- რუსულ ტელეგრამის არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა ლუგანსკის რაიონის ოკუპირებულ ქალაქ კრემინაში. რუსული დიდი სამხედრო შეჯგუფება იქნა განადგურებული HIMARS-ით სარაკეტო დაბომბვის შემდეგ. ერთ-ერთი ვერსიით არმიის თავყრილობა მძიმე ტექნიკასთან ერთად რუსული არმიის მხრიდან უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმას ემსახურებოდა. შესაბამისად უკრაინელების მხრიდან პრევენციული დარტყმით არამხოლოდ ათობით რუსი სამხედრო იქნა განეიტრალებული, არამედ ძვირფასი მძიმე ტექნიკაც კი. მაგრამ არსებობს სხვაგვარი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც რუსმა გენერალმა ძალის დემონსტრირებისათვის შეყარა რუსული დანაყოფები და მძიმე ტექნიკა ამ მიმართულებით და შემდგომ მოხდა მათი განადგურება. ეს ვერსია ალბათ უფრო ნაკლებ დასაჯერებელი იქნებოდა, რომ არ გვენახა რუსული არმიის მხრიდან აქამდე ჩადენილი ბევრი გაუგონარი შეცდომა. როგორც არ უნდა იყოს, კრემინაში საარტილერიო დარტყმის შემდეგ რუსულ არმიაში მსხვერპლი დიდია.
ზოგადად, როგორც ცნობილია, კრემინა წარმოადგენს სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს ლუგანსკის ოლქში. კრემინას სამხრეთით სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და ლისიჩანსკია. უშალოდ კრემინაში რუსული საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი ცენტრია განთავსებული.
- დღეს საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გავრცელდა ინფორმაცია კადიროვის პირადი დასაყრდენის ადამ დელიმხანოვის მოკვლის შესახებ. ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტებმა საკმაოდ ცინიკურ ვითარებაში აიტაცეს და ხუმრობდნენ ჩვენ ვერ ვპოულობთ და ალბათ უკრაინის დაზვერვას ეცოდინება სად არის ადამ დელიმხანოვიო. სავარაუდოდ, თავიდანვე მიზანმიმართულად გავრცელდა ეს ინფორმაცია რათა შემდგომ პრო-უკრაინული წყაროების დისკრედიტაცია მომხდარიყო, როგორც ტყუილის გამავრცელებლისა. მაგრამ არაა ცნობილი სრულიად დეზინფორმაცია გახლავთ დელიმხანოვთან დაკავშირებული ამბები თუ რუხი ანუ შერეული პროპაგანდა. იმ ფონზე რომ ზაპორიჟიას ოლქის სანაპირო ზოლს - ბერდიანკსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებს - უკრაინელები ინტენსიურად ბომბავენ და იერიშების სამიზნეები არარეგულარული ნაწილებიც ხდებიან ხოლმე, სრულიად შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ასეთი დაბომბვისას დაჭრილიყო კიდეც ან კადიროველი ან ნებისმიერი სხვა ვინმე.
- ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, 9-11 ივნისს გათავისუფლებული ტერიტორიების შემდეგ უკრაინელები ძალიან ნელა მაგრამ მაინც აგრძელებენ გადაადგილებას სამხრეთით, რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზების წინააღმდეგ. უკვე დაიწყო ინტენსიური საარტილერიო იერიშები ოკუპირებული პოზიციების მიმართულებით სტარომლინივკას მიმართულებით, რომლის შემდეგაც რუსული თავდაცვის ძირითადი ხაზია განთავსებული.
- სამხრეთში წვიმს. უკრაინელებს ეს დღეების ინტენსიური შეტევის საშუალება არ ჰქონდათ. ცუდი ამინდი ყველაფერს ართულებს. სამაგიეროდ წვიმებმა დააზარალა რუსული ფრენებიც. მოიერიშე ავიაციას სამხრეთში უჭირდა ფრენა, ხოლო ასეთ პირობებში ყველა კონტრშეტევის მცდელობა რუსეთის მხრიდან (რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში ყოველდღიურად რამდენჯერმე იყო ნაცადი) წარუმატებლად დასრულდა.
წვიმამ დააზარალა რუსეთის სანაპირო ზოლიც. ქალაქი სოჭი დაიტბორა. მდინარეების ადიდებამ მანქანები და საყოფაცხოვრებო სივრცეც დააზიანა. უკრაინელები ხუმრობდნენ რომ არის ბუნების ერთგვარი შურისძიება რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც კაშხლის აფეთქების შემდეგ ასობით სახლი მოსპო და ასობით ცხოველი თუ თევზი გაანადგურა.
- რუსები ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს. ბოლო 24 საათში დაიბომბა ოდესა, კრივიი რიჰი (კრივოი როგი), კრამატორსკი და კოსტიანტინივკა. არცერთი იერიშის შედეგად სამხედრო ობიექტი არ იქნა განადგურებული. ყოველთვის რუსულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. მაგრამ ეს ერთგვარად სხვა ინდიკატორიცაა - რუსები ხვდებიან რომ კიევზე განმეორებით იერიშებს დიდი აზრი არ აქვს და უშედეგოა და სავარაუდოდ ფიქრობენ რომ სხვადასხვა ქალაქებზე დარტყმა უფრო გონივრული იქნება. ტერორიზმის ლოგიკა ყოველთვის მეტ მსხვერპლზე და დაშინებაზეა ხოლმე მიმართული. ამ შემთხვევაშიც იმავეს ვხედავთ ჩვენ.
- აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში. ჩრდილოეთით, სლავიანსკის გზისაკენ მიმავალი ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი უკრაინული ლოკალური კონტრიერიშებით თავისუფლდება. ეს საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა. როგორც ჩანს რუსულ არმიას არ აქვს საკმარისი რესურსი ეფექტურად დაიცვას ჯერ კიდევ გაუმაგრებელი ბახმუტის შემოგარენი. იქ ხომ იერიშებს სულ რამდენიმე კვირაა რაც მორჩნენ და მისი გამაგრება ვერ მოასწრეს. ამასთან, ბახმუტის სიახლოვეს უკრაინელებმა დღეს ორ რუსულ მოიერიშეს მოარტყეს. ერთ-ერთი ჩამოვარდა, მეორე დაზიანდა.
- სარაკეტო იერიშები ოკუპირებული აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ ბერდიანსკის მიმართულებით ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. რუსებს იქ ძალიან ბევრი სამხედრო ობიექტი აქვთ განთავსებული. პრაქტიკულად, ბერდიანსკზე მიტანილი თითოეული იერიშის შედეგად რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი ზარალი ადგება. უკრაინელები ხუმრობენ კიდეც, რომ ბერდიანსკზე იერიშები ჩერნობაევკას აეროპორტზე იერიშებს ემსგავსებაო. შეგახსენებთ, რომ ხერსონის აეროპორტ ჩერნობაევკასთან განთავსებულ რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ძალებს უკრაინელებმა რამდენიმე ათეულჯერ მიაყენეს დარტყმა. ტექნიკისა და რუსული არმიის სასაფლაოდ იქცა იქაურობა.
- საინტერესოა, რომ კახოვკას აფეთქებული კაშხლის ჩრდილოეთით (ანუ აფეთქების ზონის ჩრდილოეთით, მდინარის სათავისაკენ და არა ზღვისაკენ, საითაც მდინარე მიემართება), მდინარე დნეპრმა კლება დაიწყო. ეს კი უმნიშვნელო მოვლენა არ გახლავთ. შეიძლება რუსებმა შეზღუდეს უკრაინელთა ფორსირება კახოვკას სამხრეთით, მაგრამ შესაძლოა უკრაინელთა მხრიდან შესაძლებელი გახდეს მდინარის გადალახვა მის ჩრდილოეთით. აქ კი ისეთი სტრატეგიული ობიექტი მდებარეობს, როგორც ენერჰოდარის ატომური ელექტროსადგურია.
- ძალიან საინტერესო კომენტარი ჰქონდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამერიკელ ელჩებთან შეხვედრისას. მან განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამყარებული პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგი აღარ არსებობს. ახლა მოვიდა დრო, როდესაც ცივილიზებულმა სამყარომ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას დაიწყოს მუშაობა, რომელიც უფრო მეტად იქნება სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობასა და თანამონაწილეობაზე ორიენტირებული და რომ ავტოკრატიების მარცხი რეალურ ფაქტად უნდა დადგეს. ეს კი იმაზე სერიოზული განცხადებებია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად დიდი გლობალური კატაკლიზმის წინაშე ვდგავართ, რომლის ერთ მხარესაც მსოფლიო წესრიგის გამანადგურებელი ძალა - რუსეთი და მისი მოკავშირეები დგანან, ხოლო მეორე მხარეს ცივილიზებული სამყარო. 1990-ან წლებში დასავლეთმა პოზიტიური მოლოდინითა და რუსეთთან მიმართებით თავისი პოლიტიკური თვლემის რეჟიმში ყოფნით კრემლს საშუალება მისცა გაძლიერებულიყო. ახლა კი ეს ყველაფერი იცვლება. ნათელია რომ ავტოკრატიებს ხისტად უნდა ესაუბრო, რადგან რეჟიმი რომელიც საკუთარ მოქალაქეს სრესს ის სხვას არავის დაინდობს.