USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
გიორგი კობერიძე - აზერბაიჯანი ცდილობს დარჩენილი ყარაბაღის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოაგვაროს და თან ისე, რომ რუსეთმა ვერანაირი მანევრი ვერ შეძლოს
თარიღი:  1097
უკრაინაში რუსეთის აგრესიის წარუმატებლობისა და უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინის ფონზე მნიშვნელოვნად იცვლება რეალობა საქართველოს სამეზობლოში - კერძოდ კი აზერბაიჯანში, ყარაბაღის მიმართულებით.
აზერბაიჯანი ცდილობს დარჩენილი ყარაბაღის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოაგვაროს და თან ისე, რომ რუსეთმა ვერანაირი მანევრი ვერ შეძლოს - უბრალოდ აღარ ექნება ამის რესურსი. ისედაც ყარაბაღში დაახლოებით 2000 რუსი სამხედროა წარმოდგენილი, რომლებიც სამშვიდობო სტატუსს ატარებენ და პირდაპირი ჩარევა საკმაოდ უჭირთ. სიტუაცია ასეთია:
- 2022 წლის დეკემბრიდან სომხეთდან ყარაბაღისაკენ მიმავალი ცენტრალური გზები აღარ მუშაობს. გორისი-ხანკენდის (სომხ. სტეფანაკერტი) მონაკვეთი - ქალაქი შუშას სიახლოვეს - აზერბაიჯანელ დემონსტრანტებს აქვთ გადაკეტილი. რუსული სამშვიდობო მისია ვერაფერს აკეთებს სამოქალაქოების წინააღმდეგ. დემონსტრანტებიდან დაახლოებით 100 მეტრში აზერბაიჯანელი სამხედრო პოზიციებია წარმოდგენილი. დემონსტრანტები ეკოაქტივიზმის სახელით არიან გამოსულები და ითხოვენ ყარაბაღის ტერიტორიაზე ყველა რესურსმოპოვების შეჩერებას. ამას ემატება აზერბაიჯანელთა განცხადებები, რომლის მიხედვითაც სომხეთის გავლით იარაღის შედინება ხდებოდა და მისი აღკვეთაც უნდა განხორციელებულიყო/განხორციელდეს.
- ლაჩინის დერეფნის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილს აზერბაიჯანელები აკონტროლებენ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოდან. აზერბაიჯანმა ალტერნატიული გზა ააშენა სომხეთთან დასაკავშირებლად და ლაჩინის გვერდის ასავლელად მაგრამ მასაც ოფიციალური ბაქო აკონტროლებს. ამჯერად ამ გზაზეც მიმოსვლა შეფერხებულია და საბოლოოდ შუშასთან გადაკეტვის ზონაში წყდება.
- ყველაზე რთული სიტუაციაა სარიბაბა-შუშას მონაკვეთზე [რუკაზე წერტილებითაა მონიშნული]. ბოლო კვირებია პერიოდულად ხდება შეტაკებები როგორც გზის გასწვრივ ისე გზის ჩრდილოეთით, მთიან მონაკვეთში. ამავე პერიმეტრზე რუსი სამხედროებიც პატრულირებენ, თუმცა პრაქტიკულად ნებისმიერი აქტივობისაგან თავს იკავებენ გარდა წერილობითი პოზიციის დაფიქსირებისა, რომლებიც მოვლენების პოსტფაქტუმ შეფასებით ხდება. შეტაკებები განსაკუთრებით აქტიურია სიმაღლეების გასაკონტროლებლად. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე დღეა გარკვეული სიმაღლეების დაკავება შეძლეს რის ფონზეც სარიბაბა-შუშას მონაკვეთზე მიმოსვლა კიდევ უფრო შეზღუდულია, ხოლო ზოგიერთი სომხური სოფელი დეფაქტოდ მოსწყდა ყარაბაღის კონტროლირებად ზონას.
ზოგადი სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ოფიციალური ბაქო ცდილობს ერევნის დარწმუნებას რაც შეიძლება მალე გამოინახოს კომპრომისი ყარაბაღთან დაკავშირებით. ყველაფერს ემატება ისიც, რომ ყარაბაღის გარდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის არანაირი ოფიციალური დემარკირება და დადგენა არ განხორციელებულა. შესაბამისად, ცალკეული მონაკვეთები, მათ შორის საგზაო წერტილებიც კი, რომელიც სომხეთის სამხრეთ პროვინცია სიუნიქზე (აზერბაიჯანელები მას ზანგეზურს უწოდებენ) გადის უშალოდ აზერბაიჯანელთა კონტროლის ზონაშია მოქცეული და პერიოდული დაძაბულობები იჩენს ხოლმე თავს (საბჭოთა კავშირში ეს გზა სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზონიდან რამდენიმე ათეულ მტერში გაიყვანეს). ამას ემატება ვაიოცძორის პროვინციაში (სიუნიქის ჩრდილოეთით მდებარე სომხეთის ტერიტორიული ოლქი) არსებული რეალობაც - 2022 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა გარკვეული მთიანი მასივის დაკავება შეძლეს რომლებიც სომხეთის ქალაქ იერმუკს გადაჰყურებს.
ამ ფონზე ოფიციალურ ერევანს ბევრი არჩევანი აღარ აქვს. რუსეთი სომხეთის ყველაზე არასანდო პარტნიორია, რასაც ერევანში ნელ-ნელა უფრო და უფრო ნათლად ხვდებიან. დაკავებული ყარაბაღი 1994 წლიდანვე სომხეთის რუსეთზე მიბმის წყარო გახდა - მათ ბევრი არჩევანი აღარ ჰქონდათ საგარეო პოლიტიკაში. და დღესაც რუსეთი ამით მანიპულირებს.
ომის განახლების შემთხვევაში არამხოლოდ დარჩენილი ყარაბაღის ბედი შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე არამედ პრობლემები შეიქმნას სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც, რაზეც როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ის მოვლენები მიუთითებს, რომლებიც 2022 წელს განვითარდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. არც ისაა დასავიწყებელი რომ პოლიტიკურ რიტორიკაში სიუნიქზე (ზანგეზურზე) მინიშნებები არ გამქრალა.
ამასთან, უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინისა და მედიის ყურადღების მისკენ მიმართვის ფონზე შესაძლოა აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა ოფიციალურ ერევანზე კიდევ უფრო გაიზარდოს, ხოლო ყარაბაღის მიმართულებით არც ისაა გამორიცხული, რომ ღია, ულტიმატუმის შემცველი სიგნალებიც იყოს გაგზავნილი.
ამ ყველაფრის ფონზე ყველა სცენარი დასაშვებია - პოლიტიკური მოლაპარაკებები და სომხური მოსახლეობისათვის ყარაბაღში უპირობოდ დარჩენის საკითხზე მიღწეული შეთანხმება და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ცნობა ან კიდევ უფრო მძიმე რეალობა - განახლებული კონფლიქტი. თუმცა არის სხვა ვარიანტებიც, მათ შორის ასეთი (რაც ახლა ხდება) ნაბიჯ-ნაბიჯი შეტაკებების გაგრძელება მანამ, სანამ არ მოხდება რომელიმე მხარის გამოფიტვა და დაყოლიება.
ზოგადად, ამ რეალობაში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო დაახლოება კიდევ უფრო გაღრმავდა. ამასთან, თურქეთის მხრიდანაც გაკეთდა მინიშნებები, რომ თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაიჭრება და პოლიტიკური შეთანხმება იქნა მიღწეული ამით სომხეთიც ისარგებლებს - თურქეთის ეკონომიკა გაიხსნება სომხეთისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანმა დაასრულა საგზაო მონაკვეთი სომხეთის სიუნიქის პროვინციამდე, რის გავლითაც საკუთარ ექსკლავთან - ნახიჩევანთან და მისი გავლით თურქეთთან დაკავშირება სურს. ამ გზას აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფანს უწოდებენ და 2020 წლის მოლაპარაკებებისას ცალკე მუხლი დაეთმო მას.
ზოგადი სიტუაცია საკმაოდ რთულია. ცალკეულ მონაკვეთებზე ვითარება ძალიან სწრაფადა ცვალებადი. ამ ფონზე შესაძლოა, რომ წლევანდელი წელი ბევრი რამის შემცვლელი გამოდგეს.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის