USD 2.7203
EUR 3.2029
RUB 3.4550
თბილისი
გია ბერაია - სამება სულ მეძახის, ამიტომაც ხშირად ვბრუნდები უკან წარსულში და სამებაში..
თარიღი:  3236

2019 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმის დღეს,

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი შესრულდა.

ბ-ნ გია ბერაიასთან  სამების ტაძრის მშენებლობის ისტორიაზე სასაუბროდ მივედით. სამწუხაროდ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ბ-ნი გია მალევე მოულოდნელად გარდაიცვალა.  სააგენტო „თბილისი პოსტის“ სახელით ვუსამძიმრებთ ბ-ნი გიას ოჯახს და წუხილს გამოვთქვამთ ამ დიდი ქართველის გარდაცვალების გამო.

ბ-ნი გია  სამების საკათედრო ტაძრის მშენებელი იყო. მის მიერაა აგებული წმ. სამების საკათედრო ტაძარი და სამრეკლო, ამაღლების სახელობის ტაძრები (საბურთალოს სასაფლაოსა და დავითაშვილის ქუჩაზე), დავით წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ტაძრები ციხის საავადმყოფოს ტერიტორიასა და ტაბახმელაში, წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი ნაძალადევის რაიონში, წმ. თამარის სახელობის ტაძარი დოლიძის ქუჩაზე, მირქმის სახელობის ტაძარი თემქაზე, განახორციელა შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია.

-ბ-ნ გია, სამების ტაძარი მშენებლობის კუთხით მეტად რთული და მოცულობითი პროექტი იყო.

-  სამების ტაძრის  მშენებლობაში ჩართული იყო პროფესიონალების  დიდი გუნდი:  მეცნიერები, მშენებლები, ინჟინრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები.  მშენებლობაზე მუშაობდა  1800 ადამიანი და  გამოყენებული  იყო  ახალი ტექნოლოგიები - მასიური ლოდების ნაცვლად, რითიც ძველად შენდებოდა ტაძრები, სამების აშენება გადაწყდა  რკინა-ბეტონის კონსტრუქციით.  ამ მოსაზრებას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, თუმცა  არავინ იცის,   საუკუნეების წინ რომ ყოფილიყო რკინა-ბეტონი, შესაძლოა, ჩვენს წინაპრებს  ტაძრების მშენებლობებზე სწორედ ეს მასალა გამოყენებინათ.  ტაძარი  იტევს 12 ათასამდე ადამიანს. ტაძრის სიმაღლე 101 მეტრია, სიგრძე  - 70.45 მეტრი,  სიგანე  - 64 მეტრი. როდესაც ტაძრის ფუნდამენტი გაითხარა, აღმოჩნდა გამავალი გრუნტის წყლები, გაკეთდა მძლავრი სადრენაჟო სისტემა, რამაც განაპირობა ტაძრის მდგრადობა.  ქაშუეთის ტაძრის გარდა, თბილისში არც ერთ ტაძარს არ აქვს სარდაფი, თავიდან გადაწყვეტილი იყო, ამოვსებულიყო სამების ტაძრის სარდაფი და ამის შემდეგ დაგვეწყო მშენებლობა, მაგრამ მისმა უწმინდესობამ გვითხრა:  რატომ უნდა დაკარგოთ ამხელა ტერიტორია,  სჯობს ტაძარი გავაკეთოთო და მართლაც დიდი ტაძრის ქვეშ,   12 მეტრის  სიღრმეზე,  გაკეთდა ხარების სახელობის ტაძარი, რომლის სიგრძე 115 მეტრია. სანამ სამების ტაძრის მშენებლობაში ჩავერთვებოდი, მე ვაშენებდი ამაღლების ტაძარს, საბურთალოს სასაფლაოსთან, რომლის ავტორიც არის არჩილ მინდიაშვილი.   უკვე მქონდა მასშტაბური სამუშაოების პრაქტიკა - მონაწილეობას ვიღებდი პარლამენტის შენობის აღდგენაში,  ასევე ჩემი გაკეთებული იყო  ბავშვთა სამყარო ვაგზლის ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწვა.

-თქვენ  ეწეოდით როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ასევე მოსაპირკეთებელ სამუშაოებსაც,    რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა  და დაკვეთა, რაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სამების ტაძრის მშენებლობაში?

- როდესაც მშენებლობა დაიწყო, სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში  გადაწყდა ილია თეზბიტელის  ტაძრის აშენება,  რომელივ თავიდან  აშენებული იყო   ხის კონსტრუქციით,  გამოყენებული გვქონდა   წაბლის ხე,   ძალიან ლამაზი  ტაძარი იყო. რომელიც შემდეგ დაიწვა და    აშენდა იქ  ახალი ტაძარი ფელამუშისფერი  ქვით.   ჩვენ მიერ  მოხდა,  დიდი ტაძრის  სამრეკლოს მოპირკეთება,   შემდეგ ვიმუშავეთ  გალავნის  ივერიის ღვთისმშობლის ტაძარზე,  ასევე ავაშენე ბერების აკადემია.  ჩემი კომპანიით "მე-13 ტრესტი და კომპანია "ტაძარი", რომელიც დავაარსე   სამების მშენებლობის პერიოდში,   ვმუშაობდი, როგორც სამშენებლო მიმართულებით, ასევე მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე. მაშინ ვთქვი, რომ ამ კომპანიით  ავაშენებდი  მხოლოდ ტაძრებს, მართლაც  დღეისთვის  თბილისში   აშენებული მაქვს 18 ტაძარი.   სამების ტაძრის მშენებლობაზე ძალიან ბევრი კომპანია მუშაობდა, მათ შორის "ტრესტი თბილისი", გვირაბმშენი, ძეგლთა დაცვა, ფირმა "სარინი", რომელმაც დაამზადა  ჯვარი, რომელიც შემდეგ  დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა და მისმა გუნდმა ჩასვა ოქროში.   ჯვრის დადგმის დღეს  ქარი იყო.  მშენებლებმა პატრიარქს ჯვრის დადგმის გადადება  შესთავაზეს, რადგან ქარი ხელს უშლიდათ და სახიფათო იყო. ასწიეთ ჯვარიო - თქვა პატრიარქმა და როგორც კი ჯვარი აიწია, ქარი  ჩადგა.

ჩემმა გუნდმა გააკეთა დიდ ტაძარში  ექსტერიერის  დიდი ნაწილი მოპირკეთება.   გამოვიყენეთ ბოლნისის ტუფის ქვა,  ძალიან ბევრი  სხვადასხვა ქვა გამოვცადეთ  მდგრადობაზე, ფერზე, ბოლოს არჩევანი ამ ქვაზე შეჩერდა.    ტაძრის ინტერიერში გამოყენებული იყო ბერძნული და იტალიური ქვა, ექსტერიერი ბოლნისის ქვით არის გაკეთებული, რომელიც კარგად უძლებს ყინვას და ფერიც მისაღები  იყო. 

- როგორ იხსენებთ დღეს სამების მშენებლობაზე გატარებულ წლებს?

- ეს იყო საუკეთესო წლები, რომელსაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ. იყო ბევრი სირთულე, მუდმივად დროის ცაიტნოტში გვიწევდა მუშაობა,  სულ მოსწრებაზე ვიყავით.  ჩამოგვივლიდა  ხოლმე  მშენებლობის ხელმძღვანელი  ირაკლი ანდრიაძე  და  ჩვეული  ორგანიზებით,  თავისი  "რკინის ხელით"   აწესრიგებდა ყველაფერს.  პროფესიული თვალსაზრისით  თავიდან საკმაოდ გაგვიჭირდა.  საქართველოში  ადრე გვყავდა ჩუქურთმის კარგი სპეციალისტები, მაგრამ  მერე და მერე ქვაზე მუშაობის სურვილი არავის აღარ ჰქონდა, არც შენობები შენდებოდა ქვით და  შესაბამისად,  სპეციალისტებიც ჭირდა.  ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მოდიოდნენ ჩვენთან სამუშაოდ, ისეთი ნიჭიერები იყვნენ და ისე  კარგად სწავლობდნენ ამ საქმეს,  საოცარ ჩუქურთმებს აკეთებდნენ.  სხვათაშორის, სამებაში არც ერთი ჩუქურთმა არ მეორდება.  საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებიდან  გადმოიწერა უამრავი ჩუქურთმა, რომელიც შემდეგ თავიდან აღადგინეს არჩილ მინდიაშვილმა და სხვებმა. 

სამების ტაძრის მიმართ  განსაკუთრებული დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. მამა ცნობილი ტრესტის მმართველი იყო,  ბიძა  მშენებლობის მინისტრი, მათი რეკომენდაციით დიდი სამმართველოს უფროსი გავხდი, რომელმაც ააშენა  თბილისში ათი დიდი ქარხანა, მაგრამ სამების  მასშტაბს ვერც ერთს ვერ შევადარებ,    ასეთ  პროექტზე მუშაობა  ძალიან საამაყოა ჩემთვის. დილას რომ მოვდიოდით გვიან ღამემდე იქ ვიყავით, მეტი არაფერი გვახსოვა.  დღემდე ვმეგობრობთ ყველა, ვინც სამებაზე ვმუშაობდით, ბევრი ერთმანეთის ნათელ-მირონი გავხდით, ერთმანეთი არ დავკარგეთ. ხშირად ვიკრიბებით,  ვიხსენებთ  წარსულს.  ყველას გვეძახის სამება,  ამიტომაცაა რომ ძალიან ხშირად ვბრუნდები უკან  წარსულში და    სამებაში.. 

თამუნა სამადაშვილი

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.