფრო დაწვრილებით იმაზე თუ რა პროდუქციას თავზობს შენი კომპანია მომხმარებელს?
ბრენდი წარმოადგენს იაპონური მეთოდით დამზადებულ ექსკლუზიურ ხელნაკეთ კანფეტს, რომელიც პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
ხელნაკეთი კანფეტის მთავარი დადებითი თვისება კანფეტის ძერწვის მოქნილობაა, რაც საშუალებას გვაძლევს კანფეტში ხელით ჩავხატოთ სხვადასხვა ფორმა თუ ნახატი როგორიცაა მარწყვი, ბანანი, ალუბალი, ვაშლი, ციფრები, გული, აბრევიატურები, ბრენდის დასახელებები, მარტივი ლოგო, ქვეყნების დროშები, სმაილები და სხვა ტრენდული მარტივი გრაფიკული ნახაზები.
ხელნაკეთი კანფეტი მზადდება ნატურალური ინგრედიენტების საშუალებით, როგორებიცაა ნატურალური არომატიზატორები და ნატურალური საღებავები. ჩვენი პროდუქტი 100%-იან ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით იწარმოება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სუფთა ევროპული ხარისხის პროდუქტი. დამიჯერეთ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველმა მომხმარებელმა მიიღოს მართლაც ევროპული დონის პროდუქტი.

საწყისი კაპიტალი ? პირველი ნაბიჯები ტკბილ ბიზნესში ტკბილი იყო თუ როგორც ყველა სტარტაპს ცოტა მომწარო გემოც ქონდა?
თავდაპირველი ინვესტიცია 100 ათას ლარს შეადგენდა და ეს ძირითადად საოჯახო დანაზოგი იყო.
წარმატებამდე მივედი. თავისით არაფერი მოდის. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა მომწარო გემო ქონდა, თუმცა ამ ბიზნესის კეთების და მისი წარმატებულ ბრენდად გადაქცევის ჟინი იმდენად დიდი მოტივატორი იყო ჩემთვის, რომ ამას არ შევუშინებივარ.
მთავარი გამოწვევა გაყიდვები აღმოჩნდა, უფრო კონკრეტულად კი ქსელურ მაღაზიებში შესვლა და დისტრიბუცია. დიდი დრო და ძალისხმევა დაჭირდა ქსელური მაღაზიების კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაციას, თუმცა მაინც შევძელით ნიკორაში, ევროპროდუქტში და უნივერსამის ქსელში შესვლა.
დღეს რა მდგომარეობაშია კომპანია. რამდენი თანამშრომელი გყავთ?
თავიდან საოჯახო ბიზნესის სახე ქონდა ყველაფერს, მეუღლესთან ერთად თბილისში მცირე საწარმო გავხსენით, თუმცა ახლა 10-მდე ადამიანი არის დასაქმებული ჩვენს საწარმოში.
თავდაპირველად ვაწარმოებდით თვეში 300-400 კილოგრამ პროდუქტს, ახლა წარმადობა 1000 კილოგრამამდე გვაქვს.
კომპანია მუდმივ განვითარების რეჟიმშია, ჩვენი კლიენტები ძირითადად ქსელური მარკეტებია, ასევე ინდივიდუალური მსხვილი შემკვეთები. ოქტომბერ-ნოემბრის თვეში კომპანიის წარმადობა მაქსიმალურ ზღვარზეა მისული. როგორც ავღნიშნე 10 თანამშრომელი გვყავს, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება აქვთ.
შენი ბიზნესის მთავარი გამოწვევა და ხვალინდელი გეგმები?
მთავარ გამოწვევად კვლავ გაყიდვების სტაბილურობის მაჩვენებელზე გასვლა რჩება, არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებული ინდივიდუალურ შემკვეთებზე.
პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, კომპანია 2024 წელს გეგმავს მოიცვას საქართველოს ქსელური მარკეტების 75% (3500 მდე მაღაზია) და 2024 წლის ბოლოს ჩამოიტანოს საქართველოში პირველი ჩუპაჩუპსის საწარმოო ხაზი.
ჩვენი ძირითადი ორიენტირი არის პროდუქციის ხარისხი და კონკურენტული ფასის შენარჩუნება, ამიტომაც ვფიქრობთ დეკემბრისთვის ჩვენი პროდუქციის ღირებულებას კიდევ უფრო გავაიაფებთ.
დღეს Handy Candy-ის ლოლიპოპების ღირებულება ქსელურ მარკეტებში შეადგენს 1.65 ლარს, რაც შეეხება ხელნაკეთ კანფეტებს, მისი ღირებულება 5.85 ლარია.

რა პრობლემები აქვს ზოგადად ბიზნესს საქართველოში და რის შეცვლას ისურვებდით?
არასტაბილური მომწოდებლები - იქნება ეს ინგრედიენტები თუ შესაფუთი მასალები
ქსელურ მარკეტებთან კომუნიკაცია: ზოგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია სტარტაპმა მიაღწიოს იმ ადამიანამდე, რომელიც განიხილავს პროდუქციის ქსელში მიღებას ან არ მიღებას.
იმპორტის გადასახადის არალოგიკური გადანაწილება ისეთ სასაქონლო კოდებზე, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება.
რას ურჩევთ დამწყებ ბინესმენებს? რა თვისებები უნდა ქონდეთ და რა უნარ-ჩვევები უნდა განავითარონ მათ?
ძირფესვიანად შეისწავლონ რის გაკეთებას აპირებენ და რა არის ამისთვის საჭირო. როდესაც შეისწავლიან - თავიდან დაიწყონ შესწავლა. ზოგჯერ გგონია, რომ ყველაფერი გაქვს გათვლილი, თუმცა რეალობაში აღმოჩნდება, რომ თითქმის არაფერი გქონია. არასდროს ისე არ იქნება როგორც ფიქრობ, ნუ შეიქმნი გადაჭარბებულ მოლოდინებს.
და ბოლოს ოჯახი?
მყავს მეუღლე და ბიზნეს პარტნიორი, ნათია მამულაშვილი და 3 შვილი (პოტენციური მეკანფეტეები)
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.