"განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან ბაზარი ამ შეღავათს უსათუოდ იგრძნობს"
ავტომობილების ბაზარზე ტენდენცია, შესაძლოა, საგრძნობლად შეიცვალოს. იმპორტიორთა ერთი ნაწილი ფასების მოსალოდნელ კლებაზე საუბრობს, რასაც გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაციის კვლევაც ადასტურებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცვლილება ჯერჯერობით ვერ განხორციელდება და ამ მხრივ ნეგატიურ გავლენას მოახდენს იმპორტთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანას ზღუდავს.
2023 წლიდან ავტომობილების გაიაფებას "გალტ ენდ თაგარტი" პროგნოზირებს. კერძოდ, მეორადი ავტომობილების ბაზარზე 10-დან 20%-მდე ფასების კლებაა ნავარაუდევი. როგორც საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, გასულ წელს ახალი ავტომობილები წლიურად 15-20%-ით გაძვირდა, მეორადი კი - 23%-ით.
„2022 წელს 2019 წელთან შედარებით მეორადი ავტომობილების ფასები 47%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზი, გადაზიდვების გაძვირება იყო. თუმცა გლობალურად საკონტეინერო მომსახურების ფასები ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. შესაბამისად, 2023 წლიდან ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, ტრანპორტირების ხარჯები თითქმის 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 2023 წლიდან ფასები შემცირდება და ეს უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზარზეც“, - აღნიშნავენ "გალტ ენდ თაგარტში".
საინვესტიციო ბანკის პროგნოზს იზიარებენ ავტოიმპორტიორებიც. ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე აშშ-დან ჩამოყვანილ ავტომობილებზე ფასის შემცირებას არ გამორიცხავს, რასაც იგი ლოგისტიკური ხაზის გაიაფებით ხსნის.
„სექტორი კრიზისიდან ნელ-ნელა გამოდის, რაც მოთხოვნის ტემპსაც დაეტყო. რეექსპორტში მაჩვენებლები თითქმის გაორმაგებულია, დიდია მოთხოვნა, პანდემიური კრიზისისა და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეული პრობლემა სექტორმა დიდი ხნის წინ დაძლია. ავტო ბაზარზე ვითარება უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია.
რაც შეეხება ფასებს, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯი შემცირდა, რაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა. თუმცა ჯერჯერობით ცვლილება ნაკლებად შესამჩნევია, ვერ გეტყვით, რომ ქვევით წამოვიდა ფასი, მაგრამ მთავარია, რომ ტენდენცია დაწყებულია. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან ბაზარი ამ შეღავათს უსათუოდ იგრძნობს. კონკრეტულად რამდენით, ჯერ გამიჭირდება ვარაუდი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გლობალურ ლოგისტიკაში რომელი პორტი როგორ დაიტვირთება, ფასებზე გავლენას ესეც ახდენს", - განაცხადა სურგულაძემ.
ავტომობილების გაიაფების ტენდენციაზე ისაუბრა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმაც. მისი აზრით, აშშ-ში ავტომობილები ბოლო პერიოდში 5%-ით გაიაფდა, თუმცა საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენციაა, რაც ლოგისტიკის მაღალი ხარჯით არის განპირობებული. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ავტომობილების ფასებზე ნეგატიურად მოქმედებს, ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვაა.
,,ნელ-ნელა სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ავტომობილების ბიზნესი საგრძნობლად გამოცოცხლდა. ახლა მაქსიმალურად ხდება აღდგენა. სამწუხაროდ, უკრაინის ბაზარზე დიდი დანაკარგი გვაქვს, მაგრამ სეგმენტი არ დაგვიკარგავს, მცირე რაოდენობით მოთხოვნა დღესაც შეიმჩნევა.
ამ ეტაპზე პრობლემა ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია, აშშ-ში 5%-ით გაიაფდა ავტომობილები, მაგრამ ჩვენთან 30-40%-ით გაძვირდა. ამაზე მეტად არის ლოგისტიკა გაძვირებული, ამიტომ გლობალური პროცესების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე ვერ ავსახეთ", - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ სამომავლოდ რეალიზაციის მხრივ გარკვეული პრობლემა მოსალოდნელია.
,,დადებითი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, სამომავლოდ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები გაძვირდება, რადგან მოქალაქეების უმეტესობას ხელმისაწვდომობა შეეზღუდება. ამ მიზეზით შეიძლება გაიაფების ნაცვლად, ავტომობილები გაძვირდეს კიდეც. ჩემი აზრით, ფასები რამდენიმე პროცენტული პუნქტით მოიმატებს. ცხადია, ეს შეეხება იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლის იმპორტსაც ვერ მოახდენენ. ეს არის ბაზარზე უკვე არსებული მანქანები და ასევე ის ნაწილი, რომელიც 2024 წლამდე შემოვა. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია "ტოიოტა პრიუსი", "ჰონდა ფიტი", "ნისან ტიდა" და სხვა, რომლებიც მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომია, მაგრამ მათზე 2024 წლიდან წვდომა შეიზღუდება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რაც ქართულ ბაზარზე ავტომობილების გაიაფებას ხელს შეუშლის", - აღნიშნა ლაშა დარბაისელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
ცნობისთვის, ,,საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც. "საქსტატის" მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.
წყარო: resonancedaily.com