USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Тбилиси
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 3 ივლისის შეჯამება უკრაინაში
дата:  728

- საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე, რობოტინეს მიმართულებით. პრაქტიკულად, თუკი თავდაცვის ძირითად ზღუდეს არ ჩავთვლით რუსული წინააღმდეგობის უმთავრეს კერად რჩება აღნიშნული დასახლება. მისი გათავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რობოტინეს სექტორი ყველაზე შემაღლებული ტერიტორიაა მთელს მონაკვეთზე.

გუშინდლიდან მიმდინარეობს დასახლების შემოვლის მცდეობა. მაგრამ ამ მიმართულებითაც წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია. უკრაინელებმა შეძლეს და ყველა ის მონაკვეთი გაათავისუფლეს, სადაც ივნისის განმავლობაში რამდენიმე "ლეოპარდ 2" ტანკი დაკარგეს. ამასთან, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული მეტრით მოძრაობს ფრონტის ხაზი და ე.წ. ნაცრისფერი ზონისა და No Man's Land-ის (ტერიტორია, რომელსაც არავინ არ აკონტროლებს) მოცულობა იზრდება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსები ზოგიერთი მონაკვეთიდან საკმაოდ სიღრმეში მიიწევენ, უკრაინელები სწრაფად ვერ ითვისებენ ამ ტერიტორიას, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ დანაღმულია. განაღმვითი მუშაობა კი მიმდინარეობს.

ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს უკრაინას:

  1. კონტრ-ბატარეულ ბრძოლაში ხელშესახები წარმატება - რუსული არტილერია საიდანაც ისვრის იმ მონაკვეთების დადგენა და მოწინააღმდეგის ამ პოზიციის განადგურება;
  2. შორეული დანაღმვითი სამუშაოების გაწევის შესაძლებლობა - არტილერიიდან ისვრიან ნაღმებს მოწინააღმდეგის ზურგში. შესაბამისად, როდესაც მომარაგების ხაზზე რუსული ლოჯისტიკა ან დამხმარე ნაწილები გადაადგილდებიან ხვდებიან იმ დანაღმულ მონაკვეთზე, რომელსაც თავად აკონტროლებენ, მაგრამ უკრაინელებს დისტანციურად აქვთ დანაღმული.

ამასთან, ბოლო 48 საათია უკრაინელები ცდილობენ რობოტინეს ირგვლივაც გაშალონ შეტევა და გააფართოონ მონაკვეთი, რათა რუსებს სხვადასხვა პოზიციის ერთიანი დაცვა და გაშლა მოუწიოთ.

რობოტინეს გარდა უკრაინელები ინტენსიურად უტევენ კოპანის სიახლოვეს. დღეს, ამავე მონაკვეთზე რუსული შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული. მოგახსენებთ, რომ სწორედ შვეულმფრენების ეფექტური გამოყენებით რუსები ახერხებენ უკრაინელთათვის დიდი დარტყმის მიყენებას. შესაბამისად, თითოეული მათგანის ჩამოგდება კრიტიკული მნიშვნელობისაა.

- ზაპორიჟიას ოლქში, ინტენსიურად იბომბება რუსული პოზიციები ვასილივკასთან, მდინარე დნეპრის მომიჯნავედ. ზოგადად, რუსები უკრაინელთა დარტყმას სწორედ ამ ქალაქზე ელიან.

- ბრძოლა ანტონოვის ხიდის აღმოსავლეთ ნაპირთან გრძელდება. რუსების ყველა მცდელობა გაენეიტრალებინათ უკრაინული დესანტი და ფორპოსტი დაჩების მიმართულებით - წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელებმა შეძლეს და შეინარჩუნეს მონაკვეთი. მიუხედავად ამისა, აშკარაა აქ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ასე მარტივად არ შენელდება. ერთ-ერთი არჩევანი, რაც რუსებს კონტრიერიშის გარდა აქვთ ესაა ოლეშკისა და მდინარე კონკას შორის ხიდის აფეთქებისა. თუმცა მდინარე კონკა უფრო ადვილი გადასალახია ვიდრე დნეპრი.

- რუსებმა ქალაქი სუმი დაბომბეს. ირანული წარმოშობის რუსული დრონი ზედ დაეცა საცხოვრებელ სახლს. არის მსხვერპლი. ომი თითქმის 500 დღეა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად ვხედავთ რომ რუსული ტაქტიკა რჩება იმად, რაც იყო ომის პირველივე დღეს - განადგურდეს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაშინდეს ის და მთავრობას სთხოვოს დანებება. რუსეთი ფიქრობს, რომ დაშინებითა და ტერორით უკრაინელთა ბრძოლის ნება გატყდება.

- დღეს პრეზიდენტი ზელენსკის ინტერვიუ გავრცელდა CNN-თან. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მაშინ ჩათვლის ომს გამარჯვებულად, როდესაც ისინი ყირიმს დაიბრუნებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსთან აქტიური კონტაქტი აქვს. რეალურად, დაზვერვის მხრივ უკრაინამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე რუსეთმა, რადგან პრაქტიკულად უკრაინული და ამერიკული დაზვერვა ერთად მუშაობს და ტექნოლოგიური უპირატესობაც მათ მხარესაა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში დაზვერვამ პოლიტიკური დატვირთვა მიიღო, ანუ პოლიტიკურ ფილტრში ტარდება მიღებული ინფორმაცია.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати