USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«Deutsche Welle»: „ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს“
Date:  528

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღი დაკარგა, მაგრამ სომხეთში ხელისუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი - არშალუის მღდესიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სომხური ოპოზიცია ერთ კვირაზე მეტია პერმანენტულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მართავს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით: ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფოსა და სომეხი ხალხის ღალატში“ ადანაშაულებენ მისი გადაწყვეტილების გამო - არ ჩარეულიყო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ 19-20 სექტემბერს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში.

„პროტესტები არის, მაგრამ გადადგომა არ ჩანს“

„ნიკოლი - მოღალატე!“, „სომხეთი - ნიკოლის გარეშე!“, „არცახი, არცახი!“, - ასეთი ლოზუნგებით მიმდინარეობს სომხეთში ანტისახელისუფლებო ოპოზიციური მიტინგები. მთავრობის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ქუჩები გადაკეტონ და ადმინისტრაციულ შენობები დაბლოკონ, რომ სახელმწიფო ორგანოების მუშაობა პარალიზებული იქნას. საპროტესტო მოძრაობის კოორდინაციის მიზნით შექმნილია „ეროვნული კომიტეტი“, რომელსაც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროინდელი სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაზგენ მანუკიანი ხელმძღვანელობს.

მაგრამ ოპოზიცია თავის მიზნებს ვერ აღწევს - ხელისუფლების ინტერესების დამცველი სომხეთის პოლიცია ადგილზეა: შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებში მონაწილეობის გამო უკვე ასობით მოქალაქეა დაკავებული ბრალდებით „ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნების შეუსრულებლობა“. ზოგიერთ დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებაც აქვს წაყენებული - მათ შორის ლევონ ქოჩარიანს, სომხეთის ქს-პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟსю

ოპოზიცია ერევნის მთლიან პარალიზებას ვერ ახერხებს

სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში არასასიამოვნო „საცობები“ გახშირდა, მაგრამ [ქვეყნის მასშტაბით] სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ჯერ-ჯერობით ისეთი ფართო და მრავალრიცხოვანი არ არის, რომ ხელისუფლების მთლიანი პარალიზება და საბოლოო ჯამში, მთავრობის ცვლა გამოიწვიოს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმპულსს შესძენს ერევნის მიტინგებს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით წამოსული ათი ათასობით სომეხი. „დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან“, - აცხადებს მთავრობის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ყარაბაღელი სომხებისათვის უკვე მომზადებულია 40 ათასი ადგილი.

„მოსახლეობა ოპოზიციას არ ენდობა“

იბადება კითხვა: როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი მთიანი ყარაბაღის ტრაგიკული მოვლენების ფონზე? როგორც ექსპერტები ამბობენ, „ოპოზიციისადმი საზოგადოებას ძალიან დაბალი ნდობა აქვს“ და მიუთითებენ იმაზე, რომ ანტისამთავრობო აქციების კოორდინირების მიზნით ჩამოყალიბებულ „ეროვნულ კომიტეტში“ შედიან ყოფილი ხელისუფლების - დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, ანუ ისინი, რომლებიც სომხეთის მოსახლეობამ 2018 წლის აპრილში მომხდარი ფართო გამოსვლების (ე.წ. „სომხეთის გაზაფხულის“) შედეგად დაამხო.

ერევნელი ანალიტიკოსი აკოფ ბადალიანი აღიარებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ლეგიტიმურობას თანდათან კარგავს, მაგრამ საქმე კრიტიკულ მომენტამდე ჯერ არ მისულა. თავის მხრივ, ოპოზიციასაც არ შეუძლია საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ისეთი უკმაყოფილების გამოწვევა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისათვის სახიფათო იქნება. ოპოზიცია ვერ ახერხებს საზოგადოების ისეთ კონსოლიდაციას, რომელიც კრიტიკული იქნება მთავრობისათვის.

„ოპოზიცია, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ანტისამთავრობო პროტესტების ხელმძღვანელობაზე, ისეთი სახითაა წარმოდგენილი, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს. ოპოზიციონერებად დღეს წინა ხელისუფლების წევრები გვევლინებიან. ასეთ სიტუაციას იქამდე მივყავართ, რომ მოსახლეობა არ ენდობა არც მტავრობას და არც ოპოზიციას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის მტკიცე კონსოლიდაცია არ ხდება“, - ამბობს აკოფ ბადალიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

„სომხეთში სახელმწიფოებრიობის კრიზისი დგება“

როგორც სომეხი პოლიტოლოგი სურენ სურენიანცი თვლის, ნიკოლ ფაშინიანისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მასშტაბები მცირდება, რასაც ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის პროვოცირება მოჰყვება.

„ნიკოლ ფაშინიანს დღემდე მხარს უჭერს იმ ელექტორატის ნარჩენები, რომლებიც მისივე დანერგილი ლოგიკით მოქმედებენ - ბრძოლა ძველი ელიტების წინააღმდეგ. მაგრამ ეს ახლა უკვე არასაკმარისია, რომ ხელისუფლებამ კრიზისი ტავიდან აიცილოს. ამჟამად უკვე ყალიბდება ისეთი მდგომარეობა, როცა ხელისუფლების კრიზისი სახელმწიფოებრიობის კრიზისში გადადის. ანუ დღევანდელი შიდაპოლიტიკური პოლარიზების პირობებში რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია““, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს სურენ სურენიანცი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

წყარო: https://www.dw.com/ru/pasinan-poteral-karabah-no-uderzalsa-u-vlasti-v-armenii/a-66916707

 

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way