USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები - დოქტორ გოგი კვარაცხელიას პრინციპული ვერსია ეგვიპტის პირამიდების საიდუმლოს შესახებ
Date:  1101

ეგვიპტის პირამიდების გარშემო მსოფლიო მკვლევარებისთვის დღემდე უამრავი კითხვები არსებობს. უკვე თანამედროვე ეპოქაში, მეცნიერებს პირამიდების მშენებლობის გარშემო გარკვეული მოსაზრებებები ჩამოუყალიბდათ.  ამ თვალსაზრისით, საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები აქვს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, პოლკოვნიკ გრიგორი (გოგი) კვარაცხელიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად იკვლევს და დამაჯერებელი შედეგებით, თუ როგორ შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები.

დოქტორ გოგი კვარაცხელიას პრინციპული ვერსია ეგვიპტის პირამიდების, კერძოდ ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტურული თავისებურებანი და ხანგამძლეობის საიდუმლოს შესახებ

 

მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან კაცობრიობას დღემდე ქვის  ნაგებობათა ერთადერთი კომპლექსი პირვანდელი სახით რომელიც შემორჩა ეს ეგვიპტის პირამიდებია. ხსენებული პირამიდებიდან ყველაზე დიდს წარმოადგენს ხეოფსის პირამიდა ანუ ხუფუს პირამიდა, როგორც მას თვით ეგვიპტელები უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდის ასაკი თითქმის ოთხიათას წელზე მეტია იგი საკმაოდ კარგად არის შემონახული.

ეგვიპტის პირამიდების შესწავლა მიმდინარეობდა ყოველთვის და ყველა დროში, თუმცა მათი აქტიური კვლევა მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. ყოველი ღრმა კვლევის ჩატარების შემდგომ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მეცნიერები კიდევ უფრო მეტი აუხსნელი საკითხების წინაშე დგებოდნენ, და აუხსნელი საკითხების რაოდენობა უფრო მატულობდა რაც უფრო თანამედროვე  ხელსაწყოების გამოყენება ხდებოდა კვლევების ჩატარებისას. მეცნიერთა და მკვლევართა წრეებში ასევე უამრავი ვერსია  თუ ჰიპოთეზაა გამოთქმული ხეოფსის პირამიდის შესახებ თუმცა ეს არქიტექტურული შედევრი დღემდე რჩება ინჟინრებისა თუ სწავლულების განხილვის საგნად, როგორც მშენებლობის და არქიტექტურის, ისე მისი გეომეტრიული ფორმების კუთხით. მკვლევარები თანამედროვე პირობებშიც ვერ მალავენ გაოცებას ხეოფსის პირამიდის შთამბეჭდავი ზომებისა  და ფორმების გამო. როგორც ცნობილია ხეოფსის პირამიდა არის ერთადერთი პირამიდა, რომელსაც გააჩნია კორიდორების, შახტების და გვირაბების რთული სისტემა და იგი აგებულია ღრმა მათემატიკური, ასტრონომიული, გეოლოგიური და ტექნოლოგიური ცოდნის საფუძველზე, ასე მაგალითად, იგი ზუსტადაა ორიენტირებული ორიონის სარტყელის ვარსკვლავებზე, მისი წვერო პირდაპირ უყურებს პოლარულ ვარსკვლავს, იგი გრადუსის მეასედი სიზსუტითაა ორიენტირებული დედამიწის ღერძის ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართ, თითქმის იდეალური სიზუსტითაა დაცული ნაპირკუთხოვანი ქვების  დახრის კუთხე,  ეს მაშინ როცა მისი თავდაპირველი სიმაღლე შეადგენდა 146,6 მ-ს (ამჟამად იგი შეადგენს დაახლოებით 137 მ-ს), ხოლო ფუძის გვერდების სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 230 მ-ს და ა.შ.

მეცნიერთა და ინჟინერთა განსჯის და კვლევის საგანია ის ფაქტორებიც, რამაც უზრუნველყო  ამ ნაგებობის შემონახვა დღემდე იმ სახით, რა სახითაც  გვხვდებიან ისინი, როგორ გაუძლო ამ ნაგებობამ ჟამთა სვლას და რაში მდგომარეობს მისი კონსტრუქციის ასეთი სიმყარისა და მდგრადობის საიდუმლო.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეგვიპტის პირამიდების, მათ შორის ხეოფსის პირამიდის მდგრადობა პირდაპირაა დაკავშირებული მის გეომეტრიულ ფორმასთან. მათი აზრით სწორედ წესიერი ოთხკუთხა პირამიდის ფორმის  ნაგებობების  განსაკუთრებული მაღალ მდგრადობა გამოწვეულია ფუძის დიდი ფართობით,  აგრეთვე, რომ პირამიდის ფორმა უზრუნველყოფს მასის შემცირებას სიმაღლეში ზრდასთან ერთად და აქედან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნა, რომ სწორედ ამ ორი თვისების გამოა პირამიდა მდგრადი.

პირამიდების შესწავლის საქმეში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტის ხელმძღვანელი, სტუ-ს საპატიო დოქტორი, პოლკოვნიკი გ.კვარაცხელია აქტიურადაა ჩართული, მან უკვე გამოაქვეყნა რამოდენიმე ნაშრომი ეგვიპტის პირამიდებზე, სადაც გამოთქმული იყო მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი პირამიდების აგების ტექნოლოგიაზე,  გამოყენებულ საშუალებებზე და ა.შ.

ბ-ნ გ.კვარაცხელია  თვლის,  რომ  სწავლულების მიერ გამოთქმული მშრალი მოსაზრება, მასზედ, რომ პირამიდის გეომეტრიული ფორმის (წესიერი ოთხკუთხა პირამიდა) მხოლოდ ორი თვისება, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, არ არის  საკმარისი იმისათვის, რომ ნაგებობამ გაუძლოს საუკუნეებს და იმ ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატაკლიზმებს, რომელიც თანმდევი იყო თითოეული პერიოდისათვის.

გ. კვარაცხელიას აზრით გეომეტრიული ფიგურები აინტერესებდა ჩვენს წინაპრებს  არამარტო იმიტომ, რომ ისინი ეხმარებოდნენ მათ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში, არამედ მათ ქონდათ მაგიური მნიშვნელობაც. სიმყარე ესაა ერთერთი აუცილებელი თვისება არქიტექტურიული ნაგებობისა  და იგი დამოკიდებულია გამოყენებული მასალების თვისებებზე, კონსტრუქციულ თავისებურებებზე და საბაზო გეომეტრიულ ფორმაზე. ყოველ გემეტრიულ ფიგურას, არქიტექტურის თვალსაზრისით, აქვს  თვისებათა და მახასიათებელთა მთელი ნაკრები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული მშენებლობის პერიოდში,  ძველრომაული არქიტექტურის თეორეტიკოსი  Vitruvius-ი ამბობდა კიდეც:  „ყოველი არქიტექტურული ნაგებობისათვის დამახასიათელი უნდა იყოს სიმყარე, სარგებელი და სილამაზე“.

 

გ. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ არქიტექტურული ნაგებობის მდგრადობაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა კონსტრუქციული ნიუანსი, მისი ფუნქცია და მოქმედების მექანიზმი. ამის დასადასტურებლად მას მოჰყავს ზოგიერთი ინჟინერის თუ მკვლევარის მოსაზრებები ხეოფსის პირამიდის თითოეულ წახნაგზე არსებულ სიმეტრიულად განლაგებული „ჩაღუნვის“ შესახებ, რომელიც აერთებს პირამიდის წვეროს ფუძის გვერდის შუა წერტილთან. ასეთი „ჩაღუნვების“ არსებობა ეჭვგარეშეა, რადგან ისინი ჯერ კიდევ   ნაჩვენები იყო 1700 წლის ბოლოს გამოშვებულ გამოცემაში „ეგვიპტეს აღწერა“ ( La Description de l'Egypte in the late 1700's, Volume V, pi. 8)  მოყვანილ ილუსტრაციებში, გარდა ამისა, ამ „ჩაღუნვები“ს შესახებ წერდა ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი William Matthew Flinders Petrie, როდესაც ამბობდა, რომ მუდმივად აკვირდება ამ „ჩაღუნვებს“, რომლებიც საოცარი სიზუტითა და სიმეტრიით გამოირჩევა და ცდომილების ზღვარი არ სცდება 1 გრადუსს, და ბოლოს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მფრინავის Paul Groves მიერ გადაღებული ლეგენდარული ფოტო, რომელზეც აშკარად იკვეთება „ჩაღუნვის ხაზები“. ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ წახნაგების ცენტრალურ ნაწილში არსებული „ჩაღუნვა“ გამოწვეული იყო ეროზით ან  ქვის გარე საფარის ჩამოშლა-ვარდნით,  ერთ ერთი მეცნიერის Edwards -ის აზრით კი, თითოეული წახნაგის ცენტრალური ნაწილი უბრალოდ შეწეული იქნა შიგნით დროთა განმავლობაში ქვის ბლოკების  დიდი მასის დაწოლის გამო. უფრო შორს წავიდა ამერიკელი ინჟინერი Raymond D. Manners, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ შეღუნული წახნაგები ემსახურებოდა მზის სხივების ფოკუსირებას და მათ მიმართვას გარკვეული მიმართულებით, ასე რომ  დღევანდელ დღესაც არ არსებობს დამაკმაყოფილებელი და დასაბუთებული ახსნა ასეთი აქრიტექტურული თავისებურებისა.

გ. კვარაცხელია არ ეთანხმება მეცნიერთა და ინჟინერთა ასეთ ვარაუდებს და გამოთქვამს საკუთარ ვერსიას  მასზედ, რომ ეს „შეღუნვები“ სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი წიბოები, რომლებიც უზრუნველყოფენ რვაწახნაგა პირამიდის ფორმირებას.  შესაბამისად ბატონი გ. კვარაცხელია თვლის, რომ რვაწახნაგა ხეოფსის პირამიდის ფუნდამენტი ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფორმისაა.  პირამიდის ამგვარი კონსტრუქცია შესრულებულია სრულიად წინასწარი განზრახვით და ფუნქციით, რომელიც სცდება უბრალო ინჟინერიის ფარგლებს.

ფუნდამენტის ზედაპირი და პირამიდის ფუძე

ხეოფსის პირამიდისათვის დამახასიათებელი მასალების, კონსტრუქციული ელემენტების, გეომეტრიული ფორმების და სხვათა ღრმა მეცნიერული ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების საფუძველზე გ. კვარაცხელია თვლის, რომ ხეოფსის პირამიდის გეომეტრიული ფორმის სტაბილურობა, კონსტრუქციის სიმყარე და მდგრადობა, ასევე შესრულების სიზუსტე იმალება თვით კონსტრუქციაში.

 

გ. კვარაცხელიას აზრით ხეოფსის რვა წახნაგიანი პირამიდა ფორმირებულია ოთხი არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდით, რომლებიც მონოლითურადაა შეკრული თვით მშენებლობის პროცესში. ეს არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდები ადვილად წარმოსადგენია  თუ ხეოფსის პირამიდას გადავკვეთთ შეწეულ წიბოებზე გამავალი ორი ურთიერთმართობული სიბრტყით. თითოეული ასეთი არაწესიერი პირამიდა შედგება ორი ვერტიკალური და ორი დახრილი წახნაგისაგან, ვერტიკალური წახნაგები წარმოადგენენ მართკუთხა სამკუთხედებს. თვალსაჩინოების მიზნით გ.კვარაცხელიამ თავისი ჰიპოტეზის მტკიცებისათვის გააკეთა პირამიდის რამოდენიმე მაკეტი და წარმოადგინა ჭრილშიც.

გ. კვარაცხელია აღნიშნავს ასევე იმ ფაქტსაც, რომ  სიმეტრიის პრინციპები  წარმოადგენს ძირითად საფუძველს არქიტექტურაში. თუ გადავხედავთ თანამედროვე პირობებში აგებულ ასიმეტრიულ ნაგებობებს, თვალნათლივ გამოჩნდება რომ ისინი წარმოადგენენ სიმეტრიული ელემენტების ჰარმონიულ კომპოზიციას. ხეოფსის პირამიდის მშენებლობისას კი, როგორც გ. კვარაცხელია მიიჩნევს,  ძველეგვიპტიელი მშენებლები მოიქცნენ  პირიქით, ასიმეტრიული კონსტრუქციული ელემენტების ( არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდები) შერწყმით მოახდინეს უაღრესად სიმეტრიული ნაგებობის აგება, რომელიც ხასიათდება   პროპორციების სრულყოფილებით.

გ. კვარაცხელია მიიჩნევს, რომ არქიტექტურულად ხეოფსის პირამიდის ამგვარი ფორმირება იძლევა გაცილებით მაღალ:

ა) სიმყარეს

ბ) მდგრადობას

გ) სივრცულ სიხისტეს

როგორც ცნობილია ნებისმიერი ნაგებობის სიმყარე, ესაა მისი შესაძლებლობა საიმედოდ გაუძლოს მოქმედ დატვირთვებს და აგრეთვე ძალვებს, რომელიც წარმოიშობა თვით ნაგებობის ელემენტებში, გ. კვარაცხელიას ვერსიით ხეოფსის ძირითადი პირამიდის შემადგენელი თითოეული არაწესიერი პირამიდა უზრუნველყოფს ოთხ საყრდენ წერტილს, შესაბამისად,  პირამიდაში მათი ინტეგრირება მთლიანობაში 16 საყრდენ წერტილს ძირთადი პირამიდისათვის, გარდა ამისა, არაწესიერ პირამიდებში  ვერტიკალური წახნაგების არსებობა იმავდროულად  უზრუნველყოფს ძირითად დატვირთვების გადანაწილებას ამ წახნაგების გასწვრივ, და შესაბამისად ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ფუნდამენტის შიგნით ჯვრის ფორმის საყრდენზე. 

გ.კვარაცხელია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სხავდასხვა გათვლებით მაქსიმალური სტატიკური დაძაბულობა პირამიდის ქვეშ შესაძლოა შეადგენდეს ათასობით კპა-ს,  ასეთმა მაღალმა დატვირთვამ არ გამოიწვია ფუნდამენტის რღვევა (მაგალითად მაღალი ჩაჯდომა), რადგან ფუნდამენტის  მოყვანილმა ფორმამ უზრუნველყო ამგვარი დატვირთვებისადმი მედეგობა.

 კონსტრუქციის მდგრადობის ზოგიერთი საერთო წესის მიხედვით  დაბალი სიმძიმის ცენტრი და  ფუნდამენტის ფორმა და დიდი ფართობი უზრუნველყოფს მაღალ წინააღმდეგობას  დაძაბულობებისადმი,   რომელსაც ექვემდებარება ნაგებობა, რადგან ნებისმიერ მასალას აქვს მრღვევი დაძაბულობა, რომელიც წარმოადგენს  მაქსიმალურ ძალას ზედაპირის ფართობის ერთეულზე.

გ. კვარაცხელიას აზრით ამგვარად ფორმირებული პირამიდა გათვლილი იყო მილიონობით ტონა სამშენებლო მასალის რაციონალურ გადანაწილებაზე, შედეგად  დატვირთვები რვაწახნაგა პირამიდის საერთო სიმძიმის ცენტრიდან გადანაწილებული იქნა არაწესიერი პირამიდის სიმძიმის ცენტრებზე, რამაც მას შესძინა მაღალი სისხისტე  და გადანაცვლების მცირე შესაძლებლობა. რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მიწისვრებისადმი მაღალი მდგრადობა.

გ კვარაცხელია თვლის,  რომ ხეოფსის პირამიდა ფორმირებული, რომ არ ყოფილიყო  ამგვარი ფორმით და ფუნდამენტით იგი ვერ იქნებოდა ასეთი მდგრადი.  ფუნდამენტის  ფორმას აქვს დიდი  მნიშვნელობა მათ შორის სტაბილურობისათვისაც,  რადგან ზოგიერთი ფორმისათვის იგი სტაბილურია მხოლოდ ერთი მიმართულებით. მაგალითად, ოთხწახნაგა წესიერი პრამიდა ფუძის ცენტრის და  პერიმეტრის უახლეს წერტილთან შეერთების ხაზზე არის ყველაზე ნაკლებად მდგრადი, რომელსაც ხშირად „რღვევის ხაზზსაც“ უწოდებენ,  ვიდრე ცენტრიდან კუთხეების შემაერთებელ ხაზზე, აქედან გამომდინარე არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდების კომბინირებით  პერიმეტრის ხსენებული თითოეული წერტილი „შეწეული“ იქნა ფუძის შიგნით და წარმოქმნილი იყო კუთხე,  როგორც შედეგი რვაწახნაგა პირამიდის ფორმირებისა. ამგვარად კი აღმოფხვრილია  ე.წ. „რღვევის ხაზის“ არსებობა. 

გ. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ სივრცულ სიხისტე პირობითად თავსდება ნაგებობის ელემენტების დრეკადი ჩანაცვლების სიდიდით, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სახის ძალური ზემოქმედების შედეგად. ხეოფსის პირამიდის მაღალი სივრცული სიხისტე  მიღწეული იყო არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდების ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირებით, რამაც უზრუნველყო პირამიდის, როგორც ერთიანი მონოლითური ნაგებობის წარმოქმნა. გ. კვარაცხელია თვლის, რომ გათვალიწინებული იყო აგრეთვე ბუნებრივ- კლიმატური პირობების გავლენა, რადგან იგი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა  ჰორიზონტალური დატვირთვებისადმი სიხისტისა მდგრადობის გასაზრდელად. პირამიდების რვაწახნაგა ფორმამ ოთხი „გამოწეული“ და ოთხი „შეწეული“ წიბოთი  უზრუნველყოფდა ქარის  მიმართ მდგრადობას არამარტო სტატიკური საიმედოობის თვალსაზრისით, არამედ  ნაგებობის რეაქციის თვალსაზრისითაც  დაგრიგალების მიმართ.  

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გ.კვარაცხელიას მიერ შემუშავებული მშენებლობის კონსტრუქციული პრინციპი, ტექნოლოგია, მექანიზმი  და ბოლოს არქიტექტურული თავისებურებანი ყველაზე რეალისტური და მუშაუნარიანია, დღემდე, ჰიპოთეზების საფუძველზე და მხოლოდ იდეების დონეზე წარმოსახულ კონსტრუქციებს შორის. წლების განმავლობაში ყველა სავარაუდო მეთოდის შესწავლის შემდეგ იგი  თვლის, რომ ზოგადად ეგვიპტის პირამიდები არც ვინმე იმდროინდელი ცნობილი არქიტექტორის, არც ინჟინერის აგებულია, არამედ პირამიდის აგების პრინციპი არასტანდარტული ფრაქტალის გეომეტრიული ნიმუშია, ხოლო ნაგებობის საერთო სიმძიმის ცენტრის და ძალთა გადანაწილების ურთულესი გათვლები  კი მათემატიკური გაანგარიშების ფანტასტიკური შედეგი.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way