USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „უკრაინის კონტრშეტევა: როგორ აფასებენ მას დასავლეთში“
Date:  

ბოლო დროს დასავლურ მასმედიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს - რამდენად ეფექტურად იბრძვის უკრაინის არმია და რას მიაღწია ერთი თვის კონტრშეტევის შედეგად. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. რა უშლის ხელს კიევს უფრო სწრაფად განახორციელოს კონტრშეტევა? გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა: როგორ შეფასებას აძლევენ მას დასავლეთში“.

„ეს ჯერ კიდევ არ არის კონტრშეტევა... და როცა დაიწყება, მერე ნახავთ, რაც მოხდება... ახლა წინ ნელა მივდივართ, მტერს სუსტ ადგილებს ვუძებნით, რომ შემდეგ ერთბაშად დავცხოთ მასირებულად“, - ამბობს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ „დოიჩე ველეს“ გადამღებ ჯგუფთან საუბარში უკრაინის არმიის ერთ-ერთი ოფიცერი.

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტი თითქმის 1000 კილომეტრზეა გაჭიმული. უკრაინელი მებრძოლები მეთოდურად ანგრევენ მოწინააღმდეგის არმიის პოზიციებს. ისინი ფრთხილად მოქმედებენ: ელვისებურ შტურმებს არ აწყობენ, ხშირად მხოლოდ ავტომატებით მოქმედებენ, ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს უფრთხილდებიან... ამ დროს კი დასავლელი პოლიტიკოსები, მიმომხილველები და სამხედრო ექსპერტები დისკუსიებს მართავენ და ბჭობენ, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება საომარი ოპერაციები, რომელსაც ხშირად დიდი ხნის ნანატრ „კონტრშეტევას“ უწოდებენ.

„კონტრშეტევა პარკში გასეირნება ნუ გგონიათ“

 „უკრაინის არმიის ამჟამინდელი მოქმედება ძალიან რთულ სამხედრო ოპერაციას წარმოადგენს“, - ამბობს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი. იგი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამს ამერიკული CNN-ისადმი მიცემულ ინტერვიუში: „კონტრშეტევა რამდენიმე ფაქტორით მუხრუჭდება - მჭიდროდ დანაღმული ველებით, არასახარბიელო კლიმატური პირობებით და არასაკმარისი იარაღით, მათ შორის ავიაციის არარსებობით.

ექსპერტთა შეფასებით, ამჟამად შეტევაში ჯერ კიდევ არ მონაწილეობს უკრაინის არმიის ბრიგადების 70%. ასევე არ ამოქმედებულა დასავლური ტექნიკის დიდი ნაწილი. ანუ ეს ნიშნავს, რომ კიევს მნიშვნელოვანი რეზერვი აქვს შეტევის გასაძლიერებლად.

როგორც ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ფრენკ ლედვიჯი ამბობს (მას ბრძოლის გამოცდილება აქვს მიღებული ბალკანებში, ერაყში და ავღანეთში), უკრაინაში სწრაფი და იოლი კონტრშეტევა მოსალოდნელი არ იყო. „ვისაც ჰგონია, რომ ეს პარკში გასეირნების მსგავსი იქნებოდა, ის ძალიან სცდება. მოწინააღმდეგი გამაგრებული პოზიციების დაკავება ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ პროცესს წარმოადგენს. ის ვერ განხორციელდება მოწოდებით - „აბა, ბიჭებო, დავარტყათ და დავასრულოთ“.

„ზოგიერთები ამბობენ, რომ შეტევა ერთი თვეა მიმდინარეობს და შედეგები მეტად მოკრძალებულიაო... ოთხი კვირა არაფერია, მსგავსი სამხედრო ოპერაციები უფრო დიდხანსაც გრძელდება. კონტრშეტევის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, - ამბობს ფრენკ ლედვიჯი.

სხვათა შორის, ბრიტანელი ექსპერტის ნათქვამი ზუსტად ეხმიანება უკრაინის არმიის სარდლის ვალერი ზალუჟნის მიერ ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტისათვის 30 ივნისს მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ თვალსაზრისს: „ძალიან ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, რა ნელა მოქმედებ, სად არის შედეგებიო... კონტრშეტევა შოუ არ არის“.

 „უკრაინის არმია სტრუქტურულად საერთოდ არ იყო მომზადებული ასეთი მასშტაბის მქონე კონვენციალური ომებისათვის“, - ხაზს უსვამს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ბუნდესვერის გადამდგარი პოლკოვნიკი რალფ ტილე, - „ომის პირველ თვეებში უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის არმიის მოგერიება, შექმნილ ხელსაყრელ სიტუაციაში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ მათი პოტენციალი შესუსტდა, თავი იჩინა შეიარაღებისა და ავიაციის უქონლობამ, საბრძოლო მასალებისა და ტყვია-წამლის სიმცირემ. ვაღიაროთ სიმართლე: დასავლეთი კიევს ბევრ იარაღს დაპირდა, მაგრამ დაპირება არ შეუსრულებია“.

ყოველი მეტრი - სისხლის ფასად: „ჟუკოვის მეთოდი არ გამოდგება“

უკრაინის არმიის ნელი და ფრთხილი წინსვლაც კი მძიმე დანაკარგებს იწვევს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, კიევს არ სურს „ჟუკოვისებურად“ იმოქმედოს, ანუ თავისი ჯარისკაცები ისეთ ხორცსაკეპში მოაქციოს, როგორსაც ცოტა ხნის წინათ რუსეთის არმიის სარდლობა ბახმუტის ბრძოლების დროს აკეთებდა („ჟუკოვისებურ“ მოქმედებაში იგულისხმება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წითელი არმიის სარდლის, გენერალ გიორგი ჟუკოვის ბრძოლის მეთოდი, რომელიც საბრძოლო ოპერაციის შესასრულებლად ცოცხალი ძალის დანაკარგებს ყურადღებას არ აქცევდა).

რუსეთის არმიას თვეები ჰქონდა ფრონტის ხაზზე სანგრების, ტრანშეების გასათხრელად,  ძელმიწურების ასაგებად, გამაგრებული საცეცხლე წერტილების მოსაწყობად და უკრაინის სტეპების, უკიდეგანო ველ-მინდვრების მჭიდროდ დასანაღმავად. „რუსები ჩვენ გველოდნენ. მათ თავიანთი პოზიციები კარგად გაამაგრეს. ფოლადის კედლის წინაშე აღმოვჩნდით. უბრალოდ, საშინელ სიტუაციაში ჩავვარდით“, - ამბობდა ივნისის ბოლოს ამერიკული „უოლ-სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტთან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელსაც ბრძოლა ფრონტის ზაპოროჟიის მონაკვეთზე მოუწია.

და მაინც, დიდი სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის არმიამ, რომელიც რუსულ პოზიციებს შეზღუდული ძალებით უტევს (მხოლოდ 4-5 ბრიგადით 70-დან), მტრისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 158 კვადრატული კოლომეტრი გაათავისუფლა. რა თქმა უნდა, კრემლი უკრაინის არმიის წარმატებებს არ აღიარებს და აცხდებს, რომ კონტრშეტევა ჩაიფუშა, კიევმა დიდი დანაკარგები განიცადაო.

„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული მხარე ძალიან კარგად მოემზადა უკრაინული ჯარის მოსალოდნელი კონტრშეტევისათვის და ყველაფერს აკეთებდა მისი წინსვლის შესაკავებლად“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში ვალტერ ფეიხტინგერი, ავსტრიის თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, გადამდგარი ბრიგადის გენერალი, - რუსებმა მჭიდროდ დანაღმეს სავარაუდო შეტევის მიმართულებით მდებარე ველები, თავი მოუყარეს ავიაციას, სარაკეტო ნაწილებს, არტილერიას, მოიმარაგეს საბრძოლო მასალები, გაამაგრეს ზურგი... ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიას უპირატესობა აქვს - როგორც თავდამცველ მხარეს“.

უახლოესი მიზანი - ოპერატიულ სივრცეზე გასვლა

ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს, რომ რუსული მხარე კარგად სარგებლობს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით, უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით), ვერტმფრენებით და რაკეტული ტექნიკით. დღეისათვის ბრძოლები ჯერ კიდევ მხოლოდ რუსების თავდაცვის პირველ ხაზზე მიდის, რომელიც ძირითადად დანაღმულ ველებს წარმოადგენენ. შემდეგ იწყება მეორე ხაზი - „დრაკონის კბილებით“, სანგრებისა და ტრანშეების ქსელით, გამაგრებული საცეცხლე წერტილებით, სადაც დიდი საბრძოლო რესურსებია თავმყრილი.

„თავდაცვის პირველი [და მეორე] ხაზის დაკარგვის შემთხვევაში რუსები იძულებულნი იქნებიან უკან დაიხიონ, უკრაინის არმია კი ოპერატიულ სივრცეში გაიჭრება. ეს ნიშნავს, რომ წინსვლა უფრო სწრაფი იქნება, მეტი მძიმე ტექნიკით, რაც ტერიტორიის გათავისუფლებას დააჩქარებს“, - ამბობს უკრანელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე მუსიენკო.

დაახლოებით მსგავს სცენარს ვარაუდობენ „დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული სხვა ექსპერტებიც, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე „ფორს-მაჟორული“ მოულოდნელი სიტუაცია არ შეიქმნება. ამ დროს შესაძლოა, რომ ფრონტის ზოგიერთ უბანზე უკრაინის არმიამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, სხვა მონაკვეთებზე კი „ბუქსაობა“ დაიწყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ხაზს უსვამს ბუნდესვერის გადამდგარი პოლკოვნიკი რალფ ტილე, უკრაინელი მებრძოლების მნიშვნელოვანი უპირატესობაა მაღალი მორალური მოტივაცია, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებზე. „ჩვენ აქ მტრისაგან საკუთარ სახლებს ვიცავთ და საკუთარ მიწა-წყალს ვათავისუფლებთ“, - ამბობენ უკრაინელი მეომრები. სწორედ ესაა მათთვის „ძალისა და  გამბედაობის მიმცემი“.

წყარო: https://www.dw.com/ru/kontrnastuplenie-vsu-kak-ocenivaut-ego-tempy-na-zapade/a-66139479

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way