USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Tbilisi
გიორგი დარბაიძე - გერმანიაში მოღვაწე საოპერო მომღერალი
Date:  1374
გერმანიაში 2009 წელს ჩამოვედი. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მოწვევა მივიღე გერმანიის სააგენტოდან. მაშინ ეს იყო თვითრეალიზების საუკეთესო შანსი, რომელიც შეძლებისდაგვარად გამოვიყენე. 100-ზე მეტ საოპერო დადგმაში მივიღე მონაწილეობა, გუნდის, მცირე სოლო, საშუალო სოლო თუ მთავარი პარტიებით. გამოვყოფდი ავსტრიაში დადგმულ “დონ ჯოვანის”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი - ლეპორელო შევასრულე. ასევე, დაუვიწყარი იყო ჩემი პირველი მთავარი როლი მოცარტის “ჯადოსნურ ფლეიტაში”.
 
სპექტაკლების გარდა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს საკონცერტო გამოსვლები. ჩემი პრინციპი ასეთია, ერთი მსმენელისთვისაც ისე უნდა დაიხარჯო, როგორც სავსე დარბაზისთვის. მუსიკა და საოპერო ხელოვნების სამყარო ჩემი ცხოვრებისეული არჩევანია. გერმანიაში საკანონმდებლო დონეზე ზრუნავენ საოპერო თეატრის მომღერლების და ბალეტის მოცეკვავეების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
 
ასევე მათ იცავთ პროფკავშირების სისტემა. ჰანოვერის ოპერაში 2016 წლიდან ვარ პროფკავშირის (VDO) არჩეული ხელმძღვანელი. პანდემიის დროს, ამ ორგანიზაციის დახმარებით, სოციალურ საკითხებში, თეატრის თანამშრომლებისთვის 100%-იან სტატუსქვოს მივაღწიეთ. გერმანიაში ბევრი რამე გადავაფასე. დამჭირდა საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება და მეტი პროფესიონალიზმი; დროის რაციონალური გადანაწილება და დაგეგმარების მოქნილი სტრუქტურა; ადაპტაცია და ინტეგრაცია, თუმცა არა ინდივიდუალიზმის ხარჯზე. ეს პერიოდი ჩემთვის იყო უზომოდ საინტერესო. ევროპულმა წესრიგმა და რუტინამ, ამავე დროს უსაზღვრო სივრცემ, მომცა მეტი თავისუფლება, რომ მეპოვა საკუთარი თავი, ალბათ ეს იყო მთავარი... ქართული საოპერო სკოლა საკმაოდ მაღალი დონისაა. იქაური საგანმანათლებლო ბაზა მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება.
 
თუმცა, ტრადიციულ მიდგომებთან ერთად, საჭიროა საქართველოში დაინერგოს ევროპული გამოცდილებაც. ყველა ქართველმა ახალგაზრდა მომღერალმა უნდა იცოდეს, რომ სწავლის პროცესში თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს. 2013-2016 წლებში, გერმანიის დასაქმების ცენტრალურ სააგენტოსთან (ZAV) ერთად, ქართველი მომღერლებისთვის განვახორციელეთ ორი პროექტი. მოსმენები საქართველოში შედგა და სწორედ ამ მოსმენების შედეგად ბევრი მომღერალი დღეს გერმანიის თეატრებში მოღვაწეობს. დღესაც ვაგრძელებ ჩვევად ქცეულ მისწრაფებას - რაც შეიძლება მეტი ქართველი ევროპის და განსაკუთრებით, გერმანიის საოპერო სცენაზე! - ეს ჩემი მიზანია და ასევე სოციალური პასუხისმგებლობა.
 
მსოფლიოში არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც არ ოცნებობს, ჰქონდეს საქართველოსთან რაიმე სახის კავშირი. ჩემს ოცნებას თუ ახდენა უწერია, ვისურვებდი, საქართველოში დაგვენერგა ის თეატრალური მოდელი, რომელიც მე გერმანიაში სიღრმისეულად შევისწავლე. საქართველოს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ამ რეფორმით ჩვენ მივიღებთ გამართულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას და უამრავ დასაქმებულ ხელოვანს. რაც მთავარია, საყოველთაო კულტურულ საზოგადოებას. მწამს, რომ განათლება და კულტურა წარმატებული სახელმწიფოს საფუძველია. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობა. მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯით მეტი გვჭირდება, ვიდრე ამას ჩვენი ქართული მენტალიტეტი გვკარნახობს. წარმატებისთვის კი საჭიროა შრომისმოყვარეობა და სწრაფვა სრულყოფილებისკენ, როგორც გერმანიაში იტყვიან “მთლიანი შეფუთვა” და არა რომელიმე ცალკე დეტალი. ნებისმიერ სფეროში მიხარია ჩემი თანამემამულეების წარმატება. გამოცდილების გაცვლა და ინვესტირება სამშობლოში უნდა იყოს ჩვენი შინაგანი ვალდებულება. ჩემი მოტივაციაც ხომ წარმატებული საქართველოა.
 
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way