USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
გიორგი გახარია - „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მარტო დატოვება ნიშნავს, რომ რაღაცას იმაიმუნებენ, ვიცი, ეგენი როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს
дата:  596
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრა ისნის რაიონიდან დაიწყო.
გიორგი გახარია მოსახლეობას პარტია „საქართველოსთვის“ თბილისში ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დავით გოგიძესთან და პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სიის წევრთან - ტატა ხვედელიანთან ერთად შეხვდა.
„ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია - მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, განათლება აქ მივიღე და ყველაფერი ამ ქალაქთან არის დაკავშირებული.“ - მიმართა გიორგი გახარიამ ისნის მოსახლეობას.
„ჩვენ რასაც ვამბობთ - იმას ვაკეთებთ. ტყუილებს არ ვპირდებით ადამიანებს და ამით არც ჩვენს თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას და არც სხვას. რაც არ არის გაკეთებადი, იმაზე ვიტყვით რომ არ არის გაკეთებადი. თქვენ მე მიცნობთ - მე შეცდომებიც ბევრი დამიშვია, საქმეც ბევრი გამიკეთებია - მაგრამ ყოველთვის რაც მითქვამს ის გამიკეთებია და ვიცოდი რას ვემსახურებოდი, პარტიას და ვიღაც ადამიანებს კი არ ვემსახურებოდი - ქვეყანას და სახელმწიფოს ვემსახურებოდი და ესე გავაგრძელებ თბილისშიც და საქართველოშიც! ეს არის მთავარი, თორემ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ პარტიის და კიდე ვიღაცის მსახურება არის ცხოვრების თვითმიზანი - არა, ცხოვრების მიზანი ქვეყანა და სახელმწიფოა.ჩემთვის ასე იყო, მე ასე მასწავლიდნენ და ასე ვიზრდებოდი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მოსახლეობასთან თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების მიზეზებზეც ისაუბრა.
„ახლა ბევრს ჰგონია კაცი ამხელა პრემიერი ვიყავი რა მერობა...მაგრამ ახლა ის დროა როცა, აი წარმოიდგინეთ, ჩვენი პარტიის ბევრი წარმომადგენელი ზოგი მერად იყრის კენჭს, ზოგი დეპუტატად და ამ ხალხს დასდევენ, აშინებენ, ემუქრებიან, მათი ოჯახის წევრებს სამსახურიდან უშვებენ და მე ვერ დავიმალებოდი, ვარ იქ, სადაც ყველაზე ეპიცენტრია და სადაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნებია. და რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ამ არჩევნებს სერიოზული პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„თუ ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება და კანონი კანონი არ იქნება ყველასთვის - არაფერი არ იქნება - იქნება ფუჭი დაპირებები. მთავარი არის, რომ წესრიგი იყოს, სამართლიანობის განცდა იყოს, ადამიანებს ესმოდეთ, რომ ღირსების შესაბამისად კვალიფიცირებული ადამიანები ხდებიან და წინაურდებიან ცხოვრებაში. სხვანაირად სამართლიანობის შეგრძნება არ იქნება. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ძლიერი სახელმწიფო და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ღირსეულად იცხოვროს და ღირსეულად არჩინოს ოჯახი. არაფერი კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არ არის. ახლა წლებია ერთი და იმავე წრეზე დავდივართ და ახლა ეს უნდა დავამთავროთ. დავიღალეთ უკვე ერთი და იგივე სახეების ყურებით - ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გაიხსნან გზა პოლიტიკაში.“ - განაცხადა გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ოცნების ძალაუფლება პროპორციული უნდა იყოს ხალხის იმ მხარდაჭერის, რომელიც მას აქვს.
„ამ ქვეყანაში ყოველთვის ისე იყო, რომ გამარჯვებული პარტია და ძალა თავს ვალდებულად თვლიდა დამარცხებული გაენადგურებინა ბოლომდე, და ზედ ისიც უნდა მიეყოლებინა, რაც მან გააკეთა. ეს დასამთავრებელია! არავინ არ ამბობს, რომ ოცნება უნდა გაქრეს და განადგურდეს, არავინ არ ამბობს ამას - მაგრამ მისი ძალაუფლება უნდა შეესაბამებოდეს ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ მეტი არაფერი არ გვინდა. და ცოტა გონზე უნდა მოეგონ, იმიტომ რომ ეს ამდენი ტყუილები, თვალთმაქცობა... საერთოდ ეჭვი შევიტანე ამ ადამიანების, ზოგიერთი მათგანის გონიერებაში.“- განაცხადა გიორგი გახარიამ
„ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვინც ჩვენთან არ არისო და განსხვავებული აზრი აქვსო - ჩვენი მტერიაო. მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ვინც ჩვენი მტერია ის ქვეყნის მტერიც არისო. ჩვეულებრივი ტოტალიტარული აზროვნების ელემენტარული ლოგიკა დაალაგეს. შეუძლებელია ასე! არ შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ მან აი ამ ქვეყნის მოქალაქეზე უკეთესად იცის, ამდენ - სამ მილიონ ადამიანზე უკეთესად იცის რა არის ჩვენთვის კარგი და რა არის ცუდი. მე ეს არასოდეს არ მიკადრია, არასოდეს! მე როგორ ჩავთვლიდი, რომ ჩემი ცოდნა ან აზრი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, ვიდრე ამდენი ადამიანის.“ - განაცხადა გახარიამ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას „რეალობისგან მოწყვეტილი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მარტო დატოვება ნიშნავს, რომ ისინი საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანდებიან.
„მშვიდად, ისტერიკის გარეშე, არავინ არ უნდა ვლანძღოთ, წყნარად უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მათ ობიექტურად შეიგრძნონ მათი ძალაუფლება რამხელაა. კი არ უნდა გაქრნენ და კი არ უნდა განადგურდნენ - რა თქმა უნდა იყვნენ. ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, ბევრი. ისიც ხომ ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წლამდე რაც იყო - იმის დაბრუნებაც არ გვინდა. მაგრამ ახლა მართლა გეუბნებით, რომ ახლა რომ ვუყურებ უკვე ზღვარი იშლება... რა მნიშვნელობა აქვს იმავე მეთოდებს თავად გამოიყენებენ, თუ თავისი ბოდიში უსუსურობით მოიყვანენ და პირდაპირ მიშას დაგვასვამენ თავზე. სხვაობა რა არის?! ჩვენთვის არაფერია სხვაობა... ამიტომ ვთქვი, რომ ამათი მარტო დატოვება აღარ შეიძლება, შეუძლებელია უბრალოდ - ესენი სულ მალე, აი ასე გაერთიანდებიან ძალიან კარგად. იქ რაღაცას „იმაიმუნებენ“, რაღაც ზღაპრებს, სპექტაკლებს დაგვიდგამენ, მაგრამ სინამდვილეში... მე ხომ ვიცი ეგენი როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს.“
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ამომრჩევლებთან მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დროს პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარი ხმების დაცვა ერთმანეთთან შეთანხმებული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისაგან“ მოუწევს.
„ერთი რამე უნდა იცოდეთ - ჩვენი მთავარი პრობლემა არჩევნების დროს იქნება როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები ოცნებისგან და ნაციონალური მოძრაობისგან. ოღონდ ჩვენ მაქსიმალურად დაგვაზიანონ, ისინი შეთანხმდებიან და ეს შეთანხმება უკვე დაწყებულია. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати