USD 2.6991
EUR 3.1582
RUB 3.4130
Тбилиси
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
дата:  307

ევროპარლამენტი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობითა და იდეოლოგიური დაახლოებით, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

„[ევროპარლამენტი] ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობითა და იდეოლოგიური დაახლოებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციის მიუხედავად; გმობს „ქართული ოცნების“ მიერ რუსულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციაში მონაწილეობას და მის ხელშეწყობას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საზოგადოების მუდმივ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი „კიდევ ერთხელ უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მიმდინარე ოკუპაციას და „საზღვრის დემარკაციის“ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს“.

„მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეინარჩუნოს მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ და მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა კონფლიქტების მოგვარებაში, ადამიანის უფლებების მონიტორინგსა და დაზარალებული თემების მხარდაჭერაში; რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაძლიერებას რესურსების გაზრდითა და მისი მანდატის გაფართოებით, რათა მონიტორინგი გაუწიოს უცხოურ ჩარევას და საზღვრების დესტაბილიზაციას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „აღნიშნავს, რომ ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხარდაჭერა სამართლიანად შეჩერდა 2024 წელს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და რომ 2025 წლისთვის მხარდაჭერა დაგეგმილი არ არის“.

„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს, რომ ამ შეჩერებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოს ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის; კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნებისმიერი სამომავლო ფინანსური დახმარება შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ თვითგამოცხადებული „ქართული რეჟიმი“ გადადგება და ჩატარდება სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები; ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, - ნათქვამია რეზოლუციის დოკუმენტში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი წუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეკომენდაციების შესრულებაში და რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ შესამჩნევად დაბალია, 49%-ს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი მოითხოვს ევროკავშირის CFSP-სთან სრულ თანხვედრას, იმ მოლოდინების შესაბამისად, რაც ყველა კანდიდატი ქვეყნისგან არსებობს.

„ევროკავშირი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო არ მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა თვითიზოლაციას იწვევს და „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ამწვავებს არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შავ ზღვაში; აღნიშნავს, რომ საქართველო, ამჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობით, ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელიც მას, ბელარუსის მსგავსად, რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს, წუხს იმ ფაქტის გამო, რომ იმ დროს, როდესაც დემოკრატიული სამყარო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო მეტად უახლოვდება კრემლის პოლიტიკასა და რიტორიკას; აღნიშნავს, რომ საქართველო არ ეთანხმება რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ უმრავლესობას, მაგრამ აცხადებს, რომ თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; თუმცა, გამოხატავს შეშფოთებას იმ ცნობების გამო, რომლებიც ამტკიცებენ საქართველოს როლს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობაში; შესაბამისად, მოუწოდებს კომისიას, ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება ასეთ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებით აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჩინეთის მიმართ ბოლოდროინდელ სტრატეგიულ შემობრუნებას და ირანთან მის მზარდ თანამშრომლობას.

„აღნიშნავს „ქართული ოცნების“ საჯარო მხარდაჭერას ჩინეთის გეოსტრატეგიული ინიციატივების მიმართ და გაძლიერებულ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმისთვის მიკუთვნებას, ხაზს უსვამს, რომ ასეთი ნაბიჯი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს გაცხადებულ ერთგულებას; ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტს ახლა რეგიონში ჩინეთის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გაზრდის საშუალებად ქცევის საფრთხე ემუქრება, რაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან; ამასთან დაკავშირებით მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, გადახედონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩერონ ან გადაამისამართონ რეგიონული დაკავშირებადობის პროექტების დაფინანსება; გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს თეირანთან მრავალმხრივი თანამშრომლობის გაზრდასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, საქართველოს შემდგომი იზოლაცია გამოიწვიოს; ავტორიტარიზმისკენ საქართველოს მიმდინარე სწრაფვა და ქვეყნის მზარდი დაახლოება რუსეთთან ევროპის უსაფრთხოებისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და შავ ზღვაზე წვდომის გათვალისწინებით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის რეგიონში ძალაუფლების პროეცირებისთვის; ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგია შესაძლოა სხვაგანაც იქნას გამოყენებული, როგორც სახელმწიფოს ჰიბრიდული მიტაცების სახელმძღვანელო; შეშფოთებულია რეგიონული შედეგებით და აფრთხილებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპის ქმედებების სანდოობა საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით ევროკავშირის შავი ზღვის მომავალი სტრატეგიის მოლოდინში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати