USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 5 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  724
- ზაპორიჟიას ოლქში, ველიკა ნოვოსილკას მიმართულებაზე უკრაინული დანაყოფები მეორე დღეა აქტიურ იერიშს აწარმოებენ. ნესკუჩნეში რუსული არმიის ნაწილები ალყის საშიშროების წინაშე არიან. უკრაინულმა მოწინავე დანაყოფებმა სტოროჟევეს მიაღწიეს.
დასავლეთით, უკრაინელებმა ნოვოდარივკას დიდი ნაწილი იგდეს ხელთ. გაწმენდითი ოპერაცია დასახლებულ პუნქტში აქტიურად მიმდინარეობს.
ყველაზე მაღალინტენსიური შეტაკება ველიკა ნოვოსილკას სამხრეთ-აღმოსავლეთით ნოვოდონეცკეში მიმდინარეობს, სადაც რუსებს შედარებით დიდი ძალები ჰყავდათ მობილიზებული. როგორც ჩანს უკრაინელებიც სრულმასშტაბიანად სწორედ ამ დასახლებას უტევენ და დიდი ნაწილზეც კონტროლიც მოიპოვეს. სიტუაციის სიმძიმეზე თავად რუსები საუბრობენ.
შეტევის სამივე წერტილი ერთი მიმართულებაა ზაპორიჟიას ოლქში. თუკი უკრაინელთა იერიშმა ფლანგებიდან სიღრმეში გადაადგილება წარმატებით განახორციელა, შესაძლებელია ველიკა ნოვოსილკასთან მყოფი მთელი რუსული დაჯგუფება იქნას განადგურებული ან ალყაში მოქცეული. მეორე ვარიანტია რომ უკრაინელებმა ვოლნოვახასაკენ გაჭრა სცადონ. ამ უკანასკნელის ნიშანი ისაა, რომ უკრაინელების კიდევ ერთი დაჯგუფება ვულჰედარის სიახლოვესაა გააქტიურებული. ეს გზა ვოლნოვახასაკენ გადაადგილების საშუალებას იძლევა. ვოლნოვახა მარიუპოლის გზაზე ცენტრალური დასახლებაა.
როგორც და რაც არ უნდა იყოს მიზანი ამ ყველაფრის წარმატებით განსახორციელებლად უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის ღრმად გარღვევაა საჭირო. ჯერჯერობით მოვლენების საწყის ფაზაში ვიმყოფებით. ამასთან, არანაირი მანიშნებელი არ არსებობს გვაქვს თუ არა ცენტრალურ შეტევასთან საქმე. ზაპორიჟიას ამ ნაწილში დაწყებული იერიში შესაძლოა იყოს დამხმარე და არა ცენტრალური ან სულაც შეიარაღებული დაზვერვა.
ამავე პირობებში, რუსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინული დივერსიული ჯგუფები ზაპორიჟიას ოლქში საკმაოდ ღრმად იყვნენ გადასროლილი და საჭიროებისთანავე ზურგში დაარტყან რუსულ პოზიციებს. ამ ფონზე რუსული FSB-ს დანაყოფები შევიდნენ მელიტოპოლში და და ცდილობენ ზაპორიჟიაში უშიშროების ღონისძიებების განხორციელებას.
და საბოლოოდ, არც ისაა დასავიწყებელი, რომ, ფრონტის ხაზის საკმაოდ დიდი ნაწილი დანაღმულია. შესაბამისად, სიღრმეში გადაადგილება რამდენად სწრაფად შეიძლება განახორციელონ უკრაინულმა ნაწილებმა ჯერ არაა ცნობილი.
- უკრაინული კონტრიერიში ბახმუტის მიმართულებით კიდევ უფრო მასირებული გახდა. უკრაინელებმა ბერხივკაში შეაღწიეს. დასახლება ზედ ბახმუტის თავზე მდებარეობს და ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. "ვაგნერი" რუსულ არმიას მოქმედებებისაკენ მოუწოდებს და ბერხივკას უკრაინელთა ხელში გადასვლის შემთხვევაში ბახმუტში რუსული პოზიციების ჩამოშლას ვარაუდობს. არაა ეს მოლოდინი რეალობისაგან შორს, რადგან ბერხივკა არამხოლოდ ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას აყენებს საფრთხის ქვეშ, არამედ კიდევ უფრო ჩრდილოეთით გაჭრილ რუსებსაც, რომელთა ეფექტური მომარაგებაც სწორედ ბერხივკას სიახლოვეს გამავალი მაგისტრალით ხდება.
ამასთან, უკრაინული შემტევი ძალების ავანგარდი კრასნა ჰორას სიახლოვესაც გამოჩნდა. თუკი მისი გათავსიუფლება უკრაინელებმა შეძლეს ეს ბახმუტის რუსულ დაჯგუფებას ალყასაც კი უქადის, მით უფრო რომ ქალაქის სამხრეთიდან უკრაინული იერიში გრძელდება.
- ამ ფონზე ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის 72-ე ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი დაატყვევა. დიახ, "ვაგნერმა" რუსეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცერი იგდო ხელთ. "ვაგნერი" მის დანაყოფს ბახმუტიდან გასასვლელი გზის დანაღმვაში და "ვაგნერის" წინააღმდეგ საბოტაჟში დებს ბრალს. მაგრამ კომედია აქ არ მთავრდება. პრო-უკრაინული "რუს მოხალისეთა კორპუსის" მეთაურობამ პრიგოჟინს შეუთვალა ბელგოროდის ოლქში აყვანილ ტყვეებში გაუცვალონ პოლკოვნიკი. ანუ: 1. რუსეთში კანონით აკრძალული რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია "ვაგნერი" რუსული არმიის მაღალჩინოსანს აკავებს საბოტაჟის ბრალდებით; 2. რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი პრო-უკრაინული რუსული დაყოფები მიმართავენ პრიგოჟინს გაუცვალონ ეს მაღალჩინოსანი იმ ტყვეებში, რომლებიც მათ რუსეთში დაატყვევეს. 3. ამასობაში რუსული არმიის სარდლობა დუმს.
- პრო-უკრაინული "რუს მოხალისეთა კორპუსი" და "თავისუფალი რუსეთის ლეგიონი" რუსეთის ბელგოროდის ტერიტორიაზე წარმატებით აგრძელებენ შეტევას. მათ, უკრაინული არტილერიის დახმარებით, შებეკინოსაკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონის ნაწილის განადგურება შეძლეს. მომრავლდა რუსი ტყვეების რაოდენობაც, რომელთა დიდი ნაწილი მობილიზებული რუსი სამხედროა. პრაქტიკულად ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები რუსეთს უკრაინაში ჰყავს გადასროლილი, რის გამოც სიტუაციის კონტროლი ბელგოროდის ოლქში ძალიან უჭირს. ამასთან, დღეს ნოვა ტავოლჟანკა გახდა პირველი დასახლებული პუნქტი რომელიც თითქმის სრულად დაკავებულია პრო-უკრაინული ძალების მიერ და რომელზეც კრემლმა დაკარგა კონტროლი (ვიდეო კომენტარებში).
- ინტენსიურად იბომბება მარიუპოლი და ბერდიანსკი. დაახლოებით ათი დღეა ორივე ქალაქში რუსულ პოზიციებზე ფრთოსანი რაკეტები და თვითგანადურებადი დრონები ცვივა.
- იბომბება რუსეთის ბრიანსკის ოლქიც. რეალურად, ბრიანსკის ოლქის დაცვა რუსეთისათვის კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი იქნება, რადგან ის უკრაინის მიმდინარე საბრძოლო წერტილებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და რუსული არმიისათვის მაღალპრიორიტეტულ წერტილს არ წარმოადგენდა. მარტში პრო-უკრაინულმა ძალებმა პირველად სწორედ ბრიანსკის ოლქში განახორციელეს წარმატებული შეტევა. ახლა რთული სათქმელია რამდენად დაიწყება ქვეითი ნაწილების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ ბოლო კვირებია კურსკთან და ბელგოროდთან ერთად, ბრიანსკის ოლქი გახშირებული საარტილერიო დარტყმების სამიზნეა.
ზოგადი მდგომარეობა:
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით უკრაინული შეტევის განვითარების შესახებ, უკრაინული წყაროები დუმილს ინარჩუნებენ. ძირითადად, რუსები საუბრობენ ამ თემაზე.
tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way