USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
გაიქეცით თუ გზაზე ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს დაინახავთ - ნიკოლოზ კაჭკაჭური
Date:  1608

 

თბილისელი მძღოლებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის  ფაქტი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის დაზიანება შეიძლება სახლ-კარის გაყიდვად დაუჯდეთ, ამიტომ ლურჯი და მწვანე ავტობუსების სიახლოვეს განსაკუთრებით ფრთხილობენ. რამდენიმე თვის წინ ფეისბუქის მომხმარებელი წერდა, რომ ავტობუსის უკანა ბუფერზე მანქანის „მიდება“ 10 000 ლარი დაუჯდა და მძღოლებს აფრთხილებდა - „ავტობუსს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ გაგპარსავენ!“. როგორც გავარკვიეთ, ასეთ შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს.  მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ უსიამოვნო ინცინდენტს ვერც  მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური გადაურჩა, რომელმაც TIA.GE-ს მომხდარის შესახებ უამბო:

- დავიწყებ იმით, რომ „ტასატის“ თავმჯდომარეობის გარდა, მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ და თითქმის ყოველდღიურად, ქალაქის ქუჩებში ვმოძრაობ. გამოცდილიც ვარ და გზაც კარგად ვიცი, მაგრამ ერთი ინცინდენტი მაინც მომიხდა - ავტობუსი გაჩერებასთან ცუდად იყო გაჩერებული და სარკით ოდნავ შევეხე, სადაც სამი უმნიშვნელო ლაქა დარჩა. ოქმშიც ჩაიწერა, რომ ავტობუსს სამი უმნიშვნელო ლაქა აქვს. სხვა მხრივ, არც სამარშრუტო მიკროავტობუსზე და არც ავტობუსზე არაფერი გაფუჭებულა. მერიის სამსახურიდან მოვიდნენ, ზიანი შეაფასეს, ჟელეიანი ნაჭრით გაწმინდეს და გადასცილდა ის ლაქა. ამის მიუხედავად, 464 ლარი ჯარიმა მომივიდა. რისი ჯარიმაა, რას მთხოვენ, ვერ გავიგე. 

- თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გარკვევა არ გიცდიათ?

- მივწერე ასოციაციის სახელით, გთხოვთ მომწეროთ რა დაგიზიანეთ ავტობუსზე თქო და მწერენ, რომ შეღებვა 130 ევრო ღირს და პოლირება 90 ევრო, რაც ჯამში 464 ლარია. რისი შეღებვა? რა პოლირება, ლაქა გაიწმინდა და გასცილდა. რომ არ გადავიხადე, სასამართლოდან მომივიდა წერილი, რომ კომპანიისთვის გადასახდელი მაქვს თანხა. რის გადასახადი უნდა გადავიხადო, არაფრის? ვერ გავიგე რა ხდება, ვინ აფასებს ამ დაზანებებს და როგორ აფასებს? გგონიათ ჩემი შემთხვევა ერთეულია? ამასწინათ, მერიის მიკროავტობუსს უკნიდან მანქანა დაეჯახა. დაზიანდა უკან კარი, შუშა და „კრილო“ ისე, რომ ორი-სამი ათასის ფარგლებში შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ მძღოლს 36 000 ლარი გადასახადი მოუვიდა. ეს რას ნიშნავს? სახლ-კარი უნდა გაყიდოს ადამიანმა? ჩვენი ასოციაციის წევრი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოვიდა ჩემთან ამასწინათ და მითხრა, გაჩერებულ მანქანას გვერდი ოდნავ გავუსვი და 12 500 ლარიანი ჯარიმა მომივიდაო. მძღოლები გაგიჟებულები არიან, ამათ მილიონერები ვგონივართ, ამბობენ. 

- იქნებ, უფრო ფრთხილად უნდა იაროთ?

- რომელ მძღოლს უნდა მანქანის გაფუჭება და პრობლემების შექმნა, მაგრამ  ზოგჯერ  ასეთი შემთხვევებიც ხდება. ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთ წევრი სარკით ოდნავ შეეხო ავტობუსს, საერთო არაფერი ეტყობოდა და 908 ლარი მოუვიდა ჯარიმა. მძღოლს სადაზღვევო კომპანიაში გავყევი და გვეუბნებიან, ჩვენ ეს მანქანა გავაკეთეთო. მაჩვენეთ რა გააკეთეთ მეთქი, ვერ მაჩვენეს. ამოვიღე პლანშეტი და ვაჩვენე, რომ ავტობუსზე დაზიანება არ ჩანდა. მოვკიდე ამ კაცს ხელი და ვუთხარი ახლა ჩვენ პროკურატურაში მივდივართ და იქ გავარკვევთ, როგორ შეიძლება არაფრის გამო კაცი 908 ლარით დააჯარიმოთ თქო.  სანამ პირველ სართულზე ჩამოვედით, კაცი დამადევნეს და მითხრეს, რომ შეცდომა მოხდა და  გადასახდელი არაფერი გვაქვს. ასე როგორ შეიძლება. თუ ადამიანმა დააშავა, სამაგი და ხუთმაგი ფასი მაინც დაადე, ასმაგს რომ ადებ, როგორ გადაიხადოს? რომ მიხვიდე და უთხრა თუ დავაზიანე, მე გავაკეთებ და ისეთივეს ჩაგაბარებო, უარს გეტყვიან. ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ამას 30 000, 40 000 და ა.შ. უნდაო. 

- დაზღვევა ზარალის დაფარვაში არ გეხმარებათ? 

დაზღვევა ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს და ხელები მძღოლს შეაწმინდოს. ასე მგონია, რომ ესენი ერთად მოქმედებენ მძღოლების წინააღმდეგ. ადამიანი ობიექტური უნდა იყოს და მარტო უარყოფითზე არ ილაპარაკოს, ამიტომ კარგსაც გეტყვით - ეს „ბასლაინები“ მოსახლეობისთვის კარგია. საცობებში საათობით დგომა აღარ უწევს ხალხს.  სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმაც ამოისუნთქეს იმ მხრივ, რომ მანქანის გაფუჭების დროს ნაწილებისთვის და შეკეთებისთვის ჩვენ აღარ დავრბივართ. დარეკავ, მეორე მანქანას მოგიყვანენ და აგრძელებ მუშაობას. მძღოლს არც მანქანის გარეცხვა აწუხებს, ყველა პრობლემას კომპანია აგვარებს.

- თუ საიდუმლო არ არის, ანაზღაურება რამდენი გაქვთ? 

- ხელფასი საათობითაა და 1500 ლარზე მეტი გამოგვდის. გამოყოფილია მორიგე ავტობუსი, რომელსაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მძღოლები სახლში მიჰყავს. ასე, რომ რაც კარგია, უნდა აღინიშნოს, მაგრამ პრობლემაც უამრავია. ზემოთ თქმულის გარდა, დაუხაზავი ქუჩებიც ბევრ პრობლემას გვიქმნის. ჩიტაიას ქუჩაზე, მალაკნების ბაზარს რომ ეძახდნენ, ავტობუსის გაჩერება დახაზული არაა, ამიტომ ხან დისტრიბუციის და ხან კერძო მანქანა დგას.  ასეთ გაჩერებებზე შესვლა და გამოსვლა ძალიან გვიჭირს. ვფიქრობ, მაღაზიამ უნდა მიმართოს მერიას, რომ დისტრიბუციის მანქანებისთვის ადგილი გამოიყოს და იქ სხვა მანქანა არ გაჩერდება. 

- თქვენი აზრით, საცობების პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს? 

- საცობებს რაც შეეხება, ხალხი იმდენად გადაეჩვია ფეხით სიარულს, რომ ბევრი მაღაზიაშიც მანქანით მიდის, თუმცა მანქანების სიმრავლის გარდა, საცობების წარმოქმნას ბევრი სხვა მიზეზიც აქვს. ეს არის არასწორად გაჩერებული მანქანები, არასწორად დაყენებული შუქნიშნები, დაუხაზავი ქუჩები და ა.შ. ჩიტაშვილის და კლდიაშვილის ქუჩების კუთხეში სამზოლიანი გზა მოდის, მაგრამ მანქანები ერთ ზოლში ძლივს გადიან იმიტომ, რომ ცერად შეყენებული მანქანები გამოსვლისას  მთლიანად მოძრაობას კეტავენ. გამოდის, რომ მარტო პარკინგები გვაქვს და სამოძრაო გზა აღარ რჩება.

ვეფხისა და მოყმის ძეგლის ქვევით რომ კოროუსები შენდება, ისინი რომ დასრულდება და ხალხი შესახლდება, წარმოიდგინეთ იმ ადგილს რამდენი მანქანა დაემატება. ამასთან, ახალ კორპუსს მისასვლელი გზა რომ ჭირდება, ამაზე არ ფიქრობენ. თანაც, 16 და 18 სართულიან კორპუსებს ქვემოთ 2 სართული რომ ექნება მანქანის სადგომი და მეტი არა, იქ ხომ მანქანების ნახევარიც არ დაეტევა? ამიტომ ქუჩები მანქანებით სავსეა. ასე, რომ გზებზე უამრავი მოუგვარებელი პრობემლემაა, რომელსაც დროული გადაჭრა სჭირდება. 

წყარო:https://tia.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way