USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
ფიტარეთის მონასტრის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დასრულებულია
თარიღი:  763
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ფიტარეთის მონასტრის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულებულია.
წელს გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდებოდა მონასტრის სამხრეთ და დასავლეთ მკლავების მხატვრობაზე.
ტაძარში მსუბუქად ჩამოიწმინდა მხატვრობა, დაზიანებული ქიმები ახლით ჩანაცვლდა, ფერის ფენა გამაგრდა, ნალესობის ბზარები ამოიგოზა, სამხრეთ და დასავლეთ მკლავებზე შერჩენილი რამდენიმე კლამერი კორექტირდა.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში არსებული ყაფლანისშვილ-ორბელიანთა საძვალიდან რამდენიმე საფლავის ქვას ჩაუტარდა კონსერვაცია.
სამუშაოებს ასრულებდნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კედლის მხატვრობის სპეციალისტები.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ფიტარეთის მონასტრის ინტერიერში ნალესობის ფენაზე გამოვლინდა არასტაბილური ტიპის განშრევებები, რის გამოც ნალესობა ჩამოცვივდა; ასევე, ცალკეულ მონაკვეთებში ფერწერული ფენა იყო აქერცლილი; ნალესობის ფენაზე გაჩნდა დიდი ზომის ბზარებიც; შესაბამისად, აუცილებელი გახდა სპეციალისტების დროული ჩარევა.
ფიტარეთის მონასტრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და მის ფარგლებშიც იდენტური ტიპის სამუშაოები ჩატარდა, რაც 2024 წელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა ეკლესიის საკურთხევლის, ჩრდილოეთ მკლავისა და გუმბათის ყელის მხატვრობას.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია აგებულია 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში. ნაგებობის ფასადებზე არსებული დეკორი მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული. ტაძრის ინტერიერის კედლები მთლიანად დაფარულია გვიანი შუა საუკუნეების (XVII ს.) რეგისტრებად დაყოფილი მხატვრობით. შემონახულია ლაპიდარული წარწერებიც.
ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ფიტარეთის მონასტერი ბარათაშვილების კუთვნილება იყო. მონასტრის გამო დაწყებული დავა ყაფლან, პაატა და პაპუნა ბარათაშვილს შორის ყაფლანის სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად კი ფიტარეთის მონასტერში არსებულ საძვალეში ყაფლანის შთამომავლები ყაფლანისშვილ-ორბელიანები იმარხებოდნენ. ტაძრის ინტერიერში დაცულ რამდენიმე საფლავის ქვას ისტორიული მნიშვნელობის წარწერები აქვს. ფიტარეთის ლაპიდარული წარწერებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მოწითალო ფერის ქვა, რომელსაც ლამაზი ასომთავრული ხვეულით აწერია და, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობს, ეს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის, განსასვენებელი უნდა იყოს.
 
 
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის