USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
გილოცავთ წმინდა ცეცხლის გარდმოსვლას!
Date:  365

წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის საიდუმლოს იესო ქრისტეს აღდგომის ყოვლისმომცველი სასწაული განაპირობებს. ეს საოცარი და განუყოფელი მოვლენა მიეცა კაცობრიობას, როგორც ნიშანი და ბეჭედი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.

   როგორც ცნობილია, ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა აღესრულება ძველი სტილით - იულიანური კალენდრით, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი ქრისტეს აღდგომის გამოთვლის წესის მიხედვით, და მხოლოდ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხელით.

   ფრიად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღდგომის თარიღი დაადგინა 325 წელს ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ეს თარიღი მოძრავია და განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:

   ა) წმინდა აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ;

   ბ) მთვარის მოვანების, ანუ აღვსების შემდეგ;

   გ) პირველსავე კვირა დღეს;

   დ) ხოლო თუკი იგი ებრაელთა პასექს დაემთხვა, აღდგომის დღესასწაული გადაიწევს ერთი კვირით.

   სწორედ, ამ პირობების დაცვით დიდ შაბათს უფლის საფლავზე გარდამოხდება წმინდა ნათელი, ღვთაებრივი ცეცხლი.

   უფლის მიერ ქმნილი მზის სხივი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის აფრქვევს სითბოს, აწვდის ბუნებასა და ადამიანს სასიცოცხლო ძალებს. სადაც მზის ნათელია - სიცოცხლეც იქ არის. რაოდენ აღმატებულია უფლის ნათელი, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჭეშმარიტების გზაზე - სულის ცხონებისაკენ.

   „და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გვირგვინოსან იქმნების, არა თუ სჯულიერად იღუაწოს", - ბრძანებს წმინდა წერილი (2 ტიმ. 2, 5).

   „ვისაც მართალი სარწმუნოება არ უპყრია და მოღვაწეობს, იმ კაცის მსგავსია, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს", - ამოწმებს ღირსი იოანე სინელი.

   წმინდა წერილში არაერთგზის ვკითხულობთ სასწაულებრივი საღვთო ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ, რომელიც ძველ აღთქმაში მხოლოდ მართალი სარწმუნოების წიაღში მყოფ ებრაელთა შორის, ღვთის სათნომყოფელი ადამიანების ხელით აღესრულებოდა.

   მაგალითისთვის მოვიყვანთ ამონარიდებს ძველი აღთქმიდან მცირე განმარტებებით: ღვთის ბრძანებით მოსემ ააგო მოძრავი ტაძარი, თავისი ძმა აარონი კი მღვდელმთავრად აკურთხა. „შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შეჭამა სამსხვერპლოზე დაწყობილი აღსავლენი და ქონები. იხილა მთელმა ერმა, აღმოხდათ სიხარულის ხმა და პირქვე დაემხნენ" (ლევ. 9:23,24).

   მეფე სოლომონ ბრძენმა აღაშენა იერუსალიმში ტაძარი და აღთქმის კიდობანი დადგა წმინდა წმიდათაში. ტაძრის კურთხევას უამრავი ადამიანი დაესწრო. საზეიმო მსახურების დროს დიდება ღვთისა, ნათელი ღრუბლის სახით, გამოვიდა და აღავსო ტაძარი. როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანი სცეს, აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: „კეთილია იგი, რამეთუ უკუნისამდეა წყალობა მისი" (2 ნეშტთა, 7,13).

   „ღვთის კაცმა" ილია თესბიტელმა ბაალის მსახურთა თვალწინ, რომელთა ლოცვა უშედეგო იყო, 12 დიდი ქვით ააგო სამსხვერპლო, ილოცა და შესწირა უფალს მსხვერპლი. „ზეციდან გარდამოხდა ცეცხლი და დაწვა მსხვერპლი". ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი..." (3 მეფეთა 1, 38).

   ნიშნად იმისა, რომ უფალმა შეისმინა მართალი კაცის ლოცვა-ვედრება.

   დღესაც, ისევე როგორც უწინ, ყოველწლიურად, დიდ შაბათს, ზეციდან გარდამომავალი ღვთაებრივი ცეცხლი სიხარულს ჰგვრის და განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს, ქრისტეს იმ „მცირე სამწყსოს", რომელსაც სულიერი ძნელბედობის ჟამს უწევს ცხოვრება. ეს უდიდესი ღვთაებრივი ზეიმი ამხნევებს მართლმადიდებელ მრევლს, ვინაიდან კვლავ და კვლავ წარმოაჩენს მათი სარწმუნოების ჭეშმარიტებას.

   ჩვენ კი, უფლის აღდგომის საზეიმო მსახურების მოწმენი, როგორც ქრისტეს საფლავთან მდგომნი, სიხარულით აღვსილნი, მართლმადიდებელი არაბებივით, შევღაღადებთ: „ერთია ჭეშმარიტება... და არ არის სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა".

   ხოლო, ისინი, ვინც უარყოფენ ზეციურ ცეცხლს, ემსგავსებიან ქრისტეს მტრებს, რომლებმაც იხილეს უდიდესი სასწაული - ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინება, და მოიწადინეს კვლავ მისი მოკვლა, რათა გაექარწყლებინათ ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაული.

   „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მარკ. 4, 9).

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way