USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Tbilisi
გიორგი კობერიძე - რა ხდება აფხაზეთში?
Date:  4623
ალბათ თვალს ადევნებთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც ე.წ. "რუსული ინვესტიციების" კანონის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა ე.წ. "მთავრობის" ადმინისტრაციაზე შტურმი მოაწყვეს, ხოლო პარლამენტში ფანჯრები დაამსხვრიეს. კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტერიტორიების შეძენასა და ბიზნესის წარმოების თავისუფლებას გულისხმობს, რაც ფაქტობრივი კოლონიალიზმისა და ანექსიის პროცესია. ეს პროცესი კი დაწყებულია.
მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ორი რამ, რის გარეშეც ამ დემონსტრაციების გააზრება ვერ მოხდება:
1. დემონსტრანტები კანონს იმ სარჩულით ეწინააღმდეგებიან, თითქოს რუსეთში მცხოვრები, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად ქართული მოსახლეობა აფხაზეთში მიწებს შეიძენს და შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნებს მას საქართველოს. გუშინ დებატებს ვუყურებდი, სადაც სეპარატისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეორეს ეკამათებოდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეა და მიწებს შეიძენს აფხაზეთშიო. მარტივად რომ ვთქვათ, დემონსტრაციებს მაინც ანტიქართული სარჩული აქვს და არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს.
2. სეპარატისტების ოპოზიციაცა და ხელისუფლებაც ორივე პრო-რუსულადაა განწყობილი. დემონსტრანტები "რუსეთი-რუსეთი" გაჰყვირიან და თვითგამოცხადებული ლიდერის, ასლან ბჟანიას მოშორებას ისევ რუსულად, მოსკოვის დახმარებით ითხოვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კლანები ერთმანეთს ძალაუფლებისათვის უპირისპირდებიან, თორემ რუსეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავინ გამოდის. რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული რუსული ბიზნესის გამოჩენით ისევ თავიანთი პოზიციების დაკარგვის ეშინიათ, რომელიც აქამდე რუსული ფულითვე იკვებებოდა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეალური მეტოქე არავინაა. სულ რომ ბჟანია ჩანაცვლდეს ახალი ლიდერიც რუსეთის ხელდასხმით შეიძლება მოვიდეს.
თვით თურქეთში მცხოვრები აფხაზებიც კი არ არიან რუსეთის გავლენების წინააღმდეგი ოკუპირებულ მიწებზე. ამ უკანასკნელებს უბრალოდ თავიანთი გავლენის ზრდა უნდათ, თორემ რუსეთის სრულ მოშორებაზე არც ისინი არიან ორიენტირებულნი. სხვათა შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პრო-რუსული ძალები თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს საფრთხობელად იყენებს ხოლმე და მოსკოვს ეუბნება მე უნდა დამიჭირო მხარიო. ოღონდ იმ ფონზე, რომ ელიტები თითქმის სრულად პრო-რუსები არიან, რეალურად ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, საფრთხობელად იგონებენ პრო-თურქული აფხაზების არსებობას და ერთმანეთს ეუბნებიან არა შენ ღალატობ რუსულ გზას, არა შენო.
ქართველები კი რუსეთსაც ასეთ საფრთხობელად ჰყავს გამოყვანილი და აფხაზურ სეპარატისტულ ელიტებსაც. ვინც კი არ უნდა იყოს, ერთმანეთის წინააღმდეგ იმას ნიშას იჭერენ შემთხვევით პრო-ქართული პოზიცია ხო არ გიჭირავსო. და ჭრის კიდეც ასეთი მიდგომა ხოლმე. რუსეთი დომინირებს ამ ანტიქართული ნარატივის ფორმირებაში: კრემლის რიტორიკა ასეთია - თუ რუსეთთან არ იქნები საქართველო მოვაო.
პირველი და მეორე მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, თუკი რუსეთის მხრიდან საკუთარი ინტერესის გატარებისა და ძალის დემონსტრირებისათვის ხისტ მეთოდებს განახორციელებს, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი ღია მოქმედებას ერიდება. კრემლს მთელი ადგილობრივი ელიტა მართული ჰყავს. შესაბამისად, მოსკოვის მხრიდან ეფექტური კონტროლისათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიდა ძალების დაპირისპირება სრულიად მისაღები და შეიძლება სასურველიც კი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად გამოიფიტებიან ურთიერთბრძოლაში შიდა კლანები, მით უფრო თავისუფლად იმოქმედებს რუსეთი. და თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს უკრაინაში ომის ფონზე ძალის გამოყენების რესურსი შეზღუდული აქვს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კლანების დაშინება და კონტროლი ეკონომიკური მოგუდვითაც შეუძლია.
კანონის მიღება გადაიდო, მაგრამ საბოლოოდ რა იქნება - გამოჩნდება.
პ.ს. აფხაზეთის რუსიფიკაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. აფხაზების უმრავლესობამ აფხაზური აღარ იცის. დემონსტრაციები და კანონის მიღების პროცესი თუ დებატები მთლიანად რუსულად მიმდინარეობს. დროშებიც კი რუსული ფრიალებს - დემონსტრანტებისა თუ სეპარატისტული "მთავრობის" მხრიდან. შესაბამისად, რუსეთის უკრაინასთან ომში გამარჯვებისა და საერთაშორისო სივრცეში მძლავრად წარმოდგენის შემთხვევაში, აფხაზ ხალხს მომავალი არ აქვს, ხოლო ტერიტორიას ანექსია ემუქრება.
society
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way