USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
გაიოზ კანდელაკი: 1978 წელს თბილისში ისეთი ჯაზ ფესტივალი გავაკეთეთ, მსგავსი უცხოეთშიც კი არ ტარდებოდა
თარიღი:  955

 გაიოზ კანდელაკი თბილისის საპატიო მოქალაქე 2018 წელს გახდა. ხელოვნების ცნობილი  მუშაკის პროფესიული კარიერა ბევრ საინტერესო ეტაპს და ეპიზოდს მოიცავს, რომელთა შორის გამორჩეული საბჭოთა ეპოქაში ჩატარებული, გახმაურებული  ჯაზ და როკ ფესტივალები, თბილისის სახელმწიფო ორკესტრი „ბიგ ბენდი“,თბილისის ფილარმონია და  გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია“ მელოდიაა“. გაიოზ კანდელაკმა მთელი ცხოვრება ორ  მუზას  - მუსიკას და თეატრს მიუძღვნა. ხელოვნება მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი  იყო, რამაც გაიოზ კანდელაკს  საუკეთესო  მეგობრები და დაუვიწყარი ისტორიები დაუტოვა. სწორედ მათი  წყალობით გახდა  გაიოზ კანდელაკი თბილისის  კოლორიტი  ჯერ კიდევ იქამდე, სანამ თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული ერგო..     

 გაიოზ კანდელაკი:  თბილისელი კაცისთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, რა აღიარების  და ჯილდოს მფლობელიც არ უნდა იყოს, მაინც განსაკუთრებული ამბავია.

ბავშვობის და სკოლის წლები მთაწმინდაზე და ნახალოვკაში გავატარე. თავიდან  მთაწმინდაზე,  კონსერვატორიასთან, წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. დედა მთაწმინდელი იყო, მამაჩემის მამას ნახალოვკაში, გადასასვლელ ხიდთან  საკუთარი სახლი ჰქონდა,   მამა ბაბუას  ერთადერთი ვაჟი იყო, მაგრამ  აიტეხა და   ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა.  მას  ძალიან უყვარდა  მთაწმინდა,  მეგობრები,   ლაღიძის წლების ცნობილი ბირჟა, რომელიც   იმ დროს  შეკრებების ადგილი იყო. წლები ვცხოვრობდით  მთაწმინდაზე   ერთ პატარა ოთახში: მე, ჩემი და,  დედა და მამა,  იმ პატარა ოთახში ძაღლიც  კი  გვყავდა.  ერთ დღეს, როდესაც მამა სამსახურში იყო  ბაბუა მოვიდა და  ყველა თავისთან გადაგვიყვანა,  აქ უნდა იცხოვროთო - გამოგვიცხადა.  შემიყვანეს მეოთხე სკოლაში, სადაც ქვედა სართულზე  მუსიკალური შვიდწლედი იყო, ზემოთ ჩვეულებრივი  საშუალო სკოლა.  სკოლის პარალელურად დავდიოდი კალათბურთზე, ვიყავი  საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების წევრი.

ჩვენი თაობის ცხოვრება თბილისში სხვანაირი იყო. ჩვენს ახალგაზრდობაში ჩხუბიც ბევრი იყო,  ძირითადად გოგოების გამო, მაგრამ  ჩხუბიც, გაშველებაც, შერიგებაც  მაშინ  სხვანაირად ხდებოდა. დანის გამოყენება  და სროლა ისეთი  იშვიათობა იყო,  თუ   ასეთი რამე  მოხდებოდა,  მთელი  თბილისი  ფეხზე იდგა. დროსთან ერთად  იცვლება  ქალაქიც, ურთიერთობებიც, ცხოვრების წესიც, ეს სულ არ მიკვირს.  ჩემს ახალგაზრდობაში არ არსებობდა საღამოს რუსთაველზე არ გაგვევლო, შაბათ - კვირას კინოთეატრების  ბილეთების რიგებში ვიდექით,  მელიქ- აზარიანცის სახლში მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო, ამ თეატრმა  ჩემს თაობას ბევრი  რამ მოგვცა -  სკოლებიდან  დავყავდით სპექტაკლებზე, შესანიშნავი მსახიობები ჰყავდათ, საოცარი სპეტაკლები იდგმებოდა. კომუნისტების დრო  იყო, მაგრამ განათლება და  თეატრი, განათლება და სპორტი  ძალიან კარგად იყო აწყობილი. ყველა  სპორტულ სექციებში ვიყავით ჩაწერილი.  მე კალათბურთზე დავდიოდი. თუ შეგამჩნევდნენ, რომ ნიჭიერი  იყავი,  ყველა ხელს გიწყობდა. სპორტის სასახლეში მუშაობდა  მიშა  კეკელიძე, ძია მიშა   განათლების სამინისტროს ნაკრებს აკეთებდა ხოლმე, თბილისის ჩემპიონატიდან  ამ ნაკრებში მოვხვდი, რამაც ბევრი რამე სხვანაირად წარმართა ჩემს ცხოვრებაში.   წარმოიდგინეთ,  კალათბურთს ვთამაშობდი  ზურაბ საკანდელიძესთან, სერგო კავალენკოსთან  ერთად.  დიდი წარმატებები გვქონდა, რიგაში სპარტაკიდა მოვიგეთ. როცა ჩამოვედით რიგიდან, არც გვკითხეს,  ისე ჩაგვრიცხეს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში. მე არქიტექტურულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ აღმოვჩნდი ტრანსპორტის  მომსახურეობის და ექსპლოატაციის  მიმართულებაზე,   ეს ფაკულტეტი,  ასე თუ ისე ახლოს იყო არქიტექტურასთან. პირველკურსელი, ელბაქიძის ქუჩაზე ტაქსების ავტოსარემონტო ქარხანაში ვმუშაობდი, ვოლგებს ვარემონტებდით. დღისით ზეინკალი ვიყავი, საღამოს კალათბურთელი გეპეის „ბურევესტნიკში“. სანდრო გლურჯიძე, ჟორა ჯუღელი, ლარიკა ხაზარაძე თამაშობდნენ ჩემთან ერთად. ერთი წელი უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშეთ, კალათბურთს რომ გავყოლოდი ბოლომდე, ალბათ  ბევრი წარმატება მექნებოდა.

 

-  იმის მიუხედავად, რომ სპორტი თქვენი ახალგაზრდობის მთავარი გატაცება იყო, ცხოვრება მაინც ორ მუზას - ჯაზს და თეატრს მიუძღვენით. რატომ  გააკეთეთ ეს არჩევანი?

-  მე მუსიკალური შვიდწლედიც  დავამთავრე,  ბეთხოვენზე დიდი და გენიალური რა შეიძლება იყოს, მაგრამ  ჩემთვის კლასიკური მუსიკა არ იყო ის, რაც მინდოდა,  მტანჯავდა საათობით  მეცადინეობა.  მე მომწონდა ჯაზი, პიტერსონის მოსმენა, გული აქეთ მიწევდა. სახლში ჩემი ხელით გაკეთებული აპარატურა მქონდა, ბაბუაჩემის სახლის სახურავზე ანტენები დავაყენეთ, არც კი  ვიცი სად იშოვა  ბაბუამ ის ანტენები,  ახლა რომ ყველაფერს იყიდი, ასე კი არ იყო. ღამით ჩუმად „ამერიკის ხმას“ ვუსმენდით ბიჭები, იქიდან გავიგეთ რა იყო ჯაზი.

 სტუდენტობის დროს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ორკესტრში  დავდიოდით მე და სოსო ტუღუში.   ბევრი წლით ადრე მამაჩემი იყო ამ ორკესტრის წევრი. მოდიოდნენ  ხოლმე უფროსი თაობის წარმომადგენლები: გელა ჩარკვიანი, გივი გაჩეჩილაძე, ალიკა მანჯგალაძე. საათები ვუსმენდით.  მერე ჩვენ გავაკეთეთ კლუბი  „ფიროსმანი“ ნორმალური ინსტრუმენტები არ გვქონდა, ერთი ძველი აშლილი  ბეკერის პიანინო იდგა, მაგრამ მაინც ვუკრავდით, მე კონტრაბასზეც ვაჟღარუნებდი ხოლმე.  შეკრების მიზეზი გვქონდა ჩვენი თაობის ბიჭებს, ვისაც მუსიკა გვიყვარდა. იქიდან მოვდიოდით  ერთად  თამაზ ყურაშვილი, კოლია ქაშაკაშვილი, დათო ჯაფარიძე, მიშა მანაშერიძე, გენო ნადირაშვილი. ძალიან მაგარი და ნიჭიერი  მუსიკოსები იყვნენ.   

-თქვენი დიდი  გატაცება, ფირფიტების  უნიკალური კოლექციის შეგროვება ამ პერიოდს უკავშირდება?

-  პირველი ფირფიტა კაუნასში ვიყიდე, კალათბურთის სპარტაკიადაზე ვიყავი. ძალიან ძვირი გადავიხადე იმ ფირფიტაში. არა მარტო მთელი ჩემი ფული,  მამა რასაც  მაძლევდა,ისიც კი ფირფიტებში მიდიოდა. საოცარი, უნიკალური  კოლექცია გავაკეთე, რომელიც წლების  წინ ჩემს ვაჟს, კახას გადავეცი. ყველას ვინც უცხოეთში მიდიოდა,  ფირფიტების ჩამოტანას „შევაწერდი“ ხოლმე. 

ზურა საკანდელიძე ამერიკაში წავიდა , როცა  საბჭოთა კავშირის დიდ ნაკრებში თამაშობდა. გეხვეწები პიტერსონის ფირფიტა ჩამომიტანე მეთქი, ვთხოვე, მართლაც  ჩამომიტანა.  ბობ მარლეის სახელი -გვარი  ფურცელზე დავუწერე პაატა ბურჭულაძეს, რადიოში მოვუსმინე, რაღაც სხვა მუსიკაა და იქნებ ფირფიტა ჩამომიტანო მეთქი- შევეხვეწე. მაშინ აქ არავინ იცოდა ბობ მარლეი. პაატამ  ჩამომიტანა ფირფიტა, მივვარდი  მასთან სახლში, პურმარილიც გამიშალა, ფირფიტაც მომცა,  თან სულ გიჟი ხარო-მეძახა.  სახლში  ჩემი ხელით აწყობილი მაგნიტოფონი მქონდა. მოსკოვიდან ჩამოვიდა იაპონელი კაცი, ჩემი  მაგნიტაფონი რომ ნახა, გაგიჟდა.  ისეთ მაგნიტოფონში მიცვლიდა, ერთი მანქანის ფასი ჰქონდა (იცინის )  რუსეთში სამხედრო ქარხანას მივაგენი, რომელიც „პიშჩალკებს” უშვებდა. წერილს წერილზე ვწერდი იმ ქარხნის დირექტორს. იმდენი ვწერე, დამანებე თავიო და ოთხი დინამიკი გამომიგზავნა  საჩუქარად (იცინის).

 ცხოვრება უცნაური რამეა, წლების შემდეგ  ჩემმა შვილმა ყველა ის მუსიკოსი, რომლებთან  შეხვედრაზე არც კი მიოცნებია, საქართველოში  ჩამოიყვანა.  ქვინსი ჯონსი ჩამოიყვანა  ბათუმში!  ეს იყო ნამდვილი  სასწაული  ჩემთვის. ქვინსი ჯონსს  ისეთი ძველი  დისკები ჩავიტანე,  გაგიჟდა, ესენი მე არ მაქვს, შენ საიდან გაქვსო - იძახდა.  

-მაშინ არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყავით თეატრს აირჩევდით თუ მუსიკას?

- თეატრი ძალიან მიყვარდა, მაგრამ თეატრი იყო ჩემი სამსახური,   მუსიკა, ჩემი კოლექცია, ჯაზ ფესტივალი   კი იყო  მთელი ჩემი ცხოვრება.  22-23 წლის ვიყავი, როცა  მეტეხის  თეატრი დავაარსე სანდრო მრევლიშვილთან ერთად. ეს თეატრი ჩემი პირველი სიყვარული იყო.  მახსოვს,  როცა  თეატრი  გავაკეთეთ, შევარდანაძემ  95 ათასი მოგვცა  დოტაცია. ეს არ იყო საკმარისი თანხა.   გვიჭირდა,  გარდერობიც კი არ გვქონდა. ჩემს ცოლს კაბებსა და „ტუფლებს” ვპარავდი და თეატრში მიმქონდა. სულ იმას იძახდა, სად გაქრა ჩემი „ტუფლიო.” მერე ხედავდა სპექტაკლებზე მსახიობებს ეცვათ. ეს ჩემთვის ახალი და საინტერესო ეტაპი იყო. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ახალგაზრდული დრამატული თეატრი, რომელიც გავიდა უცხოეთში.

 თეატრმა ძალიან ბევრ  დიდ ადამიანს შემახვედრა და დამამეგობრა. მე მათ დღემდე მსოფლიო ადამიანებს ვეძახი: ოთარ მეღვინეთუხუცესი,   გიგა ლორთქიფანიძე,  თემურ ჩხეიძე, რამაზ ჩხიკვაძე, რობიკო სტურუა,  ვერიკო ანჯაფარიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ტარიელ საყვარელიძე, იაშა ტრიპოლსკი, ლენა ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, გოგი გელოვანი, ნოდარ მგალობლიშვილი, გია ბურჯანაძე.  წარმოიდგინეთ, რა ხალხი იყო კაცო!  ხანდახან რომ გავიფიქრებ,  რომ 20 წელი ვმართავდი მარჯანიშვილის თეატრს,  სადაც  საოცარი „კიტები” იყვნენ, საკუთარი თავის მიკვირს. მაგარი თეატრი გავაკეთეთ, 9 წელიწადში საოცარი რეპერტუარი დავდეთ,  2 თვე იაპონიაში გასტროლები ჰქონდა მარჯანიშვილის თეატრს.  მახსოვს, კაკო ბაქრაძეს სახლში მივაკითხე და  წამოვიყვანე.  კაკო  ისეთი ანტისაბჭოთა  იყო, ლექციების წაკითხვის უფლებასაც არ აძლევდნენ.  დაგიჭერენო, მითხრეს.  ეგრევე „გრაალის მცველი” „ვგლიჯეთ”. ეგეთი პატრიოტული დღე და განცდა, ალბათ, არასდროს მეღირსება. მეამაყება, რომ  მარჯანიშვილის თეატრს საოცარი პერიოდი ჰქონდა, თუმცა  უმძიმეს პირობებში გვიწევდა მუშაობა - თეატრის შენობა  საშინელ მდგომარეობაში იყო. სახურავებიდან  წყალი ჩამოდიოდა, „ქართუ“ ფონდმა გაარემონტა ჩვენი  თეატრი,  მაგრამ მერე პოლიტიკა ჩაერია ჩვენს თეატრშიც, ინტრიგები მოგვიწყევს, დაგვინგრიეს ყველაფერი და გამოგვიშვეს. მარჯანიშვილს თეატრის სხვენში გავაკეთეთ „ბიგ ბენდი“, რაც ძალიან მეამაყება. როცა მე და ოთარი თეატრიდან  წამოვედით, ორკესტრიც გამოუშვეს, ეს როგორ შეიძლებოდა? ამერიკის ელჩი რომ იყო ტეფტი, იმან რომ ჩვენს ორკესტრს მოუსმინა,  ასეთი მაგარი არსად არაფერი მინახავსო  - თქვა.  ეს ხომ უნდა გამოიყენო.  ჩემი აზრით“ ბიგ ბენდი“ არის ჩვენი ერთ- ერთი „ვიზა“ ევროკავშირში,  ჩვენ  ამ ორკესტრით  ევროკავშირში უკვე შევედით (იცინის)

 წლები გავატარე თეატრში,  სულ  ვცდილობდი,  რომ თეატრი არ ყოფილიყო პოლიტიზირებული. პოლიტიკა  არ უნდა მიუშვა ახლოს  თეატრთან -  ის სპექტაკლები, რომლებიც თეატრებში იდგმება,  ხომ ორივე მხარის   ოჯახებმა და შვილებმა   უნდა ნახონ, ერთმანეთის გვერდით ვეღარ უნდა დაჯდნენ?!   თეატრი და ხელოვნება, კი არ უნდა ყოფდეს,  უნდა აერთიანებდეს ჩვენს საზოგადოებას.  ისედაც ამდენი პრობლემაა,  ყველაფერში პოლიტიკის ჩართვა და გაბინძურება როგორ  შეიძლება. მე  მძიმედ მახსოვს ის პერიოდი, როცა თბილისში  სამოქალაქო ომი იყო. საშინელება ჩავიდინეთ, როცა ქართველებმა ერთმანეთს ესროლეს.  ვნანობ, რომ ამას მოვესწარი და ჩემი თვალით ვნახე.  ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მარჯანიშვილის თეატრის სახურავი ტყვიებით იყო დახვრეტილი, პრეზიდენტი გააქციეს, მერე მოკლეს. ეს ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. ისეთი დრო იყო, ხალხს ფული არ ჰქონდა, თეატრში ვინ ივლიდა, გაყინული იყო დარბაზი. რამე უნდა მოგვეფიქრებინა, რომ თეატრიც გადაგვერჩინა და მსახიობებიც.  ამ გაჭირვებაში ახალი პროექტი გავაკეთე - რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობები გავაერთიანე და ერთობლივი კონცერტები გავაკეთეთ სპორტის სასახლეში. 6 დღე გადაჭედილი იყო სპორტის სასახლე. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, უნდა გენახათ რა ხდებოდა კულისებში, როგორ  ეფერებოდნენ ეს ბუმბერაზი ადამიანები ერთმანეთს, მერე საღამოობით ვიკრიბებოდით და იმართებოდა ქეიფები.   

 - როგორ მოახერხეთ ამ ორი თეატრის გაერთიანება, მათ ხომ ტრადიციულად მძიმე ურთიერთობა ჰქონდათ?

- ისტორიულად მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრებს  შორის  არც თუ სასიამოვნო ურთიერთობა იყო. ორივე ბუმბერაზების თეატრი იყო, შესაბამისად, დიდი კონკურენციაც არსებობდა.  ეს  დაფარული არც ყოფილა.  აკაკი ხორავამ,  როცა რუსთაველის თეატრის დირექტორი იყო,  თქვა: თუ ნიჭზეა ლაპარაკი, მარჯანიშვილის თეატრს  ვასო გოძიაშვილი ჰყავს, ნიჭიერების ზეიმიო. მე და ნატაშა ჩხიკვაძემ  ორივე თეატრი შევაერთეთ  და ესპანეთში გასტროლებზე წავიყვანეთ. ერთ ქუჩაზე  მეფე ლირს რამაზ ჩხიკვაძე  თამაშობდა და იქვე მეორე  თეატრში,  „ოტელოს „ -  ოთარ მეღვინეთუხუცესი. ამის მოხერხება იოლი კი არ იყო, შუა მადრიდში მთელი კვირა ქართული სპექტაკლები მიდიოდა.

-  საბჭოთა ეპოქაში, როცა ცენზურის გარღვევა იოლი არ იყო, თბილისში  ჯაზის და როკის  გახმაურებული ფესტივალები ჩაატარეთ, როგორ გაჩნდა მაშინ ეს იდეა და როგორ შეძელით  ამ ფესტივალების ორგანიზება?

-როცა მეტეხის თეატრიდან ფილარმონიაში  გადამიყვანეს 29 წლის ვიყავი.  გავხდი თუ არა ფილარმონიის დირექტორი,  მაშინვე  ჯაზ-ფესტივალის გაკეთება დავიწყე, გიჟი ვეგონე ხალხს.  იქამდე ამის გაკეთება სხვანაირად  გვიწევდა. 1970 წელს  ბარათაშვილის ხიდის სარდაფიდან ნაგავი გავიტანეთ და  ჯაზ კლუბი გავაკეთეთ. ყველაფერი მაქედან დაიწყო. ეს იყო მთელი  ჯაზ მოძრაობა. ყველა გვერდში მედგა.  კომუნისტური ეპოქა  იყო, მაგრამ  ცეკას და კომკავშირის  მდივნები არა თუ ხელს გვიშლიდნენ, პირიქით,  გვეხმარებოდნენ. მათაც  ჰყავდათ შვილები და იცოდნენ, რომ  მათ შვილებსაც კარგი მუსიკის მოსმენა უნდოდათ.  

  1978 წელს თბილისში  ისეთი ჯაზ ფესტივალი გავაკეთე,  მსგავსი უცხოეთშიც კი არ ტარდებოდა.   გაგანია კომუნიზმი იყო,  დორიან კიტიამ  მკითხა:  აცნობიერებ, რას აკეთებო?  ვუთხარი, ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს, თუ რამე მოხდება ბოლო-ბოლო მომხსენი-მეთქი.  საბჭოთა კავშირია, თაქთაქიშვილი გაგიჟდებაო, დავაიმედე, რომ არაფერი მოხდებოდა.  საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, სადაც კი ჯაზი გაფაჩუნდა,   ჯაზ-ანსამბლები  ჩამოვიყვანე.  ათდღიანი  ფესტივალი იყო, რამაც დასაბამი მისცა  ახალ ეტაპს -    ორ წელიწადში  მოჰყვა როკ ფესტივალი, რაც კი საბჭოთა კავშირის  სარდაფებში  გრძელთმიანი ტიპები მღეროდნენ, ყველა თბილისში ჩამოვიყვანე.   ფილარმონიაში გავმართეთ კონცერტი.  საბჭოთა პრესაში, „კომსომოლსკაია პრავდაშიც“ კი  გაშუქდა ფესტივალი,  მთლად როკ ფესტივალის დარქმევა ვერ გაბედეს და  დაწერეს  თბილისში ჩატარდა ფესტივალი „საზაფხულო რითმებიო„  რა რითმები, გაგანია  როკ ფესტივალი იყო (იცინის)   როცა 1989 წელს ბობ ჯონსონთან ერთად  გავაკეთე  ფესტივალი,  საბჭოთა კავშირი უკვე  ინგრეოდა,  მაგრამ ფული მაინც  მოსკოვს დავტყუეთ. კომპოზიტორ ბორია თბილელის ნათესავი იყო  „გოსკონცერტის“ დირექტორი პანჩენკო, ვთხოვე ბორიას შემყევი პანჩენკოსთან, დაფინანსება უნდა ვთხოვო- მეთქი.  გავგიჟდი, საღამოს რომ  დავურეკე,  დილით უკვე მოსკოვში იყო   ბორია. პირდაპირ შევაჭერით პანჩენკოსთან, მაგარ მანდრაჟში იყო, რამე არ მოხდესო, ამბობდა.  რა უნდა მოხდეს,   ჩამოვლენ თბილისში მუსიკოსები  პეტერბუგიდან,  მოსკოვიდან,  ჯაზმენენები, აი როგორც გიული ჩოხელია, ასეთი ხალხი, თან დასავლეთს დაანახებთ, რომ დემოკრატია გაქვთ-მეთქი. დავიყოლიეთ როგორც იქნა. „ პოსლეზე“ დადო ხელშეკრულება  ბობ ჯონსონთან,  ჩაატარეთ კონცერტი და ფულს ჩაგირიცხავთო. მაგარი დღესასწაული გამოვიდა. ედუარდ შევარდანაძე უკვე მოსკოვში იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი, რა თქმა უნდა, მისი ფაქტორიც მუშაობდა.  იმ დროს თბილისში უკვე მიტინგები იყო დაწყებული.  მოვიდნენ ვიღაცეები,  რა დროს კონცერტია,  მიტინგები გვაქვს, კონცერტს  ჩავშლითო. მე ვუთხარი: რა უნდა ჩაშალოთ კაცო, პირიქით, თქვენც მოდით, ეს  ამერიკელი მუსიკოსები  იქაური პრეზიდენტების ძმაკაცები არიან, ნახეთ რას მღერიან, ჩავლენ და ჩვენზე ამბავს ჩაიტანენ,  საბჭოთა კავშირი რომ აღარ გვინდა- მეთქი.  

მართლაც მაგარი კონცერტი გამოგვივიდა, კარგად მივიღეთ სტუმრები.  მაშინ ძალიან ბევრი საქმე წყდებოდა ადამიანური ურთიერთობებით.  რესტორნის მეპატრონეს დაურეკავდი, პურ -მარილი  უფასო იყო,  „ტამოჟნიას“ დაურეკავდი,  გაგიკეთებდა საქმეს,აეროპორტში მთავრობის შემოსასვლელიდან შემოგაყვანინებდა სტუმარს, ასე  წყდებოდა ბევრი კარგი საქმე.  

ფოტო დემიკო ლოლაძის არქივიდან. მარცხნიდან: გიზო ნიშნიანიძე, გურამ გოგიაშვილი, ავთო მიქაძე, დემიკო ლოლაძე, გაიოზ კანდელაკი, გოგი ქავთარაძე

- დღეს ყველაზე მეტად რა აკლია თბილისს ძველი ურთიერთობებიდან? 

- ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ადამიანური ურთიერთობები და სიყვარული, რაც   ამ ქალაქმა მომცა. ჩემი თაობიდან,  ვისთან ერთადაც მოვდივარ ყმაწვილკაცობიდან, ბევრი უკვე წავიდა, მაგრამ ვინც დავრჩით, ერთმანეთი  ძალიან გვეძვირფასება.  ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ სოსო ჟღენტი, ცხონებული თემური კალანდაძე, რობიკო გოგუაძე,  ლადო ბოკერია, დიტო მანჯგალაძე, კუკურ გვასალია,   მიშა ლოლაძე და მისი ძმა, ამირან ბუაძე, გივი სიხარულიძე.

დიდი სამეგობრო გვქონდა, მაშინდელ თბილისში მეგობრობა სხვა რამე  იყო, როგორც  ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა, დღევანდელობასთან. მაშინ არ იყო ლაპარაკი, ფულიანი იყავი თუ არა, ან ვისი შვილი იყავი, ყველა თანასწორები ვიყავით. მჟავანაძის შვილი  საშკა ჩვენთან ძმაკაცობდა, ჩერქეზიას გოგოც ჩვენი მეგობარი იყო  კაკო და ცეზარ შევარდანაძეები? თავში კი არ ჰქონდათ ავარდნილი ედუარდი რომ მათი ბიძა  იყო. დღე  და ღამე, ჭირში და ლხინში  ერთად ვიყავით.

დღეს საზოგადოება დაყოფილია ფულიანები ერთად არიან,  უფულოები - ერთად. ადრე სად იყო ასე. დღეს მთავარია სოციალური ცენზი, ისვენებ თუ არ კრეტაზე, ქორწილს სად იხდი (იცინის)   მგონი ფულის შოვნაზე გადარევამ მოიტანა ეს ყველაფერი, რაც სიგიჟეა. მაშინ ვცხოვრობდით და ახლა  ვითომ ვითომ ვცხოვრობთ.  უცხოეთის გახსნამ და ევროპაში სიარულმა ბევრი კარგი რამეც მოგვიტანა, ცოდნა, განათლება, მაგრამ სიცივეც მოჰყვა  ურთიერთობებში, რაც ძალიან ცუდია. შენ თუ არ დამირეკავ მე არ დაგირეკავ, ეგ რა არის მე არ ვიცი. ახლა  მეგობართან ვერ მიხვალ  დაბადების დღეზე, თუ წინასწარ  არ შეატყობინე და გააფრთხილე, ადრე როცა გვინდოდა მაშინ მივდიოდით ერთმანეთთან.  პირდაპირ მივადგებოდით ხოლმე, არ ვკითხულობდით   ჰქონდა თუ არა ფული, მაგას ვინ უყურებდა.  ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, დილამდე ვქეიფობდით, ვისაც არ ჰქონდა, ან ჩვენ მიგვქონდა, ან რაც ჰქონდა იმით გვმასპინძლობდა, მაგრამ გულით იყო ყველაფერი.  სხვანაირი ცხოვრება გვქონდა,  იმდენი კარგი და ადამიანური რაღაცეები   ხდებოდა, ვერც წარმოიდგენთ.  დღეს ეს ყველაფერი თითქოს აღარ არის, რაზეც ძალიან მწყდება გული. კომუნისტებს რომ აკრიტიკებენ, იმ  დროს არ გაკეთდა ის ყველაფერი,  რითიც დღეს თავს ვიქებთ?  იმ დროში გადაიღეს  ჩვენმა რეჟისორებმა  საოცარი ფილმები, დაიდგა  საოცარი  სპექტაკლები. მე ძველ დროს კი არ მივტირი, მაგრამ მგონია, რომ სწორედ იმ პერიოდში  შეიქმნა დიდი ქართული ხელოვნება.  მე მინდა უკეთესი დღეები  გვქონდეს  წინ და ალბათ,  ასეც იქნება, მაგრამ უკან  რომ ყველაფერი გადავხაზოთ, ეგ  არ გამოვა.

 თამარ ნიჟარაძე  

ნიკუშა კანდელაკი, კახი კანდელაკი, კრისტიან მაკბრაიდი და გაიოზ კანდელაკი

მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.