USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ფერდინანდისა და იზაბელის წერილი/პასუხი ქართლის მეფე კონსტანტინე მეორეს - ბექა ჭიჭინაძე
თარიღი:  2169
ელჩობაზე კარგად ცნობილია, საპასუხო წერილი არის თუ არა ჩვენში თარგმნილი არ ვიცი, ტექსტი დაცულია ბარსელონაში, არაგონის სამეფო არქივში. ვთარგმნე ფრანგული ვერსიიდან.
 
მოულოდნელად თავაზიანი პასუხია, იზაბელი და ფერდინანდი კონსტანტინეს თავაზიანი ჟესტით სთავაზობენ მთელ მათ სამეფოს და სახსრებს:
,,ფერდინანდი და იზაბელა, მადლითა ღმრთისათა მეფე კასტილიისა და დედოფალი... გულითადად მიესალმებიან ყოვლად უშფოთველ კონსტანტინე პანკრატიოსს, ქართველთა საუკეთესო და პატივდებულ ხელმწიფეს.
 
ჩვენ მივიღეთ თქვენი უშფოთველობისაგან გამოგზავნილი წერილები თქვენი პატივდებული, სასულიერო ელჩების, ძმების - ნილოსისა და ზაქარიას მეშვეობით; მათი მეშვეობით ჩვენ ამავდროულად შევიტყვეთ გარკვეული რამ თქვენი სახელით, მათი სიტყვიერი გარდამოცემისგან.
პირველეს ყოვლისა, ჩვენ უზომოდ გვიხარია თქვენი კათოლიკე რწმენის შესახებ შეტყობის და დაცვის გამო; და ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვგრძნობთ მწუხარებას, როცა შევიტყვეთ მათგან აღძვრის, შფოთვისა და საფრთხის შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის თქვენი სიმშვიდე. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ვითარებაში ჩვენ დიდითა დიდებითა ვადიდებთ ღმერთს, ვლოცულობთ, რომ არა მხოლოდ თქვენ, არამედ ყოველი ნათესავი ქრისტიანეთა იხსნას ურწმუნოთაგან, დაგიცვათ და მოგცეთ ძლევა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მოწყალე ღმერთი ამას მოახდენს, თუ თქვენი უშფოთველობა მომავალშიც, ისევე როგორც დღეს, ყველა ღონეს გამოიყენებს და მხურვალე სულით იბრძოლებს კათოლიკური სარწმუნოების დაცვისა და გაძლიერებისთვის. სახელითა ღვთისათა, ჩვენ მარადის ვევედრებით და მოვუწოდებთ თქვენს სიმშვიდეს რათა ესრეთ ქმნათ და არ შეწყვიტოთ ეს ვალდებულება. რაც შეგვეხება ჩვენ, აქამდეც სწორედ ასე ვმოქმედებდით და ღვთის ნებით გავაგრძელეთ მომავალშიც.
 
ბეთიკაში, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მშვენიერ პროვინციაში ღვთის შეწევნით ჩვენ დავიბრუნეთ გრანადის სამეფო, რომელსაც 800 წელი მართავდნენ ლიბიიდან ჩამოსული არაბები, და ჩვენ ვაიძულეთ აგარიანნი გადაეკვეთათ ლიბიის ზღვა. გარდა ამისა, ჩვენ მთლიანად განვდევნეთ ჩვენი სამეფოებიდან და სამფლობელოებიდან ყველა ებრაელი, რომლებიც დახეტიალობდნენ დიდი და დამღუპველი სიმრავლით.
მაგრამ თუკი, როგორც ჩვენ გვსურს და ვიმედოვნებთ, დიადი ღმერთი შეგვეწევა ჩვენს მისწრაფებებში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევაჩერებთ განზრახვას, რადგან ჩვენს მეფე ფერდინანდს არ აქვს სხვა უფრო ძლიერი სურვილი, ვიდრე თავისი ჯარებით აფრიკაში გადასვლა და მუდმივი ომის წარმოება კათოლიკური რწმენისათვის.
 
რაც შეეხება თქვენს საჩუქრებს, რომლებიც თქვენმა ელჩებმა გადმოგვცეს თქვენი განკარგულებით, ჩვენ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ადამიანობისთვის. სულიერად მოხარულნი და კმაყოფილნი, ჩვენ, ჩვენს ძალაუფლებას, სახსრებს და შესაძლებლობებს, ჩვენს სამეფოსა და სამფლობელოებს ვაქცევთ თქვენი ღირსების განკარგულებაში და თქვენს სარგებლობაში, კათოლიკური სარწმუნოების ამაღლებისა და გაძლიერებისათვის, რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც თქვენმა ელჩებმა გვითხრეს, ჩვენ ამომწურავად ვუპასუხეთ, დაე შენმა უშფოთველობამ კეთილად ირწმუნოს რასაც გეტყვიან.
 
დაე, უკვდავმა ღმერთმა დაიცვას და წყალობაყოს თქვენს სამეფო პიროვნებაზე, თქვენს სამფლობელოსა და სახელმწიფოზე."
 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის