USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გიორგი კობერიძე - ომი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე
дата:  22644
ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები დღეს დილიდან რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო ზოლზე:
 
დილიდან დაიწყო რუსეთის ბელგოროდის ოლქის რუსული პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვა. შვიდი განსხვავებული რუსული დასახლებული პუნქტის სამხედრო სამიზნეები ინტენსიურ ცეცხლშია გახვეული. უკრაინული დრონები ბომბავენ ბელგოროდს.
 
ამას მოჰყვა უკრაინული სატანკო ნაწილებისა და მძიმე ტექნიკის მიერ რუსეთი უკრაინის საზღვარზე მობილიზება და რუსული სასაზღვრო პუნქტის განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე გლოტოვოსა და კოზინკას მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაიბომბა შებეკინოც. საზღვარზე გარღვევის შემდეგ დაიწყო უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ქვეითი ნაწილების შეტევა. რუსები აცხადებენ, რომ სინამდვილეში უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსებთან ერთად უკრაინელებიც მონაწილეობენ ქვეითების შეტევაშიო (ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის). ზოგიერთი ცნობით დასახლება კოზინკა სრულად დაიკავეს რუსო-უკრაინულმა ნაწილებმა და კიდევ უფრო ღრმად უტევენ რუსულ პოზიციებსო. ახლა ბევრი ინფორმაცია დაუზუსტებელი თუ დაზუსტებული გავრცელდება. ამასთან, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები არავინ იცის რეალურად სად რა ვითარებაა.
 
შეტაკებები მიმდინარეობს სასაზღვრო დასახლებული პუნქტის დრონივკას სიახლოვესაც.
 
ინტენსიური იერიშის შემდეგ ბელგოროდის ოლქის დიდ ნაწილში გაითიშა დენი. ქალაქ ბელგოროდში სირენების ხმაა ჩართული.
სასაზღვრო ქალაქებში უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი პარტიზანები გამოჩნდნენ, რომელთაც სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი დაიკავეს. შეტაკებები მიმდინარეობს ბეზლუდოვკასთანაც. უკრაინის მხარეს მებრძოლი ნაწილები კარგად არიან შეიარაღებულები. რუსული ტერიტორიული დაცვის რაზმები ვერ უწევენ ეფექტურ წინააღმდეგობას რუსო-უკრაინულ შეტევას.
 
უკვე გაიჟღერა რუსეთის ტერიტორიაზე "ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკის" გამოცხადების იდეამაც. რაც თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთზე და ამასთან იმის ჩვენებასაც ემსახურება, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ძალიან სუსტად იცავენ სასაზღვრო პერიმეტრს. ამასთან, რუსული მოსახლეობა თუკი უფრო მეტ კითხვას დასვამს ქვეყნის უძლეველობის მითთან დაკავშირებით უფრო დიდი შანსია ვიხილოთ რაიმე სახის ცვლილებები ქვეყნის შიგნით.
 
გარდა ამ ყველაფრისა, ეს უკრაინული კონტრშეტევის წინ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციაა, რომლის შესაჩერებლადაც რუსეთს ფოკუსის ამ მიმართულებით გადატანა მოუწევთ და მოგერიების შემთხვევაში მთელ საზღვარზე სამხედროთა განთავსებაზეც იფიქრებენ. ნაკლებად სავარაუდოა დაკავებული ადმინისტრაციული შენობების შენარჩუნების მცდელობა ვიხილოთ უკრაინის მხარეს მებრძოლთა მხრიდან, ამ ყველაფერს აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური და სამხედრო რეიდის ხასიათი და არა სრულმასშტაბიანი იერიშისა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ახლა კიდევ ერთი დიდი სამხედრო და რეპუტაციული ზიანის მიყენებას ვადევნებთ თვალს.
 
ბელგოროდის ოლქში, პრო-უკრაინული დანაყოფების იერიშის შემდეგ უკვე დაიწყო პროკლამაციების გავრცელება - რუს სამხედროებს მოუწოდებენ დაყარონ იარაღი და შეუერთდნენ პრო-უკრაინულ "თავისუფალი რუსეთის არმიას". რეალურად, იერიშზეა გადასული დაახლოებით 600-700 პრო-უკრაინელი სამხედრო, რომელთაც ზურგს უკრაინული არტილერია უმაგრებს.
 
საბრძოლო მოქმედებები გრაივორონის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობს.
 
უკრაინელთა მხრიდან ესაა კარგად დაგეგმილი რეიდი, რომელშიც დამრტყმელ ძალას პრო-უკრაინული რუსული დანაყოფები ქმნიან.
 
ინფორმაციის განახლება  
 
- ქალაქი გრაივორონის ტერიტორიის ნაწილი პრო-უკრაინული ძალების ხელშია გადასული. ქალაქისაკენ მიმავალი ერთ-ერთი ხიდი აფეთქებულია. დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. დაკავებულია პოლიციის შენობა.
- პრო-უკრაინულმა ძალებმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დაკავებული დასახლება კოზინკას ირგვლივ სანგრების გათხრა და ფორტიფიკაციების მოწყობა დაიწყეს. აშკარად განიხილება ტერიტორიის ხანგრძლივი დროით შენარჩუნების სცენარი.
- რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში; აშკარაა პრო-უკრაინული ძალები კარგად არიან შეიარაღებული.
- პრო-უკრაინულმა ძალებმა იარაღის მცირე საწყობები დაიკავეს პოლიციის შენობებსა და კომისარიატებთან.
- არის ჰიპოთეზა, რომ პრო-უკრაინული ძალები მიიწევენ გრაივორონის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობებისაკენ. რეალურად ეს ვერსია საეჭვო და ნაკლებ დასაჯერებელია, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას კი ნამდვილად მოახდენს.
- კრემლმა ოფიციალურად გამოაცხადა კონტრ-ტერორისტული ოპერაციის დაწყება ბელგოროდის ოლქში პრო-უკრაინული ძალების წინააღმდეგ.
- სროლების ხმა ისმოდა ორლოვკაშიც, რომელიც გრაივორონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, დაახლოებით 40 კილომეტრში, მაგრამ უკრაინის საზღვრიდან 14-ში. შესაძლოა იქ ადგილობრივ მძინარე ქსელთან გვქონდეს საქმე, ან რუსმა პარტიზანებმა განახორციელეს რაიმეზე თავდასხმა ან სულაც მიმდინარე პროცესებისაგან დამოუკიდებლად ხდებოდეს რაიმე. ზოგადად, მძინარე ქსელისა და ინფორმატორების არსებობა რუსეთის ტერიტორიაზე ლოგიკურია, მაგრამ რამდენად გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში არაა ცნობილი.
- შეტაკებები იყო საზღვრის გასწვრივ დრონოვკაშიც. ის მოცემული შეტაკებების ზონიდან ჩრდილო-დასავლეთით, 17 კილომეტრში მდებარეობს. აქ რუსულ პოზიციებს არტილერიამ გაუხსნა ინტენსიური ცეცხლი. თუმცა რუსები ამბობენ, რომ უკრაინელები მძიმე ტექნიკით საზღვრის გასწვრივ არიან განლაგებული და რუსულ პოზიციებს ისე ბომბავენ.
- კვლავ იბომბება შებეკინო - დიდი რუსული ქალაქი ბელგოროდიდან 25 კილომეტრში. ქალაქი თითქმის მთლიანად სამხედრო ზონადაა ქცეული.
 
ამ ყველაფრის ფონზე კი შეიძლება თამამად ითქვას:
ომი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან, პრო-უკრაინული ძალების მხრიდან ფორტიფიკაციების მოწყობა მნიშვნელოვანია - უკანდახევის შემთხვევაში მშვიდობიანად რომ მოახერხონ უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა. ასევე მნიშვნელოვანია საარტილერიო ფარი, რაც მათი უკუსვლის შემთხვევაში უკრაინელებს შეუძლიათ რომ მისცენ.
 
მცირე და მობილური დანაყოფები რადგან მოქმედებენ რუსეთის ტერიტორიაზე ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა პრო-უკრაინული შემტევი ნაწილებისათვის. ისინი სწრაფად მანევრირებენ და ადვილად შეუძლიათ წინსვლაც და უკანდახევაც.
мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати