ეგვიპტის პირამიდების გარშემო მსოფლიო მკვლევარებისთვის დღემდე უამრავი კითხვები არსებობს. უკვე თანამედროვე ეპოქაში, მეცნიერებს პირამიდების მშენებლობის გარშემო გარკვეული მოსაზრებებები ჩამოუყალიბდათ. ამ თვალსაზრისით, საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, პოლკოვნიკ გრიგორი (გოგი) კვარაცხელიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად იკვლევს და დამაჯერებელი შედეგებით, თუ როგორ შენდებოდა ეგვიპტის პირამიდები.
დოქტორ გოგი კვარაცხელიას პრინციპული ვერსია ეგვიპტის პირამიდების, კერძოდ ხეოფსის დიდი პირამიდის არქიტექტურული თავისებურებანი და ხანგამძლეობის საიდუმლოს შესახებ
მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან კაცობრიობას დღემდე ქვის ნაგებობათა ერთადერთი კომპლექსი პირვანდელი სახით რომელიც შემორჩა ეს ეგვიპტის პირამიდებია. ხსენებული პირამიდებიდან ყველაზე დიდს წარმოადგენს ხეოფსის პირამიდა ანუ ხუფუს პირამიდა, როგორც მას თვით ეგვიპტელები უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდის ასაკი თითქმის ოთხიათას წელზე მეტია იგი საკმაოდ კარგად არის შემონახული.
ეგვიპტის პირამიდების შესწავლა მიმდინარეობდა ყოველთვის და ყველა დროში, თუმცა მათი აქტიური კვლევა მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. ყოველი ღრმა კვლევის ჩატარების შემდგომ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მეცნიერები კიდევ უფრო მეტი აუხსნელი საკითხების წინაშე დგებოდნენ, და აუხსნელი საკითხების რაოდენობა უფრო მატულობდა რაც უფრო თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენება ხდებოდა კვლევების ჩატარებისას. მეცნიერთა და მკვლევართა წრეებში ასევე უამრავი ვერსია თუ ჰიპოთეზაა გამოთქმული ხეოფსის პირამიდის შესახებ თუმცა ეს არქიტექტურული შედევრი დღემდე რჩება ინჟინრებისა თუ სწავლულების განხილვის საგნად, როგორც მშენებლობის და არქიტექტურის, ისე მისი გეომეტრიული ფორმების კუთხით. მკვლევარები თანამედროვე პირობებშიც ვერ მალავენ გაოცებას ხეოფსის პირამიდის შთამბეჭდავი ზომებისა და ფორმების გამო. როგორც ცნობილია ხეოფსის პირამიდა არის ერთადერთი პირამიდა, რომელსაც გააჩნია კორიდორების, შახტების და გვირაბების რთული სისტემა და იგი აგებულია ღრმა მათემატიკური, ასტრონომიული, გეოლოგიური და ტექნოლოგიური ცოდნის საფუძველზე, ასე მაგალითად, იგი ზუსტადაა ორიენტირებული ორიონის სარტყელის ვარსკვლავებზე, მისი წვერო პირდაპირ უყურებს პოლარულ ვარსკვლავს, იგი გრადუსის მეასედი სიზსუტითაა ორიენტირებული დედამიწის ღერძის ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართ, თითქმის იდეალური სიზუსტითაა დაცული ნაპირკუთხოვანი ქვების დახრის კუთხე, ეს მაშინ როცა მისი თავდაპირველი სიმაღლე შეადგენდა 146,6 მ-ს (ამჟამად იგი შეადგენს დაახლოებით 137 მ-ს), ხოლო ფუძის გვერდების სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 230 მ-ს და ა.შ.
მეცნიერთა და ინჟინერთა განსჯის და კვლევის საგანია ის ფაქტორებიც, რამაც უზრუნველყო ამ ნაგებობის შემონახვა დღემდე იმ სახით, რა სახითაც გვხვდებიან ისინი, როგორ გაუძლო ამ ნაგებობამ ჟამთა სვლას და რაში მდგომარეობს მისი კონსტრუქციის ასეთი სიმყარისა და მდგრადობის საიდუმლო.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეგვიპტის პირამიდების, მათ შორის ხეოფსის პირამიდის მდგრადობა პირდაპირაა დაკავშირებული მის გეომეტრიულ ფორმასთან. მათი აზრით სწორედ წესიერი ოთხკუთხა პირამიდის ფორმის ნაგებობების განსაკუთრებული მაღალ მდგრადობა გამოწვეულია ფუძის დიდი ფართობით, აგრეთვე, რომ პირამიდის ფორმა უზრუნველყოფს მასის შემცირებას სიმაღლეში ზრდასთან ერთად და აქედან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნა, რომ სწორედ ამ ორი თვისების გამოა პირამიდა მდგრადი.
პირამიდების შესწავლის საქმეში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტის ხელმძღვანელი, სტუ-ს საპატიო დოქტორი, პოლკოვნიკი გ.კვარაცხელია აქტიურადაა ჩართული, მან უკვე გამოაქვეყნა რამოდენიმე ნაშრომი ეგვიპტის პირამიდებზე, სადაც გამოთქმული იყო მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი პირამიდების აგების ტექნოლოგიაზე, გამოყენებულ საშუალებებზე და ა.შ.
ბ-ნ გ.კვარაცხელია თვლის, რომ სწავლულების მიერ გამოთქმული მშრალი მოსაზრება, მასზედ, რომ პირამიდის გეომეტრიული ფორმის (წესიერი ოთხკუთხა პირამიდა) მხოლოდ ორი თვისება, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნაგებობამ გაუძლოს საუკუნეებს და იმ ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატაკლიზმებს, რომელიც თანმდევი იყო თითოეული პერიოდისათვის.
გ. კვარაცხელიას აზრით გეომეტრიული ფიგურები აინტერესებდა ჩვენს წინაპრებს არამარტო იმიტომ, რომ ისინი ეხმარებოდნენ მათ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში, არამედ მათ ქონდათ მაგიური მნიშვნელობაც. სიმყარე ესაა ერთერთი აუცილებელი თვისება არქიტექტურიული ნაგებობისა და იგი დამოკიდებულია გამოყენებული მასალების თვისებებზე, კონსტრუქციულ თავისებურებებზე და საბაზო გეომეტრიულ ფორმაზე. ყოველ გემეტრიულ ფიგურას, არქიტექტურის თვალსაზრისით, აქვს თვისებათა და მახასიათებელთა მთელი ნაკრები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული მშენებლობის პერიოდში, ძველრომაული არქიტექტურის თეორეტიკოსი Vitruvius-ი ამბობდა კიდეც: „ყოველი არქიტექტურული ნაგებობისათვის დამახასიათელი უნდა იყოს სიმყარე, სარგებელი და სილამაზე“.
გ. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ არქიტექტურული ნაგებობის მდგრადობაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა კონსტრუქციული ნიუანსი, მისი ფუნქცია და მოქმედების მექანიზმი. ამის დასადასტურებლად მას მოჰყავს ზოგიერთი ინჟინერის თუ მკვლევარის მოსაზრებები ხეოფსის პირამიდის თითოეულ წახნაგზე არსებულ სიმეტრიულად განლაგებული „ჩაღუნვის“ შესახებ, რომელიც აერთებს პირამიდის წვეროს ფუძის გვერდის შუა წერტილთან. ასეთი „ჩაღუნვების“ არსებობა ეჭვგარეშეა, რადგან ისინი ჯერ კიდევ ნაჩვენები იყო 1700 წლის ბოლოს გამოშვებულ გამოცემაში „ეგვიპტეს აღწერა“ ( La Description de l'Egypte in the late 1700's, Volume V, pi. 8) მოყვანილ ილუსტრაციებში, გარდა ამისა, ამ „ჩაღუნვები“ს შესახებ წერდა ცნობილი ბრიტანელი არქეოლოგი William Matthew Flinders Petrie, როდესაც ამბობდა, რომ მუდმივად აკვირდება ამ „ჩაღუნვებს“, რომლებიც საოცარი სიზუტითა და სიმეტრიით გამოირჩევა და ცდომილების ზღვარი არ სცდება 1 გრადუსს, და ბოლოს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მფრინავის Paul Groves მიერ გადაღებული ლეგენდარული ფოტო, რომელზეც აშკარად იკვეთება „ჩაღუნვის ხაზები“. ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ წახნაგების ცენტრალურ ნაწილში არსებული „ჩაღუნვა“ გამოწვეული იყო ეროზით ან ქვის გარე საფარის ჩამოშლა-ვარდნით, ერთ ერთი მეცნიერის Edwards -ის აზრით კი, თითოეული წახნაგის ცენტრალური ნაწილი უბრალოდ შეწეული იქნა შიგნით დროთა განმავლობაში ქვის ბლოკების დიდი მასის დაწოლის გამო. უფრო შორს წავიდა ამერიკელი ინჟინერი Raymond D. Manners, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ შეღუნული წახნაგები ემსახურებოდა მზის სხივების ფოკუსირებას და მათ მიმართვას გარკვეული მიმართულებით, ასე რომ დღევანდელ დღესაც არ არსებობს დამაკმაყოფილებელი და დასაბუთებული ახსნა ასეთი აქრიტექტურული თავისებურებისა.
გ. კვარაცხელია არ ეთანხმება მეცნიერთა და ინჟინერთა ასეთ ვარაუდებს და გამოთქვამს საკუთარ ვერსიას მასზედ, რომ ეს „შეღუნვები“ სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი წიბოები, რომლებიც უზრუნველყოფენ რვაწახნაგა პირამიდის ფორმირებას. შესაბამისად ბატონი გ. კვარაცხელია თვლის, რომ რვაწახნაგა ხეოფსის პირამიდის ფუნდამენტი ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფორმისაა. პირამიდის ამგვარი კონსტრუქცია შესრულებულია სრულიად წინასწარი განზრახვით და ფუნქციით, რომელიც სცდება უბრალო ინჟინერიის ფარგლებს.
ფუნდამენტის ზედაპირი და პირამიდის ფუძე
ხეოფსის პირამიდისათვის დამახასიათებელი მასალების, კონსტრუქციული ელემენტების, გეომეტრიული ფორმების და სხვათა ღრმა მეცნიერული ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების საფუძველზე გ. კვარაცხელია თვლის, რომ ხეოფსის პირამიდის გეომეტრიული ფორმის სტაბილურობა, კონსტრუქციის სიმყარე და მდგრადობა, ასევე შესრულების სიზუსტე იმალება თვით კონსტრუქციაში.
გ. კვარაცხელიას აზრით ხეოფსის რვა წახნაგიანი პირამიდა ფორმირებულია ოთხი არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდით, რომლებიც მონოლითურადაა შეკრული თვით მშენებლობის პროცესში. ეს არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდები ადვილად წარმოსადგენია თუ ხეოფსის პირამიდას გადავკვეთთ შეწეულ წიბოებზე გამავალი ორი ურთიერთმართობული სიბრტყით. თითოეული ასეთი არაწესიერი პირამიდა შედგება ორი ვერტიკალური და ორი დახრილი წახნაგისაგან, ვერტიკალური წახნაგები წარმოადგენენ მართკუთხა სამკუთხედებს. თვალსაჩინოების მიზნით გ.კვარაცხელიამ თავისი ჰიპოტეზის მტკიცებისათვის გააკეთა პირამიდის რამოდენიმე მაკეტი და წარმოადგინა ჭრილშიც.
გ. კვარაცხელია აღნიშნავს ასევე იმ ფაქტსაც, რომ სიმეტრიის პრინციპები წარმოადგენს ძირითად საფუძველს არქიტექტურაში. თუ გადავხედავთ თანამედროვე პირობებში აგებულ ასიმეტრიულ ნაგებობებს, თვალნათლივ გამოჩნდება რომ ისინი წარმოადგენენ სიმეტრიული ელემენტების ჰარმონიულ კომპოზიციას. ხეოფსის პირამიდის მშენებლობისას კი, როგორც გ. კვარაცხელია მიიჩნევს, ძველეგვიპტიელი მშენებლები მოიქცნენ პირიქით, ასიმეტრიული კონსტრუქციული ელემენტების ( არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდები) შერწყმით მოახდინეს უაღრესად სიმეტრიული ნაგებობის აგება, რომელიც ხასიათდება პროპორციების სრულყოფილებით.
გ. კვარაცხელია მიიჩნევს, რომ არქიტექტურულად ხეოფსის პირამიდის ამგვარი ფორმირება იძლევა გაცილებით მაღალ:
ა) სიმყარეს
ბ) მდგრადობას
გ) სივრცულ სიხისტეს
როგორც ცნობილია ნებისმიერი ნაგებობის სიმყარე, ესაა მისი შესაძლებლობა საიმედოდ გაუძლოს მოქმედ დატვირთვებს და აგრეთვე ძალვებს, რომელიც წარმოიშობა თვით ნაგებობის ელემენტებში, გ. კვარაცხელიას ვერსიით ხეოფსის ძირითადი პირამიდის შემადგენელი თითოეული არაწესიერი პირამიდა უზრუნველყოფს ოთხ საყრდენ წერტილს, შესაბამისად, პირამიდაში მათი ინტეგრირება მთლიანობაში 16 საყრდენ წერტილს ძირთადი პირამიდისათვის, გარდა ამისა, არაწესიერ პირამიდებში ვერტიკალური წახნაგების არსებობა იმავდროულად უზრუნველყოფს ძირითად დატვირთვების გადანაწილებას ამ წახნაგების გასწვრივ, და შესაბამისად ოთხქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ფუნდამენტის შიგნით ჯვრის ფორმის საყრდენზე.
გ.კვარაცხელია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ სხავდასხვა გათვლებით მაქსიმალური სტატიკური დაძაბულობა პირამიდის ქვეშ შესაძლოა შეადგენდეს ათასობით კპა-ს, ასეთმა მაღალმა დატვირთვამ არ გამოიწვია ფუნდამენტის რღვევა (მაგალითად მაღალი ჩაჯდომა), რადგან ფუნდამენტის მოყვანილმა ფორმამ უზრუნველყო ამგვარი დატვირთვებისადმი მედეგობა.
კონსტრუქციის მდგრადობის ზოგიერთი საერთო წესის მიხედვით დაბალი სიმძიმის ცენტრი და ფუნდამენტის ფორმა და დიდი ფართობი უზრუნველყოფს მაღალ წინააღმდეგობას დაძაბულობებისადმი, რომელსაც ექვემდებარება ნაგებობა, რადგან ნებისმიერ მასალას აქვს მრღვევი დაძაბულობა, რომელიც წარმოადგენს მაქსიმალურ ძალას ზედაპირის ფართობის ერთეულზე.
გ. კვარაცხელიას აზრით ამგვარად ფორმირებული პირამიდა გათვლილი იყო მილიონობით ტონა სამშენებლო მასალის რაციონალურ გადანაწილებაზე, შედეგად დატვირთვები რვაწახნაგა პირამიდის საერთო სიმძიმის ცენტრიდან გადანაწილებული იქნა არაწესიერი პირამიდის სიმძიმის ცენტრებზე, რამაც მას შესძინა მაღალი სისხისტე და გადანაცვლების მცირე შესაძლებლობა. რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მიწისვრებისადმი მაღალი მდგრადობა.
გ კვარაცხელია თვლის, რომ ხეოფსის პირამიდა ფორმირებული, რომ არ ყოფილიყო ამგვარი ფორმით და ფუნდამენტით იგი ვერ იქნებოდა ასეთი მდგრადი. ფუნდამენტის ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა მათ შორის სტაბილურობისათვისაც, რადგან ზოგიერთი ფორმისათვის იგი სტაბილურია მხოლოდ ერთი მიმართულებით. მაგალითად, ოთხწახნაგა წესიერი პრამიდა ფუძის ცენტრის და პერიმეტრის უახლეს წერტილთან შეერთების ხაზზე არის ყველაზე ნაკლებად მდგრადი, რომელსაც ხშირად „რღვევის ხაზზსაც“ უწოდებენ, ვიდრე ცენტრიდან კუთხეების შემაერთებელ ხაზზე, აქედან გამომდინარე არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდების კომბინირებით პერიმეტრის ხსენებული თითოეული წერტილი „შეწეული“ იქნა ფუძის შიგნით და წარმოქმნილი იყო კუთხე, როგორც შედეგი რვაწახნაგა პირამიდის ფორმირებისა. ამგვარად კი აღმოფხვრილია ე.წ. „რღვევის ხაზის“ არსებობა.
გ. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ სივრცულ სიხისტე პირობითად თავსდება ნაგებობის ელემენტების დრეკადი ჩანაცვლების სიდიდით, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სახის ძალური ზემოქმედების შედეგად. ხეოფსის პირამიდის მაღალი სივრცული სიხისტე მიღწეული იყო არაწესიერი ოთხწახნაგა პირამიდების ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირებით, რამაც უზრუნველყო პირამიდის, როგორც ერთიანი მონოლითური ნაგებობის წარმოქმნა. გ. კვარაცხელია თვლის, რომ გათვალიწინებული იყო აგრეთვე ბუნებრივ- კლიმატური პირობების გავლენა, რადგან იგი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ჰორიზონტალური დატვირთვებისადმი სიხისტისა მდგრადობის გასაზრდელად. პირამიდების რვაწახნაგა ფორმამ ოთხი „გამოწეული“ და ოთხი „შეწეული“ წიბოთი უზრუნველყოფდა ქარის მიმართ მდგრადობას არამარტო სტატიკური საიმედოობის თვალსაზრისით, არამედ ნაგებობის რეაქციის თვალსაზრისითაც დაგრიგალების მიმართ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გ.კვარაცხელიას მიერ შემუშავებული მშენებლობის კონსტრუქციული პრინციპი, ტექნოლოგია, მექანიზმი და ბოლოს არქიტექტურული თავისებურებანი ყველაზე რეალისტური და მუშაუნარიანია, დღემდე, ჰიპოთეზების საფუძველზე და მხოლოდ იდეების დონეზე წარმოსახულ კონსტრუქციებს შორის. წლების განმავლობაში ყველა სავარაუდო მეთოდის შესწავლის შემდეგ იგი თვლის, რომ ზოგადად ეგვიპტის პირამიდები არც ვინმე იმდროინდელი ცნობილი არქიტექტორის, არც ინჟინერის აგებულია, არამედ პირამიდის აგების პრინციპი არასტანდარტული ფრაქტალის გეომეტრიული ნიმუშია, ხოლო ნაგებობის საერთო სიმძიმის ცენტრის და ძალთა გადანაწილების ურთულესი გათვლები კი მათემატიკური გაანგარიშების ფანტასტიკური შედეგი.