USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
გენადი კოლბინი - რუსი „მეფისნაცვალი“, რომელიც მოსკოვის მეტროში გარდაიცვალა
Date:  6597

რუსეთის იმპერიის დროს საქართველოს მეფისნაცვალი განაგებდა და ბევრმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ზოგმა დადებითი, ზოგმა უარყოფითი თუმცა ყველა მათგანი ბუნებრივია რუსეთის იმპერიის ინტერესების გამტარებელი იყო საქართველოში.

საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ე.წ. „მეფისნაცვალის“ ფუნქციას რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცკ) მეორე მდივანი ასრულებდა, რომელიც ყოველთვის ეროვნებით რუსი იყო.

როგორც წესი ცკ-ს მეორე მდივნები რესპუბლიკის შიდა ცხოვრებაში ნაკლებად ერეოდნენ, საბჭოთა სისტემა ასე იყო მოწყობილი, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში მათ ემორჩილებოდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, მათ შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი. კრიზისულ მომენტებში მხოლოდ ცკ-ს მეორე მდივანს შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, თვით რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების და ძალის გამოყენების ჩათვლით.

1975-1983 წლებში ამ თანამდებობას  გენადი კოლბინი იკავებდა.

მინი დოსიე: გენადი ვასილიევიჩ კოლბინი (დ. 7 მაისი, 1927, ნიჟნი ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი, - 1998 წლის 15 იანვარი, მოსკოვი) - საბჭოთა პოლიტიკოსი, 1975-1983წწ - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საბჭოთა მეორე მდივანი , ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1986-1989). სსრკ ცენტრალური კომიტეტის წევრი (1981-1990; სსრკ ცკ კანდიდატი წევრი 1976-1981 წლებში). სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1987-1989). სსრკ სახალხო დეპუტატი (1989-1991) რსფსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1971-1975) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1975-1984) ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1987-1989), ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1987-1989).

გენადი კოლბინი კარგად ლაპარაკობდა ქართულად, ყავდა ბევრი მეგობარი ქართველებს შორის, უყვარდა საქართველო და მეგობრობდა ქართული სუფრასთან. მისი საქართველოში მუშაობის პერიოდს დაემთხვა ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობის ახალი ტალღის დაწყება და მას ამ წლებში რამოდენიმე საპასუხსიმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწია და ყოველთვის ეს გადაწყვეტილება საქართველოს და ქართველების სასარგებლოდ იქნა მიღებული.

პირველი ეს იყო 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც  თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

„ახალგაზრდების რუსთაველის გამზირზე შემოსვლის მომენტიდან ყოველ 5 წუთში ვიღებდი ინფორმაციას მათი მოძრაობის შესახებ. მითხრეს, რომ მათ შეუერთდნენ მეცნიერების, ხელოვნების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „გაუმარჯოს დედა-ენას!“ რამდენიმე წუთიც და გუგუნის ხმა მეც მესმოდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო. საბჭოთა სისტემა ასე იყო მოწყობილი - ექსტრემალურ სიტუაციაში რესპუბლიკაში რეალური ძალაუფლება ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნის ხელში იყრიდა თავს, მას ემორჩილებოდნენ ძალოვანები. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იყო გენერალ-ლეიტენატი პავლე მელნიკოვი, რომელმაც მითხრა: დიდ პატივს გცემთ თქვენ და ქართველ ხალხს, მაგრამ თუ ბრძანება მოვიდა მოსკოვიდან ძალის გამოყენებაზე, მე მას შევასრულებო. ცოტა ხნის შემდეგ კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი გენადი კოლბინი მეუბნება: ამჟამად ყველა ძალოვანი მე მემორჩილება, მაგრამ ეს დროებითაა, საჭიროა როგორმე დაუკავშირდეთ სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლეონიდ ბრეჟნევს და მოახსენეთ შექმნილი ვითარების შესახებო. როდესაც მოხსენებას ვკითხულობდი მომახსენეს, რომ მოხერხდა ბრეჟნევთან დაკავშირება... ბრეჟნევთან საუბრის შემდეგ გავაგრძელე მოხსენების კითხვა და გამოვაცხადე: საკონსტიტუციო კომისიამ ბევრი იფიქრა, იმსჯელა კონსტიტუციის 75-ე მუხლთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება ეს მუხლი ასე ჩამოყალიბდეს: „საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“... ამ სიტყვებს მოჰყვა დარბაზის ემოციური ოვაცია. ამის შემდეგ ჩავედით მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ახალგაზრდებთან და მოვახსენეთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ...“- ასე იხსენებდა იმ დღევანდელ მოვლენებს მაშინდელი საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე.

მეორე გახმაურებული შემთხვევა 1983 წელს უკავშირდება, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის საზეიმო ღონისძიების ჩაშლის გამო დაკავებულ ნანა კაკაბაძეს, მარიამ ბაღდავაძეს და თამრიკო ჩხეიძეს რუსეთში უპირებდნენ გადასახლებას.

ამ ამბავთან დაკავშირებით შედგა საზოგადოებრივი პეტიცია, რაც იმ დროისთვის გაუგონარი შემთხვევა იყო და მასზე ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი აწერდა ხელს. თუმცა საკითხის გადაყვეტა მხოლოდ გენადი კოლბინს ეხელმწიფებოდა. კოლბინი ჩხეიძეების მეზობლად ცხოვრობდა და იმ მომენტში ქალიშვილი ყავდა გარდაცვლილი. საკითხი იმდენად სასწრაფოდ იყო გადასაწყვეტი, რომ დალოდება არ გამოდიოდა და რეზო ჩხეიძე მგლოვიარე გენადი კოლბინთან მივიდა სათხოვნელად. კოლბინის პასუხი იყო - ქალიშვილს დავკრძალავ და დაუყონებლივ მაგ საკითხით დავკავდებიო. ჯერ მაშინვე მოსკოვში დარეკა,ხოლო ქალიშვილის დასაფლავების შემდეგ მოსკოვში გაფრინდა და თავისი კავშირების წყალობით მოახერხა ეხსნა ქართველი გოგოები რუსეთში გადასახლებისაგან.

ასეთი ამბებიც ახსოვს ჩვენს ისტორიას.

საქართველოს შემდეგ, 1986 წელს „ცკ“-ს ყოფილი მეორე მდივანი, გენადი კოლბინი ყაზახეთის პარტიულ ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც ალმა-ატაში დემონსტრანტებსა და მილიციას შორის სისხლისმღვრელი შეჯახება მოყვა. 

გენადი კოლბინი, უკვე პენსიაზე მყოფი, მოსკოვის მეტროს ვაგონში გარდაიცვალა, როდესაც ქალიშვილთან მიდიოდა სტუმრად. მხოლოდ მეხუთე დღეს გაარკვია მილიციამ ვინ იყო გარდაცვლილი, თორემ მას უპატრონო მიცვალებულების სასაფლაოზე უპირებდნენ უკვე დასაფლავებას.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way