USD 2.8378
EUR 2.9317
RUB 2.8576
Тбилиси
გიორგი ჩხეიძე - ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ აყენებს განწირულია და აუცილებლად დამარცხდება
дата:  407

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2016-2018) ბიზნესმენი გიორგი ჩხეიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ აყენებს განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.

გიორგი ჩხეიძე, ამავე დროს, არის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ბიზნეს პარტნიორი და "2 ნაბიჯის" თანამფლობელი.

"ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ დააყენებს და საკუთარი ერის მისწრაფებას დაუპირისპირდება განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.

რაც უფრო ძლიერ ეცდება დაჩაგროს და დაამარცხოს საკუთარი ერი, მით უფრო სასტიკად დაისჯება; ეს შედეგი ისტორიულად გარდაუვალია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართველი ერი შევძლებთ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანისა და თავისუფლების დაცვას, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც გაბედავს და ჩვენს ნებასა და მისწრაფებას წინ აღუდგება.

საქართველოში დღეს ფაქტიური ძალაუფლება ერთპიროვნულად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომელმაც მოახერხა და ხალხის ნაცვლად თავად გახდა ძალაუფლების წყარო და ფაქტობრივად ქვეყანა ერთპიროვნულად დაისაკუთრა. მისი მთავრობის თუ პარტიის ნებისმიერ წევრს, იმ ხალხს, რომელიც მან შემოიკრიბა და თავის სამსახურში ჩააყენა, იმდენად უმნიშვნელო რეალური უფლებები გააჩნიათ, რომ “პატრონის” გარეშე ვერანაირ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ დგამენ. ისინი მხოლოდ “რეჟიმის ჭანჭიკები” არიან.

ცხადია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს სწორედ ის წყვეტს და რა თქმა უნდა პასუხიც მას მოეთხოვება. ასევე მოეთხოვება პასუხი ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით ხელს უწყობს ივანიშვილის ბინძური გეგმების და ზრახვების განხორციელებას, თუმცა მათი დანაშაული ბიძინა ივანიშვილთან შედარებით იმდენად ნაკლებია, რამდენადაც ნაკლებია მათი რეალური გავლენა რეჟიმის შენარჩუნებაზე, რაც გინდა ფორმალური თანამდებობა ეჭიროთ.

შეცდომაა ვინმე კობახიძეს თუ პაპუაშვილის, ან კალაძის და გინდაც გომელაურის წინააღმდეგ ბრძოლა და დიდი ენერგიის ხარჯვა, ისინი არაფერს წარმოადგენენ. როცა საჭირო გახდება მათი პატრონი “ბარტყებივით გადმოუყრის” მსხვერპლად ქართველ ხალხს ნებისმიერ მათგანს.

მთავარი ძალისხმევა ივანიშვილისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მისი ხელქვეითებისკენ, აბა რა, მაგალითად ვინმე ვიგინდარა მდინარაძე ან ეს ზარქუა თუ ყაველაშვილი რამეს ნიშნავს?

ივანიშვილმა არჩევნების წინ, მის ცნობილ ინტერვიუში ხალხისგან მოითხოვა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაში მხარდაჭერა, რის მიზეზად დაუფარავად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მოსპობა, ანუ ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემის დამყარება, ასევე მიგვანიშნა, თუ დაფარა, მაგრამ ცხადია, რომ სურდა კონსტიტუციიდან ამოეღო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ჩანაწერები.

წესით ქართველ ამომრჩეველს მხოლოდ ამ მიზეზით უნდა ეთქვა უარი მისთვის და გაეგდო პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ “ომის” შიშის დანერგვის კამპანიით და ევროკავშირში გაწევრიანების ყალბი დაპირებით მაინც მოახერხა მოეპოვებინა ამომრჩევლის ხმები.

რეალურად მისი ხმები “სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების” შიშსა და “ომში ჩათრევის” შიშს, მხოლოდ შიშს და სხვას არაფერს ეფუძნება. მან მოახერხა და დააშინა ხალხის დიდი ნაწილი, წარმატებით განახორციელა “საკუთარი ხალხის დაშინების პროექტი”.

ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს თუ ხმების რა რაოდენობა მიიღო მან?

ის ახლა უკვე მაინც ისე მოქმედებს როგორც უნდა, არად დაგიდევს ხალხის ნებასა თუ ქვეყნის კონსტიტუციას.

ძალიან სამწუხაროა, რომ მან ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, ტყუილის, სიყალბის, უღირსობისა და სიძულვილის კორიანტელში გადააგდო ქვეყანა. უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ მიზანს, რის გამოც თავის დროს ხალხმა აირჩია და ახლა უარესი ფორმით იმეორებს იმ ქმედებებს, რის გამოც ხალხმა წინა ხელისუფლებაზე უარი თქვა იმ იმედით, რომ არასდროს დაუბრუნდებოდა იმ საშინელ მდგომარეობას, მაგრამ …

ივანიშვილმა დაამყარა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება და მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამით მან საქართველოს მოუსპო რეალური სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გახდა ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. ამით მან დაამხო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი. ამით მან ქვეყანა მოწყვლადი გახადა სხვადასხვა საშინაო და საგარეო რისკების მიმართ და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.

ივანიშვილი მიზანმიმართულად აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამით ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს. მან თავხედურად, ცინიკურად, ფაქტიურად პრეზიდენტად დაგვინიშნა მიშა ყაველაშვილი, რითიც გვითხრა, რომ ამაზე მეტის ღირსნი არ ვართ და რომ ეს გაუნათლებელი და უკულტურო ადამიანი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართველი ხალხის “ჰაბიდუსს”. ამით კიდევ ის თქვა, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რით ვერ გაიგეთ, რომ ყველაფერი თავად მე ვარო.

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან და სულ ახლახან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვას. როგორც არ უნდა ეცადონ მისი “კომიკური თოჯინები” ამტკიცონ, რომ ასეთი რამ არ თქმულა, ყველაფერი ძალიან გასაგებად ითქვა და ახლა ხალხს შეურაცხყოფას აყენებს თავისი უტიფარი დემაგოგების გუნდის პირით, თითქოს ნათქვამის შინაარსს ვერ ხდებოდეს ხალხი.

მან ამერიკასა და ევროკავშირთან დაშორებით ქვეყანას დააკარგვინა მოკავშირეები, რომელთაც შეუძლიათ განვითარებასა და თავის დაცვაში დაგვეხმარონ და მარტო დაგვტოვა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების, შესაძლოა ფატალური საფრთხეების წინაშე. ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა და თან დასავლეთთან გაუგებარი ვაჭრობის, პოლიტიკური თამაშის საგნად აქცია.

ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება დააშოროს მოწინავე საკაცობრიო იდეალებს და ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს, შეუზღუდოს განათლება და ამის ნაცვლად ჩატოვოს წარსულის გადმონაშთებისა და ყალბი, “ვითომ ქართული” ღირებულებებით სავსე წყვდიადში. ცდილობს დააშინოს ხალხი, ვითომ დასავლეთი მორალს და ეროვნებას წაგვართმევს. ერთი სიტყვით ცდილობს ერს თავისუფლება წაართვას. ასე უფრო მოვერგებით მისი აზრით იმ სამყაროს, რაც მას წარმოუდგენია ქართველი ხალხისთვის.

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!!!

ივანიშვილს ჰგონია, რომ ქართველები ყველაფერს გადაყლაპავენ და შეეგუებიან, რომ ჩვენი დაშინება და დაბეჩავება შეუძლია.

მგონია, რომ ეს მისთვის აზარტული თამაშის სახეა, რომელშიც გამარჯვება სიამოვნებას ანიჭებს და თვითშეფასებას უზრდის. მაგრამ საბედნიეროდ ამ თამაშს მისდა მოულოდნელად აგებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ თამაშში იწვნევს ყველაზე დიდ მარცხს. მან გადალახა ზღვრები და გამოიწვია ის ქარიშხალი, რომელშიც ან თავად გადარჩება ან ქართველი ერი. სამწუხაროდ ასეა საქმე.

ახლა ის ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ყოვლად უსამართლო, უღირსი და სასტიკი მეთოდებით უსწორდება ხალხს.

ის სამწუხაროდ, კარგა ხანია გასცდა ლეგიტიმურობის ყოველგვარ საზღვრებს და სასტიკად ძალადობს ადამიანებზე. ის ცდილობს დანერგოს შიში და ძალმომრეობა.

ყველაზე მზაკვრული და საშიში ქმედება ის არის, რომ ცდილობს საზოგადოება გახლიჩოს, დააპირისპიროს და ერთმანეთი შეაძულოს ადამიანებს, დაასუსტოს და ასე დაიმონოს.

ივანიშვილის ქმედებებმა დაგვაბრუნა იმ ისტორიულ წერტილში, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობდა საქართველო 1988-89 წლების მოვლენების დროს. დღეს, 35 წლის შემდეგ კვლავ ვდგავართ რუსთაველზე და კვლავ მოვითხოვთ თავისუფლებასა და იმ დამოუკიდებლობას, რომელიც მაშინ ბრძოლით მოვიპოვეთ და ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ დაგვაკარგინოს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ბოლომდე ბრძოლას და გამარჯვებას.

აქ უკვე დასათმობი აღარაფერია და გონივრულიც და ჭკვიანურიც სწორედ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლაა – თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

კომპანია "ორი ნაბიჯის" წილები ასე ნაწილდება: გიორგი ჩხეიძე - 33.3%; კახი ბექაური - 33.3%; გოჩა ცქიტიშვილი - 33.3%.

Неизвестный Известный
გურამ ახალაია - კაცი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული პირველი ქართული პასპორტის გაცემა და XXI საუკუნეში გაკეთებული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნი“

გურამ ახალაიას ქართული საზოგადოება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კოლექციით და ასევე „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებული პროექტით - 21 საუკუნეში გაკეთებული  ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნით“ იცნობს, რომლის გადაწერაც მოხდა 300 ცნობილი ადამიანის  მიერ, თუმცა  საინტერესო და მრავალმხრივია  ბატონი გურამის   შრომითი ბიოგრაფია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობზე შინაგან საქმეთა სამინისტოში, საპასპორტო სამსახურში - მის სახელთან არის დაკავშირებული პირველი ქართული პასპორტის და პირადობის მოწმობების გაცემა.

2023 წელს გურამ ახალაია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. კარგად ახსოვს 1979 წელს გამართული პირველი „თბილისობა“, რომლის საორგანიზაციო საკითხებში თავადაც იყო ჩართული. მაშინ რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ  გამორჩეული ტიტულის  მფლობელი მეც რომ გახდებოდიო, ამბობს ბატონი გურამი და თბილისთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიას და პროფესიული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს  გვიზიარებს.     

2023 წელს გურამ ახალაია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. კარგად ახსოვს 1979 წელს გამართული პირველი „თბილისობა“, რომლის საორგანიზაციო საკითხებში  თავადაც იყო ჩართული.  მაშინ რას წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ გამორჩეული ტიტულის  მფლობელი მეც რომ გახდებოდიო, ამბობს ბატონი გურამი და თბილისთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიას და  პროფესიული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გვიზიარებს.     

გურამ ახალაია:  ჩემი „შრომის წიგნაკი“ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაშინდელ გეპეიში გაიხსნა. წარჩინებით  დავამთავრე ენერგეტიკის ფაკულტეტი და ჩავაბარე ასპირანტურაში, დამტოვეს კათედრაზე, რაც  მაშინ იშვიათი  იყო.  თბილისში არ ვიყავი ჩაწერილი,  მუშაობის დაწყება არათბილისელისთვის იოლი არ იყო. არასდროს  დამვიწყებია ის სიკეთე, რასაც ჩემ მიმართ იჩენდნენ ადამიანები.  მახსოვს  როგორ შემიწყვეს ხელი რაიონიდან  ჩამოსულ სტუდენტს, რომ თბილისში დამეწყო მუშაობა. კათედრაზე ჩემი  დატოვება და ასპირანტურაში ჩარიცხვა აკადემიკოსმა  ვახტანგ გომელაურმა და  მალხაზ ყიფშიძემ გადაწყვიტეს.  ჩემი გულისთვის მინისტრთა საბჭომდე მივიდნენ, სპეციალური  დადგენილება მიაღებინეს,  რომ განაწილებით  თბილისში დავრჩენილიყავი და  სამსახურში ავეყვანე. იმდენი ადამიანი იდგა ჩემს გვერდით და იმდენჯერ გამიმართეს ხელი, მათი წყალობით გამოვიარე  ცხოვრების არც თუ  იოლი გზა. ყველას ღვაწლი და წვლილი მახსოვს,  ალბათ ამიტომაც, მეც ყოველთვის ვცდილობდი ხელი გამემართა ადამიანებისთვის, დავხმარებოდი ახალგაზრდებს, რათა მათ  გზა გახსნოდათ.  ცხოვრება ასეთია  - მადლიერების გრძნობა დიდი  მადლია. დღეს ყველაზე მეტად მიხარია,  როცა მხვდებიან ადამიანები  და ჩემ გაკეთებულ საქმეებს იხსენებენ. ისეთ ადამიანებს  უთქვამთ, არ გვავიწყდება, როგორ დაგვეხმარეთ სამსახურში მოწყობაშიო,  რომ მე არც კი მახსოვს.  

ინსტიტუტის დამთავრებიდან ორ წელიწადში უკვე ლექციებს ვკითხულობდი. ახალგაზრდა ასაკში დავიწყე ურთიერთობა სტუდენტებთან. თითქოს სამეცნიერო საქმიანობას უნდა გავყოლოდი, მაგრამ დავიწყე კომკავშირული კარიერა. უნივერსიტეტიდან გადამიყვანეს  თბილისის ერთ-ერთ  ცენტრალურ- დღევანდელ მთაწმინდის,  მაშინდელ კალინინის რაიონში, სადაც ყველა საფეხური გავიარე და  გავხდი  კომკავშირის რაიომის  პირველი მდივანი. სამწუხაროდ, ამას ახლა აღარ  ახსენებენ, მაგრამ ჩვენს თაობას, ვინც ვმუშაობდით კომკავშირში არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. კალინინის  რაიონში გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება  მომცა. ვმუშაობდი ავთანდილ საყვარელიძესთან, ლევან მგალობლიშვილთან,  ზურაბ ლომიძესთან, ნელი გურგენიძესთან ერთად. კალინინის რაიონი ძირითადად  შემოქმედებითი ინტელიგენციის რაიონი იყო, ბიუროში ჩვენთან ერთად  იყვნენ  ზურაბ ანჯაფარიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, მორის ფოცხიშვილი, ვახტანგ ბერიძე და სხვები. ჩვენს რაიონში სამი ინსტიტუტი იყო, თეატრალური, სამხატვრო აკადემია და კონსერვატორია, სადაც გამორჩეული ახალგაზრდობა იყო თავმოყრილი, არანაკლებ ნიჭიერი და ლაღი, ვიდრე ახლანდელი  ნიჭიერი ახალგაზრდობაა.

Screenshot 2025-01-21 000004   

- კომკავშირში თქვენი წარმატებული კარიერა ედუარდ შევარდნაძეს უკავშირდება?

-  არა, იმ დროს კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო ჟიული შარტავა.  ეს იყო ფენომენალური ადამიანი  დიდი გამოცდილებით, იმ პერიოდისთვის   სრულიად  განსხვავებული ჩინოვნიკი,  მისგან  ყველამ  ბევრი რამ  ვისწავლეთ.   ერთ ისტორიას გავიხსენებ.  ჩვენთან შემოდიოდა 53-ე სკოლა, რომლის დირექტორიც იყო  ლამარა მარგველაშვილი. ერთხელ მე-7 კლასის მოსწავლეები შატალოზე წავიდნენ. გაბრაზებულმა  დირექტორმა  დაშალა  კლასი და მოსწავლები  დანარჩენ ოთხ კლასში გადაანაწილა. ასე დასაჯა ბავშვები. მოსწავლეებმა პროტესტი გამოაცხადეს და არ შევიდნენ გაკვეთილებზე. იმ დროისთვის ეს ძალიან ხმაურიანი  ამბავი იყო.  შევიკრიბეთ განათლების სამინისტროს და კომკავშირის რაიკომის წარმომადგენლები გამოსავლის მოსაძებნად. ბავშვები ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, დაგვაბრუნოს ჩვენს კლასში და არასდროს გაკვეთილს აღარ გავაცდენთო. ძალიან გაგვიჭირდა ლამარა მარგველაშვილის დარწმუნება. მითხრა: თუ შენ აიღებ პასუხისმგებლობას, კი ბატონო, დავაბრუნებ ძველ კლასშიო.  გავბედე და ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი. იმ დღიდან ჩემსა და იმ ბავშვებს შორის საოცარი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ამ ჯგუფში იყვნენ სესილი გოგიბერიძე, გეგა კობახიძე, თამრიკო კარტოზია,  ყველამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. კლასიდან 12 ოქროს მედალი გავიდა.  გეგასთან ბოლომდე  ვმეგობრობდი. იმ ტრაგედიიდან  2-3 თვით ადრე მოვიდა ჩემთან, დიდხანს ვისაუბრეთ. მერე ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, იქნებ რაიმეს თქმა უნდოდა და ვერც  გაბედა, რადგან   ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა  იყო.    

როცა ეს  ბავშვები მე-9 კლაში გადავიდნენ, მე კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ვიყავი. ერთ საღამოს  რამდენიმე ბავშვი მოვიდა ჩემთან სამსახურში - სააღდგომო ლიტურგიაზე გვინდა წასვლა და დირექტორმა გვითხრა, მე ამის გამო საყვედურს  მივიღებ,  თქვენს „მეგობართან“ შეათანხმეთო.  რა უნდა მექნა? ბავშვები სამსახურში მომადგნენ და უარს როგორ ვეტყვი, არა და ხომ ვიცი, რომ ამას  დიდი  ამბავი მოჰყვება. ავდექი და ვუთხარი, მეც თქვენთან ერთად წამოვალ -მეთქი. მართლაც  შევხვდით რუსთაველის თეატრთან  და ერთად  მივედით ქაშუეთში.  ბავშვები  20 -25 წუთი გაჩერდნენ, შემდეგ  ჩავაბარე მშობლებს და წამოვედით. მიიტანეს ეს ამბავი  ჟიული შარტავამდე. ერთ დღეს მირეკავს მისი მდივანი, ჟიულის უნდა შენთან საუბარიო. ვიფიქრე, ალბათ, საყვედურს მეტყვის - მეთქი. მოსკოვიდან სპეციალურად  იყო ჩამოსული ცეკას ინსპექტორი,  რომელსაც დავალებული ჰქონდა გაეკონტროლებინა, თუ  რა ხდებოდა თბილისში, დადიოდნენ  თუ არა  სააღდგომო ლიტურგიაზე ახალგაზრდები. ეს კაცი თბილისშია და ამ დროს კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ლიტურგიას სკოლის  მოსწავლეებთან ერთად დაესწრო (იცინის)  ჟიულიმ გამოიკითხა დაგეგმილი ღონისძიებები, მესაუბრება ყველაფერზე, მაგრამ ლიტურგიაზე დასწრებას არ ახსენებს.  ის იყო   გავიფიქრე,  ალბათ არაფერი იცის  მომხდარზეო, რომ უცებ მკითხა: კი მაგრამ, როგორაა რაიკომის მდივანი თავის კომკავშირელეებთან ერთად ეკლესიაში რომ დადისო?!  - ისე უცებ მოხდა ყველაფერი, თქვენთან შეთანხმება  ვერ მოვასწარი, უარსაც ვერ ვეტყოდი, მაინც წავიდოდნენ და მერჩია მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი -მეთქი - ვუპასუხე. ჟიულიმ პაუზა გააკეთა და მითხრა: მე ის მომწონს, რომ შენ ასე  გენდობიან ახალგაზრდები და  ასე გააგრძელე. საყვედურს ველოდი და მადლობა მითხრა, ისიც კი იხუმრა: ჩემთან და მოსკოვთან თუ შეათანხმებდი, მეც კი წამოვიდოდიო (იცინის) 

- კომკავშირიდან პოლიციის მაღალჩინოსნამდე გზა მარტივად გაიარეთ?  

- პოლიციამდე  იყო „ტრესტინჟმშენი“.  ეს იყო გაერთიანება, რომელიც ქალაქის მშენებლობაზე მუშაობდა, ვაშენებდით სახლებს, წყალსადენებს, კომუნიკაციებს. ტრესტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დამნიშნეს. სამი წელი ვიმუშავე ამ ტრესტში. ძალიან საინტერესო ობიექტები ავაშენეთ თბილისში.  სწორედ იმ პერიოდში მოეწყო პირველი თბილისობა. კარგად მახსოვს საორგანიზაციო სამუშაოები, რაც პირველი თბილისობისთვის  ჩავატარეთ.  დღემდე არის ზემელზე პატარა კაფე, რომელიც პირველი თბილისობის წინ ავაშენეთ. ახალი ობიექტის  გახსნა ყველა თბილისობის დღესასწაულზე  აუცილებლობა იყო. მახსოვს, მთელი ღამე ვიმუშავეთ, რომ კაფის გახსნა მოგვესწრო. როგორც ხელმძღვანელი, გახსნაზე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ დილის 6 საათზე მივედი სახლში და ვეღარ გავიღვიძე. მიხვდა თენგიზ მენთეშაშვილი, რაც დამემართა  და ერთი საყვედური არ უთქვამს ჩემთვის.    

თბილისობა მართლაც დიდი დღესასწაული იყო ქალაქში. როგორც გითხარით, პირველი თბილისობიდან მახსოვს ყველაფერი, რაც ამ დღესთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან კალინინის რაიონში ვმუშაობდი, ჩვენთან,  როგორც ქალაქის ცენტრალურ უბანში,  ბევრი ღონისძიებები ტარდებოდა, შესაბამისად,  მეც აქტიურად ვიყავი ხოლმე ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში.  მახსოვს, როგორი ემოციები მქონდა, როდესაც თბილისის საპატიო მოქალაქეებს ასახელებდნენ. ვუყურებდი აკაკი შანიძეს, ნინო რამიშვილს, ილიკო სუხიშვილს და  ვფიქრობდი, რა უნდა დაიმსახურო, რომ  ასეთი გამორჩეული გახდე და საპატიო თბილისელის სტატუსი მოგანიჭონ. რას წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა ათეული წლები  და მეც გავხდებოდი თბილისის საპატიო მოქალაქე. 2023 წელს ვახტანგ დავითაიამ, ლაშა თაბუკაშვილმა, ომარ ნაფეტვარიძემ, გია ჯაფარიძემ  წარადგინეს ჩემი კანდიდატურა თბილისის საპატიო მოქალაქეობაზე,  თავიდან  უარზე ვიყავი, მაგრამ  მაინც დამითანხმეს.

464220026_8350829438319921_3381772225890791679_n

- როგორ დაიწყო თქვენი და თბილისის ისტორია? 

- 18 წლის ვიყავი, როდესაც ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი. სკოლა იქ დავამთავრე. თბილისმა   კარგად მიმიღო. მე და ჩემი და  ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, ჩვენს ოჯახს თავზე არ გადასდიოდა, გაჭირვებაც ბევრი იყო,  მაგრამ ის პერიოდი მაინც ტკბილად მახსენდება. თბილისი მაშინ სხვანაირი ქალაქი  იყო. ვცხოვრობდი შორეულ ნათესავებთან,  ქალბატონი ოლღა შენგელია-ჯალაღანია დამსახურებული მასწავლებელი იყო, მეც ისე მპატრონობდა როგორც საკუთარ შვილს.  როდესაც კომკავშირული კარიერა დავიწყე, რაიონმაც და იქ მცხოვრებმა  ინტელიგენციამაც ძალიან  კარგად  მიმიღო.   მაშინ  ადამიანური ურთიერთობები ძალიან ღირებული იყო.  ჩვენს წრეში მარტო მე ვიყავი პროვინციიდან ჩამოსული, მაგრამ  არ მახსოვს ამის გამო, ოდესმე ვინმეს რაიმე ეგრძნობინებინა, პირიქით, ჩემს პატარა ნაქირავებ ბინაში მოდიოდა ყველა. მაშინ არავინ უყურებდა ვის რამდენი ფული ჰქონდა, ვინ  რა სოციალური წრიდან  იყო.  ეტყობა საბაზრო ეკონომიკამ და კომუნიკაციებმა  შეცვალა ადამიანური ურთიერთობები. ჩვენს ახალგაზრდობაში  ტელეფონიც კი არ იყო, ამიტომ ერთმანეთთან  მისვლა-მოსვლა, თან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,  იყო კომუნიკაციის მთავარი საშუალება. 

შინაგან საქმეთა  სამინისტროში „ტრესტინჟმშენიდან“ გადამიყვანეს. ეს დაწინაურებად ითვლებოდა. ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც კორუფციას ებრძოდა, უნდოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაეყვანა წარმატებული პარტიული და კომკავშირული მუშაკები.  ცეკას სამდივნოს გადაწყვეტილებით გადამიყვანეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ეს იყო სოცსაკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება,  დღევანდელი  ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახური, რომელშიც  ჩვენ დროს  შემოდიოდა მექრთამეობა,  სპეკულაცია.  ჩემთვის ძალიან უცხო იყო ეს  სფერო. რთული სამუშაო იყო, ძალიან მიშლიდნენ ხელს, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა. გადავწყვიტე, რომ დამეწერა პატაკი და  წელიწადნახევრის შემდეგ ჩემივე განცხადებით წამოვედი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  ადამიანი ამ პოსტს  საკუთარი სურვილით ტოვებდა. მაშინ მინისტრი იყო გვეტაძე, ძალიან კარგი ადამიანი, მან გადაწყვიტა გადავეყვანე ცენტრალურ აპარატში, ისევ პარტიულ სამუშაოზე, სადაც  აღარ მქონდა შეხება  ვინმეს დაკავებასთან, რაც  ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე.  90 იან წლებში ისევ ქალაქის მმართველობაში დავბრუნდი,  როდესაც კომუნისტური ეპოქა დასრულდა და ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, შინაგან საქმეთა  მაშინდელმა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა მომძებნა, უკვე კერძო სტრუქტურაში გადასული და დამაბრუნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, კადრების სამმართველოს უფროსად, სადაც წლების შემდეგ, კახა თარგამაძის მინისტრობის დროს ისევ დამაბრუნეს.  ცხონებული ზვიად  გამსახურდია  ცდილობდა ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებას, სამწუხაროდ, კადრები გვიჭირდა. რთული დრო და რთული წლები გავიარეთ.  როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა  მე გადამიყვანეს საპასპორტო სამსახურში, ერთ-ერთ მოადგილედ.  მაშინ  იწყებოდა  რეფორმა. მე  ჩამაბარეს კანონპროექტების მომზადება.  ურთულეს პირობებში ვმუშაობდით, ორად ორი კომპიუტერი გვქონდა, არც არანაირი  ბაზა არსებობდა,  არც პასპორტი, არც პირადობის მოწმობა. ამის მიუხედავად, ჩემი უშუალო მონაწილეობით  იურისტებთან ერთად ხუთი კანონპროექტი  მოვამზადეთ.  წლების განმავლობაში  მცირე კორექტირება  მოხდა,  თუმცა ისევ ეს კანონები მოქმედებს.  ჩვენ მაშინ  არ გვქონდა არანაირი გამოცდილება. ძალიან მეხმარებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, მოვახერხეთ და ერთ წელიწადში 200 პასპორტის  ნიმუში ჩამოვიტანეთ   ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც საელჩო გვქონდა გახსნილი. ვთვლი,  რომ ამ დიდ  საქმეში მეც შევიტანე  ჩემი  წვლილი - პირველი ქართული პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩემი ხელმძღვანელობის დროს გაიცა. ერთ ისტორიას გავიხსენებ.  როდესაც პირველი პასპორტების ეგზემპლარები ჩამოვიტანეთ საფრანგეთიდან, საგანგებოდ მოვემზადეთ, რომ სიმბოლურად  პირველი პასპორტი  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაგვეცა.  მივედით გამზადებული პასპორტით, გვინდოდა მოგვწყო გადაცემის ცერემონიალი, მაგრამ ედუარდმა უარი  გვითხრა:  ვისაც რიგით ეკუთვნის, პირველი პასპორტი მას მიეცითო.  დავიწყეთ პასპორტების გაცემა, საპასპორტოებში რიგები იდგა,  ბევრი პრობლემები იყო, მაგრამ  პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ. კარგად ჩატარდა რეფორმა, თუმცა ქვეყანას არ ჰქონდა რესურსი  ბოლომდე მიგვეყანა ეს ყველაფერი. პასპორტების გაცემა დავიწყეთ უცხოეთშიც - პარიზში, ბრიუსელში, ამერიკაში, ქართველი ემიგრანტებისთვის საელჩოებში პასპორტების აღება დიდი შეღავათი იყო.  ჩვენ მიერ  მომზადდა პროექტი, პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ, რაც მოგვიანებით განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მე წამოვედი ამ სამსახურიდან, თუმცა  მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილმა ისევ დამაბრუნა საპასპორტოში, სადაც ვიმუშავე  ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, უკვე იუსტიციის სამინისტროში იყო გაერთიანებული საპასპორტო სამსახური, როდესაც დავწერე განცხადება და საბოლოოდ წამოვედი.  დავაფუძნეთ  ფონდი „იავნანა“, რომლის დირექტორიც ვიყავი წლების განმავლობაში.  ამ ფონდმა დიდი  სამუშაოები გაწია ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად,  115 სახლი გაიცა  უბინაო, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,  700 - მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, უამრავ სოციალურად დაუცველ ბავშვს  გაეწია დახმარება.  მერე იყო  რაღაც გაუგებრობები და  მე წამოვედი ფონდიდან,  ნამდვილად არ მინდოდა  პოლიტიკაში ჩართვა, პაატას იძულებით მოუწია, ვთხოვე,  თავადაც არ ჩართულიყო, ვემუდარებოდი. ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, თუმცა ასეთ სიბინძურეს  მაინც არ ველოდი. პაატა არ იმსახურებდა იმას, რაც მოხდა. ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, მაგრამ პოლიტიკის გარეშე.  ამის შემდეგ დაიწყო მახათას ტაძრის მშენებლობა. პატრიარქმა დაგვიბარა და გვთხოვა, მიგვეხედა ამ საქმისთვის. სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ თითო ლარის  შემოწირულობებით და შეგროვებით, ამხელა საქმე გაკეთდებოდა, მაგრამ პატრიარქს სჯეროდა. ღვთის წყალობით და პატრიარქის ლოცვა -კურთევით დიდებული ტაძარი აშენდა და კვლავ  გაგრძელდება განხორციელება იმ ყველაფრის, პირველ რიგში სამეცნიერო მუზეუმის, კელიების, სასტუმროების, რაც გეგმის მიხედვით არის  გაწერილი.

Screenshot 2025-01-21 000329       

როგორ დაიწყო თქვენი გატაცება „ვეფხისტყაოსნით“ და როგორ შეიქმნა თქვენი უნიკალური კოლექცია?

ვეფხისტყაოსნის 800 წლისთავი იყო იმ წელს, როდესაც  სკოლაში „ვეფხისტყაოსანს“ გავდიოდით. ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ღონისძიებაზე, სადაც  აფორიზმები ვთქვი ზეპირად,  მაჩუქა „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემა და მითხრა:  როდესაც  შეგხვდება  კარგი გამოცემები ყოველთვის შეიძინეო. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი „ვეფხისტყაოსანი“. კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ვიყავი.  მეგობარი მოვიდა და მითხრა: მამაჩემი „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერია, მოსკოვში მიაქვს კოლექცია საინტერესო გამოფენაზე,  ძალიან უნდა მეგრული „ვეფხისტყაოსანი“, ხომ არ იცი ვინმეს ჰქონდეს,  რომ გვათხოვოსო. მე ვუთხარი, მე მაქვს მეთქი. ჩემი მამიდაშვილის საჩუქარი იყო. გავატანე ჩემი წიგნი მოსკოვში, სადაც წარმატებული გამოფენა გაიმართა. როგორც კი ჩამოვიდა მეგობრის მამა მოსკოვიდან,  შემხვდა და მადლობის ნიშნად მაჩუქა „ვეფხისტყაოსნის“ კატალოგი, სადაც  შესული იყო ყველა ენაზე გამოსული „ვეფხისტყაოსანი“. მე უკვე მქონდა 70 მდე გამოცემა, ძირითადად,  ქართულ და რუსულ ენებზე, ზოგი ჩემი ნაყიდი იყო, ზოგი -  საჩუქარი. ყველამ ვინც იცოდა, რომ  კოლექცია მქონდა, სადაც კი კარგ გამოცემას  გადააწყდებოდნენ, მჩუქნიდნენ ხოლმე. კატალოგის ჩუქების შემდეგ უფრო დავინტერესდი  გამოცემების შეგროვებით, როგორც კი ახალ გამოცემას  შევიძენდი, კატალოგში შემოვხაზავდი ხოლმე, ძალიან აზარტული პროცესი  იყო (იცინის)

დღეს ჩემს კოლექციაში „ვეფხისტყაოსნის“ 600 მდე გამოცემაა, მსოფლიოს 56 ენაზეა „ვეფხისტყაოსანი“ გამოცემული და ყველა მაქვს. მაქვს ვეფხისტყაოსნის გამოცემები, რომლებზეც  სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს აქვთ ხელმოწერები გაკეთებული,  21 პრეზიდენტის ავტოგრაფიანი „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს, მათ შორის იტალიის პრეზიდენტის, ასევე მაკრონის, რომელსაც ფრანგულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“  საფრანგეთში ჩვენი ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ხელით  გავუგზავნე. რაღაც პერიოდის მერე ერთ-ერთ მიღებაზე მაკრონს  გოჩა ჯავახიშვილისთვის უთქვამს: ამ პოემაზე ბევრი მსმენია, მაგრამ წაკითხულმა მოლოდინს გადააჭარბაო.

Gurami_0001   

- რომელია გამორჩეული გამოცემა  თქვენს კოლექციაში?

- გამორჩეულია 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემა, რომელიც მთელ მსოფლიოში 24 ეგზემპლარია შემორჩენილი და აქედან ერთ-ერთი მე მაქვს.  მსოფლიოს ნებისმიერი წიგნსაცავი და მუზეუმი დაეძებს დღემდე ამ გამოცემას. რამდენიმე საელჩოდან მოვიდნენ ჩემთან თხოვნით, რომ ეს გამოცემა შეესყიდათ, მაგრამ რა თქმა უნდა უარი ვთქვი. ეს გამოცემა  სრულიად შემთხვევით, საკმაოდ მოკრძალებულ ფასად,  ერთ-ერთი ჩემი  ახლობლისგან შევიძინე, რომელმაც იცოდა, რომ კოლექცია მქონდა. ამ გამოცემას 45  წელი ვეძებდი.  მე  1888 წლის „ვეფხისტყაოსანებიც“ მაქვს, რომელიც  შედარებით იოლად შევიძინე  „მშრალ ხიდზე“, რომელიც თავიდან წიგნის ბაზრობით დაიწყო.  მერე და მერე წიგნები განდევნეს და ახლა ყველაფერი იყიდება წიგნების გარდა. 1988 წელს ვეფხისტყაოსნის  გიორგი ქართველიშვილისეულ გამოცემას დიდი ისტორია აქვს.  ამ გამოცემაში მთელი ქართული საზოგადოება მონაწილეობდა. მუშაობა დაიწყეს 1880 წელს, უნდოდათ განსაკუთრებული გამოცემა ყოფილიყო.  გრიგოლ ორბელიანს სთხოვეს შეეგროვებინა ხელნაწერები. ილია, აკაკი, იონა მეუნარგია, ივანე მაჩაბელი,  იაკობ გოგებაშვილი ყველა მონაწილეობდა  გამოცემის მომზადებაში. ტექსტს  ივანე მაჩაბელი ხმამაღლა კითხულობდა და ერთად ასწორებდნენ. გაამზადეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფული არ ჰქონდათ გამოსაცემად. ამ დროს მაშინდელი ბიზნესმენი გიორგი ქართველიშვილი მივიდა ივანე მაჩაბელთან და  უთხრა:  ვანო, როგორც ბანკირმა მირჩიე, ფული დამიგროვდა და  არ ვიცი რაში ჩავდოო. მაჩაბელმა უთხრა, ქართლში ბევრი ხორბალი მოვიდა, გლეხები ვერ ჰყიდიან და თუ იყიდი, იქნებ მოგებაც ნახოო. იყიდა ქართველიშვილმა ხორბალი, დიდი მოგება ნახა, მოვიდა მაჩაბელთან და უთხრა, 1000 მანეთი გადამიდია თქვენთვისო, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.  სწორედ  ამ თანხით გამოუშვეს 1888 წელს  „ვეფხისტყაოსანი“. იმის მიუხედავად, რომ მის შექმნაში მთელი ქართული ინტელიგენცია მონაწილეობდა, ამ გამოცემას დღემდე ყველა ქართველიშვილისეულ „ვეფხისტყაოსანს“ ეძახის. იმის მიუხედავად, რომ მას ბევრი ქველმოქმედება აქვს ჩადებული, ამ წიგნმა ბოლომდე უკვდავყო მისი სახელი.

მაქვს კიდევ ერთი  უნიკალური „ვეფხიტყაოსანი“, რომელიც გამოიცა ლონდონში 1912 წელს. ეს იყო პირველი ინგლისურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, მარჯორი უორდროპის თარგმანი, რომელიც ვერ მოესწო წიგნის გამოცემას და  მისმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა  გამოსცა წიგნი.  უორდროპები იმდენად დაუკავშირდნენ საქართველოს, კარგად იცოდნენ არა მარტო ქართული ენა,  ჩვენი ლიტერატურაც. ასეთი ისტორია არსებობს. ხელნაწერთა ინსიტუტში არის „ვეფხისტყაოსნის“ ე.წ. წერეთლისეული ნუსხა. ისტორია ასეთია. ამ ხელნაწერმა დიდი გზა გაიარა და ძმებ წერეთლებთან მოხვდა. მათ წამოიღეს ხელნაწერი თბილისში ყდის გასაკეთებლად. იქეიფეს და ხელნაწერი  დარჩათ ფაეტონში. ხელნაწერი  ცნობილი ვაჭრის  ფორაქიშვილის ხელში მოხვდა, მან ხელნაწერი მიუტანა  დავით სარაჯიშვილს, რომელიც მაშინვე მიხვდა რასთან ჰქონდა საქმე და ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვია.  ექვთიმემ „ვეფხისტყაოსანი“ წაიღო, კარგად შევისწავლიო. სარაჯიშვილი ხშირად აკითხავდა თაყაიშვილს,  წიგნი დამიბრუნეო, მერე სარაჯიშვილი სადღაც წავიდა და მისი ცოლი აკითხავდა ექვთიმეს, რომელმაც ასეთი ოსტატური რამ მოიფიქრა.  „ივერიაში“ გამოქვეყნა წერილი, სადაც მადლობას უხდიდად სარაჯიშვილს, წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“  შემოწირაო. ამით არ დამთავრდა ეს ისტორია. წერეთლები ითხოვდნენ „ვეფხისტყაოსნის“ დაბრუნებას, ექვთიმემ განუცხადათ, რომ ეს საქართველოს კუთვნილება იყო და ჩააბარა წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. როგორც მერე გაირკვა, წიგნის აქეთ-იქით ტარებაში ხელნაწერშიდან ამოჭრილი იყო 10 უნიკალური ილუსტრაცია.  ილუსტრაციები მოხვდა ლონდონში, სომეხი ვაჭრის ხელში, რომელიც  მათ დიდ ფასში  ჰყიდდა. ოლივერ უორდროპმა როგორც კი ილისტრაციები ნახა,  მიხვდა, რომ ისინი  „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ამოჭრილი და  ამის შესახებ შეატყობინა ექვთიმეს. თაყაიშვილმა შეუთვალა  სომეხ  ვაჭარს,  ჩამოდი თბილისში და  ილუსტრაციებს ჩვენ ვიყიდითო. ჩამოიტანა სომეხმა თბილისში  ილუსტრაციები, ჯერ  ათასი მანეთი მოითხოვა, მერე -  ხუთასი. ექვთიმე დაემუქრა გუბერნატორით, ეს მოპარული გაქვთო და   250 მანეთად შეისყიდა. ილუსტრაციები დაუბრუნდა „ვეფხისტყაოსანს“.

Screenshot 2025-01-20 235609 (1)

- „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციამ მიგიყვანათ  პროექტამდე,  შეგექმნათ ხელნაწერი 21-ე საუკუნეში?   

- ამ პროექტის განხორციელება 2003 წელს დავიწყე. ორ წელიწადში ვაპირებდით გადაწერის დასრულებას, მაგრამ დავასრულეთ 2018 წელს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ბევრი ხელნაწერს გავეცანი, ვიფიქრე, ერთი თანამედროვე  ხელნაწერი რატომ არ უნდა იყოს?!  50 - მდე კალიგრაფისტის ნიმუში მომიტანეს,  მაგრამ არც ერთი არ მომეწონა.  როდესაც  ვნახე ლია სიხარულიძის ნამუშევრები, საზედაო ასოები, კამარები, რაც  საუცხოო  იყო, მივხვდი, რომ  ხელნაწერის გაფორმება მისთვის უნდა მიმენდო. ქალბატონი ლია საუცხოო მხატვარ-რესტავრატორია.  როგორც კი მან ჩემი იდეის შესახებ გაიგო, მაშინვე  დამთანხმდა, თუმცა  წარმოდგენაც არ გვქონდა რამხელა სამუშაოს მოვკიდეთ  ხელი.  ჩვიდმეტმა ცნობილმა  მხატვარმა გააკეთა ილისტრაციები. 300- მა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა გადაწერაში. დავიწყეთ უწმინდესით, მეორე გვერდი ჭაბუა ამირეჯიბმა გადაწერა, მესამე - ანა კალანდაძემ და ა.შ. მერაბ ბერძენიშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც ეპილოგის გადაწერა ითხოვა. დანარჩენ გვერდებს ჩვენ თვითონ  ვუმზადებდით  გადამწერებს.  გული მწყდება  რამდენიმე ადამიანზე, რომელთაც ვერ მოასწრეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მათ შორის არის  ოთარ ჭილაძე,  გული მწყდება მუხრან მაჭავარიანზე, მასთან   შეთანხმებული ვიყავით, ჩავამთავროთ ღონისძიება და ერთ კვირაში გადავწეროთო და უცბად გარდაიცვალა,  ვერ მოვასწარით ვერც  დავით წერედიანიც, რომლის პოეზიასაც სამწუხაროდ გვიან გავეცანი. ყველა ენთუზიაზმით იყო ჩართული გადაწერაში, მათ შორის  არც ერთი პოლიტიკოსი არ არის, გარდა  გარდა ქვეყნის  პირველი პირებისა, 4 პრეზიდენტს აქვს  „ვეფხისტყაოსანი“ გადაწერილი.    

გადაწერა მოხდა სპეციალურ ქაღალდზე. მახსოვს ზინა კვერენჩხილაძეს, ჯანსუღ ჩარკვიანს და კახი კავსაძეს  მოუვიდათ შეცდომები გადაწერის დროს  და თავიდან მოუხდათ გადაწერა.  წარმოიდგინეთ, როგორი დიალოგები და ხალისი  იყო გადაწერის პროცესში, ყველა საოცარ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ოთარ მეღვინეთუხუცესმა და გურანდა გაბუნიამ სახლში გადავწერთ, სახლში მოგვიტანეო-მითხრეს, საოცარი ემოციები ჰქონდათ.  რამაზ ჩხიკვაძე,   იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გადაწერა დაიწყო.  როდესაც ტექსტი მივუტანე,  მითხრა, გადავწერ, ხვალ მოდით და წაიღეთო. როგორც კი დავცილდი, მალევე  დამირეკა:  ამას ხვალისთვის ვერ გადავდებდი, უკვე გადავწერეო. სახალისო ისტორიებიც იყო. ჯამლეტ ხუხაშვილმა გადაწერა, როგორც სპორტულმა კომენტატორმა და ებრაელების წარმომადგენელმა. ამ დროს მეუღლე ურეკავს, ჯამლეტმა იხუმრა: ევა მაცადე, რუსთაველი ვარ და „ვეფხისტყაოსანს“ ვწერო. ევაც არდაიბნა, შენ თუ რუსთაველი ხარ, მე ვინ გამოვდივარო - ჰკითხა. შენ თამარ მეფე ხარო  - გაეხუმრა ჯამლეტი. ბევრი ასეთი ხალისიანი ისტორია იყო.  ძალიან მედგნენ გვერდით ჭაბუა ამირეჯიბი და რეზო გაბრიაძე, ჭაბუა  კვირაში ერთხელ მირეკავდა და მამხნევებდა, აბა როგორაა საქმეო?!  რეზო გაბრიაძეც  არ მეშვებოდა. 2007 წლის მოვლენების დროს, როდესაც ქვეყანაში რთული პროცესები იყო,  გავჩერდით,  ქაღალდიც დაგვაკლდა. არ მომასვენა რეზომ, გამუდმებით მირეკავდა,  გააგრძელე, არ გაჩერდე!  პატრიარქს  გადააწერინე და თუ არ დაამთავრებ, რას ეტყვი, რა  პასუხს გასცემო?!  თვითონ რეზო გაბრიაძემ ყველაზე ბოლოს გადაწერა. გამორჩეული გამოცემა გამოვიდა. მე ყოველთვის  კარგი ბიბლიოთეკა მქონდა, იშვიათი წიგნები, რასაც ვყიდულობდი სპეციალური ტალონებით.  ჩემი ბიბლიოთეკიდან 1200 მდე წიგნი ვაჩუქე საპატრიარქოს ბიბლიოთეკას, მათ შორისაა უნიკალური წიგნებიც. 

თამუნა ნიჟარაძე  

paata

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати