USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
გალტ ენდ ტაგარტი - სავარაუდოდ, საქართველოში მეორადი ავტომობილების გაიაფება დაიწყება
дата:  2011

"განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან ბაზარი ამ შეღავათს უსათუოდ იგრძნობს"

ავტომობილების ბაზარზე ტენდენცია, შესაძლოა, საგრძნობლად შეიცვალოს. იმპორტიორთა ერთი ნაწილი ფასების მოსალოდნელ კლებაზე საუბრობს, რასაც გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაციის კვლევაც ადასტურებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცვლილება ჯერჯერობით ვერ განხორციელდება და ამ მხრივ ნეგატიურ გავლენას მოახდენს იმპორტთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანას ზღუდავს.

2023 წლიდან ავტომობილების გაიაფებას "გალტ ენდ თაგარტი" პროგნოზირებს. კერძოდ, მეორადი ავტომობილების ბაზარზე 10-დან 20%-მდე ფასების კლებაა ნავარაუდევი. როგორც საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, გასულ წელს ახალი ავტომობილები წლიურად 15-20%-ით გაძვირდა, მეორადი კი - 23%-ით.

„2022 წელს 2019 წელთან შედარებით მეორადი ავტომობილების ფასები 47%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზი, გადაზიდვების გაძვირება იყო. თუმცა გლობალურად საკონტეინერო მომსახურების ფასები ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. შესაბამისად, 2023 წლიდან ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, ტრანპორტირების ხარჯები თითქმის 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 2023 წლიდან ფასები შემცირდება და ეს უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზარზეც“, - აღნიშნავენ "გალტ ენდ თაგარტში".

საინვესტიციო ბანკის პროგნოზს იზიარებენ ავტოიმპორტიორებიც. ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე აშშ-დან ჩამოყვანილ ავტომობილებზე ფასის შემცირებას არ გამორიცხავს, რასაც  იგი ლოგისტიკური ხაზის გაიაფებით ხსნის.

„სექტორი კრიზისიდან ნელ-ნელა გამოდის, რაც მოთხოვნის ტემპსაც დაეტყო. რეექსპორტში მაჩვენებლები თითქმის გაორმაგებულია, დიდია მოთხოვნა, პანდემიური კრიზისისა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეული პრობლემა სექტორმა დიდი ხნის წინ დაძლია. ავტო ბაზარზე ვითარება უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია.

რაც შეეხება ფასებს, ამერიკიდან  საქართველოს მიმართულებაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯი შემცირდა, რაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. თუმცა ჯერჯერობით ცვლილება ნაკლებად შესამჩნევია, ვერ გეტყვით, რომ ქვევით წამოვიდა ფასი, მაგრამ  მთავარია, რომ ტენდენცია დაწყებულია. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან ბაზარი ამ შეღავათს უსათუოდ იგრძნობს. კონკრეტულად რამდენით, ჯერ გამიჭირდება ვარაუდი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გლობალურ ლოგისტიკაში რომელი პორტი როგორ დაიტვირთება, ფასებზე გავლენას ესეც ახდენს", - განაცხადა  სურგულაძემ.

ავტომობილების გაიაფების ტენდენციაზე ისაუბრა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმაც. მისი აზრით, აშშ-ში ავტომობილები ბოლო პერიოდში 5%-ით გაიაფდა, თუმცა საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენციაა, რაც ლოგისტიკის მაღალი ხარჯით არის განპირობებული. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ავტომობილების ფასებზე ნეგატიურად მოქმედებს, ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვაა.

,,ნელ-ნელა სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ავტომობილების ბიზნესი საგრძნობლად გამოცოცხლდა. ახლა მაქსიმალურად ხდება აღდგენა. სამწუხაროდ, უკრაინის ბაზარზე დიდი დანაკარგი გვაქვს, მაგრამ სეგმენტი არ დაგვიკარგავს, მცირე რაოდენობით მოთხოვნა დღესაც შეიმჩნევა.

ამ ეტაპზე პრობლემა ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია, აშშ-ში 5%-ით გაიაფდა ავტომობილები, მაგრამ ჩვენთან 30-40%-ით გაძვირდა. ამაზე მეტად არის ლოგისტიკა გაძვირებული, ამიტომ გლობალური პროცესების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე ვერ ავსახეთ", - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ სამომავლოდ რეალიზაციის მხრივ გარკვეული პრობლემა მოსალოდნელია.

,,დადებითი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, სამომავლოდ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები გაძვირდება, რადგან მოქალაქეების უმეტესობას ხელმისაწვდომობა შეეზღუდება.  ამ მიზეზით შეიძლება გაიაფების ნაცვლად, ავტომობილები გაძვირდეს კიდეც. ჩემი აზრით,  ფასები  რამდენიმე პროცენტული პუნქტით მოიმატებს. ცხადია, ეს შეეხება იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლის იმპორტსაც ვერ მოახდენენ. ეს არის ბაზარზე უკვე არსებული მანქანები და ასევე ის ნაწილი, რომელიც 2024 წლამდე შემოვა. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია "ტოიოტა პრიუსი", "ჰონდა ფიტი", "ნისან ტიდა" და სხვა, რომლებიც  მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომია, მაგრამ მათზე  2024 წლიდან წვდომა შეიზღუდება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რაც ქართულ ბაზარზე ავტომობილების გაიაფებას ხელს შეუშლის", - აღნიშნა ლაშა დარბაისელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ცნობისთვის, ,,საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ,  თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც. "საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.

წყარო: resonancedaily.com

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати