ქართულ და ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ საზოგადოებაში ლიბერალიზმს წარმოაჩენენ, როგორც ნეგატიური ტერმინის მქონე სალანძღავ სიტყვად და არა პოლიტიკურ იდეოლოგიად, მაშინ, როდესაც ამის მთქმელები, ხშირად, ლიბერალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს თავად იზიარებენ ხოლმე და ქმნიან ერთგვარ პარადოქსს.
ცხადია, ლიბერალიზმი ძალიან ფართო პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ქვე მიმდინარეობას მოიცავს (რითაც ბევრმა ძალამ დაიბრალა/გაიზიარა ლიბერალიზმი) და ყველაფერს ვერ დავფარავ ამ პოსტში, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპებსა და გამოწვევებზე ვისაუბროთ:
- ადამიანი ინდივიდია, თავისი ინდივიდუალური ხედვებით, რომელიც შეიძლება ვიღაცისათვის მიუღებელი და ვიღაცისათვის სასურველი იყოს; ინდივიდუალიზმი ყველა ასპექტში რჩება ინდივიდუალიზმად - შეიძლება დღეს ერთ ასპექტში ორი ინდივიდი თანხმდებოდეს, ხვალ კი, სხვა ასპექტში - აღარ. ავტოკრატიული რეჟიმებისათვის ინდივიდუალიზმი საკმაოდ საშიში მოვლენაა.
- ადამიანებს აქვთ თავისუფლება და შეიძლება ამ თავისუფლებით თავად გადაწყვიტონ ვინ და რა მოსწონდეთ და ვინ არ მოსწონდეთ; თავისუფლება მოიცავს ყველა სფეროს - პოლიტიკიდან დაწყებული, კომპიუტერული ტექნიკით დამთავრებული.
- ადამიანი რაციონალური არსებაა (უნდა იყოს) და თავად, რაციონალური დათვლითა და განსჯით გადაწყვეტს რა არის მისთვის მოცემულ მომენტში სასურველი და რა არა. მაგალითად, იყიდოს ძვირადღირებული ნივთი და იმუშაოს ორჯერ მეტი ამ დანახარჯის ასანაზღაურებლად თუ დაზოგოს ფული ხვალინდელი დღისათვის. ან დაოჯახდეს ანგარებით თუ დაელოდოს ნამდვილ სიყვარულს. ან სულაც სამუშაო დღეს დაიძინოს თუ წავიდეს სამსახურში. ყველა ამ ნაბიჯების უკან ესა თუ ის გათვლა დგას ხოლმე.
- ადამიანებს სხვა ადამიანის აზრების მიმღებლობა აქვთ. ეს არ ნიშნავს რომ აპრიორი პატივს სცემენ სხვის აზრს, მაგრამ მიაჩნიათ რომ სხვისი აზრის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. ანუ, სხვისი აზრის მოსმენა თანდაყოლილია ადამიანის ბუნებისათვის, ხოლო პატივისცემა - ინდივიდუალურად დამსახურებადი.
- ლიბერალიზმი მხარს უჭერს კერძო საკუთრებას. ადამიანი, რომელსაც აქვს კერძო საკუთრება უფრო რაციონალური იქნება ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც არაფერი აღარ აქვს დასაკარგი. ამიტომ, ლიბერალებს სწამთ კერძო საკუთრების, როგორც საზოგადოებრივი სტაბილურობის ერთგვარი გარანტის - თუკი ერთი წაართმევს სხვას კერძო საკუთრებას, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ ეფექტს და შეიძლება ერთხელაც მას წაართვან კერძო საკუთრება;
- რასაც მიაღწევ შენი დამსახურებაა და რაც მოგივა - შენი ბრალია. ეს სოციო-ეკონომიკური მიდგომა მიანიშნებს ფაქტზე, რომ ყველაფერი რაც შენს თავს ხდება შენი გამომუშავებულია. პირიქითაც ასეა ოღონდ - თუკი რაიმე არ გამოვიდა ისიც შენი ბრალია;
- ლიბერალებს კანონის უზენაესობის სწამთ. თუკი სისტემა, რომელშიც მათი ინდივიდუალიზმი, თავისუფლება და კერძო საკუთრება უნდა იყოს დაცული, აუცილებელია კანონი უზენაესობდეს, სხვა შემთხვევაში რა გარანტია აქვთ რომ ვინმე არ მოსპობს იმას, რაც მათია?!
- ლიბერალიზმი სეკულარული სახელმწიფოს მხარდამჭერია - როგორც ეკლესია არ უნდა ჩაერიოს საერო პოლიტიკურ საქმიანობაში (ფუნდამენტალიზმის უარყოფა), ასევე საერო პოლიტიკური წრეები არ უნდა ჩაერიონ საეკლესიო საქმიანობაში (ბიზანტიური პრინციპის უარყოფა).
ცხადია ლიბერალიზმს სერიოზული გამოწვევები აქვს დღეს:
1. ის, ვინც საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებს, ხშირად ძალიან ცოტა აქვთ საერთო ლიბერალიზმთან (ისევე, როგორც თვითგამოცხადებულ კონსერვატორებს კონსერვატიზმთან ხოლმე); ამიტომ, ისინი ლიბერალიზმის თავისებურ გაგებასა და ფორმას ქმნიან, რომელიც ფუნდამენტური ლიბერალიზმის პრინციპებზე აღარ დგას ხოლმე.
2. ლიბერალიზმი სხვისი აზრის გამოხატვის შეზღუდვისათვის რთულად შეიძლება იყოს გამოყენებული, რადგან ეს მიდგომა უფრო მასობრივ და ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილ იდეოლოგიებს ახასიათებთ ხოლმე, ვიდრე ინდივიდუალიზმის მხარდამჭერ ლიბერალიზმს; ამ ფონზე ზოგიერთი ლიბერალი დილემურ კითხვას სვამს: რა ვქნათ, თუკი ლიბერალურ სისტემას ანტილიბერალური ძალა იყენებს იმისათვის, რომ თავად ეს ლიბერალური სისტემა მოსპოს?
3. ზოგიერთი თანამედროვე ლიბერალი ტოლერანტობასა და პატივისცემას შორის ტოლობის ნიშანს სვამს - რაც მცდარია; ტოლერანტობა და თავისუფალი არჩევანი ადამიანის თანდაყოლილი ფორმაა ხოლო პატივისცემა - შეძენადი და დამსახურებადი, ისიც ინდივიდების თვალში და არა საყოველთაოდ. ანუ შეიძლება ერთი ადამიანი ადამიანთა ნაწილში გმირი იყოს, ხოლო მეორე ნაწილში - ანტიგმირი. თუმცა ამავე საზოგადოებაში გმირები და ანტიგმირები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. როგორც კი ერთი სხვას მოსთხოვს რომ აღიაროს გმირად/ანტიგმირად წინააღმდეგ შემთხვევაში მოსპობს მას - ლიბერალიზმის დიდი კრიზისი იწყება.
4. კლასიკური ლიბერალიზმი ინდივიდუალიზმის წინ დაყენების ფონზე ძალიან მკაცრი პოლიტიკური იდეოლოგიაა და ხშირად კოლექტივისტურ და საყოველთაო პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ იდეოლოგიებს (მაგ. კლასიკურ სოციალისტებს და მათ მომხრეებს) ძალიან აშინებთ ის;
5. ლიბერალიზმს ძალიან ბევრი ფორმა გაუჩნდა, რომელთა ნაწილიც ლიბერალიზმის პოლიტიკური შეხედულებების ნაწილს, ხოლო ეკონომიკურს მხოლოდ მინიმალურად (ან საერთოდ არ) იზიარებს. ეს კი ტერმინი "ლიბერალის" გამოყენებას საკმაოდ ბუნდოვანს ხდის.
6. არა ყოველდღიური, მაგრამ ფილოსოფიური გამოწვევა ლიბერალიზმში ღმერთის საკითხია. ლიბერალიზმში რიგი პრინციპები ღმერთის გარეშე რთულად არსებობს, რადგან თუკი ვამბობთ, რომ ადამიანისათვის თავისუფალი ნება, არჩევანი და ნებისმიერი სხვა რამ თანდაყოლილია, ეს ნიშნავს რომ ამ "თანდაყოლილ" თვისებებს წყაროც აქვს. და ეს წყარო თავად ადამიანის მიერ შექმნილი სახელმწიფო და კანონი ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო ადამიანს თან არაფერს აყოლებს გარდა ვალდებულებებისა და უფლებებისა. სახელმწიფოები თავიანთი რეჟიმებიანად იცვლებიან, თანდაყოლილობის პრინციპი კი - რჩება. მეცნიერულად, ადამიანისათვის რომ ღრმა ფილოსოფიური პრინციპები აპრიორი თანდაყოლილია ბიჰევიორისტი ფსიქოლოგიები ძალიან მკაცრად უარყოფენ. ერთადერთი რაც თანდაყოლილობის პრინციპს გაამყარებდა ისეთი ძალის არსებობაა, რომელიც მის (ადამიანის) გამორჩეულობას გაამყარებს. ამიტომაა, რომ კლასიკური ლიბერალიზმის მხარდამჭერთა აბსოლუტურ უმრავლესობას ღმერთი (ან მის მაგივრად ნებისმიერი ბუნების ძალა) არ უარუყვია. დღეს, თანამედროვე ლიბერალები, ღმერთის საკითხზე ნაკლებად მსჯელობენ ხოლმე და ამბობენ, რომ ესეც ინდივიდის შინაგანი რწმენის საკითხია. როგორც არ უნდა იყოს, თავისუფალი ნება და სხვა თანდაყოლილი პრინციპების უარყოფა კი არ მომხდარა, არამედ წინ წამოიწია კიდეც.
7. ამერიკულ პოლიტიკაში, მეტწილად, ლიბერალი უფრო მემარცხენე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება, ხოლო ევროპის უმეტეს ქვეყანაში - მემარჯვენესთან. ასეა თუ ისე ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპები უფრო მემარჯვენეა ვიდრე მემარცხენე.
როგორც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტში მისი მხოლოდ მცირე ნაწილი დავფარე, ლიბერალიზმი საკმაოდ მყარი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის ფუნდამენტურ ფორმასაც, არ მოგეჩვენებათ თუ ვიტყვი, რომ ეკონომიკისა და კანონის უზენაესობის პრინციპებით ყველაზე მეტი საზიარო სწორედ კონსერვატიზმთან აქვს და გარკვეულწილად შეთავსებადია ნაციონალიზმთანაც კი, რომელთან ერთადაც მან ფეოდალიზმი დაამარცხა.
ამიტომაა, რომ ხშირად იდეოლოგიებზე დაფუძნებული სალანძღავი ტერმინები საკმაოდ აცდენილია ხოლმე ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიის ფუნდამენტურ ფორმას და ყოველდღიურ პოლიტიკაში, პოლიტიკოსების მიერ არასწორად გამოიყენება ხოლმე უნებლიედ ან მიზანმიმართულად.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი