გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შოვში განვითარებული სტიქიის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან შემდგარი 6 ჯგუფი სტიქიის ადგილზე რჩება და საველე სამუშაოებს ახორციელებს. პირველადი დასკვნისთვის, სამუშაო ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება უწყვეტად მიმდინარეობს.
„ვამუშავებთ და მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც განვითარდა ხეობაში. საზოგადოებას, ამ ძალიან მძიმე დროს, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს დილას, ჩვენმა სპეციალისტებმა ხეობა კიდევ ერთხელ დეტალურად დაათვალიერეს. ხვალ უკვე გვექნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებს და ანალიზს. დასკვნას საზოგადოებას ოპერატიულად მივაწვდით.
ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. პროცესები ხეობაში განვითარდა ძალიან სწრაფად, რასაც თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. საქმე გვაქვს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან; საბოლოო ჯამში, მივიღეთ უმძიმესი სურათი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, როდესაც ასეთი რთული ემოციურო ვითარებაა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ისედაც ძალიან მძიმე ემოციურ ფონს. ჩვენი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი დასკვნა გააკეთონ და სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, 20 ადამიანს კი ეძებენ.