USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 10 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  554
- სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქში უკრაინული კონტრშეტევა გრძელდება. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით ზოგან თავდაცვის პირველი ხაზიც კია გარღვეული, მაგრამ სხვა ადგილებში რუსებმა შეძლეს პოზიციების შენარჩუნება.
 
საინტერესოა რომ უკრაინელებმა სამდღიანი გარდამავალი ბრძოლისა და ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ დასახლება ლობკოვეს გათავისუფლება კვლავ შეძლეს ვასილივკას სიახლოვეს. ოხირივი-ტოკმაკის მონაკვეთზე კი ათზე მეტი კილომეტრის სიგანის მონაკვეთზე 1-4 კილომეტრით მოხერხდა სიღრმეში შეღწევა. აქ მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაკავებაა, რომელთა ნაწილი რობოტინესა და კოპანზე (და მათ ირგვლივ) გადის. ჯერჯერობით ორივე დასახლების სიახლოვეს მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები. თუკი მათ გათავისუფლებას უკრაინელები შეძლებენ მაშინ რუსული თავდაცვა უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ვიდრე ახლაა.
 
მსგავსი სიტუაციაა ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით. აქ უკრაინელები ნესკუჩნეს, ნოვოდარივკას, ნოვოდონეცკეს მიმართულებით ახორციელებენ იერიშებს. უცნობია ეს დასახლებები ვის ხელშია. თუმცა მანამდე რუსები აცხადებდნენ, რომ ვუჰლედარისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ნოვოდონეცკეს შენარჩუნება შეძლეს.
 
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლოჰისა და მისი შემოგარენის წინააღმდეგ უკრაინული არტილერია პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში აქტიურობს. ასეთივე სიხშირით იბომბება ტოკმაკიც. წუხელ რუსები წერდნენ, რომ პოლოჰისაკენ გადაადგილებას ცდილობენ უკრაინელებიო, მაგრამ არანაირი სხვა ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს, მით უფრო თუ როგორ განვითარდა ის.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ფრონტიდან სიღრმეში მუშაობენ უკრაინელი პარტიზანები და დივერსიული ჯგუფები. ისინი უკვე არამხოლოდ კოლაბორაციონისტებსა და ქალაქებში ბაზირებულ რუს სამხედროებს იღებენ სამიზნედ არამედ სამხედრო მომარაგების კრიტიკულ ხაზებსა და სუსტ წერტილებსაც.
 
მიუხედავად ფრონტის ხაზზე რამდენიმე წერტილში ერთდროული აქტიურობისა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელები დიდი ძალებით არ უტევენ არსად და ზოგადი მასშტაბიც არაა ძალიან მაღალი. ეს კი ქმნის ვარაუდს, რომ ზაპორიჟიას ოლქი შესაძლოა არც კი იყოს შეტევის ძირითადი მიმართულება ან უკრაინელები ელოდებიან წარმატებულ გარღვევას რომ მასშტაბი სწორედ ამ წერტილს მიმართონ. რთულია პროგნოზი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სინამდვილე, მოსალოდნელია რომ სხვადასხვა მიმართულებების გააქტიურება მაინც ვიხილოთ.
[რუკაზე მაქსიმალურად დეტალურად დავიტანე გზები და თუ რომელი დიდი დასახლების აღების შემთხვევაში რა მიმართულებით შეიძლება გაიხსნას გზა როგორც ზაპორიჟიას ოლქში ისე დონეცკში]
 
- ბოლო 48 საათია უკრაინული ფრთოსანი რაკეტები ხერსონის ოლქის იმ ნაწილში კვლავ აქტიურია, რომელიც ყირიმს ემიჯნება. სამიზნეები რუსულ სამეთაურო შტაბები და ყაზარმებია. მათ შორისაა ჰენიჩესკი და ყირიმთან დამაკავშირებელი ცელა (ვიწრო, რიყის ქვებისაგან შემდგარი ნახევარკუნძული, რომელზეც გზა გადის).
 
- რუსებმა წუხელ პოლტავას ოლქში მირჰოროდის აეროპორტზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე უკრაინული სუ 27-ები იყო. არსებული ინფორმაციით დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მაგრამ არა თვითმფრინავები (რომლებიც დიდი ალბათობით არც კი იმყოფებოდნენ იქ).
 
- აქტიურია ბახმუტის მიმართულებაც. უკრაინელები არამხოლოდ ფლანგებიდან უტევენ ბახმუტის ირგვლივ სიმაღლეებსა და მნიშვნელოვან სასანგრე პოზიციებს, არამედ სლავიანსკისაკენ მიმავალი გზის პერიმეტრზეც გააქტიურდნენ და უკან ახევინებენ იანვარ-აპრილში წაწეულ რუსულ ნაწილებს. საბრძოლო მოქმედებებშია ჩაბმული "აზოვიც". ამასთან, დღესვე რუსული იარაღის საწყობი დაიბომბა სოლედარში, რასაც აფეთქება მოჰყვა.
 
- ხერსონის ოლქში კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ მდინარემ რუსი სამხედროების გვამებიც გამორიყა, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა გასწირეს და გაუფრთხილებლად მიატოვეს დნეპრზე არსებულ კუნძულებსა და სანაპირო ზოლზე. იმის შიშით, რომ უკრაინელების მხრიდან მდინარის ფორსირება არ მომხდარიყო ყველაფერი გააკეთეს რუსებმა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კახოვკას ჩრდილოეთით დნეპრის დონე ნელ-ნელა იწევს დაბლა. შესაძლოა ნიკოპოლი-ენერჰოდარის ზონაში (ეს ქალაქები მდინარის სხვადასხვა სანაპიროზე თითქმის ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს) წყალმა საკმაოდ მალე დაიკლოს. ეს კი რუსებისათვის რამდენად კარგი ამბავია არაა ცნობილი.
 
- რუსი პროპაგანდისტები სერიოზულად განიხილავენ კიევის მომიჯნავედ არსებული წყალსაცავისა და კაშხლის აფეთქების იდეას. ისინი ამბობენ, რომ რუსეთს თუკი რაიმე კაშხლის აფეთქება მოაგებინებდა ომს ეს კიევის კაშხალია. ამბობენ - რადგან არ ავაფეთქეთ ის ესე იგი კახოვკას აფეთქების ინტერესიც არ გვქონიაო. არადა უბრალოდ ვერ შეძლეს მისი დაკავება და დანაღმვა თავის დროზე თორემ ამ წყალსაცავსაც მძევლად აქცევდნენ როგორც ენერჰოდარის ატომური ელექტროსადგური და კახოვკას ჰესი ჰქონდათ/აქვთ. ამასთან, კაშხალი შიგნიდან ფეთქდება და გარედან დარტყმები ბევრს ვერაფერს შეცვლის და ის ადგილზე დანაღმვით შეიძლება იქნას დაზიანებული როგორც ეს კახოვკას კაშხალს უქნეს. მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა კიევის წყალსაცავის სიახლოვეს დაცვა გააძლიერეს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way