USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „რუსეთი თუ ევროკავშირი? საქართველო საბედისწერო გამოცდის მოლოდინში“
дата:  144

„საქართველოში 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება, რომლის დროსაც მოსახლეობა საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებს: რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა - ევროკავშირისაკენ თუ რუსეთისაკენ“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი თუ ევროკავშირი? საქართველო საბედისწერო გამოცდის მოლოდინში“ (ავტორი - ქრისტიან ტრიპე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში შეიძლება დიქტატურა დამყარდეს, რომლის შედეგი ის იქნება, რომ სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - კანდიდატის სტატუსის მიუხედავად. ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს დასავლეთისაგან დისტანცირებისათვის - ამჟამინდელი პარლამენტი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭარბობენ, ზედიზედ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებსაც ოპოზიცია „რუსული კანონების ასლს“ უწოდებს. ოპოზიცია ამით მოსახლეობას შთააგონებს, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით რუსეთს ემსგავსება, რომელსაც კრემლი ავტორიტარული მეთოდებით მართავს.

რადიკალური საარჩევნო კამპანიის ფონზე „ქართული ოცნება“ „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ და აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი აიკრძალება. მტავრობა მოსახლეობას არწმუნებს, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევა სურს და ეს ყველაფერი დასავლეთის ეგიდით ხორციელდება. დამკვირვებლები თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობა აშკარად ცდილობს დასავლეთს გაემიჯნოს და რუსეთს დაუახლოვდეს, ანუ უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებაზე.

ქართული ოპოზიცია ძირითადად ხუთი პარტიით არის წარმოადგენილი - მეტ-ნაკლებად ლიბერალური, კონსერვატიული და სოციალ-დემოკრატიული მიმართულებების მქონე ორგანიზაციების სახით. მათ პროევროპული კურსი აერთიანებთ და ერთმანეთთან გარკვეული კონკურენციის მიუხედავად, მკაფიოდ გამოდიან ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ამას წინათ მათ ივალდებულეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მტრობა შეწყვიტონ და ერთად გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ ავტოკრატული, ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაში პასუხისმგებელია  ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში გაატარა და იქ გამდიდრდა. მან დააარსა „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს არჩევნებში გაიმარჯვა, მშვიდობიანად დაამხო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, მცირე ხანს იყო პრემიერის პოსტზე და შემდეგ, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა, მაინც ჩრდილოვან ლიდერად დარჩა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი კვლავ აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და ანტიდასავლურ იდეებს ქადაგებს - „ვერავინ ვეღარ აიძულებს ქართველ ხალხს ფსევდოლიბერალური ფასეულობებით იცხოვროს და მის ტრადიციებში გარედან ჩაერიოსო“.

მილიარდერი და მისი პარტიის წარმომადგენლები თავს არიდებენ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრებს. თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, მსხვილი კომპანიის მენეჯერი ინკოგნიტოდ ამბობს, ოლიგარქის ანტიდასავლური განცხადებები „წმინდა წყლის რიტორიკას“ წარმოადგენს, საქართველო ევროპულ გზიდან არ გადაუხვევს და ამ ეტაპზე  გაჟღერებული კრიტიკული გამონათქვამები რუსეთთან ბალანსის დაცვას ემსახურება და მეტს არაფერს. ფაქტიურად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლაკატებზე ევროკავშირის დროშაა გამოსახული ასეთი წარწერით: „ევროპისაკენ - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით“.

მაგრამ როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს რონდელის ფონდიდან, „ქართული ოცნებას“ ამომრჩევლის მოტყუება სურს და აიძულებს, რომ არჩევანი გააკეთოს არა რუსეთს და ევროკავშირს შორის, არამედ თითქოსდა ომსა და მშვიდობას შორის.

რუსეთი საქართველოს ძლიერ ჩრდილოელ მეზობელს წარმოადგენს. რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა კავკასიაში - როგორც მეფე-იმპერატორების დროს, ასევე საბჭოთა ბელადების პერიოდში. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს ხანმოკლე ომიც მოხდა, რომელშიც თბილისი დამარცხდა, მოსკოვმა კი გავლენა განიმტკიცა ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გაკონტროლების გზით, რომლებიც კრემლმა თვალთმაქცურად აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად. ორი რეგიონის დაკარგვა ქართველებისათვის დიდ ტრამვას წარმოადგენს. როგორც 2020 წელს კარნეგის ფონდის ეგიდით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ქართველთა 78%-ისათვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. მხოლოდ 13% თვლის, რომ პრიორიტეტი ევროპულ კურსს უნდა მიენიჭოს, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში. მმართველი პარტია, როგორც იტყვიან, სწორედ „ამ კლავიატურით“ მანიპულირებს ამომრჩევლების წინაშე.

ისინი, ვინც ამ დღეებში თბილისში ინტერესდება, თუ არჩევნების როგორი შედეგი იქნება ქვეყნისთვის უარესი, სხვადასხვანაირ პასუხს იღებენ: დასავლელი დიპლომატები და დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მმართველი პარტია ხმების ორ მესამედს მოაგროვებს, ეს იქნება დიქტატურის დამყარება კანონიერი საფუძველით. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში მუდმივად ისმის მოდური ფრაზა „მეორე მინსკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მტავრობა მალე ისეთ პოლიტიკურ რეპრესიებს განახორციელებს, როგორიც რამდენიმე წლის წინ მისნსკში, ბელარუსში ხდებოდა. „ამის საფრთხე მართლაც რეალურია, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე, „ქართული ანალიტიკური ცენტრის“ დამაარსებელი, - „ოცნება“ არჩევნების შედეგებს გააყალბებს, რაც თავის მხრივ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა დაშინება შეუძლებელია“. იგივე პოზიცია აქვს ნოდარ მელაშვილსაც, რომლის თქმით, მმართველ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის განადგურება და ავტორიტარული, ერთპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურს.

აგვისტოს ბოლოს რუსული დაზვერვის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ირიბად მიანიშნა ქართველებს, რომ თუ არჩევნებში რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, მაშინ შეიძლება სიტუაციაში კრემლი  ჩაერიოს. თუმცა თბილისში რუსეთის გაფრთხილებას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს. ყველა თვლის, რომ კრემლის რეაქცია „მხოლოდ თეატრალურია და იარაღის უშედეგო ჟღარუნს ჰგავს“. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები ცარიელია - ისევე როგორც ჩრდილოეთ კავაკასიაში არსებული რუსული არმიის ყაზარმები. ყველა ფრონტზეა წასული“, - განმარტავს ექსპერტი შოთა უტიაშვილი. ამჟამად რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად საკმარის სამხედრო ძალას არ ფლობს.

ეს შეფასება დღეისათვის ერთადერთ რეალურ და პოზიტიურ პროგნოზად ითვლება, თუ რა შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, საპარლამენტო არჩევნებამდე. 26 ოქტომბრის შედეგები კი საქართველოს ნამდვილად შეცვლის

წყარო: https://www.dw.com/de/russland-oder-eu-georgien-vor-der-zerrei%C3%9Fprobe/a-70190752

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати