USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
„გაზპრომის’ გენერალური დირექტორის ალექსეი მილერი პუტინს აკრიტიკებს
дата:  459

რუსული კონცერნების ხელმძღვანელები კრემლის წინაამღდეგ იშვიათად გამოდიან, ამიტომაც „გაზპრომის’ გენერალური დირექტორის ალექსეი მილერის მიმართვა პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს, როგორც მინიმუმ, საყურადღებოა.

წერილში მილერი აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას მსხვილ რუსულ კომპანიებს დასავლური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების აკრძალვის თაობაზე. მისი აზრით,  რუსულ პროგრამებზე გადასვლა კონცერნს 2,4 მლრდ. დოლარი დაუჯდება - ეს არაფერი რომ არ ვთქვათ ხარისხზე და სანდოობაზე. „მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ნაციონალიზმის“  წინაამღდეგ რუსეთი ბანკების ასოციაცია და ცენტრალური ბანკიც კი გამოდის.

თუმცა, პუტინის კურსი გასაგები და ცხადია. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური ჩამორჩენა განვითარებული ქვეყნებისგან გაიზარდა და კრემლის თავისი ქვეყნის დასავლეთისგან სულ უფრო მეტ იზოლირებას ცდილობს.

ექსპერტები ამ მიდგომას მკაცრად აკრიტიკებენ. რუსეთის საკითხებში ექსპერტი გერმანული ფონდიდან „მეცნიერება და პოლიტიკა“ იანის კლიუგე თვლის, რომ დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა რუსული ბიზნესისთვის წარმოუდგენელი რისკია. რუსეთის დასავლეთის ბაზარზე და ტექნოლოგიებზე  დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია და მისი დაძლევა ბრძანებებით და მითითებებით შეუძლებელია.

დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში რუსეთს ჩინეთთან დაახლოვების გარდა სხვა გზა არ დარჩენია. და ეს პოლიტიკური ჟესტების დონეზეც ჩანს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პუტინი ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე ყოველთვის, თითქმის დემონსტრაციულად იგვიანებს, მაგრამ ჩინეთის ლიდერთან სი ცზიანპინთან  არასდროს.

2020 წელს სავაჭრო ბრუნვა რუსეთს და ევროკავშირს შორის 21%-ით შემცირდა და ეს - მხოლოდ 2019 წელთან შედარებით, ხოლო ყირიმის ანექსიამდელ პერიოდთან, ანუ, 2013 წელთან შედარებით - 50%-ით. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირის რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და  ინვესტორია.

ჩინეთი ამ ვითარებას სათავისოდ კარგად იყენებს. მაგალითად, გაზსადენ ‘ციმბრის ძალით“  რუსულ გაზს, ევროპასთან შედარებით დაბალი ტარიფით ყიდულობს.

აღმოსავლეთზე ორიენტაციის გარდა, კრემლი ფსონს ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე აკეთებს - მას ამის ფუფუნება აქვს, განსაკუთრებით კი ნავთობის გაძვირების ფონზე.

„იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის გადაქცევა ციხე-სიმაგრედ ფატალურ შედეგებს გამოიწვევს. რუსეთი საერთაშორისო საწარმო ჯაჭვებში ისედაც სუსტადაა ჩართული და მისი თვითიზოლირება ამ ჩამორჩენას კიდევ უფრო გააღრმავებს“ - მიიჩნევს გერმანული ეკონომიკის აღმოსავლური კომიტეტის თავჯდომარე ოლივერ ჰერმესი.

მისი თქმით აშშ-ს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდის ფონზე რუსეთში შესაძლოა იმპორტის ჩანაცვლების და წარმოების მეტი ლოკალიზების მომხრეები გაძლიერდნენ.

„თავისებური მოჯადოვებული წრე გამოდის. მისი გარღვევა კი მსხვილი წარმოებს დივერსიფიცირებით, ნედლეულზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელზე უარის თქმით და მცირე-საშუალო ბიზნესის ხელშეწყობითაა შესაძლებელი. ეს კი დასავლეთთან თანამშრომლობის, დასავლური ბაზრის და დასავლური ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია“ - მიიჩნევს ოლივერ ჰერმესი.

წყარო:Handelsblatt

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати