USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«New York Post» (აშშ): „ჯო ბაიდენი - ყველაზე შეუფერებელი მოქმედი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, რომელსაც მეორედ არჩევის პრეტენზია აქვს“
дата:  

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ პოსტის“ (New York Post) 14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი - ყველაზე შეუფერებელი მოქმედი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, რომელსაც მეორედ არჩევის პრეტენზია აქვს“ (ავტორი - რიჩარდ ლოური, მწერალი, ჟურნალ „ნეიშენელ რევიუს“ მთავარი რედაქტორი).

უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამის პერეფრაზირებას თუ მოვახდენთ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა დარწმუნებულია: აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იმდენად ძვირფას ადამიანს წარმოადგენს, რომ იგი ყველანაირად დაცული უნდა იყოს - იმდენად, რომ შეიძლება მის რეალურ მდგომარეობაზე სიცრუეც კი გაავრცელო წინასწარგანზრახულად.

როგორც ისტორია გვაჩვენებს, სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში თეთრი სახლი მართლაც საკმაოდ ხშირად სიცრუეს ავრცელებდა და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა - ამომრჩევლებს სინამდვილეს უმალავდა.

სწორედ ამიტომაც ამერიკულმა საზოგადოებამ არ იცოდა სიმართლე პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მდგომარეობის შესახებ, როცა მან ინსულტი გადაიტანა, აგრეთვე ჯონ კენედის ჯანმრთელობის ირგვლივ. ფრანკლინ დელანო რუზველტის მძიმე მდგომარეობაც არ იყო ცნობილი საზოგადოებისათვის, როცა იგი მეოთხე საპრეზიდენტო ვადით ასარჩევად ემზადებოდა. საბოლოო ჯამში, იგი 1945 წლის  12 აპრილს გარდაიცვალა, ინაუგურაციიდან 82 დღის შემდეგ.

აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია, რომლის მიმართაც ბევრი კითხვაა წამოჭრილი, ამერიკის ისტორიაში მომხდარ მსგავს მაგალითებს გვახსენებს, რომელთა გათვალისწინებით, ჯო ბადენი, შეიძლება თქვას, ყველაზე უვარგის და შეუფერებელ კანდიდატს წარმოადგენს ფრანკლინ რუზველტის დროიდან. თუმცა ცოტა თუ გაბედავს სიმართლის თქმას ვინმე იმ ექიმებიდან, რომლებიც პრეზიდენტის ნდობით სარგებლობენ.

სხვათა შორის, ისტორიიდან ცნობილია პრეზიდენტის მკურნალი ექიმების მიერ ე.წ „ჰიპოკრატეს ფიცის“ დარღვევის ფაქტებიც პაციენტის მდგომარეობის თაობაზე („რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის გავუმხილო იგი“). 1944 წლის დასაწყისში ფრანკლინ რუზველტს დაუდგინეს მისი სიცოცხლისათვის სახიფათო დიაგნოზი - „გულის მწვავე უკმარისობა“, ხოლო პირადმა ექიმმა პრეზიდენტის მდგომარეობა, უბრალოდ, „საშინლად“ ჩათვალა. ამის მიუხედავად, თეთრმა სახლმა, არჩევნების წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა „სრულიად წესრიგშია“ და ორგანული ფუნქციების დარღვევა „აბსოლუტურად არ აღინიშნება“.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლს იმდროინდელმა ჟურნალისტებმაც მხარი აუბეს და ფრანკლინ რუზველტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე გაჟონილი ინფორმაცია „შიშის დათესვის“ კამპანიად შეაფასეს. ისინი ისე დაბეჯითებით უარყოფდნენ სინამდვილეს, რომ მზად იყვნენ საჯაროდ შეერცხვინათ ნებისმიერი ადამიანი - პოლიტიკური ოპონენტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვინც კი ოფიციალურ ვერსიაში ეჭვს შეიტანდა. „ზოგიერთებს ისე სძულთ ჩვენი პრეზიდენტი, რომ ძილშიც კი მის ავად ყოფნა ესიზმრებათ“, - იმდროინდელი ასეთი განცხადებები დღესაც უკიდურესად აქტუალურად ჟღერს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პოლიტიკური მხარდამჭერები და მოკავშირეები ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთ მოვალეობის შესრულებას. ფრანკლინ რუზველტის გარემოცვას ზალიან ეშინოდათ მისი სიკვდილისა, მაგრამ ამას არავინ არ იმჩნევდა. სხვათა შორის, არც თვითონ რუზველტს არ ჰოქნდა განზრახული ამომრჩევლებისათვის სიმართლე ეთქვა: „ისტერიული ბრალდებები  და სენსაციური მხილებები ხელოვნურად არის მოგონილ-შეთხზული ჩვენი არაკეთილმსურველების მიერ, არჩევნების მომენტში  ადამიანებს შორის პანიკის დასათესად“, - აცხადებდა მოქმედი პრეზიდენტი მეოთხედ არჩევის წინ.

შესაძლოა, ფრანკლინ დელანო რუზველტს უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვას, ვაპატიოთ ეს ცრუ ნათქვამი იმდენად, რამდენადაც გასაგებია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მას შეეძლო საკუთარი თავი შეუდარებელ და შეუცვლელ ადამიანად წარმოესახა... და მაინც, ის ფაქტს, რომ იგი უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა პრეზიდენტის ხელისუფლების პოლიტიკურ მემკვიდრეობითობას, გონივრულ მოქმედებად ვერ ჩავთვლით.

ჰარი ტრუმენი, რომელსაც 1945 წლის ნოემბრიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა დაკავებული და რომელსაც ფრანკლინ რუზველტის სიკვდილის (ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო) შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება მოუწია, ამბობდა, რომ იგი პრეზიდენტის ფნქციების შესრულებისთვის სრულიად მოუმზადებელი იყო იმდენად, რამდენადაც არც მოქმედი პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები არავის არ აყენებდნენ საქმის კურსში მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და ქვეყნის საშინაო პრობლემებზე - არ მიაჩნდათ აუცილებლად, რომ ყველაფერი  ვიცე-პრეზიდენტსაც უნდა  სცოდნოდა.

კაცმა რომ თქვას, რუზველტის მდგომარეობაზე საუბრისას არც თვითონ ჰარი ტრუმენი არ გამოირჩეოდა სხვებისგან: როცა იგი იანუგურაციის შემდეგ, 1945 წლის დასაწყისში, პრეზიდენტს შეხვდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თეთრი სახლის მეთაური თავს კარგად გრძნობს და სიცრუეს ნუ ავრცელებთო“, მაგრამ იმავე დღეს თავის ახლო მეგობარს გაანდო - „პრეზიდენტს ხელები უკანკალებს და ძლივ-ძლივობით ლაპარაკობსო“.

პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ მოქმედ ადმინისტრაციას არასდროს არ ექნება შესაფერისი და მოხერხებული მომენტი იმისათვის, როცა შესაძლებელი იქნება პატიოსნად და გულახდილად ისაუბროს ამერიკელი ნებისმიერი ლიდერის ჯანმრთელობის პრობლემებზე - იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ: სიმართლის თქმა პრეზიდენტის იმიჯს დააზარალებს, პოლიტიკური მეტოქეებისათვის კი მომგებიანი იქნება.

ყურადსაღებია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დასაწყისში ზოგიერთი მისი მხარდამჭერი იმედიანად იყო განწყობილი და მას ენერგიულობის მხრივ ფრანკლინ რუზველტსაც კი ადარებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი დღეს მართლაც უფრო მეტად ჰგავს თავის შორეულ ლეგენდარულ დემოკრატ წინამორბედს, მაგრან არა ენერგიულობით, არამედ იმით, რომ თითქმის იგივენაირ რეფლექსებს და სიმპტომებს აჩვენებს.

თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯო ბაიდენსაც აუცილებლად იგივე ბედი ექნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგებიან, ამერიკელებს 80-წლიანი ისტორიის გაკვეთილები უნდა ახსოვდეთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://nypost.com/2024/02/13/opinion/joe-biden-the-most-unfit-incumbent-president-up-for-re-election-since-fdr/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати